თეონა ლუარსაბოვი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაბა ვაზიანის №2 საჯარო სკოლის მე-4 კლასის დამრიგებელი, სპეციალური მასწავლებელი
⇒ დამრიგებლის მოვალეობაა, მოსწავლეს საკუთარი თავის პოვნაში დაეხმაროს
მოსწავლის სრულფასოვან პიროვნებად აღზრდაში, მასში ზნეობრივი ღირებულებების ჩამოყალიბებასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აკისრია კლასის დამრიგებელს, რომელიც მთავარ მრჩევლად მოიაზრება მოსწავლეთათვის. ასეთი გამოთქმა არსებობს: „თქვენ ვერაფერს ასწავლით კაცს, შეგიძლიათ მხოლოდ დაეხმაროთ მას საკუთარი თავის პოვნაში“. ვფიქრობ, დამრიგებლის მოვალეობაც სწორედ ესაა – სხვადასხვა მეთოდების გამოყენებით დაეხმაროს მოსწავლეს საკუთარი თავის პოვნაში.
გაიხსენეთ მაგალითები, როცა განსაკუთრებული ზრუნვა დასჭირდა თქვენს მოსწავლეს ინტელექტუალური, ფიზიკური და სულიერი განვითარებისთვის.
თითოეული მოსწავლის ინტელექტუალური, ფიზიკური თუ სულიერი განვითარება განსხვავებულად მიმდინარეობს. ჩემს პრაქტიკაში ხშირად იყო შემთხვევა, როცა მოსწავლე ავლენდა რთულ ქცევას და მე ვეძებდი მასთან სწორი ურთიერთობის გზებს. პირველ რიგში, ვცდილობდი შემესწავლა რთული ქცევის საფუძვლები, ვაკვირდებოდი ქცევის ბუნებას, სად და რატომ ვლინდებოდა ის, როგორი ხასიათი ჰქონდა, როგორ იწყებოდა და რა სიხშირით, ხანგრძლივობითა და ინტენსივობით ხასიათდებოდა.
ზოგადად, მოსწავლის ნებისმიერი ქცევა ერთ ზოგად მიზანს ემსახურება – იპოვოს თავისი ადგილი სკოლაში, მონაწილეობა მიიღოს სასკოლო ცხოვრებაში, იგრძნოს საკუთარი მნიშვნელოვნება და საჭიროება. რთული ქცევის მოზარდის შემთხვევაშიც მივხვდი, რომ იგი თავის დამკვიდრებას არასწორი გზებით ცდილობდა. მასთან ურთიერთობისას ვერიდებოდი მკვეთრი შენიშვნების მიცემას. ზოგჯერ, ვაიგნორებდი მის ცუდ ქცევას და ყურადღებას პოზიტიურ ქცევაზე ვამახვილებდი, მის მონდომებასა და მცდელობას ვუსვამდი ხაზს, ვადარებდი როგორ ახერხებდა შედეგის გაუმჯობესებას.
როდესაც მოსწავლეს მერხთან დიდხანს ჯდომა უჭირს, იღლება, ფეხზე დგება, ამ დაძაბულობის მოხსნისათვის მოძრავ პაუზებს მივმართავ – ვავალებ აკრიფოს რვეულები, მომაწოდოს ცარცი, გაწმინდოს დაფა. ამ სტრატეგიით ის ეჩვევა სასკოლო ცხოვრებას. არ ვზღუდავ კომფორტული ზონის მიღებაში. ხშირად ვახსენებ ქცევის წესებს და მათი დაცვის აუცილებლობას. ვფიქრობ, ყველა ქცევის მართვა შესაძლებელია, თუ ბავშვთან ერთად ვიმუშავებთ და არა მის გარეშე. როცა ბავშვი მასწავლებლის თანადგომას გრძნობს, შედეგი უფრო სწრაფად დგება.
⇒ მოსწავლეთა რანჟირება
თითოეული მოსწავლე განსხვავებულია სწავლის სტილით, ინტერესით, უნარით, პიროვნული თავისებურებით, სოციალური გარემოთი, შესაბამისად, მათ მიმართ მიდგომაც განსხვავდება. დამრიგებლები აღსაზრდელთა უნარ-ჩვევებს კარგად ვიცნობთ, ვაცნობიერებთ რა მათ ინდივიდუალიზმს, ვხვდებით, რომ თითოეული მოსწავლის მოტივაცია და ძლიერი მხარის გამოვლენა ამ უნიკალურობის გათვალისწინებითაა შესაძლებელი. ვფიქრობ, დიფერენცირებული სწავლებაა ის მიდგომა, რომელიც სწორედ ამ განსხვავებულობას ითვალისწინებს – შესაბამისი აქტივობებისა და მიდგომების გამოყენება მოსწავლეს თავდაჯერებულობას მატებს, საკუთარი თავის რწმენას უყალიბებს და სწავლაში წარმატების მიღწევაში ეხმარება. მნიშვნელოვანია, მოსწავლეთა რანჟირებისას, დავიცვათ ოქროს შუალედი, არ უნდა მოხდეს მათი დაჯგუფება რაიმე ნიშნის ნიხედვით, რადგან ამან შეიძლება იარლიყების მიწებებასა და სტიგმატიზაციას შეუწყოს ხელი.
⇒ მწვავე პრობლემა მოზარდებში
სკოლაში ბავშვების ყველაზე გავრცელებული პრობლემებიდან მაინც გამოვყოფდი ფსიქოლოგიურს, რომლის გამომწვევი მიზეზები სხვადასხვაა, მათ შორის სკოლის შიში, თანატოლების ბულინგი, სოციალური და ოჯახური გარემო, ცუდი დამოკიდებულება და ა.შ.
აუცილებელია ბავშვთან იმაზე საუბარი, რაც აწუხებს, მუდმივად დახმარების შეთავაზება და დაცვა. რაც უფრო ადრე გამოვლინდება პრობლემა, მით უფრო ადვილია მისი გადაჭრა და განვითარების პრევენცია.
როგორც ზემოთ აღვნიშნე, დამრიგებელი მოსწავლისთვის მთავარი მრჩეველია, ავტორიტეტული პიროვნება და ცხადია, დიდია მასზე დაკისრებული პასუხისმგებლობაც, მან ღირსეულად უნდა გაართვას თავი ყველა გამოწვევას, რაც საკუთარ თავზე მუშაობით მიიღწევა. ტრენინგებით, კონფერენციებში მონაწილეობით და სხვა მეთოდებით მუდმივად უნდა ზრუნავდეს თვითგანვითარებაზე, მიღებული ცოდნა და გამოცდილება კი დანერგოს საკუთარ მოსწავლეებთან და კოლეგებთან.
⇒ გაწეული საქმიანობის და ანაზღაურების შესაბამისობა
დამრიგებლის ანაზღაურება მის მიერ გაწეულ შრომასთან, რა თქმა უნდა, შეუსაბამოა. ეს ფაქტი ხაზს უსვამს იმას, რომ დამრიგებლობის შეთავსება მხოლოდ ხელფასის გამო არ ხდება, თუმცა, ფინანსური მხარდაჭერა, მეტი მოტივაციისათვის, მაინც აუცილებელია. გარდა ამისა, დამრიგებლებისთვის აუცილებელია კარგი სასწავლო გარემო, თანამშრომლობითი კულტურა სკოლაში და მოსწავლის შედეგი, რომელიც მის მოტივაციას გაზრდის. ასევე კარგი იქნებოდა, არსებობდეს სახელმძღვანელო, რომლითაც იხელმძღვანელებს დამრიგებელი და რომელშიც თავმოყრილი იქნება ყველა ის საკითხი, რაც მოზარდების აღზრდას შეეხება და დამრიგებელს დაეხმარება, მისცეს მოზარდს სწორი რჩევები, როგორ გახდეს წარმატებული და მოახერხოს ნიჭისა და უნარების რეალიზება.
⇒ მაგალითები სადამრიგებლო პრაქტიკიდან
სწავლების პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხშირი უკუკავშირი და ქცევის პოზიტიური მართვის სტრატეგიების გამოყენება. აუცილებელია პოზიტიურად შეფასდეს თითოეული წარმატებული ნაბიჯი და ბავშვის ყოველი მცდელობა, მიჰყვეს ინსტრუქციას და შეასრულოს მიცემული დავალება.
ჩემს პრაქტიკაში იყო შემთხვევა, როდესაც ბავშვი არ ასრულებდა დავალებას, ურტყამდა სხვა ბავშვს და ამბობდა ცუდ სიტყვებს. ვცდილობდი, დავკვირვებოდი ამ ქცევის გამომწვევ მიზეზებს და შემეფასებინა არა პიროვნება, არამედ მისი ქცევა. მაგ.: „შენ ცუდად მოიქეცი“ და არა – „შენ ცუდი ბავშვი ხარ“. მოსწავლის დადებით ქცევას კი ყოველთვის აღვნიშნავდი. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული ბავშვი ინდივიდუალურია, აქვს თავისი ხასიათი, ემოციები, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს განათლების პროცესში. პატივი ვცეთ მას, გვიყვარდეს ისეთი, როგორიც არის, ყველა ნაკლითა და სათნოებით.
⇒ არაფორმალური განათლება
თანამედროვე მოსწავლე აღჭურვილი უნდა იყოს სხვადასხვა უნარებით – შეეძლოს კრიტიკული აზროვნება, შეფასება, ანალიზი, მსჯელობა და ცოდნის გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში. ამ უნარების განვითარებას ხელს უწყობს საკლასო სივრცეში დანერგილი არაფორმალური განათლება. მოსწავლეები უფრო თავისუფლები და შემოქმედებითები ხდებიან. არაფორმალური განათლების ფარგლებში, ბევრი პროექტი განვახორციელეთ. შემოგთავაზებთ ერთი პროექტის აღწერილობას, რომელიც დედამიწის დღესთან დაკავშირებით განვახორციელეთ, სახელწოდებით – „დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას!“. პროექტის მიზანი იყო, მოსწავლეს განვითარებოდა ეკოლოგიური წიგნიერება, კვლევა-ძიებისა და შემოქმედების, მოპოვებული ინფორმაციის დამუშავებისა და პრეზენტაციის უნარი.
ეტაპობრივად შეძენილი ცოდნის გამოყენებით, მოსწავლეებმა მოაწყვეს პრეზენტაციები, შექმნეს ბუკლეტები და მოუწოდეს ადამიანებს გარემოზე ზრუნვისკენ. დაამზადეს ნაგვის ურნები და გამართეს პრეზენტაციები, სადაც არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე საუბრობდნენ. არაფორმალური განათლების მიზანიც სწორედ ესაა, მოსწავლემ მოახდინოს ცოდნის ტრანსფერი, დაინახოს პრობლემების მოგვარების გზები და გაუზიაროს სხვებსაც. არაფორმალური განათლება, ფორმალურ განათლებასთან ერთად, ხელს უწყობს მოსწავლეს, გახდეს დაკვირვებული, შემოქმედი, კრიტიკულად მოაზროვნე და წიგნიერი მოქალაქე.
დამრიგებელი მნიშვნელოვანი ადამიანია იმ კუთხითაც, თუ როგორ მუშაობს კლასში გუნდის შეკვრისთვის. ერთ-ერთი არასასიამოვნო მომენტია, როცა კლასში ბავშვები პატარ-პატარა ჯგუფებად ყალიბდებიან, მაგალითად, „შენთან დაჯდომა არ მინდა“ ან პირიქით, „შენთან მეგობრობა მინდა“, ან „შენ არ გათამაშებ ჩემთან ერთად“ და ა.შ. ასეთ დროს მნიშვნელოვანია დამრიგებლის ჩარევა, რადგან როგორ განვითარდება მოვლენები დიდწილად ჩვენზეა დამოკიდებული. პირველ რიგში, თავად უნდა ვუჩვენოთ ბავშვებს მეგობრობისა და თანამშრომლობის მაგალითი. კლასის მონაწილეობით, შევქმნათ თანატოლებთან ურთიერთობის წესები, ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბავშვები ჩავრთოთ გუნდურ თამაშებში, ვასწავლოთ დადებითი ემოციების გამოხატვა, სხვისი შექება: „რა კარგად ხატავ!“, „რა საინტერესო ამბავი მომიყევი!“… დავაკვირდეთ სხვებთან ურთიერთობას – რაც მთავარია, შევინარჩუნოთ ბავშვთან იმგვარი დამოკიდებულება, რომ მას ჩვენთვის ნებისმიერი პრობლემის გაზიარება და დახმარების თხოვნა შეეძლოს.
⇒ დამრიგებლის როლი სწორი მოქალაქეობრივი აღზრდისა და ბავშვთა უფლებების სწავლების თვალსაზრისით
დამრიგებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სწავლების საქმეში. მოსწავლეები ცოდნას იღებენ არა მხოლოდ სწავლისა და სხვადასხვა საკითხზე მსჯელობის საშუალებით, არამედ პრაქტიკული გამოცდილების მიღების გზითაც, მაგალითად, როცა ისინი ჩართული არიან სასკოლო ცხოვრებასა და არაფორმალურ განათლებაში, უკეთ იაზრებენ საკუთარ როლს საზოგადოების განვითარებაში. მოსწავლეებს, მათ უფლება-მოვალეობაზე, შესაძლებელია, „კლასის საათის“ დროსაც ვესაუბროთ.
⇒ ინკლუზიური განათლება
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობაში მნიშვნელოვანი როლი აქვს დამრიგებელს — მან უნდა შექმნას კლასში ისეთი კლიმატი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ტიპური, ისე სსსმ მოსწავლის შესაძლებლობების გამოვლენას, აკადემიური და სოციალური უნარ-ჩვევების გაუმჯობესებასა და მომზადებას დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ძალისხმევით ვერ მიიღწევა, საჭიროა სკოლის, თანატოლებისა და საზოგადოების ერთობა და იმის გაცნობიერება, რომ ყველა ბავშვი უნიკალურია, ისინი მხოლოდ გარკვეული შესაძლებლობებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად ნებისმიერ მათგანთან თანამშრომლობისთვის, მათი ინდივიდუალური საჭიროებებიდან და ინტერესებიდან გამომდინარე.
⇒ მშობლებთან ურთიერთობა
წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მშობელსა და სკოლას შორის თანამშრომლობა და კეთილგანწყობა. დამრიგებელი ის შუალედური რგოლია, რომელიც სკოლასა და ოჯახს ერთმანეთთან აკავშირებს. მას შეუძლია, კომუნიკაციის სხვადასხვა ხერხის გამოყენებით, მშობელი სასწავლო პროცესში ჩართოს და თავის მოკავშირედ აქციოს. მათ ერთი მიზანი აქვთ – ბავშვის წარმატება, მისი ნიჭის მაქსიმალურად გამოვლენის ხელშეწყობა.
ვცდილობ, მშობლებთან აქტიური კავშირი მქონდეს. ზოგჯერ, როცა პირისპირ შეხვედრა არ ხერხდება, სატელეფონო საუბრები ან მიმოწერა გვაქვს. შეხვედრების დროს მშობლებს ვაცნობ მოსწავლეთა მიღწევებს, საჭიროებებს, სამომავლო გეგმებს. თავის მხრივ, ისინიც მიზიარებენ თავიანთ მოსაზრებას, აღსაზრდელთან დაკავშირებულ დეტალებს. მიმაჩნია, რომ მშობელსა და მასწავლებელს შორის გულწრფელი ურთიერთობა და აზრების გაზიარება ძალიან კარგი საშუალებაა იმის გათვალისწინებით, რომ შესაძლოა, მშობელი შვილს არ იცნობდეს იმ კუთხით, რა კუთხითაც მასწავლებელი. ამავე დროს, პედაგოგმა შეიძლება არ იცოდეს ის ინფორმაცია, რაც მშობელს შეუძლია მიაწოდოს შვილის შესახებ. ძალიან მიხარია, როდესაც მშობლები აქტიურად არიან ჩართული სასკოლო ცხოვრებაში, რადგან ეს მოსწავლეთა სწავლის ხარისხსა და მოტივაციაზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.