ნინო დოლენჯაშვილი
სსიპ გოგიტა კიკნაძის სახ. თბილისის №182 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის წამყვანი პედაგოგი
„ათ სისხლიან მეტისს არც წარსული აქვს და არც მომავალი“
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“
მიხეილ ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ ნამდვილად სულის გმინვად იქცა არა მხოლოდ მწერლისთვის, არამედ მთელი ქართველი ერისთვის, რომელსაც სამხელად უნდა მიეღო ეს გროტესკული ნაწარმოები. დასაფიქრებელია ის ფაქტი, ორ დიდ ქართველს რატომ ჰქონდა ასეთი დაბალი თვითშეფასება – ილიას ლუარსაბ თათქარიძე, მიხეილ ჯავახიშვილს კი თეიმურაზ ხევისთავი გამოეცხადებინათ ალტერ ეგოდ. ორივე ქართველობას აკრიტიკებს და დაუფარავად აშიშვლებს შეუსრულებელ ვალდებულებებს ერისას, რომლის ინტელიგენციას ვალდებულება მხოლოდ ტვირთად აწევს. სამწუხაროდ, პრივილეგიებისკენ სწრაფვა თვითმიზნად ექცა „ათ სისხლიანი მეტისის“ ძირითად ნაწილს, რომელსაც არასათანადოდ ესმის სტატუსის მნიშვნელობა, ვერ იაზრებს პატივის დანიშნულებას, რაც უდიდეს პასუხისმგებლობასთან უნდა იყოს წილნაყარი. დიდი ქართველობა ბევრად უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მართლის თქმას, სიტყვის საქმედ ქცევას. მაღალი მოქალაქეობრივი შეგნების გამოძახილია, ერის დაცემულ ხატზე ისე ისაუბრო, არ გაემიჯნო ეროვნულ ტრაგედიას და საკუთარი ნაკლოვანებაც დაინახო, თუნდაც უმნიშვნელო.
თეიმურაზ ხევისთავი ნაწარმოების მთავარი პროტაგონისტია, ერთი ადამიანის ხვედრით კონკრეტულ გარემოში, ისტორიული რაგვარობით, როგორც ქართველი ინტელიგენციის განზოგადებული სახე და უნივერსალური ხვედრით, ზოგადად, ადამიანისა, როგორც კაცობრიობის ნაწილის. თავისთავად ცხადია, რამდენად რთულია ამ პერსონაჟში მოძებნო დადებითი თვისება იმის ფონზე, როცა ის ნაკაცარობამდე გაწირა მწერალმა. მთელი ქართული მწერლობა ხომ კაცებრივი საწყისის ძიებაა, რუსთაველი ამბობს: „კაცი არ ყველა სწორია, დიდი ძეს კაცით კაცამდის“. საინტერესოა, რას უნდა მიეყვანა დიდი გონის ადამიანი – თეიმურაზი ასეთ დემორალიზებამდე. მისთვის „ხიზნობა“ ცხოვრების ხვედრად იქცა. ზედმეტ ადამიანად, ემიგრანტად მიიჩნევს საკუთარ თავს. ახალი დროება და თეიმურაზი ერთმანეთს ისე იძულებენ, „როგორც კერპი მამა უძღებ შვილს“. პიროვნების დაცემის მიზეზი გარემოებაა, ეპოქაა თუ სოციუმი? თეიმურაზ ხევისთავი სამივეს მიიჩნევს. მეტიც, იმასაც კი ნანობს, საქართველოში რომ დაიბადა. საკმაოდ დამაფიქრებელია მისი დიალოგი ივანე ნახუცართან, რომელიც, ერთი შეხედვით, ტიპური მედროვეა, თვითგადარჩენის ინსტინქტით ამოქმედებული, რწმენას გააყოლოს მნათე ოქროპირივით ანაფორა იმის გამო, რომ ეს მდგომარეობა დაღუპავს. სამაგიეროდ, ხევისთავი არ ჩამოჯდება სხვის სკამზე, ბავშვებს იმას არ ასწავლის, რისიც თვითონ არ სჯერა. რა სჯობდა — გადარჩენისთვის ბრძოლა სხვა რეალობაზე მორგებით თუ დაღუპვა, პრინციპების ერთგულების სანაცვლოდ? თეიმურაზ ხევისთავის მონოლოგებში სამართლიანი შენიშვნები ისმის იმ ერის მისამართით, რომელშიც რეალურ შესაძლებლობებს ამბიცია სჭარბობს, ინტელიგენცია, რომელიც „ქვეყნის მარილის“ ფუნქციას ვერ ასრულებს, ერის სათავეში მოქცეული, მხოლოდ ლხინში რომ მიუძღვება წინ, ჭირში კი კუდში ძლივს მისდევს. მკაფიო დაქვეითების სურათი აშინებს ხევისთავს, რომელიც მთავარ ბრალეულობას მაღალ წოდებაში ხედავს: „თევზი თავიდან აყროლდებაო“. ის, როგორც ინტელიგენციის ნაწილი, პასუხისმგებლობას არ გაურბის მაშინ, თუ აღიარება საყოველთაო იქნება – „პირველი ქვა იმან მესროლოს, ვინც უდანაშაულო იქნება“, მაგრამ ზუსტად იცის, რომ ასეთი მის სოციუმში არ მოიძებნება. ბევრად უფრო მძიმეა „რკინის დროებაში“ ცხოვრება, მაგრამ მეტად დასაფასებელი იმ კაცის პრინციპულობა, რომელიც ყველაფერს კარგავს, მაგრამ ქრისტიანულ ღირებულებებს არ ღალატობს. კაცს, რომელსაც რწმენა არ შერჩა იმ ეპოქაში, სადაც ღმერთიც კი გატიკინდა, სამართლიან შურისგებას არ აღასრულებს მიზანთროპი ჯაყოს მიმართ, რათა „არა კაც კლა“ — ეს მცნება არ დაირღვეს. მით უმეტეს, „ვინც მახვილი აღმართოს, მახვილითვე განიგმიროს“ ეს კარგად ესმის. თვითჩაღრმავების გზაზე შემდგარ პერსონაჟს საკუთარ შეცდომათა განჭვრეტა ეხმარება, დაიცვას ის ჭეშმარიტებაც: „ნუ განიკითხავთ, რათა არ განიკითხნეთ“. საინტერესოა, როგორ შეინარჩუნა მიტევების უნარი იმ ცოდნის აღმოჩენის ფონზე, სადაც მგლური კანონი მოქმედებს, რომ ცხვრებთანაც და მგლებთანაც მგლობაა საჭირო. უმწეო ალტრუისტისგან მაინც ორსახოვანი პერსონაჟი იბადება, იმავდროულად, ცხოვრებაზე განაწყენებულმა ცხოვრებისეული კანონი გაამკაცროს, უარყოს ბატკნებისა და თევზების რელიგია, რადგან ქვეყანას სუსტებისთვის ნამდვილად არ სცალია. სუსტი კაცის გამოძახილია პასუხგაუცემლობა მტრისთვის „ბედი მდევარს“ დააკისროს, ისევ ქრისტიანული მორალით რომ მართლდება „კბილი კბილის წილ და თვალი თვალის წილ“. უდავოა, რომ „ბედი მდევარსაც“ მიზანმიმართულად ირჩევს ხევისთავი, რათა სული მაინც გადაირჩინოს, რადგან მორალურადაც და ფიზიკურადაც მკვდარია. მართალია, შეუფარავად ამხელს „ათ სისხლიან მეტისს“, რომელსაც გათიშულობის სენი კლავდა, რომ მხოლოდ ერთი მერანი იყო შებმული საქართველოს ისტორიის ეტლში და განაპირების მოსურნე უფრო მეტი, ვიდრე ერთგული. რატომ უწოდებს ხევისთავი ქართულ სულს ზღაპარს, ქართულ კულტურას – ჭორს. პასუხი მარტივია, რადგან „ათ სისხლიან მეტისში“ ერთიანობის პრობლემაა, რელიგიასაც მხოლოდ ფარის დანიშნულება ჰქონდა, აწმყოში კი ის ერთი მერანიც არ ეგულება ხევისთავს, რომელიც ჯორცხენად გადაქცეულა. მაშინ „გზა ხსნისა“ აღარ არსებობს? ინტელიგენციის ფსიქოლოგიის დაუნდობელმა მხილებამ ხსნის გზა გამოაჩინა, „შრომაა ახალი დროის ახალი სარწმუნოება“, მაგრამ ამას ძალა უნდა, რადგან მიწას სიყალბე და თვალთმაქცობა არ შეშვენის, ძვალსა და რბილში გამჯდარი ეს მანკიერება კი საერთო ქართული თვისებაა, რადგან ყველა ქართველი სულით აზნაურია, შრომასა და მიწასთან ურთიერთობა რომ ეუხერხულება. მთავარი კი ავიწყდება დიდი ისტორიის მქონე მეტისს, რომ წარსულს თუ არ გააგრძელებ, ის აწმყოსაც კლავს და მომავალსაც. მართალია, გოლგოთის გზაზე მიმავალმა მწერალმა ბოლომდე მაინც არ გაწირა ხევისთავთა უკანასკნელი შთამომავალი, ისევ დაელოდოს დაყუდებული შიო მღვიმელივით ნაქმარევი ნაცოლევს, თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ერსაც და ბერსაც, აზნაურსაც და უაზნოსაც ნებისყოფა სჭირდება, დაიცვას წარსული და სათანადოდ გააგრძელოს ისტორიული ხაზი. გულწრფელი აღიარება იგივე აღსარებაა და ქრისტიანული პრინციპით უნდა მივუტევოთ მაინც „ძე შეცდომილს“, რადგან ერის ხსნა პიროვნებით იწყება და შეცდომებზე ამაღლებული ხევისთავიც უნდა გადარჩეს, თვითმხილება და მართლმხილება კი – ორივე აუცილებელია.