მარინე დეკანოიძე
სსიპ ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდის საჯარო სკოლის გეოგრაფიის წამყვანი მასწავლებელი
სასკოლო განათლება, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გამოწვევების ფონზე, ყოველთვის იყო და არის პასუხისმგებელი მომავალი თაობის მორალური ღირებულებების მქონე მოქალაქეებად ჩამოყალიბებაზე, მათთვის სწორი, ნათელი ორიენტირის გამოკვეთაზე, სამოქალაქო საზოგადოებაში ღირსეული ადგილის დამკვიდრებაზე; სასწავლო პროცესი კი იყო და არის მოსწავლეზე ორიენტირებული განსხვავებული მიდგომებით, სადაც პრიორიტეტი ყოველთვის მასწავლებელთა კომპეტენცია და მაღალი პროფესიონალიზმია.
დღეს სასკოლო განათლების წინაშე რთული და საინტერესო გამოწვევებია, შესაბამისად, მასწავლებლებსაც მეტი პასუხისმგებლობა და ვალდებულება გვაქვს მომავალი თაობის აღზრდაზე, ჩვენ ვცხოვრობთ გლობალურ სამყაროში, სადაც საზოგადოება გლობალური და მულტიკულტურული გახდა. სკოლამ, მასწავლებლების მეშვეობით, გლობალური მოქალაქე უნდა ჩამოაყალიბოს მრავალფუნქციური უნარ-ჩვევებით, რომელსაც შეეძლება მიმდინარე სოციალური თუ პოლიტიკური მოვლენების ადეკვატურად შეფასება, გაანალიზება, საკუთარი მოქალაქეობრივი ვალდებულებების, მოვალეობების გააზრება და სწორი, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ამიტომ მასწავლებლებმა ახალ გამოწვევებს თვალი უნდა გაუსწორონ და ახალი უნარ-ჩვევებიც შეითვისონ. განათლების სამინისტრომ მთელი რიგი ვალდებულებები დაგვაკისრა, სავალდებულო ტრენინგები, გამოცდები, სტატუსები, სტატუსის შესანარჩუნებლად სავალდებულო აქტივობები და ჩვენც ჩავებით „ტრენინგ-მარათონში“, ვეძებთ ფასიან თუ საქველმოქმედო ტრენინგებს, ვრეგისტრირდებით, ვპლიუსდებით…
მეც, როგორც ერთ-ერთმა რიგითმა მასწავლებელმა, კიდევ ერთი ტრენინგი მოვისმინე ონლაინ, ძალიან კმაყოფილი ვარ, ჩემი თავით ვამაყობ, რომ პროფესიულ განვითარებას პასუხისმგებლობით ვეკიდები და არც ძალას, არც ენერგიას და არც ფულს (ფასიანი ტრენინგებისათის) არ ვიშურებ ტრენინგების მოსასმენად. აღვსილი ვარ კმაყოფილებით, რომ კიდევ ერთი სერტიფიკატი შევმატე ჩემს პროფესიულ საქაღალდეს, სადაც 2007 წლიდან უამრავი საბუთი დევს იმისა, რომ გავიარე ტრენინგი: „პოზიტიური სასწავლო გარემოს შექმნისა და ხელშეწყობის“ შესახებ, „მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შქმნის“ შესახებ, ტრენინგ-მოდული „ლიდერობის აკადემია“ და სხვა. და აი, ამ კმაყოფილებითა და პოზიტიური განწყობით, სავსე ენთუზიაზმით და დაგეგმილი ახალი აქტივობებით შევდივარ საკლასო ოთახში, ვიწყებ ენერგიულად, ვაკვირდები მოსწავლეების ქცევას და ჩართულობას. ერთ-ერთ მოსწავლეს ვეკითხები – ცუდად ხომ არა ხარ? რაღაც დაღლილი სახე გაქვს, მპასუხობს – კი მასწ, წუხელ ვმეცადინეობდი (გულისხმობს რეპეტიტორის მიერ მიცემულ დავალებას), დილით ადრე ვყავდი დაბარებული და დაღლილი ვარ. სახეზე უკმაყოფილება შემეტყო, მოსწავლეს მაშველად გამოუჩნდა თანაკლასელი და ამბობს – ისე მასწ, რასაც ვაბარებთ უმაღლესში, ჩვენ იმას უნდა ვსწავლობდეთ… და კიდევ – „მოვემზადები და მერე ვისწავლი“. მე სკოლის ფუნქციის და ზოგადი განათლების დაკნინება ვერ გავატარე და მსუბუქი საყვედური მაინც გამოვთქვი, აი, აქ დაიწყო დისკუსია, რომლის საფუძველიც ჩემ მიერ აღწერილი პარადოქსული სიტუაცია გახდა – განათლების სამინისტრო – მასწავლებლის პროფესიულ განვითარებაზე ორიენტირებული, მასწავლებელი – მოსწავლეზე ორიენტირებული, მოსწავლე კი – რეპეტიტორზე ორიენტირებული. სად არის გამოსავალი?
დისკუსიის დროს მე სკოლის ფუნქციისა და ზოგადი განათლების მნიშვნელობის გამაძლიერებელ არგუმენტებს ვიშველიებ და ჩემს პოზიციაზე მყარად ვდგავარ. მოსწავლეებს თავისი არგუმენტები აქვთ და საკუთარ თავში დარწმუნებულები, საკუთარ უფლებებზე მეტს საუბრობენ, ვიდრე მოვალეობებსა და ვალდებულებებზე. დისკუსია ცხარე, მაგრამ ჩემთვის საინტერესო კამათში გადაიზარდა. ვრწმუნდები, რომ ძალიან ნიჭიერი, დამოუკუდებელი ახალგაზრდები არიან, მათ სწორი სამომავლო ორიენტირი სჭირდებათ, რომ უკალაპოტო მდინარესავით არ დაიკარგონ, გაიკვლიონ გზა უზღვავ ინფორმაციულ ნაკადში და საკუთარი ადგილი იპოვონ სამოქალაქო საზოგადოებაში. აქ კიდევ ერთხელ გამახსენდა მურმან ლებანიძის სიტყვები: „ეჯაჯღანები შვილს, მაშასადამე – აწმყოს! ის – ებუტება ვის?! აწმყოს – წარსული აცხობს!“
სწორედ „ამიტომ ღირს მყოობადი ხვნად“, ღირს ნამდვილად მასწავლებლის გარჯა, დღე-ნიადაგ შრომა იმად, რომ სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროს ნიადაგი მოვამზადოთ მოსწავლეებისათვის, იმ ცოდნისა და უნარების ასათვისებლად, რაც აუცილებელია თანამედროვე გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბებისათვის. და ყოველივე ამისათვის ისევ ჯიუტად ახალ ტრენინგს ვეძებ, მაგრამ არის ტრენინგი პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი გზა? მიუხედავად მასწავლებელთა დიდი ძალისხმევისა პროფესიული განვითარების მიმართულებით, სასკოლო განათლების ხარისხის დასადგენად ჩატარებული კვლევის შედეგები რატომ არის არასახარბიელო?
არის მხოლოდ მასწავლებელთა დატრენინგებაში გამოსავალი?