21 ნოემბერი, ხუთშაბათი, 2024

ყველაზე ხშირად მაინც თბილისზე, ჩემს ოჯახსა და მეგობრებზე ვფიქრობ

spot_img

გრიგოლ ფერაძე, მონპელიეს პოლ-ვალერის უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის სტუდენტი

? საფრანგეთში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, ERASMUS+-ის გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი. ვინაიდან მაგისტრატურის მეოთხე, დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტი ვარ, ძირითადად, ნაშრომზე ვმუშაობ, თუმცა, პარალელურად, რამდენიმე საგანსაც გავდივარ უნივერსიტეტში. სამწუხაროდ, საფრანგეთში შეზღუდვები ბევრად ადრე დაწესდა, ვიდრე საქართველოში, შესაბამისად, ადრევე მოგვიწია ონლაინ სწავლებაზე გადასვლა. საქართველოსთან შედარებაც არ არის, იმდენად მკაცრად ითხოვენ კარანტინის და დისტანციის ნორმების დაცვას ყველა მოქალაქისგან.
?  მე სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ვარ, ვთვლი, რომ ნამდვილად გამიმართლა – ჩვენს კორპუსს პატარა კერძო ბაღი აქვს, სადაც, მართალია სოციალური დისტანციის დაცვით, თუმცა, მაინც შეგვიძლია სასეირნოდ გასვლა. ვცდილობ, ფორმა და განწყობა შევინარჩუნო, ამიტომ დილაობით გავდივარ სასეირნოდ, საღამოს, ძირითადად, ვკითხულობ და ვმეცადინეობ.
? ჩემი გადმოსახედიდან, საქართველო ბევრად უკეთეს მდგომარეობაშია, ვიდრე საფრანგეთი. მიუხედავად იმისა, რომ დიდი სურვილი მაქვს წამოსვლის, მაინც ვფიქრობ, ბოლომდე მივიყვანო ის საქმე, რისთვისაც მონპელიეში ჩამოვედი. მონპელიე ძალიან ინტერნაციონალური, ასე ვთქვათ, სტუდენტური ქალაქია. არასდროს დამავიწყდება ის ადამიანები, რომლებიც აქ გავიცანი. ალბათ, დედამიწაზე არ არსებობს სახელმწიფო, რომლის სტუდენტებიც ამ ქალაქში არ ჩამოდიან სასწავლებლად. მართალია, იანვარში ჩამოვედი და მარტში უკვე მკაცრ საკარანტინო პირობებზე მომიწია გადასვლა, ამ ორი თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე – ეს მოგონებები ალბათ არასდროს დამავიწყდება…
? ერთადერთი, რაზეც ყველაზე მეტად მწყდება გული, ეს ზღვაა… ჩემი სახლიდან, ტრამვაით, ნახევარი საათის სავალზეა ზღვა. ისე მოხდა, რომ მუდამ გადავდებდით ხოლმე მეგობრები ზღვაზე წასვლას, ამინდიც ნამდვილად არ გვიწყობდა ხელს. დიდი იმედი მაქვს, წამოსვლამდე, აუცილებლად მოვახერხებთ ერთ თბილ საღამოს სანაპიროზე პატარა კოცონის დანთებას…
?ყველაზე ხშირად მაინც თბილისზე, ჩემს ოჯახსა და მეგობრებზე ვფიქრობ… ნათქვამია, მედალს ყოველთვის ორი მხარე აქვსო. ვფიქრობ, თამანედროვე ჟამიანობაც ზუსტად ასეა… მსოფლიო პანდემიამ ძალიან ბევრი დრო მომცა საკუთარ თავზე და, ზოგადად, ცხოვრებაზე დასაფიქრებლად. ახლა უკვე ზუსტად ვიცი რა და როგორ მინდა ცხოვრებაში. ერთ რამეში ნამდვილად დავრწმუნდი, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობაზე ძვირფასი კაცობრიობას მართლაც არაფერი აბადია.
? როდესაც პანდემია გადაივლის, ვაპირებ უფრო მეტი დრო გავატარო ახლობელ ადამიანებთან.
? დაბოლოს, ყველა ჩემი თანატოლი, ვინც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სწავლობს, მთელი გულით მინდა გავამხნევო, ძალიან მალე დავბრუნდებით სამშობლოში!

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები