ანა ფირცხალაიშვილი
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციამ გამოაქვეყნა „ეისითის“ მიერ მომზადებული ქართული წიგნის ბაზრის კვლევის ანალიტიკური ანგარიში, რომლის მიზანია 2016-2019 წლების სრული სტატისტიკური ინფორმაციის მიღება წიგნის ბაზრის ყველა კომპონენტის (გამომცემლობები, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრები, წიგნის მაღაზიები, ელმაღაზიები, წიგნის სადისტრიბუციო კომპანიები, ბიბლიოთეკები, მკითხველები) და მათი საქმიანობის შესახებ. ანგარიშში მიცემულია 2020 წლის მონაცემებიც, რომლითაც შესაძლებელია წიგნის სექტორზე პანდემიის გავლენის შედეგების ანალიზი.
კვლევა საკმაოდ მოცულობითია და ამიტომ დაწვრილებით ყველა მიმართულებით განხილვა შეუძლებელია, მაგრამ რამდენიმე საკითხის ირგვლივ კვლევის შედეგების გაცნობა, ვფიქრობ, საინტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის. პირველი, რაც თვალშისაცემია, არის ის, რომ პანდემიამ, ისე როგორც სხვა სფეროებზე, ამ სექტორზეც იქონია გავლენა – 2019 წელთან შედარებით, საგრძნობია შემოსავლების შემცირება, დაახლოებით 20%-ით, მაგრამ კიდევ უფრო ნაკლებია მაჩვენებელი ახალი დასახელების გამოცემის ნაწილში. პანდემიის პერიოდში გამომცემლებმა ვერ შეძლეს სრული მასშტაბით მუშაობა და თუ წინა წლებში 1000-1200 წიგნი გამოიცემოდა, მხოლოდ 800 დასახელების გამოცემით შემოიფარგლნენ. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით, უცვლელია მკითხველის ინტერესი ქართული და თარგმნილი ლიტერატურის მიმართ, შეფარდება ამ ნაწილში, თანაბარია – ისევე აქტიურად გამოიცემა და იყიდება ქართული ლიტერატურა, როგორც მაღალ დონეზე შესრულებული თარგმანები, რომელთა მიმართაც ინტერესი არათუ არ განელებულა, უფრო და უფრო იზრდება. კლასიკა და თანამედროვე კლასიკა ერთ კლასიფიკაციაშია მოქცეული – მხატვრული ლიტერატურა, რასაც მოსდევს პოეზია, დეტექტივი, ფენტეზი და ა.შ., რომელთა მიმართაც ინტერესი კვლავ მზარდია. რაც შეეხება არამხატვრულ ლიტერატურას, აქ ლიდერობს ისტორია, თუმცა არის ინტერესი კულტურისა და პოლიტიკის მიმართაც. ამ ტიპის წიგნებს სპეციფიკური მკითხველი ჰყავს და მისი ნიშნული, მხატვრულ ლიტერატურასთან შედარებით, დაბალია, მაგრამ, შეიძლება ითქვას, რომ ქართველი მკითხველი, ჯამურად, მრავალნაირი ლიტერატურითაა დაინტერესებული.
♦ გასულ წელს მხატვრული ლიტერატურის კატეგორიებიდან საზოგადოებას უმეტესად შეუძენია: თანამედროვე ლიტერატურა, კლასიკური ნაწარმოებები და საბავშვო წიგნები;
♦ ემთხვევა მკითხველი საზოგადოების მიერ ყველაზე აქტიურად წაკითხული და შეძენილი ჟანრიც – მხატვრული პროზა, კონკრეტულად კი – რომანი;
♦ გასულ წელს დიდ ქალაქებში მცხოვრებმა მკითხველებმა, საშუალოდ, 13 წიგნი შეიძინეს (უმეტესად ქართული და თარგმნილი);
♦ მკითხველთა 44%, მინიმუმ, 2-3 თვეში ერთხელ სტუმრობდა წიგნის მაღაზიებს პანდემიამდე, ბიბლიოთეკას კი – 14%. ბიბლიოთეკაში სიარულისგან თავის შეკავების მთავარი მიზეზებია: დროის სიმცირე და საჭიროების არქონა.
კვლევის საინტერესო ნაწილია ბიბლიოთეკები, რომელთა ნაკლებობას ნამდვილად არ განიცდის ჩვენი ქვეყანა, თუმცა ბიბლიოთეკებში მკითხველთა სიმცირე კვლევის ინტერესის სფეროში მოხვდა და ვფიქრობ, მიზეზები, რომელთა გამო მოქალაქეები არ სარგებლობენ ბიბლიოთეკებით, ერთგვაროვანია და მათი მოგვარება მხოლოდ სახელმწიფოს თუ შეუძლია. ძირითად მიზეზად სახელდება: არ არის შესაბამისი პირობები, არ არის სასიამოვნო ინფრასტრუქტურა, არ არის შევსებული ახალი და საინტერესო გამოცემებით… კვლევის შედეგებზე დაყრდნობით, შესაბამის ინსტიტუციებს შეუძლიათ გაატარონ რეფორმები საბიბლიოთეკო სისტემაში, რომ მიმზიდველი და აქტუალური გახდეს მკითხველისთვის.
რაც შეეხება წიგნიერების დონეს, კვლევის ასევე მნიშვნელოვან მიმართულებას, ჩანს, რომ თუკი წლების განმავლობაში, სექტორი მეტ-ნაკლებად ვითარდებოდა (იგულისხმება გამოცემების მრავალფეროვნება, მიწოდების არხები და სხვ.), ბოლო წლების განმავლობაში, მკითხველი მოსახლეობის შეფარდება არამკითხველ მოსახლეობასთან იმავე ნიშნულზე დარჩა — ქართველი მოსახლეობის 50%-ს არც ერთი წიგნი არ წაუკითხავს ბოლო ერთი წლის განმავლობაში. მკითხველთა შორის კი გენდერული თანასწორობა ქალების სასარგებლოდაა დარღვეული, კაცების მხოლოდ 38%-ია მკითხველი.
კვლევის საგანი იყო ისიც, თუ რა სიხშირით კითხულობს და ყიდულობს ქართველი მკითხველი წიგნს. აქაც, წლების განმავლობაში, შეძენის რაოდენობა და შეძენის სიხშირე სტაბილური იყო. ახლა მკითხველთა 48% ადასტურებს, რომ არასტაბილური ფინანსური მდგომარეობის გამო, 2020 წელს შეძენა შეამცირა, რასაც პანდემიის ნეგატიურ გავლენას უკავშირებს. 32% კითხულობდა უფრო ხშირად, ვიდრე მანამდე; 52% — იმავე სიხშირით; 15% — უფრო იშვიათად. ინტენსივობა ყველაზე მეტად 16-24 წლის მკითხველებმა გაზარდეს.
ამავე ფონზე, საგამომცემლო სექტორში საგრძნობლადაა შემცირებული შემოსავლის ნაწილი, 5%-ზე ცოტა მეტით. ინფლაციამ უარყოფითი გავლენა მოახდინა წიგნის ფასებზე, განსაკუთრებით თარგმნილ და საბავშვო ლიტერატურაზე გაიზარდა ფასი. ეს ძალზე მნიშვნელოვანი ინდიკატორია და, რა თქმა უნდა, აისახა კიდეც შეძენის რაოდენობაზე.
გასულ წელს მკითხველთა აბსოლუტურ უმრავლესობას (86%), წიგნების შესაძენად, 200-ლარზე მეტი არ ჰქონია გამოყოფილი.
ჯამურად, მკითხველი წელიწადში წიგნებზე, დახლოებით, ხარჯავს:
საინტერესოა მკითხველთა განწყობა უახლოესი 1 წლის მანძილზე წიგნის შეძენასთან დაკავშირებით. კვლევის შედეგების თანახმად, რესპონდენტთა უმრავლესობა (65%) განიხილავს წიგნის შეძენას, საიდანაც თითქმის ნახევარი (31%) დარწმუნებულია ამაში. ამასთან, თბილისში უფრო მაღალია წიგნის შეძენის მზაობა. რეგიონების მკითხველთა მეხუთედი (21%), სრულად ან ნაწილობრივ, გამორიცხავს უახლოეს მომავალში წიგნის შეძენას, თბილისში კი ასეთი მხოლოდ 12%-ია.
რეგიონული ქალაქებიდან ყველაზე დიდი მზაობა წიგნის შეძენის კუთხით ზუგდიდსა (62%) და გორში (58%) აღინიშნება; მკითხველთა თითქმის ნახევარია მზად ბათუმსა (49%) და თელავშიც (52%); ქუთაისში უახლოესი 1 წლის მანძილზე წიგნის შეძენას 40% განიხილავს.
კვლევის ინტერესი იყო აგრეთვე: ყველაზე დიდი გამომცემლობები, ლიტერატურული პრემიები, წიგნის მაღაზიების წყაროები, უცხოენოვანი ლიტერატურა და ა.შ.
შეიძლება ითქვას, პანდემიას გარკვეული დადებითი ეფექტიც ჰქონდა წიგნის ბაზარზე იმ მხრივ, რომ კომპანიებში ბევრი მნიშვნელოვანი პროცესი დააჩქარა, რის გარეშეც წარმოუდგენელია სფეროს განვითარება თანამედროვე სამყაროში (ონლაინ მომსახურების დანერგვა, ვებგვერდების გაუმჯობესება, მომსახურების ხარისხის ამაღლება და ა.შ.).
ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოს წიგნის ბაზარიც საკმაოდ კომპლექსურია და არაერთ კომპონენტს აერთიანებს (გამომცემლობები, წიგნის მაღაზიები, დისტრიბუტორები, ბიბლიოთეკები, მკითხველები და ა.შ.), რომელთა წარმატებული საქმიანობა პირდაპირ დაკავშირებულია სფეროს განვითარებასთან.
კვლევის ორგანიზატორები ამბობენ, რომ ბაზარზე არსებული მდგომარეობის გასაანალიზებლად და სამომავლო ნაბიჯების გადასადგმელად არსებითი მნიშვნელობა აქვს, ერთი მხრივ, მსგავსი ტიპის პერიოდული კვლევების ჩატარებას, მეორე მხრივ კი, თავად კომპანიების სურვილს, მიიღონ მონაწილეობა მასში და ისაუბრონ არსებულ მიღწევებსა თუ პრობლემებზე. „მიუხედავად იმისა, რომ ქართული წიგნის ბაზრის კვლევა 2013 წლიდან ტარდება და შესაძლებლობას აძლევს სექტორის წარმომადგენლებს, ნათელი წარმოდგენა შეიქმნან საბაზრო ტენდენციებზე, აღმოჩნდა, რომ კომპანიებს შორის ისევ არსებობს უნდობლობა მის მიმართ. საკმაოდ რთული აღმოჩნდა ზოგი ორგანიზაციის მხრიდან კვლევისთვის აუცილებელი ცალკეული ინფორმაციის მიღება, კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიის მიუხედავად. პრობლემას წარმოადგენს კომპანიებში საქმიანობის ამსახველი სტატისტიკური ინფორმაციის არარსებობა ან მისი წარმოების გართულებული პროცესიც. შედეგად, მოცემული ანგარიში ეყრდნობა ბაზრის მთავარ მოთამაშეთა უმრავლესობის, თუმცა არა ყველას, მონაცემებს. ამის გამო, შედეგები ზუსტად ვერ ასახავს ბაზრის მდგომარეობას, თუმცა მაქსიმალურადაა მიახლოებული მასთან. იმისთვის, რომ მომავალში კიდევ უფრო სიღრმისეულად იქნეს შესწავლილი წიგნის ბაზრის მდგომარეობა, რეკომენდებულია დარგის მონაწილეთა მიერ საკუთარი საქმიანობის შესახებ სრულყოფილი, ყოველწლიური სტატისტიკური მონაცემების წარმოება და მათი გაზიარებისთვის მზაობა. ეს საშუალებას მისცემს დარგის განვითარებით დაინტერესებულ ორგანიზაციებს, ნათელი წარმოდგენა შეიქმნან არსებულ პრობლემებზე და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები მათ აღმოსაფხვრელად.“ — აღნიშნულია კვლევის დასკვნით ნაწილში.