18 დეკემბერი, ოთხშაბათი, 2024

ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოშობა

spot_img
გიორგი გელაშვილი
სსიპ ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვიჩიოს საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი

 

 

ქართული სახელმწიფოებრიობის წარმოშობას მრავალსაუკუნოვანი ისტორია აქვს. ძველი ქართული ისტორიული წყაროები – „მოქცევა ქართლისაი“ და „ქართლის ცხოვრება“ – სახელმწიფოებრიობის წარმოშობას დიდებულ ქართველ მეფეს, ფარნავაზს მიაწერს. მაგრამ ამ წყაროებიდანვე ირკვევა, რომ ქართლის, ანუ იბერიის, სამეფო შექმნა არა ფარნავაზ მეფემ, არამედ აზომ. აზონმა თავისი მამის, იარიდოსის (იარიდი), სამეფოდან, არიან-ქართლიდან, სამხრეთ კავკასიაში გადმოასახლა 18 ოჯახი, რომლებმაც შექმნეს და ჩამოაყალიბეს ქართლის(იბერიის) სამეფო. არსენ ბერის განმარტებით, არიან-ქართლი იყო ქართველთა წინაპრების უძველესი პირველსამშობლო. მათი შთამომავლები საუბრობდნენ არიან-ქართლის ენაზე. არსენ ბერი წერდა: „ჩვენ შვილნი ვართ მათ არიან-ქართლიდან გამოსულთანი და ენა მათი ვუწყით“. მართლაც, როგორც ისტორიული წყაროებიდან ირკვევა, ქართლის (იბერიის) სამეფოს შემქმნელი და შემოქმედია არა ფარნავაზ მეფე, არამედ აზო (აზონი), რომელიც წარმოშობით ბერძენი იყო. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, აზონი იყო ალექსანდრე მაკედონელის ნათესავი, ესე იგი, მაკედონელი, რადგან თავად ალექსანდრე მაკედონელიც იყო მაკედონიიდან.

როდესაც ალექსანდრე მაკედონელმა წამოიწყო ბრძოლები სპარსელების წინააღმდეგ და გაანადგურა აქამედიანთა სპარსული დინასტია, ბრძოლის დროს, სამხრეთ კავკასიაში გამოგზავნა აზონი, რომელსაც თან ახლდა ალექსანდრე მაკედონელის ერთგული სარდალი ლისიმაქე. ბერძნებმა სამხრეთ კავკასიაში შემოიტანეს ორი რელიგიური კერპი – გაცი და გაი, რომლებიც აზონის მიერ შექმნილ ქართლის, ანუ იბერიის სამეფოში მთავარ ღვთაებებს წარმოადგენდნენ. შემდეგში, როდესაც ფარნავაზ მეფემ დაამარცხა და მოკლა აზონი, მან ქართლის (იბერიის) სამეფოში შემოიტანა და უმთავრეს ღვთაებად აქცია არმაზის კულტი, რომლის წარმოშობაც, თავისი ფესვებით, გარკვეული თვალსაზრისით, ზოროასტრიზმის სპარსულ რელიგიას უნდა უკავშირდებოდეს. თუმცა, არმაზის რელიგიური კულტის წარმოშობასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებაც არსებობს, კერძოდ, „არმა“ აღნიშნავს მთვარეს და არმაზის კულტის წარმოშობა სწორედ მცირე აზიურ მთვარის კულტთან უნდა იყოს დაკავშირებული. ფარნავაზ მეფის დამსახურებით, არმაზის კულტი ქართლის სამეფოში ჩამოყალიბდა მთავარ ღვთაებად, რომელსაც ექვემდებარებოდნენ და ემორჩილებოდნენ ქართველთა წინაპრების სხვა წარმართული კერპები.

ფარნავაზ მეფემ დიდი რეფორმები გაატარა იბერიის სამეფოში. მან ეგრისის მმართველის, ქუჯის, დახმარებით შემოიერთა ეგრისის სამეფო და, ფაქტობრივად, შექმნა პირველი ერთიანი ქართული სახელმწიფო, რომელიც შემდგომ დაყო რვა საერისთავოდ. ფარნავაზ მეფემ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა სხვა სფეროებშიც. კერძოდ, მან განახორციელა უკვე არსებული ქართული დამწერლობის რეფორმა, შექმნა პირველი სრულყოფილი ქართული „მწიგნობრობა“ და ქართული ენა გამოაცხადა სახელმწიფო ენად. სწორედ ამიტომ მიაწერს დიდი ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ფარნავაზ მეფეს ქართული დამწერლობის შექმნას. ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით, ძველი წელთაღრიცხვის 284 წელია მიჩნეულია ქართული სახელმწიფოებრიობის შექმნის თარიღად. ფარნავაზ მეფემ საფუძველი ჩაუყარა ფარნავაზიანთა პირველ ქართულ დინასტიას, რომელმაც თითქმის 7-8 საუკუნე იარსება. დიდი ქართველი მეფე ვახტანგ გორგასალი ფარნავაზიანთა სამეფო დინასტიის წარმომადგენელი იყო. სწორედ ამიტომ არიან დავათის სტელაზე ერთად გამოსახული ფარნავაზ მეფე და მირიან მეფე. ფარნავაზ მეფე იყო ქართული სახელმწიფოებრიობის შემქმნელი, ხოლო მირიან მეფე – ქართული სახელმწიფოებრიობის ამაღორძინებელი. ცნობილი ფაქტია, რომ სწორედ მირიან მეფის დროს მოხდა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება ქართლის სამეფოში, რითაც ქართულ ისტორიოგრაფიაში დასრულდა წარმართული ხანა და დაიწყო ახალი, ქრისტიანული, ეპოქა.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები