ქართული ფეხბურთის საუკუნოვან ისტორიაში ზღაპრული ვარსკვლავებით სავსე ლეგენდარული ფეხბურთელების უკმარისობას არც ერთ ათწლეულში არ განიცდიდა ჩვენი ფეხბურთი, მაგრამ მიშა მესხი განსაკუთრებული ფენომენი იყო. ფეხბურთი ფანტაზიისა და მშვენიერების ერთობლივი ნაზავია. ფეხბურთის თამაშის განხილვა ერთობ ძნელი საქმეა, თუ ეს განუმეორებელ მიხეილ მესხს ეხება. ქართული ფეხბურთისათვის მესხი იგივეა, რაც „ვეფხისტყაოსანი“ – ქართული ლიტერატურისათვის.
1950 წელს 13 წლის მიხეილ მესხმა ცნობილ 35-ე საფეხბურთო სკოლას მიაშურა, სწორედ აქ მოუხდა ლეგენდას ნამდვილი მწვრთნელებისაგან შეგონებების მოსმენა, დიდ ფეხბურთთან დაახლოება 1954 წლიდან, როცა 17 წლის ახალგაზრდა თბილისის „დინამოს“ შეუცვლელი ფეხბურთელი გახდა, 1969 წლამდე, თბილისელთა შემადგენლობაში 284 ჩატარებულ მატჩში 54 ბურთი გაიტანა; სანაკრებო კარიერაში რამდენიმე ისეთი შთამბეჭდავი თამაში აქვს ჩატარებული, რომლის ანალოგი ქართული ფეხბურთის ისტორიას არ ახსოვს. 1960 წლის ევროპის ჩემპიონ სლავა მეტრეველთან ერთად, 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილემ, 1961 წლის 18 ნოემბერს არგენტინის ნაკრები მისსავე მოედანზე 2:1 დაამარცხა. მიხეილ მესხისა და სლავა მეტრეველის დუეტმა ფანტასტიკური თამაში აჩვენა, მატჩის შემდგომ, არგენტინელთა კლუბის მეპატრონეებმა ქართველ ფეხბურთელებს სოლიდური თანხა – 50 მილიონი პესო შესთავაზეს.
მიშა მესხის კარიერიდან კიდევ ერთი გამორჩეული მატჩი უკავშირდება „მარაკანას“ სტადიონზე, ბრაზილიის ნაკრებთან შხვედრისას, ფეხბურთის მეფესთან, პელესთან თამაშის ეპიზოდს, როდესაც მან პელეს ფეხებს შორის გაუტარა ბურთი. მატჩის შემდეგ, გასახდელში, ამერიკის ყოფილი პრეზიდენტის, ჯონ კენედის ძმამ, სენატორმა რობერტ კენედიმ, მასთან ერთად, სამახსოვრო ფოტო გადაიღო. ის ფოტო იმ დროის მსოფლიო პრესის ფურცლების პირველ გვერდებზე იყო დაბეჭდილი.
1960 წელს, როცა გულშემატკივართა კლუბი, არც მსოფლიოში და არც ევროპაში, არ არსებობდა, თბილისში ჩამოყალიბდა გულშემატკივართა კლუბი „მესხისტები“, რომელიც მესხის ნიჭის დამფასებელთა უამრავ გულშემატკივარს აერთიანებდა.
მიუხედავად წარმატებული საფეხბურთო კარიერისა, მას ბევრჯერ უსამართლოდ მოექცნენ და ატკინეს გული – 1963 წელს, მსოფლიო ფეხბურთის 100 წლის იუბილეზე, მსოფლიო ნაკრებში მიწვევა დაუმალეს და, მის მაგივრად, ლევ იაშინი გააგზავნეს, ხოლო 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატის წინ ნაკრების კარი მიუხურეს. საფეხბურთო სიბრძნის ასაკი ფეხბურთელს 30 წლის ასაკში ეწყება. იმხანად ჩვენს ფეხბურთში ისეთი ტენდენცია იყო, რომ ამ ასაკის ფეხბურთელს „ხანდაზმულად“ ნათლავდნენ. ბევრი ვარსკვლავი შეეწირა ამ უსაფუძვლო კანონებს, ერთ-ერთი მათგანი მიხეილ მესხი იყო, მან თბილისელთა შემადგენლობაში უკანასკნელი მატჩი, 1969 წლის 9 მაისს, ქუთაისის „ტორპედოს“ წინააღმდეგ ჩაატარა.
55 წლის წინ, 1969 წლის 16 ივლისს, თბილისის „დინამომ“ ამხანაგური მატჩი ჩაატარა ურუგვაის „ნასიონალთან“. ამ მატჩს ის დატვირთვა ჰქონდა, რომ იმ დღეს დიდი ფეხბურთიდან აცილებდნენ ჯანღონით სავსე 32 წლის მიხეილ მესხს, რომელსაც კიდევ ბევრი სიკეთის მოტანა შეეძლო ქართული ფეხბურთისთვის. იმ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი, ორივე გუნდის შემადგენლობაში, მიხეილ მესხი იყო. პრინციპში, ასეთ გაცილებას ზეიმის ელფერი უნდა ჰქონოდა, მაგრამ სტადიონზე სამარისებური სიჩუმე იყო, მაყურებელი ტიროდა, რადგან ამიერიდან ვეღარ მივიდოდნენ სტადიონზე თავისი კერპის სანახავდ. სტუმართა მწვრთნელი გაკვირვებით შლიდა ხელებს, ასეთ კარგ ფეხბურთელს რომ აცილებდნენ ფეხბურთიდან.
საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ, საშვილიშვილო საქმეს მოჰკიდა ხელი – სათავეში ჩაუდგა თავისსავე დაარსებულ საფეხბურთო სკოლა „ავაზას“. მას მაღალ თანამდებობასაც სთავაზობდნენ, მაგრამ არჩევანი სულის განუყოფელ ნაწილს, ფეხბურთს მიუძღვნა. სიცოცხლის ბოლო წლებში ძალიან გაუჭირდა, ავადმყოფობა გაუხშირდა, სახლი მეგობრებმა აუშენეს სოფელ დიღომში.
1991 წლის 22 აპრილს ძალიან ახალგაზრდა, 54 წლის ასაკში, წავიდა ამქვეყნიდან და გული დასწყვიტა აურაცხელ თაყვანისმცემლებს და სამეგობროს. მიშა მესხი ქართველებისთვის ფეხბურთზე მეტი იყო.
2000 წელს, საქართველოში ჩატარებული გამოკითხვის შემდეგ, მიხეილ მესხს განსაკუთრებული პრიზი – XX საუკუნის ქართველი ხალხის სიყვარული მიანიჭეს. მის სახელს ატარებს ვაკეში მდებარე „ლოკომოტივის“ სტადიონი, 2014 წლის 19 ნოემბერს კი, სტადიონთან ახლოს, ძეგლი დაუდგეს.
ამ წერილში ხშირად ამოიკითხავთ ნაღვლიან ფრაზებს, ეს ჩემი ახირება არ გახლავთ, ძალიან ბევრი სანეტარო წუთი დაიკარგა ფეხბურთიდან მისი წასვლით, ამიტომ ვალდებულად ჩავთვალე მისი ნამოღვაწარი შეეფასებინათ დღევანდელ ქართულ საზოგადოებას, დრო კი ყველაზე ობიექტური და ნამუსიანი შემფასებელია.