23 ნოემბერი, შაბათი, 2024

ყველაზე მძლავრი უღელტეხილი, როცა შეგვიძლია კიდევ ახალი „მე“ გავაფორმოთ

spot_img
მშობელსა და შვილს შორის ჯანსაღი ურთიერთობის ჩამოყალიბება, ყველა დროსა და თაობაში, ურთულესი პროცესია. „უფროსებს ჩვენი არ ესმით“ – მოზარდობის ასაკში გაჩენილი პროტესტი ხშირად საზოგადოებაში გაკიცხვასაც იმსახურებს, რადგან უფროსებს, უმეტეს შემთხვევაში, არ აქვთ სწორი პასუხი კითხვაზე: არის თუ არა აუცილებელი ესმოდეთ მოზარდების? ან რა გავლენა აქვთ მშობლებს შვილის პიროვნულ ჩამოყალიბებაში?! და რატომ არის მნიშვნელოვანი, პროფესის არჩევისას, მოზარდს მივცეთ თავისუფლება? რა შეცდომებს უშვებენ მშობლები? – ამ მნიშვნელოვან თემებზე საუბრობს ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე და მშობლებს იმ კრიზისებს ახსენებს, ადამიანებს მთელი ცხოვრების განმავლობაში რომ გვაქვს გადასალახი და მათგან ყველაზე რთულად და სახიფათოდ გასავლელი სწორედ მოზარდობის ასაკის კრიზისია – „ყველაზე მძლავრი უღელტეხილი, როცა შეგვიძლია კიდევ ახალი „მე“ გავაფორმოთ, როცა ვიწყებთ ფიქრს იმაზე, როგორ ვიქცეთ დამოუკიდებელ ადამიანებად?“

✔️კრიზისი – ერთადერთი გზა ტრანფორმაციისთვის

ადამიანს განვითარების მთელ ეტაპზე – მთელი სიცოცხლის განმავლობაში, 8 ძირითადი კრიზისი აქვს გადასალახი. რეალურად, კრიზისი რთული გასავლელია, მაგრამ ეს ერთადერთი გზაა ტრანსფორმაციისთვის, რომელიც საკუთარი როლის ცვლილების შესაძლებლობას გვაძლევს. როცა ვამბობთ ვინმეზე, რომ საერთოდ არ შეცვლილა, ეს სულ არ არის დიდი კომპლიმენტი – ვინც არ იცვლება, ის მაიცდამაინც კარგ შეფასებას ვერ იმსახურებს. არ შეიძლება, რომ 10-ის, 20-ის ან 40 წლის ასაკში ვიყოთ ერთი და იგივე. ის კი არა, გუშინ რაც ვიყავით, ის აღარ ვართ დღეს. აქედან გამომდინარე, კრიზისი არის ხოლმე ყველაზე მძლავრი უღელტეხილი, როცა შეგვიძლია კიდევ ახალი „მე“ გავაფორმოთ.

8 ძირითადი კრიზისიდან 4 ბავშვობაში გასავლელია. მცირეწლოვან ბავშვობაში კრიზისები ცნობიერ დონეზეა განცდილი და ნაკლებად არის ნათარგმნი ფიქრებად და შეგრძნებებად. მოზარდობაში კი, რა თქმა უნდა, უფრო მეტად იღებს დრამატულ სახეს. ამიტომაც გვამახსოვრდება უფრო მეტად მოზარდული კრიზისი და თუ არ ჩავუღრმავდით ხოლმე მის წინანდელს, შეიძლება კარგად ვერც კი გავიხსენოთ ბევრი რამ საერთოდაც, მხოლოდ სიღრმისეული ფსიქოლოგიის ძალიან ჩაღრმავებული სესიების შემთხვევაში შეგვიძლია ამოვწიოთ ზედაპირზე.

მოზარდობის უმთავრესი კრიზისი იდენტობის მოპოვების როლის შეძენის კრიზისია, ჯგუფის კუთვნილების კრიზისი. ამ შემთხვევაში, როცა მოზარდმა არ იცის, რომელ ჯგუფს მიაკუთვნოს თავი ან რა აირჩიოს – შეჯახება უხდება მშობლებთან (სწორედ მისი არჩეული გზების გამო). უმთავრესი კრიზისი მაინც ის გახლავთ, თუკი მოზარდი არ აჯანყდა და მშობლებთან პრობლემა არ აქვს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის ნორმალურად ვერ ვითარდება. 12 წლამდე ბავშვისთვის არსებობენ აბსოლუტური ავტორიტეტები მშობლების სახით და არა მარტო მშობლების სახით, მოსაწონი უფროსების სახითაც, მათ შორის, იმ მასწავლებლების, რომლებიც მოიწონეს ბავშვებმა. ისინი უპირობო ავტორიტეტები ხდებიან. ასეთ შემთხვევაში, ძალიან მაღალია ამ უფროსი ადამიანების პასუხისმგებლობა – მნიშვნელოვანია, როგორ ექცევიან ბავშვებს, რამდენად სერიოზულები არიან მათთან ურთიერთობისას.

? ?ბავშვს, არც ერთ ეტაპზე, ზედმეტად არ უნდა მოვუჩლიქოთ ენა, ყველა მის შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ სერიოზულად, გულწრფელად და, რაც მთავარია, ტყუილის გარეშე, ან თუნდაც „გაშაყირების“ გარეშე იმიტომ, რომ შეიძლება ბავშვს არ ეყოს იუმორის გრძნობა და ძალიან დიდხანს გაჰყვეს მცდარი წარმოდგენა ზოგიერთ საკითხზე. მოზარდობაში კი უნდა დაიწყოს ამ სიმბოლური ღმერთების/ავტორიტეტების მსხვრევა – კერპების ჩამომსხვრევა. და თუ მოზარდმა კერპების მსხვრევა და შეკითხვების დასმა არ დაიწყო, ე.ი. რაღაც წესრიგში არ არის.

სხვათა შორის, ფსიქოლოგები ერთ-ერთ ძალიან დიდ შეცდომად ასახელებენ არა უვიც მშობლობას (როცა მშობელმა საერთოდ არ იცის როგორ მოექცეს შვილს), არამედ ზედმეტად განათლებული მშობლის ქცევას, რომელიც მუდმივად ეცნობა ფსიქოლოგიურ ლიტერატურას, ცდილობს რაღაც ისწავლოს იმისთვის, რომ ბავშვის აღზრდისას გამოიყენოს.

სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, აი, ამ წესებში მოქცევით, როდესაც მშობელი თავის ცოცხალ ინსტინქტებს, ცოცხალ შეგრძნებებს თრგუნავს, ბავშვთან უფრო ცუდ რამეს ჩადის, ვიდრე აღზდის დროს დაშვებული უნებლიე შეცდომებით.

? ? ამიტომ, მშობლის შეცდომაც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ბავშვის აჯანყება და თუ მშობელი შეცდომას არ უშვებს, ბავშვს ნაკლები საფუძველი აქვს, აჯანყდეს და თუ ბავშვს ნაკლები საფუძველი აქვს, აჯანყდეს, მაშინ გამოდის, რომ არ შედგება ის ჯანსაღი პროცესი, როდესაც ბავშვი აღმოაჩენს, რომ მშობლები არ არიან იდეალური ადამიანები/ზეადამიანები, რომ ჩვენ ყველანი ჩვეულებრივები ვართ და რომ ჩვენთან კამათიც შეიძლება და დაპირისპირებაც, ზოგიერთი საქციელის დაწუნება ან მოწონება.

აი, ასეთ დროს მშობლების მთავარი შეცდომა არის ხოლმე ყურადღების გადატანა უმნიშვნელო საკითხებზე, მცირე უწესრიგობაზე. მაგალითად, ტანსაცმლის დაწუნება, ბავშვების სხვისთვის შედარება (რაც მოზარდს ძალიან შეურაცხყოფს), ძალიან უმნიშვნელო რამის აკრძალვა და იმ მთავარი რისკის ვერ შეჩნევა, რაც ამ ასაკს ახლავს. ეს გახლავთ ნარკოტიკები, ნაადრევი სექსუალური გამოცდილებები, ნაადრევი ორსულობებიც კი – მშობლებს ამის არც გააზრება უნდათ და არც დანახვა და როცა ხედავენ, უკვე გვიანაა. რაც მთავარია, ამ ნაადრევი სექსუალური აქტივობით, ხშირად, ტრავმირებული არიან მამრობითი სქესის მოზარდები. თითქოს მშობლების ყურადღება უფრო მეტდ გადატანილია გოგონების დაცვაზე, მიუხედავად იმისა, რომ აქაც ბევრ შეცდომას უშვებენ. მთავარი არ არის ჩვენ როგორ დავიცვათ მოზარდები, მთავარია, თვითონ მათ ვასწავლოთ საფრთხეებისგან თავის დაცვა. ხშირად ბიჭები, პირიქით, წახალისებულიც კი არიან ნაადრევი სქესობრივი კონტაქტისთვის და ეს თერაპიაში გამოდის ხოლმე, როგორც ტრავმირებული მოგონებები, რომელიც შემდეგ მთელ ცხოვრებაზე აისახება ხოლმე. 

✔️ პროფესიის არჩევანი

ჩვენი პროფესიის არჩევანი მოზარდობის ასაკში დგება, როცა ძალიან დიდია მშობლების გავლენა, მართალია, შედარებით გვიანი მოზარდობის ასაკში, მაგრამ ჯერ კიდევ დაუსრულებელია ის მთავარი კრიზისი და პრობლემა, რაც მოზარდობას თან ახლავს.

მთავარი პრობლემა ის არის, რომ მშობელს ეჩვენება, თითქოს, ბავშვმა არ იცის თავისი შესაძლებლობების შესახებ და დარწმუნებულია იმაში, რომ ეს თვითონ უკეთ იცის, რა პროფესია მოუხდებოდა მის შვილს. ის ხშირად ასეთი ტიპის გამოცდილებასაც კი ეყრდნობა – მაგალითად, „ბავშობაში ლაპარაკი ერთი წლის ასაკში დაიწყე, ამიტომ ფილოლოგი უნდა გამოხვიდე“, ან მშობელს აქვს ოცნება, რომ მისი შვილი აუცილებლად ფეხბურთელი უნდა გამოვიდეს ან მოკრივე… ასეთ შემთხვევაში, მშობლებთან გამკლავება ძალიან ძნელია და მოზარდების ერთგვარი კაპიტულაცია ხდება, რადგან ძალიან ხშირად თვითონ კარგად ვერ ხვდებიან რა პროფესია უნდათ და, სამწუხაროდ, არც ბევრ პროფესიაზე აქვთ წარმოდგენა, ნებდებიან. რადგან მოზარდმა არ იცის კარგად, რას ნიშნავს იყო არქეოლოგი, მეშახტე ან მფრინავი და ა.შ. ამიტომ, ძალიან სასარგებლო იქნებოდა, რომ პროფესიების შესახებ მეტი ინფორმაცია არსებობდეს მათთვის ხელმისაწვდომი, თუნდაც, ვიდეოების სახით, რაც აგრძნობინებდა და მიახვედრებდა მოზარდებს, რა შეიძლება აღმოჩნდეს მითთვის ნამდვილად საინტერესო და ბედნიერების მომტანი.

?? ამ ასაკში ყურადღება ძალიან ბევრ რამეზეა განაწილებული – მოზარდს, სხვა რამესთან ერთად, თავისი ახალი შეძენილი ფიზიკური სხეულიც კი აწუხებს. როცა სარკეში იყურება, არ მოსწონს თავი, დისჰარმონია აქვს საკუთარ მესთან იმიტომ, რომ ამ ადამიანს არ იცნობს! ძალიან დიდი ენერგია ეხარჯება იმაზე, როგორ გახდეს საინტერესო მეგობრებისთვის, იმ ჯგუფისთვის, რომელსაც უნდა, რომ მიეკუთვნებოდეს, კომფორმისტულიც არის. არადა, ამ დროს, რამდენადაც მეამბოხეა მოზარდი ოჯახში, იმედენად კონფორმისტულია მეგობრების მიმართ, უჭირს არას თქმა იმ საქციელზეც კი, რომლის ჩადენა არ სურს. უარს არ ამბობს, რადგან ეშინია, არ დარჩეს იზოლირებული, მეგობრების/სოციუმის გარეშე. ამ ასაკში მეგობრების შეძენაც, რა თქმა უნდა, უფრო რთულია, რადგან გართულებულია ურთიერთობები და აღარ არის საკმარისი მხოლოდ სათამაშო, როგორც ადრეულ ბავშვობაში კმაროდა უცნობი თანატოლის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად. ამ ასაკში ბევრი რამ ხდება სამტკიცებელი, ამის ფონზე ენერგია სწავლასაც აკლდება, რის გამოც, სულ ეჩვენებათ მშობლებს, რომ მოზარდი გაზარმაცდა, აღარ აინტერესებს, ცუდი მოსწავლე გახდა. სინამდვილეში ასე არ არის. უბრალოდ, მოზარს ყველაფერისთვის, ერთდროულად, აღარ ყოფნის ენერგია, მით უმეტეს, როცა პირველი მძაფრი სიყვარული ვლინდება ხოლმე, რომელიც ასევე ნარცისტულ ფორმას ატარებს. ეს არის პერიოდი, როცა ერთგვარად საკუთარი ოცნებების გადატანა ხდება სხვაში და შემდეგ, თუ ამის უარყოფა მოხდა, მაქსიმალურად მტკივნეულად განიცდიან მოზარდები. მეტიც, დესტრუქციულია მოზარდი და მიდრეკილია დეპრესიისკენ, რაც სარისკო ქცევებში გამოიხატება ხოლმე, სიმორცხვის გადაძლევის გამო კი, პირიქით, ექსცენტრულ საქციელსაც ჩადიან.

მოკლედ, ბევრი გასაჭირი ადგას ამ დროს მოზარდს და ასეთ დროს, ხშირად, დანებდებიან ხოლმე მშობლების შემოთავაზებულ პროფესიას – აი, შენ ეს მოგიხდებოდა ან შენთვის ეს კარგი იქნებოდა და ასე მიყვებიან ინერციას.

✔️მთავარია, ვიცოდეთ ერთი რამ

არასდროს არაფერი არ არის გვიან, ყოველთის შეგვიძლია გამოვცვალოთ ჩვენი პროფესია, თუკი რაღაც ეტაპზე მივხვდით, რომ ეს ის არ ყოფილა, რაც ჩვენ გვინდოდა რომ აგვერჩია – მას არ მოაქვს ჩვენთვის სიამოვნება. მშობლებისთვის მოლოდინების გაცრუებით გამოწვეული დანაშაულის შეგრძნება ფსიქიკის ლაბილურობის გამო წარმოიშობა. მშობლებთან ყოველი ჩხუბის შემდეგ, მოზარდს სინდისის ქენჯნა აქვს, მერე იპყრობს ბრაზი, რის გამოც, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად, მოზარდებს სუიციდური ფიქრები აქვთ. მოზარდული დეპრესიის გამო სუიციდური ფიქრი უფრო იშვიათია, ვიდრე გაბრაზებული მოზარდის ფიქრები სუიციდზე. თუმცა, ის ხშირად იმასაც წარმოისახავს, როგორ დასაჯა დედა, რომელიც უსამართლოდ მოექცა ან მამა, რომელმაც ვერ გაუგო. ასეთ მძიმე განცდებში მყოფი არასრულწლოვანი მუდმივად განიცდის ბრალეულობის გრძნობას მშობლების წინაშე და, აქედან გამომდინარე, გარკვეულ კრიტიკულ ცხოვრებისეულ მომენტში, საკმაოდ დამყოლიც კი ხდება ხოლმე მშობლის მიმართ და იზიარებს მის შეთავაზებულ პროფესიას.

?? მშობლებს ვურჩევ, ბევრი ელაპარაკეთ შვილებს სხვადასხვა პროფესიაზე და თუ დარწმუნდით იმაში, რომ თავისი სურვილით მოინდომებს პროფესიის შეცვლას, ხელი არ შეუშალოთ, მთავარია, სჯეროდეს, რომ   სწორად აირჩია პროფესია – რისი კეთებაც სურს. რაც მთავარია, დარწმუნდეს, რაც აირჩია, ეს არ არის დედის ან მამის ნაკარნახევი, ეს მისი ოცნებების ასრულებაა.

✔️ დაკარგული დრო არ არსებობს

 უნდა ვიცოდეთ, რომ შვილებს სტუდენტობაშივე უწევთ უკვე ადრეული ზრდასრულობის კრიზისი, მას შემდეგ, რაც გაიაზრებენ, რომ „რაც ვისწავლე, არ მომწონს, თურმე, ეს სულაც არ მდომებია, ამდენი დრო დავკარკე…“ თავისთავად, ის, რაც არ გვიყვარს, ბუნებრივია, ბოლომდე ჩვენს ყურადღებას არ იმსახურებს ხოლმე,   ვერ ხდება ადამიანის ჩართულობა. ამიტომ წუხან ადამიანები, რომ დრო ტყუილად გაფლანგეს, რომ ამ ასაკში ვიღაცამ რაღაცას მიაღწია, მე კიდევ ისიც არ ვიცი ვინ ვარ. აი, ასეთ შემთხვევაშიც კი, მთავარია, შევიარაღდეთ ცოდნით – არასდროს არაფერი გვიან არ არის და რომ დაკარგული არ არსებობს იმიტომ, რომ ყოველი წელი, თუნდაც ასეთ ჭიდილში გატარებული, რომელსაც თავს მიანდობთ,  შესაძლოა, ყველაზე ნაყოფიერიც კი აღმოჩნდეს არა მარტო გამოცდილების მიღების კუთხით, არამედ იმითაც, რომ მოიპოვოთ თავისუფლება. თავისუფლების მოპოვებისთვის ყოველთვის არ მოვა ხოლმე ჩვენი „მხსნელი კრიზისები“, რომლის გახსენება შემდეგ აღარ გვინდა, სინამდვლეში კი, მათი წყალობით გადავდივართ ხოლმე ახალ ეტაპზე, იმიტომ, რომ სწორედ ამ დროს გვაქვს ის მოზღვავებული ენერგია, როდესაც შეგვიძლია ჩვენს ცხოვრებაში შევცვალოთ რამე. შემდეგ დგება სწორედ ის თანაბარი პერიოდი, როდესაც დამორჩილებული მივყვებით გზას, რომელიც ერთხელ ავირჩიეთ ან აგვარჩევინეს. სწორედ მერე იკარგება ძალიან დიდი დრო, თუმცა, დაკარგული დრო მაინც არ არსებობს. ყველაფერი, რაც ხდება, მაინც ჩვენს სასარგებლოდ ხდება, რასაც ვისწავლით, ისიც არასდროს არ აღმოჩნდება ხოლმე გვიანი, ამდენად, ამაზეც არასდროს არ უნდა იდარდოთ, უკან აღარ მოიხედოთ.

✔️ კრიზისები მოზრდილობის ასაკში და მშობლების მთავარი შეცდომები

მშობლების ერთი მთავარი შეცდომა მოზარდებთან ურთიერთობაში არის ის, რომ უჭირთ გაცნობიერება, რომ შვილი პატარა აღარ არის. მოზარდებთანაც ზუსტად ისეთივე დამოკიდებულებით აგრძელებენ ურთიერთობას, როგორც მცირეწლოვან ბავშვთან, რომელიც ემორჩილებოდა დედას – იცვამდა მის შერჩეულ ტანსაცმელს ან მიირთმევდა მის შერჩეულ საკვებს. მოკლედ, მეტ-ნაკლებად, იმ რეჟიმში იყო, რასაც დედა და მამა სთავაზობდნენ. როცა მშობელი ხედავს, რომ შვილი აღარ უჯერებს, აქ იწყება დიდი წინააღმდეგობა შვილის მიმართ – უჩნდება საფრთხის შეგრძნება, რომ შვილი გაურბის, რომ ის თავისუფლებას მოიპოვებს. იწყებს შფოთვას და ყოველ წამს თავისი შიშის ჩაღვრას შვილში.

სწორედ აქ დგება მეორე ყველაზე დიდი შეცდომა: უარესის მოლოდინის, მუდმივად ცუდის მოლოდინის დრო. მაგალითად, „არ გადახვიდე გადასასვლელზე, მანქანა დაგეჯახება“; „იმას არ ენდო, დამიჯერე, მე ეს გამოცდილი მაქვს“. საკუთარი გამოცდილებების თავს მოხვევა და მუდმივად შვილის დატვირთვა ბევრი შიშით ძალიან ცუდად აისახება მოზარდზე. ისე ჩანს, თითქოს მოზარდი ძალიან ექსცენტრულია, ყოჩაღი და მემბოხე, მაგრამ სინამდვილეში მასზე შეშინებული არსება, ალბათ, არ არსებობს. მას ყველაზე მეტად აინტერსებს საზოგადოების აზრიც, განსაკუთრებით იმ საზოგადოების, რომელსაც მიაკუთვნებს თავს. ასევე, მშობლების აზრი, მართალია, ამას არ იმჩნევს, მაგრამ ძალიან აინტერესებს. წარმოიდგინეთ, მთელი ეს შფოთვა ერთბაშად დაატყდება ხოლმე ნიაღვარივით თავს.

ძალიან სახიფათოა, ამ დროს, მისი მშიშარა ადამიანად ქცევა, გადატეხვა და ისედაც დაბალი თვითშეფასების დადაბლება.

ხშირად კი, ამ პერიოდში, მათი თვითშეფასება საერთოდ არ არსებობს იმიტომ, რომ იდენტობის გაფორმების პროცესში მოზარდმა არ იცის, ვინ არის, სინამდვილეში რა მოსწონს, არ იცის ვის მიბაძოს. ძალიან ხშირად ის ბაძავს იმ ადამიანის მეტყველებას და ჩაცმულობას, ვინც იმ   წუთას, ეპიზოდურად აღმოჩნდება ხოლმე მისთვის მოსაწონი. სანამ ის გააფომებს თავის სტილს თუ როლს, რა როლითაც უნდა რომ წარდგეს საზოგადოების წინაშე, სწორედ ამ პერიოდში, თვითშეფასებაზე კიდევ უფრო მეტი დარტყმის მიყენება და გაუბედაობის შეძენა მისთვის დიდი პრობლემაა.

მესამე შეცდომა, ისევ და ისევ, გარეგნული მხარის, თვითგამოხატვის დაწუნებაა, რადგან ეს გარეგნული ექსტრავაგანტულობა თუ ექსპერიმენტი – როგორ ჩაიცვას მოზარდმა, როგორ მოირგოს თავისი გარეგნობა, მისი გარეგნული იდენტობის გაფორმების ერთ-ერთი მთავარი ძლიერი ნაბიჯებია და საკმაოდ მტკივნეულიც. საქმე იმაშია, რომ ჩვენ დიდობაშიც გაგვყვება ხოლმე დისჰარმონია საკუთარ თავთან. საკუთარ თავთან მორგება, ექსპერიმენტები, როგორმე მოვიწონოთ და შევიყვაროთ ჩვენი თავი ამ ასაკში, უცებ მშობლებთან ძალიან დიდ წინააღმდეგობას ქმნის – „ასე არ გახვიდე, რას იტყვის ხალხი, ეს როგორ შეიძლება, თმები ამ ფერად არ შეიღებო“ და ა.შ. ეს წინააღმდეგობა არის სწორედ მშობლებისგან უდიდესი შეცდომა. აუცილებელია, მოზარდმა ეს ექსპერიმენტები ატაროს, ეძებოს, მოირგოს… რადგან თუ უფრო გაძლიერდა პროტესტიც და დეპრესიაც, მაშინ ის იწყებს, განსაკუთრებით სხეულის, უფრო მეტად მოხატვას – ტატუს თუ პირსინგის კეთებას, რასაც მაინცდამაინც მოდის გამო სულაც არ აკეთებს, ეს ხშირად ფიზიკურ მოთხოვნილებამდეა აყვანილი და ამით საკუთარ სხეულს ერთგვარ ტკივილსაც აყენებს, ფარავს კანს, რომლის ქვეშაც ცხოვრობს.

 მეოთხე შეცდომა მშობლებისგან, აღზრდისას, მათი ზედმეტი განათლებულობა და რჩევებით ხელმძღვანელობაა – იმ წიგნში ამოვიკითხე, რომ თურმე ეს ასე უნდა ვუპასუხო, ეს ასე არ უნდა გავაკეთო, ახლა აუცილებლად უნდა მოვითმინო და ა.შ. როგორც გითხარით, უშეცდომო მშობელი ისეთივე პრობლემაა, როგორც მშობელი ძალიან ბევრი შეცდომით. თუ დაპირისპირება არ შედგა, მაშინ მოზარდს არ შეუძლია ჰყავდეს „უსაფრთხო მტერი“ მშობლის სახით, რომელსაც ვერ დაკარგავს – ასე რომ ვიქცეოდეთ, მაგალითად, მეგობრებთან, მაშინ მეგობრები აღარ გვეყოლებიან. აუცილებელია უსაფრთხო მტერთან ბრძოლა და ამ ბრძოლაშიც გამარჯვება და დამარცხება თანაბრად მნიშვნელოვანია. მეტიც, აუცილებელია, მთავარია, რომ მშობლებმა გაიაზრონ ჯანსაღად – შვილმა ხან უნდა გაიტანოს თავისი, ხან უნდა დამარცხდეს, ხან დარჩეს სტუმრად ღამის თორმეტ საათამდე და ზოგჯერ ამის უფლება არ უნდა მისცენ.

მოზარდი ამ ყველაფერს იყენებს თავისუფლების მოპოვებისთვის, რომელიც შემდეგ თავის ცხოვრებაში სხვადასხვა სახით გადააქვს, როგორც ექსპორტი და თუ ეს ბრძოლა არ შედგა – მშობელმა არანაირი საბაბი არ გააჩინა ამ კონფრონტაციისა და დაჯახებების, საკმაოდ ცუდად აირეკლება შემდეგ მოზარდის ხასიათზე.

ამიტომ ჩნდება ზედმეტად განსწავლული მშობლების პრობლემა – დაპირისპირების ნაკლები უნარის მქონე შვილები. არადა, ჭიდაობა, კარების ჯახა-ჯუხი, პატარა დილემების მართვა მშობელსა და შვილს შორის, უბრალოდ, აუცილებელია. სასურველია, მშობელმა ყოველთვის გამოხატოს რეალური შეგრძნებები, რის გამოც შვილი იწყებს კამათს, რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ კონფლიქტი გამწვავდეს და რაღაც განსაკუთრებულ ტრაგედიამდე მივიდეს.

მეხუთე და, შეიძლება ითქვას, მთავარი პრობლემა: მშობელი სწორედ იქ დახუჭავს ხოლმე თვალს, რაც არ უნდა გამოეპაროს! სიკვდილთან თამაში, გამბედაობის გამოვლენა მოზარდობის ასაკში, ფაქტობრივად, უმეტეს მოზარდში ჩნდება, როგორც მოთხოვნილება. მაგალითად, რომანტიკული სიყვარულის ფანტაზიები, „რომეო და ჯულიეტას“ სცენარი – რა მშვენიერია სიყვარულისთვის სიკვდილი, მათში სიკვდილის გარომანტიულებას იწვევს ან უბიძგებს სარისკო საქციელის ჩადენისკენ.   სამწუხაროდ, ამ სარისკო საქციელში, ყველაზე ხშირად, მაინც ალკოჰოლის და მავნე ნივთიერებების მოხმარებაა. აი, ამ შემთხვევაში კი, მშობელს ნამდვილად მართებს ყურადღება, არა სიმკაცრით, არამედ სწორი განათლებით, რადგან ეს არის ასაკი, როდესაც სამედიცინო ინფორმაციის მიწოდებას არანაირი აზრი არ აქვს. ეს მოზარდებისთვის არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. მათთვის მითებად გავრცელებული თუ თანატოლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია უფრო სარწმუნო ხდება. ამიტომ, ამ დროს, შვილთან დიალოგის სწორი ფორმის მონახვა უმნიშვნელოვანესია. ყველაზე კარგად კი, პროექციული მეთოდი მუშობს – როდესაც თქვენ, პირისპირ, ამ პრობლემაზე კი არ ელაპარაკებით და უკრძალავთ, არამედ უყვებით სხვის ამბავს ან მის წინაშე განიხილება რომელიმე პრობლემა, რომელიც მისთვის შეიძლება საინტერესო აღმოჩნდეს, ბევრი ისწავლოს აქედან და თავისთვის სასარგებლოც წამოიღოს.

მეექვსე პრობლემა, უმეტეს შემთხვევაში, მშობლებისთვის რთული დილემა არის ხოლმე – რა სჯობს ამ ასაკში, შვილი ძალიან დატვირთონ თუ ნაკლებად, ანუ დისციპლინა უნდა იყოს მეტი თუ ცოტა. ამ შემთხვევაში როგორც მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ისე მოზარდებშიც აუცილებელია გავიაზროთ, რომ თავისუფალი დრო ეს გახლავთ ყველაზე მნიშვნელოვანი დრო ადამიანის განვითარებისთვის.

??  მცირეწლოვანი ბავშვის მთლიანად დისციპლინით და შერჩეული საგნებით დატვირთვა არ შეიძლება, რადგან სწორედ თავისუფალ თამაშში, როცა ის წარმოისახავს სამყაროებს, უვითარდება ასოციაციური აზროვნება, სწორედ მაშინ მუშაობს ნეირონები ყველაზე მეტად. აუცილებლად უნდა მივცეთ ბავშვს ამის საშუალება.

? ? მოზარდობის ასაკში უკვე აბსტრაქტული აზროვნება ვითარდება, ანუ ღირებულებითი აზროვნება. ამიტომ, ამ აზროვნების ჩამოყალიბებისთვის, საკუთარი თავის უკეთესად წარმოდგენისთვის, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თავისუფალ დროს და დასვენების დროს, როცა მოზარდს საშუალება აქვს, არაფერი აკეთოს. მშობელი დიდ შეცდომას უშვებს, როცა თავისუფალ დროს ბავშვს თავზე დაადგება და აიძულებს, იკითხოს წიგნი ან არდადეგების დროს აიძულებს, იმეცადინოს. დასვენების დრო/არდადეგები ბავშვის დასასვენებლად არის განკუთვნილი, ამიტომ, რაც მას ეკუთვნის, გამოიყენოს ისე, როგორც მას სურს.

მშობლები, ანუ უფროსები, პირველ რიგში, ხომ იმისთვის არსებობენ, რომ მეტი ესმოდეთ თავიანთი შვილების. თავისთავად, იმავეს ვერ მოვთხოვთ შვილებს – მეტი ესმოდეთ მშობლების, თუმცა, გარკვეული ნაბიჯები მათგანაც, ცოტა მოგვიანებით, შეიძლება წამოვიდეს მშობლების საპასუხოდ. მაგრამ, გვახსოვდეს, რომ აქ ყოველთვის პირადი მაგალითია უპირველესი. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა, თუნდაც, ჩემი მეგობრებისთვის, რომლებიც თავიანთ შვილებს მუდმივად შენიშვნას აძლევენ, მითქვამს: აბა, სცადე და შენ გაჩუმდი… და ეს ისეთი ძნელია ხოლმე, ძნელია, რომ ჩვენ გავჩუმდეთ… ამიტომ, პირადი მაგალითია მთავარი, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ ის, რაც გვინდა, რომ ვასწავლოთ მათ.

 მოამზადა ლალი ჯელაძემ

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები