ადრეული და სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე ბევრს საუბრობენ. საყურადღებოა, რომ ეს მნიშვნელობა მხოლოდ სასკოლო მზაობით არ შემოიფარგლება. დღეს, როდესაც მოსწავლეებისგან მოითხოვენ, რომ იყვნენ გაბედულები, უფრო აქტიური მოაზროვნეები, მეტად შემოქმედებითები, რასაკვირველია, ამ უნარებს საფუძველი სკოლამდელი პერიოდიდან უნდა ჩაეყაროს და განვითარდეს.
გაეროს ბავშვთა ფონდის ადრეული და სკოლამდელი განათლების ექსპერტი ანა ჯანელიძე გვესაუბრება სკოლამდელი განათლების მნიშვნელობაზე, არის თუ არა კავშირში ადრეული განათლება სკოლამდელი განათლების განვითარებასთან და განაპირობებს თუ არა ზოგადი განათლების რეფორმის წარმატებით განხორციელებას.
განათლების ექსპერტი სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების პრობლემაზე და ალტერნატიული მომსახურებების მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას – ვინ არიან ეს ბავშვები, რომლებსაც ალტერნატიული მომსახურებები სჭირდებათ?
♦ კავშირი სკოლამდელ განათლებასა და ზოგად განათლებას შორის
ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და ამ ბმის, რომელიც ადრეულ, სკოლამდელ განათლებასა და ზოგად განათლებას შორის არსებობს, დანახვა და სათანადო ყურადღების მინიჭება ძალიან მნიშვნელოვანია. ცოტა უფრო ზოგადი სურათიდან რომ დავიწყოთ, რა არის ზოგადი განათლების რეფორმის მიზანი? რომ მოსწავლეებს უკეთესი შედეგები ჰქონდეთ, ანუ, საბოლოო ჯამში, უკეთ სწავლობდნენ და ყველაფერი ის, რაც რეფორმის ფარგლებში კეთდება, ამას ემსახურება — ზოგადი განათლების მიზნების მიღწევა და, ასევე, მოსწავლეების მიღწევები, შედეგები იყოს მაღალი. სხვადასხვა საერთაშორისო კვლევით ვიცით, რომ ყველა ფაქტორის (რაც სკოლის დონეზეა, მაგალითად, მასწავლებელი, სასკოლო გარემო და ა.შ.) გაკონტროლების მიუხედავად, ხარისხიან სკოლამდელ განათლებას მაინც ძალიან დიდი გავლენა აქვს მოსწავლეების მიღწევებზე უკვე სკოლაში. შეიძლება ძალიან კარგი მასწავლებელი ჰყავდეთ, მაგრამ ბავშვებს შორის განსხვავება მაინც იჩენს თავს, მაგალითად, ორი მოსწავლე რომ ავიღოთ, ერთს ჰქონდა ხარისხიანი სკოლამდელი განათლება მიღებული და მეორეს არ ჰქონდა, ეს ორი ბავშვი შეიძლება ერთ მასწავლებელთან მოხვდეს, მაგრამ განსხვავებებს მაინც აჩვენებენ სწორედ იმიტომ, რომ მათ ბაზისი და მხარდაჭერა ადრეულ ასაკში განსხვავებული ჰქონდათ. ამიტომ, თუ ჩვენ, საბოლოო ჯამში, გვინდა იმ მაღალ მიღწევებზე გასვლა, ძალიან მნიშვნელოვანია, ადრეულ ასაკში (8 წლამდე მოიაზრება ადრეული ასაკი, მაგრამ ჩვენს განათლების სისტემაში სკოლამდელი ასაკი 6 წლამდეა), 6 წლამდე ბავშვების განათლებაში ინვესტირების დამატება. ამ ეტაპზე რეფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმისთვის, რომ შემდეგ უკვე სავალდებულო საფეხური იყოს წარმატებული. აი, სწორედ იმიტომ, რომ ადრეული, სკოლამდელი განათლება არ არის სავალდებულო, ხშირად თითქოს ყურადღების მიღმაც რჩება მისი მნიშვნელობა. თუკი ბავშვის ინტერესის ირგვლივ ვტრიალებთ და ჩვენთვის ბავშვია განათლების სისტემის ცენტრში, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ეს ადრეული ასაკი, რომელიც უნიკალური პერიოდია, ყველაზე ინტენსიური სწავლისა და განვითარების პერიოდი და მისი გამოტოვება და არასათანადო ყურადღების მიქცევა ნიშნავს ძალიან დიდ დანაკარგს არა მარტო ამ ბავშვისთვის, არამედ საზოგადოებისთვისაც. ამ დანაკარგს ვერასდროს ვეღარ ავანაზღაურებთ ისე კარგად, როგორც ეს შესაძლებელი იყო იმ ადრეულ ასაკში, რომელსაც შესაძლებლობის ფანჯარასაც ვუწოდებთ.
ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა სსსმ ბავშვებთან მიმართებაში. ყველა ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ სსსმ ბავშვების შემთხვევაში განსაკუთრებულად ჩანს, რისი მიღწევაც მათ შეუძლიათ, ამ ასაკში ბევრად უფრო მარტივად შესაძლებელია. თუკი სხვადასხვა არახელსაყრელი პირობების ან შეზღუდული შესაძლებლობების გამო ჩამორჩა, შეუძლია დააკომპენსიროს და გარკვეული უნარები განივითაროს. 6 წლიდან კი, სკოლიდან, ამის გაკეთება შეიძლება უკვე ძალიან დაგვიანებული იყოს. რა თქმა უნდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვერასოდეს ვეღარ შეძლებს, პირიქით, ჩვენ, განათლების სპეციალისტებს, გვჯერა, რომ ეს ყოველთვის, ზრდასრულ ასაკშიც, შესაძლებელია, მაგრამ ბევრად უფრო რთულია და სისტემისთვის — ბევრად უფრო ძვირად ღირებული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რაც შეიძლება ადრე დავიწყოთ ზრუნვა ადრეული საფეხურის რეფორმაზე.
♦ ბოლო წლებში განხორციელებული ცვლილებები სკოლამდელ განათლებაში
ვფიქრობ, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა ამ სფეროში, ტერმინების თვალსაზრისითაც კი, თუნდაც ის, რომ ადრე იყო „სკოლამდელი აღზრდა“, ახლა კი გამრავალფეროვნდა, ასე ვთქვათ, და ეწოდა „სკოლამდელი განათლება“. ვფიქრობ, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც განხორციელდა, ამ სფეროს საკანონმდებლო რეფორმა იყო. სანამ კანონს მიიღებდნენ, 2016 წლამდე, ფაქტობრივად, ამ სფეროს არაფერი არეგულირებდა და თითოეულ მუნიციპალიტეტს თავად შეეძლო გადაეწყვიტა ძალიან მნიშვნელოვანი, ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, ასევე, ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებითაც. არანაირი გარანტირებული უფლება სკოლამდელ განათლებაზე არ იყო. თუ, ვთქვათ, მუნიციპალიტეტს ჰქონდა 5 ბაღი, შეეძლო, მხოლოდ ეს 5 ბაღი ჰქონოდა წლების განმავლობაში და დაეკმაყოფილებინა, მაგალითად, ადგილობრივი შესაბამისი ჯგუფის ბავშვების 20% და არანაირად არ ეზრუნა იმაზე, რომ ხელმისაწვდომობა გაეუმჯობესებინა. იმავე ინკლუზიური განათლების თვალსაზრისით, არსად არანაირი ჩანაწერი არ არსებობდა 6 წლამდე ბავშვების განათლებასთან დაკავშირებით. კანონის მიღებამდე, არც ხარისხთან დაკავშირებით არ იყო არანაირი სტანდარტი. წარმოიდგინეთ, 64 მუნიციპალიტეტი (კანონამდე, მგონი ცოტა მეტი მუნიციპალიტეტი იყო) თავად განსაზღვრავდა ჰქონოდა თუ არა, მაგალითად, დაწესებული ჯგუფში ბავშვების მაქსიმალური რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რადგან ხარისხზე ახდენს გავლენას; ან ჰქონოდა თუ არა მოთხოვნილი რაიმე კვალიფიკაცია აღმზრდელებისთვის, დირექტორისთვის, ბაღის მენეჯერისთვის და ა.შ. აბსოლუტური თავისუფლება ჰქონდათ, დეცენტრალიზებული მოდელი იყო, რომელიც დღესაც, კანონის მიღების შემდეგაც, გვაქვს, მაგრამ დღეს განსხვავებული დეცენტრალიზაციაა, პასუხისმგებლობები გადანაწილებულია და ცენტრალურ დონეზე ძალიან მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობების აღება მოხდა.
ვფიქრობ, ეს რეფორმა, რომელიც, ფაქტობრივად, დაიწყო სკოლამდელ განათლებაში, სწორედ ამ კანონის მიღებით დაიწყო. აქვე აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ კანონის აღსრულება გარკვეული გამოწვევების წინაშეა, რაც ალბათ მოსალოდნელიც იყო. მისი განხორციელება მარტივი არ არის იმიტომ, რომ ეს კანონი ძალიან დიდ ცვლილებებს მოიაზრებს, მაგალითად, იწყება ავტორიზაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე წელია არ განხორციელებულა და რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმია. გვაქვს მოლოდინი, რომ სწორედ ავტორიზაცია უზრუნველყოფს ხარისხის სტანდარტების გაუმჯობესებას საბავშვო ბაღებში. აქაც, რა თქმა უნდა, გარკვეული ვადებია დაწესებული და არ ველით, რომ ერთ წელიწადში ყველა ბაღი გაივლის ავტორიზაციას. ძალიან მნიშვნელოვანია, რეალისტური მოლოდინები გვქონდეს იმიტომ, რომ, ვფიქრობ, ამ კანონის დანერგვამაც აჩვენა, თუკი ზედმეტად იდეალურ მოთხოვნებს დავუწესებთ ჩვენს თავს, ჩვენს სისტემას, მათი შესრულება იმდენად რთული შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ყველამ ჩავიქნიოთ ხელი, ვთქვათ, რომ ეს მაინც არ გამოვა, ეს მოითხოვს მილიარდებს, წარმოუდგენელია და ა.შ. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, ხედვა იყოს კარგად გააზრებული, დათვლილი, რას მოითხოვს და რა ვადებში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავიწყოთ, თუნდაც მცირედით, რისი შესაძლებლობებიც გვაქვს და ნელ-ნელა მივაღწიოთ იმას, რაც გვინდა, თუნდაც 5 ან 10 წელიწადში.
შეიძლება ეს კანონი იდეალური არ არის, ამ წლებმაც გვიჩვენა, რომ გარკვეული საკითხები ნამდვილად საჭიროებს დახვეწას, შეიძლება მერე კონკრეტულ საკითხებზეც ვისაუბროთ, მაგრამ არის თემები, რომლებიც, ამ წლების განმავლობაში, 2016 წლის შემდეგ, დავინახეთ, რომ საჭიროებს განსხვავებულ მიდგომებს ან უფრო მეტ მოქნილობას, მაგალითად, სერვისების მიწოდების კუთხით, და ა.შ. ვფიქრობ, ეს გაზიარებული და აღქმულია მთავრობის მიერ, პარლამენტის მიერ და რამდენადაც ჩვენ ვიცით, დაგეგმილია გარკვეული ცვლილებების შეტანა კანონში იმისათვის, რომ უფრო მეტად დაიხვეწოს. ეს ძალიან კარგი, ცოცხალი პროცესია. მნიშვნელოვანია, მისი განხორციელებისას აღმოჩენილი გამოწვევები გათვალისწინებული იყოს და ცვლილების შეტანის შესაძლებლობა გვქონდეს.
♦ მშობლის ჩართულობა
მშობელს, ოჯახს, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს. შეგვიძლია, მოთხოვნის მხარეც კი ვუწოდოთ, რომელიც უნდა მოითხოვდეს სათანადო ხარისხის განათლებას თავისი ბავშვისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, მშობლები საქართველოში აცნობიერებდნენ, რომ მათ ბავშვებს კანონით აქვთ უფლება, მიიღონ სკოლამდელი განათლება, 2-დან 6 წლამდე, ასეთია კანონში ჩანაწერი. დღესდღეობით, ჩვენ ვიცით, რომ ყველა ბავშვი ვერ სარგებლობს ამ უფლებით და ყველა შემთხვევას თავისი გამოწვევები აქვს, რატომ ხდება ასე.
ზოგადი ტენდენცია ისეთია, რომ ბოლო 10 წელია ჩართულობა საგრძნობლად გაიზარდა. 10 წლის წინანდელი ზუსტი სტატისტიკა არ მახსოვს, მაგრამ ნამდვილად ძალიან დრამატულადაა გაზრდილი, 10-12 წლის წინანდელ მონაცემებს რომ შევადაროთ. 2018 წლის მონაცემებით (ცოტა შეიძლება მოძველებულიც არის ეს მონაცემები, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ შუაში პანდემია იყო, დიდი ცვლილება, სავარაუდოდ, არ იქნება), 3, 4, 5 წლის ბავშვების, დაახლოებით, 18% საბავშვო ბაღში არ დადის, ანუ დაახლოებით, 5-იდან ერთი ბავშვი არ დადის საბავშვო ბაღში. თუკი აქ 2 წლის ასაკის ბავშვებსაც მივუმატებთ, რაოდენობა უფრო მეტად გაიზრდება, რადგან 2 წლის ასაკის ბავშვებთან დაკავშირებით, ხშირად, მშობლები თავად იღებენ გადაწყვეტილებას, რომ არ ატარონ. ფაქტობრივად, ჩვენს რეგიონში (აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონს მოვიაზრებ) ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ჩართულობა გვაქვს, ნამდვილად. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, ეს რის ხარჯზე მოხდა. ხშირ შემთხვევაში, უბრალოდ, არსებულ ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა გაიზარდა, ვთქვათ, ჯგუფში, რომელშიც 25 ან 30 ბავშვი უნდა იყოს, 40-45 ბავშვია, რაც, რა თქმა უნდა, ხარისხზე ახდენს პირდაპირ გავლენას. ამიტომ, ამ კუთხით, ძალიან ბევრია სამუშაო, თუმცა, ვფიქრობ, ეს მაინც მნიშვნელოვანია და მისასალმებელი იმიტომ, რომ ბაღების მშენებლობებიც ხშირია. ამ კუთხით, ნამდვილად, ბევრი მუნიციპალიტეტი პრიორიტეტს ანიჭებს სკოლამდელ განათლებას და ბიუჯეტებს რომ გადავხედოთ, საშუალოდ, ზრდადი ტენდენციაა. სკოლამდელ განათლებაზე ბიუჯეტი იზრდება და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის მნიშვნელოვან წილს შეადგენს, რაც გასაკვირი არ არის, რადგან ეს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ექსკლუზიური უფლებამოსილებაა და ბუნებრივია, ის დიდ თანხას უნდა ხარჯავდეს, ამაზე მნიშვნელოვანში რაში დახარჯავს.
♦ სკოლამდელი განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები
პირველ რიგში, დავიწყებ იმით, თუ რას ნიშნავს ალტერნატიული მომსახურებები. ეს ნიშნავს განსხვავებულს იმისგან, რაც ძირითადად გვაქვს, ანუ რაიმე განსაკუთრებულს რომ არ ნიშნავს, ამაზე მინდა გავამახვილო ყურადღება. საქართველოში ტიპური სკოლამდელი განათლების მომსახურება გვაქვს, დილის 9 საათიდან 6 საათამდე, შეიძლება 15 წუთით ადრე ან გვიან, მაგრამ სრულდღიანი მომსახურება, კვებით, ჯანმრთელობაზე ზრუნვით და ა.შ. ამ სერვისში შედის ყველა მომსახურება, ფაქტობრივად, ბავშვი იქ ცხოვრობს, ფხიზლად ყოფნის ძირითად დროს ატარებს საბავშვო ბაღში, ასეთი ტიპის მომსახურებაა და კანონიც საჯარო სექტორში მხოლოდ ასეთ მომსახურებას ცნობს. სამწუხაროდ, ეს ხელს უშლის მუნიციპალიტეტებს, რომ ალტერნატიული ტიპის სერვისები შესთავაზონ ბავშვებს. განსაკუთრებით ამის საჭიროება დგას სოფლებში, არა მარტო, მაგრამ განსაკუთრებით სოფლებში. ბევრი სოფელია, სადაც ბავშვები არიან, მაგრამ ბაღი არ აქვთ. ძალიან რთულია ამდენ სოფელში ახალი ბაღის აშენება ისეთი ინფრასტრუქტურით, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ სრულფასოვანი სერვისი მივაწოდოთ პატარებს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია დივერსიფიცირება, განსხვავებული სერვისების არსებობა. ბავშვები, ვინც ბაღის მიღმა არიან დარჩენილი, ძირითადად, სოფელში მცხოვრები ბავშვები არიან. ცოტა ბაღებია ფიზიკურად და ერთ-ერთი გამოსავალი იქნებოდა მოქნილი ალტერნატიული მოდელების დანერგვა. გრძელვადიან პერსპექტივაში, რა თქმა უნდა, ჩვენი იდეალი უნდა იყოს, რომ ყველა ბავშვს, სურვილის შემთხვევაში, სრულდღიანი სერვისი შევთავაზოთ, მაგრამ ჩვენი ქვეყნის ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ბავშვს, მინიმუმ, ის სკოლამდელი განათლება ჰქონდეს, რაც ადრეულ ასაკში მისი ოპტიმალური განვითარებისთვის არის მნიშვნელოვანი.