მარიამ დადიანი-ანჩაბაძე
(1870-1959)
სახალხო განათლების ცნობილ მუშაკთა და ქველმოქმედ ქართველ ქალთა რიგებში მარიამ დადიანი-ანჩაბაძისა უთუოდ გამორჩეული ფიგურაა. იგი არასოდეს ყოფილა მასწავლებელი, მაგრამ სახალხო განათლების თავგამოდებული მუშაკი იყო; მას არც არავითარი ოფიციალური განათლება მიუღია, მაგრამ განათლების გავრცელებისთვის ნაყოფიერი მებრძოლი იყო; არც პედაგოგიური განათლება ჰქონია, მაგრამ ბავშვის შესანიშნავი აღმზრდელი და მოამაგე დედა იყო; იგი არც მწერალი ყოფილა, არც პუბლიცისტი, მაგრამ მის სახელს ხშირად ვხვდებით ქართულ პრესაში. მთელი თავისი შეგნებული სიცოცხლე პროვინციაში გაატარა, მაგრამ ერის სულისკვეთებისა და ზრახვების წრის გარეთ ერთი წუთითაც არ მდგარა. ამ მხრივ, იგი წარსული საუკუნეების ქართველ მოღვაწე ქალთა ტრადიციის გამგრძელებელი იყო.
მარიამ დადიანი დაიბადა 1870 წლის 6 (18) დეკემბერს, სოფელ სვირში (იმერეთში), აბაშიძის ოჯახში, სადაც, 26 წლით ადრე, დაბადებულა მისი სახელოვანი მამა – მწერალი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ტარიელის ძე დადიანი. სამი თვის მაშო მშობლებს საკუთარ სოფელ ბორთემში წაუყვანიათ, სადაც გაატარა ბავშვობა. მალე მას უმცროსი ძმა შალვაც (სახელგანთქმული ქართველი მწერალი შალვა დადიანი) ამოუდგა გვერდით. დედის ადრე გარდაცვალების გამო, შვილებს წერა-კითხვა და ერისადმი სიყვარული მამამ ასწავლა. მაშო დადიანს მამა-მასწავლებლისგან, ისევე როგორც შალვას, ერთგვარი ანდერძიც კი მიუღია, თუ როგორი უნდა ყოფილიყო იგი, როგორც ქალი. აი, საგულისხმო სტრიქონები:
„სიტყვაში – სიტკბო,
ხელში – საქნარი,
ჭკუაში – ცოდნა მართებულისა,
ქცევაში – სიბრძნე, წყნარ-უკვეხაარი,
გულში – წამება წმიდის სჯულისა,
აზრში – მამული, სახლი და შვილი,
განსჯაში – რწმენა წარმატებისა,
ფიქრში – ერის სვე, ერის წადილი,
ხელში – ბეჭედი ღვთის ხატებისა.“
მარიამი, მეუღლესთან, ტარას ანჩაბაძესთან ერთად, სოხუმში ცხოვრობდა, სადაც აქტიურად ჩაერთო ქალაქის კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში, ქართველ და აფხაზ მოღვაწეებთან (გიორგი შარვაშიძე, გრიგოლ შარვაშიძე, პ. ჭარაია, ნიკო ჯანაშია, ნ. თავდგირიძე, თედო სახოკია, ანთიმოზ ჯუღელი, დესპინე გელოვანისა, ა. ავალიშვილისა, ვ. ადამია, ლ. ალშიბაია, ივანე ბურჭულაძე, გრიგოლ დადიანი, ნ. ემუხვარისა, ზ. და ნ. თურქიები, ა. ინალიფა, ა. შარვაშიძისა, ტ. შარვაშიძისა, ალ. შარვაშიძე, კ. შარვაშიძე, პ. ანჩაბაძე, სპირიდონ ნორაკიძე, ივანე გეგია და სხვ.) ერთად. მათ მძიმე ბრძოლები გადაიტანეს თვითმპყრობელობის აღვირახსნილი მოხელეების წინააღმდეგ.
მაშო დადიანი-ანჩაბაძისა აქტიური მონაწილე იყო იმ კულტურული საქმიანობისა, რომლის შედეგად აფხაზეთში, კერძოდ სოხუმში, ფეხი მოიკიდა სკოლებმა, რომლებშიც გლეხის შვილებს და, რაც მთავარია, ადგილობრივ მკვიდრთ არ ეკრძალებოდათ შესვლა. 1900 წლიდან, ადგილობრივ მოწინავე საზოგადო მოღვაწეთა დაჟინებული მოთხოვნით, სოხუმის სამოქალაქო სასწავლებელში შემოიღეს ქართული ენის სწავლება. ქალაქში დაარსდა საავადმყოფო. იმავე ხანებში, სოხუმში მოეწყო სცენა, სადაც თბილისიდან და ქუთაისიდან ჩამოსული დასები ქართულ ენაზე მართავდნენ სპექტაკლებს. ადგილობრივი ძალებით გამართული წარმოდგენებიდან შემოსული თანხები სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო მუშაობას ხმარდებოდა – სამკითხველოს დაარსება, ჟურნალ-გაზეთების გამოწერა და სხვ. ამ ღონისძიებათა ერთ-ერთი სულის ჩამდგმელი და პრაქტიკულად განმახორციელებელი იყო მარიამ დადიანი.
მისი სამოქმედო ასპარეზი უფრო განმტკიცდა და გაფართოვდა მას შემდეგ, რაც, მისივე ინიციატივით, სოხუმში ჩამოყალიბდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ (1903წ). გამგეობის თავმჯდომარედ არჩეულ იქნა მარიამ დადიანი, რომელმაც, პირველ რიგში, დააყენა საკითხი სოხუმში ქართული სკოლის დაარსების შესახებ. ცენტრალურმა გამგეობამ ეს ინიციატივა მოიწონა, დამუშავდა სკოლის პროფილის პროექტი. გამგედ და მასწავლებლად მოიწვიეს ძველი სენაკის ქართულ სკოლაში მომუშავე ნიკო ჯანაშია, რომელიც აქტიური წევრი და მდივანი გახდა წკგს-ის სოხუმის განყოფილების. დაიწყო ზრუნვა სკოლისთვის სპეციალური შენობის ასაგებად. მარიამმა ყველა ღონე იხმარა საჭირო თანხების შესაგროვებლად და მშენებლობაც დაიწყო. 1910 წელს საქმე ბრწყინვალედ დაგვირგვინდა, რაც სათანადოდ შეაფასა წკგს-მ, 1911 წლის ანგარიშში. მისივე ინიციატივით, ქართული სკოლები და ქართული ენის შემსწავლელი კურსები აფხაზეთის რეგიონებშიც გაიხსნა.
1912 წლის 1 იანვრისთვის წკგს-ის სოხუმის განყოფილებას ჰყავდა 200-მდე წევრი და გადახალისებული გამგეობა, რომლის თავმჯდომარე კვლავ მარიამ დადიანი იყო. გამგეობასთან ჩამოყალიბდა, 6 კაცისგან შემდგარი, სამშენებლო კომისია, რომელსაც სკოლების, ბიბლიოთეკების, კლუბებისა და სხვა კულტურული დაწესებულებებისათვის შენობების აგება და სათანადო ხარჯთაღრიცხვის წარმოება ევალებოდა. ამ დროისთვის, კიდევ უფრო გაფართოვდა საზოგადოების საქმიანობა, ორგანყოფილებიანი სკოლის სამგანყოფილებიანად გადასაკეთებლად შენობას ახალი საკლასო ოთახები დაემატა. „გამგეობას გადაუწყვეტია, იმავე შენობაში მოეწყოს ბიბლიოთეკა-სამკითხველო და საკვირაო სკოლა“ (1912 წლის ანგარიშიდან).
საანგარიშო წელს სკოლაში 87 მოსწავლე ყოფილა. სკოლა დაუთვალიერებია საზოგადოების ცენტრალური გამგეობის წევრს, ლუარსაბ ბოცვაძეს, რომელიც მაღალ შეფასებას აძლევდა მასწავლებლების მუშაობასა და მოსწავლეთა მომზადებას. მისი დასკვნით:
„მოსწავლეები ყველა საგანში კარგად იყვნენ მომზადებული, პასუხობდნენ შეგნებულად და ყურადღებით. განწყობილება მასწავლებლებსა და საზოგადოებას შორის ჩინებულია“.
დასკვნაში ხაზგასმულია მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის ნამდვილი მეგობრული განწყობილება და ურთიერთპატივისცემა.
გაწეული ნაყოფიერი საქმიანობა უფლებას აძლევდა სოხუმის განყოფილების გამგეობას, ცენტრალური გამგეობიდან, სესხის სახით, 10 000 მანეთი გამოეთხოვა სკოლის შენობის დასასრულებლად, სადაც უნდა განთავსებულიყო როგორც დაწყებითი, ისე საშუალო სკოლა, წიგნთსაცავი, სამკითხველო, სცენა, კლუბი, საკრებულო დარბაზი და სხვ. მარიამ დადიანის დაუცხრომელი ზრუნვის წყალობით, ეს მშენებლობა დასრულდა და, მოგვიანებით, სწორედ ამ შენობაში ფუნქციონირებდა ჯერ სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტი, შემდეგ კი უნივერსიტეტი.
სოხუმის განყოფილების მუშაობამ, მარიამ დადიანის ხელმძღვანელობით, იმდენად დიდი ავტორიტეტი მოუპოვა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას, რომ მისი ფილიალები გაიხსნა ოჩამჩირესა და გუდაუთში. აღსანიშნავია, რომ მაშინდელი სოხუმის ოლქის ქართველი და აფხაზი ინტელიგენციის უდიდესი ნაწილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნული კულტურის დაცვის საქმეში. გაჩნდა ქართული კულტურის არაერთი კერა, ხშირად ჩამოდიოდნენ ქართველი მწერლები – აკაკი წერეთელი, იროდიონ ევდოშვილი და სხვები, ეწყობოდა ლიტერატურული საღამოები, კითხულობდნენ ლექციებს და ა.შ.
ვიდრე არსებობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, მაშო დადიანი სოხუმის განყოფილების გამგეობის უცვლელი თავმჯდომარე იყო. მისი ხელშეწყობით არსდებოდა ქართული სკოლები, არაქართულ სკოლებში ისწავლებოდა ქართული ენა (გალის სკოლა).
ცნობილ პედაგოგებთან (პ. ჭარაია, ნიკო ჯანაშია, ანთიმოზ ჯუღელი, ვ. ადამია, ივანე გეგია, ალ. ჯოჯუა და სხვ.) ერთად, იგი იყო ამ მხარეში ქართული წიგნის მოამაგე-გამავრცელებელი, სამკითხველოებისა და სხვა კულტურული დაქწესებულებების დამაარსებელი.
მარიამ დადიანის დიდი ამაგი სოხუმელმა საზოგადოებამ სათანადოდ დააფასა – 1929 წელს, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ სოხუმის განყოფილების გამგეობის უცვლელ თავმჯდომარეს, უანგარო მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადა, სადაც შეაჯამეს მისი ღვაწლი და ის დიდი წვლილი, რომელიც მარიამ დადიანმა ქართული კულტურის ისტორიაში შეიტანა.
მარიამ დადიანი გარდაიცვალა 1959 წელს.
ავტორი: სოლომონ ცაიშვილი
წყარო: სახალხო განათლების ქართველი მოღვაწეები და სახალხო მასწავლებლები. კრებული III, თბილისი 1968.
სიტყვა თქმული მარიამ ანჩაბაძის მიერ ქ. თბილისში, საკათალიკოსო კრებაზე, 15 სექტემბერს, 1917 წელს
„უზენაესის განგებისაგან ჩვენს სარწმუნოებაში უდიდესი დანიშნულება აქვს ქალს.
ღვთის მშობელი ქალი იყო. ხოლო, როდესაც პატარა იყო ეს ქალი, მისმა მშობლებმა ტაძრად მიიყვანეს და იქ კი ეს პატარა მარიამი მღვდელმთავარმა შეიყვანა წმინდათა-წმინდაში, სადაც გარდა სასულიერო პირებისა იმ დროში თვით მამა კაცსაც აკრძალული ჰქონდათ შესვლა.
ღვთისმშობლის ესეთი ამბავი სწამს მთელს საქრისტიანოს, მაგრამ ჩვენ ქართველებს კიდევ გვწამს ის თქმულებაც, რომ თვით ჩვენი ქვეყანა სწორედ ამავ ღვთისმშობლის წილ-ხვდომილია.
და მართალია ღვთის მშობელმა მისდა მაგიერათ წარმოგზავნა ანდრია მოციქული აფხაზეთისა და საქართველოს გასაქრისტიანებლად, მაგრამ როგორც გადმოცემა გვეუბნება და ჩვენცა გვწამს, სრული ჩვენი განმანათლებელი იყო მოციქულთა სწორი ნინო კაბადოკიის ქვეყნიდან, რომელმაც გაიგო თუ არა, რომ სადღაც მდებარეობს კეკლუცი ქვეყანა ივერიისა, ღვთისმშობლის წილ-ხვდომილიო, გამოეშურა ჩვენსკენ.
ქართული მემატიანე კი, მოგეხსენებათ, აღსავსეა ქართველ ქალთა ღვაწლთა აღწერით სარწმუნოების საქმეში. ქართველი ქალი პირველი დამცველი იყო ქრისტეს რჯულისა. იგი აშენებდა ეკლესიას, მონასტრებს ასწავლიდა ყრმებს და უნერგავდა ქრისტეს სარწმუნოებას და ძალიან ხშირად ამ სარწმუნოებისათვის მიიღებდა ხოლმე მოწამეობის გვირგვინს. იმას ხომ აღარ უნდა მტკიცება, რომ ქართველი ქალი უღრმესი მცოდნე იყო საღმრთო რჯულისა.
უახლოეს დროში მე თვითონ მახსოვს ჩემი მახლობელი პირი, განსვენებული ბებია ჩემი მარიამ აბაშიძის ქალი, რომელმაც ისე კარგად იცოდა ტიბიკონი, რომ ღვთის მსახურების დროს თვით მღვდლებსაც ეკრძალებოდათ მისი, რომ არა შეშლოდათ-რა.
ამ გვარათ ქალის დანიშნულება სარწმუნოების საქმეში მრავალმხრივია და ისტორიულ ფაქტებითაც განმტკიცებული.
დღეს კი, თვით ეხლანდელი რევოლუციაც რომ არ მომხდარიყო და სხვათა შორის მას ქალთა გათანასწორების ლოზუნგიც არ გამოეტანა, სჯული ქრისტესი გვასწავლიდა ამას. ამისათვის ქალები უსათუოდ მოვითხოვთ სარწმუნოების საქმეში, სასულიერო უწყებაში სათანადო ადგილის დაჭერას და მე პირადათ, როგორც სოხუმელ ქართველ ქალთა საზოგადოების თავმჯდომარე, უსათუოდ ვიცავ გათანასწორების პრინციპს და მოვითხოვ, რომ სასულიერო უწყებაში ქალებს მიენიჭოს არამც თუ მარტო მედავითნეობა, არამედ მიეცეთ უფლება ეკლესიაში ქადაგებისა და საზოგადოთ სამისიონერო მოვალეობათ აღსრულებისა, მხოლოდ, როგორც მორწმუნე ქალს, ტრადიციით, შეუძლებლად მიმაჩნია ქალი ეკურთხოს მღვდლათ, ან ხელდასხმული იქმნეს მღვდელმთავრად და საზოგადოთ აღასრულოს ღვთის მსახურება, რადგან დღევანდელი ჩვენი რწმენის მიხედვით მღვდელი და მღვდელმთავარნი არიან ქრისტესა და მოციქულების მაგიერნი და მამაკაცთ უფრო შეჰფერით მათი მოადგილეობა.“
გაზეთი „ხმა ქართველი ქალისა“, №27, 19 ოქტომბერი, 1917
მასალა მომზადებულია ლელა გაფრინდაშვილის საავტორო პროექტის –
„განმანათლებლობა საქართველოში: იდეები და მოღვაწეები“ – მიხედვით