თამარ კაკაჩია
სსიპ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გ. მებონიას სახელობის ობუჯის თემის №1 საჯარო სკოლის (შერწყმული სკოლა) მასწავლებელი
ქალები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ტექნოლოგიების ინდუსტრიაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ სფეროში მამაკაცები დომინირებენ, ქალებმა მნიშვნელოვანი როლი შეიტანეს მის განვითარებაში და მათი როლი სულ უფრო საგრძნობია.
„ბიჭებს მეტი ტექნიკური უნარები აქვთ…“
„მათემატიკა ბიჭებს უფრო შეეფერებათ, ვიდრე გოგოებს, მაშინაც კი, როდესაც მათ კარგი აკადემიური შედეგები აქვთ…“
„ბიჭებს მეტად უადვილდებათ STEM იმიტომ, რომ ისინი უფრო სხარტად აზროვნებენ, უფრო პრაქტიკულები, გონებაგახსნილები, ტექნიკურები და უნარიანები არიან…“
ეს მხოლოდ ნაწილია იმ სტერეოტიპების, რომლებსაც საქართველოში მშობლები და მასწავლებლები გოგონების მიმართ ავლენენ. როგორ უნდა დაინგრეს ნეგატიური სტერეოტიპები გოგონათა შესაძლებლობების შესახებ? ერთ-ერთი გზა, ალბათ, როლური მოდელების შექმნაა და რას აკეთებენ ამისთვის სკოლები? წარმოგიდგენთ ჩვენს სკოლაში, 2022-23 ს/წლებში, განხორციელებულ აქტივობებსა და პროექტებს.
მე ვარ თამარ კაკაჩია, დამთავრებული მაქვს თბილისის ევროპული უნივერსიტეტი, დაწყებითი განათლებისა და პედაგოგიკის განხრით. ვსწავლობდი ასევე პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯში „ცხუმ-ეგრისი“, პროფესიით – პროგრამული უზრუნველყოფა. ამჟამად ვსწავლობ შოთა მესხიას სახელობის სასწავლო უნივერსიტეტში, კომპიუტერული ქსელებისა და სისტემების სპეციალობით. ამ მიმართულებით არაერთი ტრენინგი და კურსი მაქვს გავლილი. ჩართული ვარ ჯგუფში „STEM-საქართველო“. ხშირად ვისმენ GITA-ს საგრანტო პროგრამების ლექციებს.
ჩვენს სკოლაში ისწავლება პროგრამები, რომლებიც თითოეული მოსწავლის ჩართულობას ემსახურება, მაგ.: cava, schrech, cod.org, earningapps, 3D paint, Exsel, Powerpoint, Word, Outlook, geography. რას ვაკეთებთ ახალგაზდების ამ სფეროთი დაინტერესების მხრივ?
⇔ ჩვენი სკოლის მოსწავლეებთან ერთად, ზუგდიდის ტექნოლოგიურ პარკში, IT სპეციალისტების მონაწილეობით, ჩატარდა ლექცია-სემინარი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და დანადგარებზე. მოსწავლეებმა ნახეს ლეგო რობოტი. აღსანიშნავია, რომ, ბიჭებთან ერთად, გოგონებიც აქტიურობდნენ. ტექნოპარკში მოსწავლეებს, ამ განხრით, შესთავაზეს ტრენინგები, რასაც სიხარულით შეხვდნენ.
⇔ ვესტუმრეთ პროფესიულ საგანმანათლებლო კოლეჯს „ცხუმ-ეგრისი“. დავათვალიერეთ კოლეჯი და კომპიუტერულ ოთახში ბავშვებს ჩაუტარდათ მინი-ლექცია : კომპიუტერის აპარატურულ უზრუნველყოფაზე.
სასიხარულოა, როცა ამ სფეროში ვხვდებით ქალებს, ისინი აქტიურად არიან ჩართული თანამედროვე ტექნოლოგიურ პროცესებში.
⇔ ვიმყოფებოდით სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის №2 საჯარო სკოლაში. ქალბატონ ელზა კუკავასთან ერთად, დავათვალიერეთ სკოლა, კონკრეტულად – კომპიუტერული ოთახი. შევთანხმდით თანამშრომლობაზე და ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლაზე;
⇔ ვიყავით პროფესიულ კოლეჯში „ლაკადა“. კოლეჯის ხელმძღვანელმა ქალბატონმა, ჩვენს მოსწავლეებთან ერთად, 3D საქსოვი მასალით, ამოქარგა წარწერა – „აი ია“ და შეასრულა ნახატი – „ია“, ამასთან ერთად, Corelle-ში ამოქარგეს სკოლის ლოგო და სახელწოდება. კოლეჯის თანამშრომლებმა შემოგვთავაზეს ერთობლივი ლექციის ჩატარება, რასაც სიამოვნებით დავთანხმდით;
⇔ წალენჯიხის №2 საჯარო სკოლისგან მივიღეთ მოწვევა ღონისძიებაზე ფიზიკისა და ტექნიკის განხრით, რომლის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ხათუნა ჯალაღონია. მან დაგვათვალიერებინა კომპიუტერული ოთახი, ჩატარდა ერთობლივი მინი-ლექცია, kahoot.com-ის დახმარებით. ქალბატონმა ხათუნამ ჩვენთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა;
⇔ გვქონდა ონლაინ შეხვედრა რობოტექნიკის შემქმნელთან, ტრენერ დავით ნოზაძესთან, თემაზე – თამაშის შექმნა Powepoint-ის დახმარებით. ბატონმა დავითმა, მოსწავლეებთან ერთად, შექმნა თამაში და მსგავსი დავალებაც მისცა მათ;
⇔ ა. წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა, ტრენერმა გიორგი ჩაჩუამ ჩაგვიტარა ონლაინ ლექცია „უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიები“, ისაუბრა ხელოვნურ ინტელექტზე. ლექციის ბოლოს, მოსწავლეები ქუთაისის უნივერსიტეტში მიიპატიჟა, თანამედროვე ტექნოლოგიების დასათვალიერებლად.
ეს მცირე ჩამონათვალია ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობების, მუდმივად ვცდილობ მოსწავლეების დაინტერესებას თანამედროვე ტექნოლოგიებით. მინდა მაგალითი მივცე გოგონებს, ჩვენს რეგიონში და არა მარტო, რომ ამ სფეროს დაუკავშირონ თავიანთი მომავალი.
⇔ Powerpoint-ის პრეზენტაციით, მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეორგოლი ბულინგზე. ამ თემაზე ერთად გავაკეთეთ პლაკატი სურათებითა და კომენტარებით. ვთხოვე, ენახათ კინოფილმი „საოცრება“, რის შემდეგაც მათ თავად დაამზადეს ვიდეორგოლი; ჩავატარე ინტეგრირებული გაკვეთილი, მათემატიკის მაწავლებელთან ერთად, თემაზე – თვლის სისტემები; ასევე ბუნების მასწავლებელთან ერთად – ეკოლოგიურ პრობლემებზე. ვაჩვენე ვიდეორგოლი და გაიმართა დისკუსია, ბოლოს, თვითონ მოსწავლეებმა შექმნეს ვიდეორგოლი;
⇔ დავამზადეთ ბუკლეტი ლეო ქიაჩელზე, რასაც წინ უძღოდა მოსამზადებელი სამუშაო – მოსწავლეებს ვაჩვენე ვიდეო ლეო ქიაჩელზე და ვთხოვე მოეძიებინათ ინფორმაცია მის შესახებ. ვესტუმრეთ ლეო ქიაჩელის სახლ-მუზეუმს და ბავშვები უფრო დეტალურად გაეცნენ მის ბიოგრაფიას;
⇔ პერიოდულად, ტექნოლოგიების გამოყენებით, ვამზადებთ ღია ბარათებს, საახალწლოდ თუ დედის დღისთვის და გადავცემთ მასწავლებლებსა და მშობლებს;
⇔ ჩვენ არ ვითვლით ქრომოსომებს – schrech-ის დახმარებით მოსწავლეებმა გამოხატეს თავიანთი აზრი დაუნის სინდრომის მქონე თანატოლთა მხარდასაჭერად. ვაჩვენე ვიდეორგოლი, შემდეგ განვიხილეთ ნანახი;
⇔ ჩემს მოსწავლეებს ვესაუბრე პროგრამისტ ქალებზე, მათ როლზე ტექნოლოგიების განვითარებაში, ვაჩვენე ვიდეორგოლები და და ვთხოვე, გამოეხატათ საკუთარი აზრი. სასიამოვნოა, როცა მოსწავლეები, ზოგადად საზოგადოებაც, ქალების როლს დადებითად აფასებს.
ჩემთვის ასმაგად სასიამოვნო და სასიხარულოა, როცა ტექნოლოგიებში ქალები არიან ჩართული. მჯერა ერთი ყვავილიც კი გაზაფხულს მოიყვანს. ქალების მეტი ჩართულობა ტექნოლოგიებში მეტ სარგებელს მოუტანს რეგიონს, საქართველოს და მთლიანად მსოფლიოს.
ქალების აქტივობა ტექნოლოგიების სფეროში მნიშვნელოვანია. ქალებმა, მთელ მსოფლიოში, შეცვალეს ეს მიმართულება. სასიამოვნოა, რომ საქართველოში სულ უფრო მეტი ქალი ინტერესდება ამ სფეროთი. მეც ვცდილობ, ჩემი წვლილი შევიტანო ამ დარგში, განსაკუთრებით, გოგონების დაინტერესების კუთხით.