ლალი ნატროშვილი
დედოფლისწყაროს №1 საჯარო სკოლის წამყვანი სპეციალური მასწავლებელი
ინკლუზიური განათლება ყველაზე ეფექტური გზაა, მივცეთ ყველა ბავშვს სამართლიანი შანსი, ისწავლოს სკოლაში და განივითაროს ის უნარ-ჩვევები, რომლებიც საჭიროა საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის.
ინკლუზიური განათლება ნიშნავს ყველა ბავშვს ერთსა და იმავე კლასებში, იმავე სკოლებში. ეს ნიშნავს სწავლის რეალურ შესაძლებლობებს იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც, ტრადიციულად, გარიყულნი არიან — არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, არამედ სხვა ყველა, ვინც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსს ატარებს.
საერთო სასწავლო გარემო მოსწავლეებისთვის რეგულარული სასწავლო საათების უმრავლესობისთვის გამოიყენება და შეიძლება მოიცავდეს საკლასო ოთახებს, ბიბლიოთეკებს, სპორტულ დარბაზებს, თეატრებს, მუსიკალურ ოთახებს, კაფეტერიებს, სათამაშო მოედნებსა და ადგილობრივ საზოგადოებას. საერთო სასწავლო გარემო არ არის ადგილი, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ან სხვა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები სწავლობენ თანატოლებისგან იზოლირებულად.
⇒ მართვის პრინციპები
ინკლუზიური განათლება, თავის ყველა მოქმედებაში, ხელმძღვანელობს პრინციპებით, რომლებიც შეესაბამება მის ღირებულებებსა და რწმენას.
ეს პრინციპებია:
⇒ ჩვენი ღირებულებები და რწმენა
ოჯახის ყველა წევრი სრულუფლებიანი პიროვნებაა. ჩვენი ადამიანური არსი არ შეიძლება შემცირდეს სიტყვებით, ეტიკეტებით, კატეგორიებით, განმარტებებით ან გენეტიკური ნიმუშებით. ყველა ადამიანი უნიკალურია. არავის ჩანაცვლება ან კოპირება არ შეიძლება.
ნებისმიერ ადამიანს აქვს პატივისცემის უფლება. პატივისცემა მოითხოვს თითოეული ადამიანის ღირსების აღიარებასა და ზრუნვას. ღირსება მყიფეა. ის დაცული უნდა იყოს ყოველგვარი ზიანისგან.
თითოეულ ჩვენგანს აქვს თანდაყოლილი ღირსება, რომელიც მხოლოდ იმიტომ გვეკუთვნის, რომ ვარსებობთ. ეს არ არის ის, რასაც ვიღებთ ან გავცემთ. მისი იგნორირება, შემცირება ან წართმევა არ შეიძლება. ჩვენ ყველას გვაქვს თანაბარი ღირსება. ის არ არის დამოკიდებული ფიზიკურ, ინტელექტუალურ ან სხვა მახასიათებლებზე. ასევე, არ არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა მოსაზრებები აქვთ სხვა ადამიანებს ამ მახასიათებლების შესახებ.
ადამიანებს გვაქვს თანდაყოლილი და თანაბარი ღირებულება. ჩვენი, როგორც პიროვნების, ღირებულება არც მიღებულია და არც დაგროვილი, არ არის დაკავშირებული ჯანმრთელობის მდგომარეობასთან ან რაიმე გენეტიკურ ან სხვა პიროვნულ მახასიათებელთან.
ყველა ადამიანს აქვს ზრდისა და გამოხატვის უნარი. ასევე აქვს უფლება, იკვებებოდეს ფიზიკურად, ინტელექტუალურად, სოციალურად, ემოციურად და სულიერად.
თითოეულ ინდივიდს თანაბარი ხელმისაწვდომობისა და შესაძლებლობების საშუალება უნდა ჰქონდეს. თანასწორობა ყველა სახის დისკრიმინაციისა და ზიანისგან დაცვას მოითხოვს.
სსსმ მოსწავლის წერილი მასწავლებელს:
„მიუხედავად ჩვენი ფიზიკური თუ სულიერი მდგომარეობით განსხვავებულობისა, ჩვენ ერთნაირები ვართ მრავალი თვალსაზრისით. მაგალითად, ჩვენ ყველას გვიყვარს ვიღაც, ყველას გვაქვს ოცნებები, ყველას გვჭირდება სამართლიანი მოპყრობა. ყველას გვაქვს ისეთი რამ, რისი კეთებაც მოგვწონს. ყველას გვიხარია, ყველას გვწყინს, ყველას გვტკივა. ყველას გვსურს, გვყავდეს მეგობრები და ვიყოთ იმ საზოგადოების წევრები, სადაც თქვენ ფიქრობთ, რომ „ყველა“ ხართ ჩვენ გარეშე. არა, პატივცემულო საზოგადოებავ, თქვენ „ყველა“ არ ხართ ჩვენ გარეშე. ჩვენც აქ ვართ, ამ სამყაროში, ჩვენი უნარებითა და შესაძლებლობებით, რასაც განვითარება სჭირდება, ისე როგორც სხვას, თქვენ „ყველას“ ნაწილს.
ხანდახან ვფიქრობ , თუ ჩვენ არ ვართ „ყველა“, მაშინ რატომ ვართ ამ სამყაროში? ნუთუ იმიტომ მოვედით, რომ საზოგადოებას დავემალოთ, ერთ მიყუჟულ ოთახში გავატაროთ ცხოვრება და მხოლოდ სარკმლიდან ვუყუროთ მზეს. არა, რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ მოგვცეს განათლების უფლება, ეს ის უფლებაა, რომელსაც ხანდახან უდიდესი ტკივილი მოაქვს, ეს მაშინ ხდება, როდესაც ვინმე გვაგრძნობინებს ჩვენს განსხვავებულობას. ნეტავ შეგეძლოთ, სულ რაღაც წუთიერად, ჩვენი თვალით გამოხედვა. ან იქნებ შეგიძლიათ და არც ცდილობთ, ან იქნებ ფიქრობთ, რომ ჩვენ გრძნობები არ გვაქვს და მხოლოდ შეგრძნებებით ვარსებობთ. თუკი ასეა, ძალიან სცდებით.
ჩემო უსაყვარლესო მასწავლებელო, შენს თვალებში მუდამ სიყვარულსა და სითბოს ვხედავ. ვხედავ, როგორი იმედით უყურებ ჩემს თითოეულ ქმედებას. მე ვეცდები, გავამართლო თქვენი იმედები და გთხოვთ, თქვენც ეცადეთ ჩემი იმედების გამართლებას. გთხოვთ დამეხმარეთ, რომ მეც ვიყო ერთ-ერთი იმ „ყველადან“.
⇒ ჩართვა ყველასთვის! გამონაკლისის გარეშე!
ინკლუზიური განათლების მნიშვნელოვანი ელემენტია იმის უზრუნველყოფა, რომ ყველა მასწავლებელი მზად არის ასწავლოს ყველა მოსწავლეს. ინკლუზია ვერ განხორციელდება, თუ მასწავლებლები არ იქნებიან ცვლილების უფლებამოსილი აგენტები, ღირებულებებით, ცოდნითა და დამოკიდებულებით, რაც საშუალებას აძლევს თითოეულ მოსწავლეს მიაღწიოს წარმატებას.
ინკლუზიის ეს ხედვა თავიდან აიცილებს კატეგორიზაციას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სტიგმატიზაცია, მარგინალიზაცია და პოტენციურად გარიყვა. ამ მიზნის მისაღწევად, მასწავლებელთა ტრენინგის სისტემამ უნდა უზრუნველყოს თეორიაზე დაფუძნებული სწავლისა და პრაქტიკული პრაქტიკის უფრო ეფექტური ბალანსი.
მასწავლებლები, ვისაც ევალებათ ისგ ჯგუფის წევრობა სკოლებში, კარგად უნდა იყვნენ მომზადებულნი თავიანთი როლების შესასრულებლად.