უკიდეგანო სიმწვანეში სოლივით შეჭრილ ხეობას არაგვის ხმაურიანი ზვირთები აფხიზლებს. მდინარისაგან დაღარულ ჭალებს საცალფეხო ბილიკები უწყვეტ ზოლებად მიჰყვება. დახავსებული კლდის ნაპირები სიძველის ბურუსში ეხვევა და ცადაზიდულ მთებთან ერთად ხეობას დაურღვეველი სიმტკიცის სილუეტს უქმნის. აქა-იქ სოკოებივით გაფანტული სახლები, ნარინჯისფერი თივის ზვინები, მთების სიმწვანეში ამოგლეჯილი სიშავე, კლდეებს ამოფარებული რძისფერი ღრუბელი ერთბაშად ირევა კაცის თვალსაწიერში.
გარიჟრაჟისას, როცა ცეცხლისფერი ბურთი ჯერ კიდევ ნახევრადაა ამოგორებული მთების სიღრმიდან, თითოეული ოდიდან უკვე სიცოცხლის კვამლი ამოდის. ხვდები, რომ იქ დიდი ფაცაფუცია ბუნებასთან ჭიდილში დაღლილი ადამიანებისა, რომლებიც ახალი დღის არსებობისათვის იბრძვიან. თაობებიდან თაობებში იბრძმიდება რკინის ნებისყოფა, გაკაჟებული სხეული, გულუბრყვილო ხასიათი და არაგვის წყალივით გამჭვირვალე კაცური ბუნება. მთის კალთებზე შეფენილ ცხვარ-ძროხას პირტიტველა ბიჭები მწყემსავენ, მიუვალ ჭიუხებს მუხლმაგარ რაინდებად რომ უქცევია. არ აძლევენ სიცოცხლის არც ერთ წუთს იმის უფლებას, უკვალოდ დაიკარგოს წარსულის საცერში.
ხეობის უბეში საგულდაგულოდ მოკალათებული სოფელი არაგვის ჭალებიდან ზურგით აზიდული სიპი ქვით ნაშენი სახლებით უტყვი მემატიანეა უცხო კაცისათვის, ადვილად მიხვდეს, რა შრომის ფასად დამკვიდრებულან, საკუთარი ძალისხმევისა და ბუნებასთან თანხმიერობის წყალობით.
ბუნების საზაფხულო ზეიმს ეშურება დიდი თუ პატარა, ციცაბო ფერდობებზე პირუტყვის საზამთრო ბალახი ითიბება, მთის კალთებზე აყვავებულ დეკას მოხუცი დედაკაცები დაკალთავებულ სამოსში აგროვებენ, ლოყებღაჟღაჟა ბიჭები ჟოლოს ეკალ-ბარდებს შესევიან. ჭარმაგი თუ ახალგაზრდა თაობა ხვალინდელ დღეზე ფიქრობს.
კაშკაშა, ცეცხლოვანი ფერები თანდათან გაიცრიცა. მთების წიწვოვანი საფარველი შემოდგომის ცივ ნისლში გაეხვა, უსიერი ტყე სიცივემ გააშიშვლა, ხმაურიანი არაგვი კიდევ უფრო გაცივდა, მისი ზვირთებისაგან დაღარული საცალფეხო ბილიკები კიდევ უფრო დაიღარა და ათეული კილომეტრის მოშორებით მდებარე ერთსართულიან სკოლასთან მისვლა სოფლის გოგო-ბიჭებს კიდევ უფრო დიდ სირთულედ ექცათ.
შემოდგომის სუსხმა კუდი მაინცდამაინც სასწავლო წლის დაწყების დღეს მოიქნია. მამლის პირველ ყივილზე სოფლის გოგო-ბიჭები უკვე ფეხზე იყვნენ. თითოეულმა კარგად იცოდა, რამდენად დიდი გზა ჰქონდათ გასავლელი. სიცოცხლის კვამლი ყველაზე ადრე ხეობის მაღალ წვერზე მდგომი სახლიდან ამოვიდა. სოფლის ღვაწლმოსილი მასწავლებელი ახალი სასწავლო წლის პირველი დღისათვის საგულდაგულოდ ემზადებოდა. ჯერ კიდევ ბნელში გახვეულ ოთახში თავისი ხელით ჩამოქნილი სანთელი აანთო, სიძველისაგან გაყვითლებული სახელმძღვანელოები თავისივე შეკერილ ჩანთაში მოათავსა და მამლის მეორე დაყივლებამდე შეგირდებთან ერთად ძნელადსავალ ბილიკს გაუყვა. გულანთებული მასწავლებელი ამაყად მიუძღოდა არაგვისაგან დაღარულ გზას და შეძლებისდაგვარად უკვალავდა მომავალ თაობას. ახლა განსაკუთრებით ღელავდა. გზა თითქოს ნელ-ნელა მოკლდებოდა. მისი შინაგანი განსჯა ერთი ფიქრიდან მეორეზე გადადიოდა. თვალი გადაავლო ორმოცდაათწლიან აღმზრდელობით მოღვაწეობას, გაჩხრიკა თითოეული წელი, შეაფასა და აღმოაჩინა, რომ მის მეხსიერებაში ღრმად დალექილიყო თითოეული მოსწავლის არა მარტო სახელი და გვარი, არამედ ახსოვდა მათი ბუნება, ქცევა და საინტერესო ეპიზოდები. იხსენებდა, რამდენჯერ გაუცილებია მგლების ყმუილს დათოვლილ ბილიკზე მიმავალი. ცოდნის გაზიარებისა და ღირსეული მომავალი თაობის სურვილი როგორ მიაქროლებდა რკინის ხელჯოხიან მასწავლებელს გაყინულ ბილიკზე. ახლაც იმავე გზაზე მიდის, რომელიც არც გაყინულია და არც მგლების ყმუილი მოისმის უსიერი ტყის სიღრმიდან, მაგრამ დღეს გრძნობს ხასიათში ბზარს, მუხლებში სიძაბუნეს, შიშს, რომელიც სამუდამოდ ჩაუსახლდა, თუმცა არ იმჩნევს, ამაყად მიუძღვება ახალგაზრდებს.
საათის გაცრეცილ ციფერბლატზე ისარი თანდათან ცხრა საათს მიუახლოვდა. მასწავლებელი შეგირდებთან ერთად უკვე სკოლის ეზოში იყო. ერთსართულიანი შენობის ხის ჭიშკარი მძიმედ გააღო და კედელზე ზარი დარეკა. შეგირდებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ანიშნა. ჭიისგან შეჭმული იატაკი აჭრიალდა, ფურცელ-ფურცელ აკინძული, თაობებსგამოვლილი სახელმძღვანელოებით მერხები აჭრელდა და ხეობაში ჩაკარგულ სკოლაში ზარი კვლავ აწკრიალდა.
ოლგა მასწავლებელმა პირველი გაკვეთილი ზოგადი მიმოხილვით დაიწყო. ქვეყნის ისტორიის არაერთი ფურცელი გადაუშალა თავისუფლებისმოყვარე, არაგვის წყალივით სპეტაკი სულის ყმაწვილებს, რომელთა გულის სიღრმეში ადვილად იმკვიდრებდა ადგილს ღირსეული მასწავლებლისგან მიღებული ემოციური განცდები თუ პატრიოტული სულისკვეთება.
მთიელი ქალისათვის დამახასიათებელ, ტრადიციულ ტანსაცმელში გამოწყობილი ოლგა მასწავლებელი დაფასთან დგას. მისი სიბრძნით გაჯერებული წინადადებები ელვის უსწრაფესად ილექება ცნობისმოყვარე მოსწავლეთა მეხსიერებაში. სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული, მთის მკაცრ პირობებში გამობრძმედილი მასწავლებლის ომახიანი ხმა იბზარება, გამართული წინადადებები დანაწევრებას იწყებს. ჩვეული შემართებით დაწყებულ გაკვეთილს ხალისი ეკარგება. დაფასთან საწერად გამზადებული ხელი კანკალს იწყებს, მაგრამ ოლგა მასწავლებელი ფარ-ხმალს მაინც არ ჰყრის. მას ჰგონია, რომ ეს ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული თანმდევი ემოციის შედეგია. წამიერად გაუელვა თვალწინ განვლილმა დრომ, გაიხსენა ყოველი წელი, მაგრამ მსგავსი შემთხვევა ვერ აღმოაჩინა. წარსულმა მხნეობა შემატა. ცდილობს, ძალა მოიკრიბოს, საუბარს ჩვეული დამაჯერებლობა შესძინოს და კიდევ ერთ თაობას დაუმტკიცოს თავისი მაღალი პროფესიონალიზმი, წლების მანძილზე რომ იხვეწებოდა და გამოცდილება, სხვებთან თანაზიარობაში უზღვავი სიკეთით რომ ივსებოდა. უდიდეს პასუხიმგებლობასთან შეჭიდებულმა თავს უფლება არ მისცა, გაკვეთილი ჩაეგდო, მით უმეტეს, პირველი გაკვეთილი, რომლის მოლოდინში მთელი ღამე გაათია. ძალა მოიკრიბა, მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტები სრული თანმიმდევრობით დაალაგა დაფის რუხ ზედაპირზე და ხელების კანკალი მთიელი ქალის შინაგანმა სიძლიერემ დაამარცხა. დანაწევრებული წინადადებები ისევ გაიმართა და გაკვეთილს ჩვეული სიხალისე დაუბრუნდა. ეს ყველაფერი მოსწავლეთა შეუმჩნევლად მოხდა. ამ ცვლილებას მხოლოდ ოლგა მასწავლებელი გრძნობს, რომლის შინაგან სამყაროში ორთაბრძოლაა შესაძლებლობასა და სურვილს შორის, თუმცა მასწავლებლად ყოფნის სურვილი იმდენად დიდია, რომ სიძაბუნეშეპარულ რეალობასაც ამარცხებს. ამასობაში პირველი გაკვეთილი დამთავრდა. ოლგა მასწავლებელი ხელნაკეთ მუხის მაგიდას მიუჯდა და ჟურნალის საგულდაგულოდ შევსება დაიწყო. ორი გვარიღა შემორჩენოდა სოფელს, ამიტომაც სიაში, ჩოხელისა და წიკლაურის გარდა, გვარს ვერ შეხვდებოდით. ოლგა მასწავლებელს თვალებში ცრემლი ჩაუგუბდა, გული სწყდებოდა, რომ მისი მოღვაწეობის დასრულებასთან ერთად ხეობაც თანდათან სიცოცხლეს დაკარგავდა. შვიდი მოსწავლის ღირსეულ მასწავლებელს იმედი ეწურებოდა, რომ მის გზას ვინმე გააგრძელებდა. დარწმუნებული იყო, რომ მთის მკაცრ ბუნებას, ულამაზეს, მაგრამ პირქუშ გარემოს, ვეღარ გაუძლებდა მომავალი თაობების სურვილთა დიადობანი. მათ უბრალოებას, წმინდათაწმინდა ბუნებას თანამედროვეობის შორეული ჩრდილები თანდათან მიუახლოვდებოდნენ და ერთ მშვენიერ დღეს ეს ორი გვარი ბარის ბობოქარ, მაგრამ დაუწმინდავ ცხოვრებას ეზიარებოდა. ოლგა მასწავლებელს მომავლის შიში მოსვენებას არ აძლევდა, ამიტომაც ცდილობდა თავისი სითბოთი და სიყვარულით გაჯერებული სიტყვებით, მშობლური მზრუნველობით დროებით მაინც შეეჩერებინა ის საფრთხე, რომელიც დღეს თუ ხვალ, მის ხეობას კარზე მიადგებოდა. ამასობაში ზარი კვლავ აწკრიალდა. მეორე გაკვეთილს მესამე მოჰყვა, მესამეს — მეოთხე და ემოციური დღეც დასრულდა. ოლგა მასწავლებელმა სპილენძის ზარი ჩამოხსნა, ჩანთაში ჩაიდო და შეგირდებთან ერთად არაგვისაგან შევიწროებულ საცალფეხო ბილიკს გაუყვა. მთაში იმაზე ადრე მწუხრდებოდა, ვიდრე ბარში. საცალფეხო ბილიკზე მიმავალნი მზეს შესცქეროდნენ, რომელიც მთის კალთებიდან სხივებს თანდათან იკეცდა და ფოლადისფერი მწუხრი ბუნებისაგან დაჩრდილულ ხეობას ბნელში ახვევდა. მასწავლებელს უფრო გრძელი ბილიკი ჰქონდა გასავლელი, ვიდრე მის რომელიმე მოსწავლეს. ყველა დააბინავა და მძიმე ნაბიჯით აუყვა სახლისკენ მიმავალ აღმართს. ემოციური დღის შემდეგ გული საოცრად დამძიმებოდა. ჭიშკარი შეაღო და აჩქარებული ნაბიჯით სახლისაკენ გაემართა. წაბორძიკდა და ღია აივნის კიბესთან ჩაიმუხლა. გაჰყურებდა ჩაჟამებულ და პირქუშ მთებსა და კლდეებს, მზისგან გაყვითლებულ და გამხმარ თივის ზვინებს, მიწის სიღრმიდან გამონაჟურ წყაროებს და ჯერ კიდევ მწვანედ აბიბინებულ დეკასა და დუმფარას. ამ ულამაზესი პეიზაჟის ფონზე ფიქრებმა გაიტაცა. განვლილი ცხოვრების ყოველმა წუთმა თვალწინ გაირბინა, ბორგავდა, მაინცდამაინც დღეს რატომ აეკვიატა წარსულის აჩრდილებთან შეხების სურვილი, განვლილის შეფასების აუცილებლობა. ამასობაში ბინდმა ბოლომდე შეზღუდა მისი ულამაზესი თვალსაწიერი და ოთახის ზღურბლს მძიმედ გადააბიჯა. კვლავ სანთელი აანთო და საწერი მაგიდის თითოეული უჯრა ამოალაგა. თანმიმდევრულად ჰქონდა დალაგებული ყოველი წლის მონაცემები, თითოეული მოსწავლის შედეგები და სამახსოვრო ფოტოები. კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი თითოეულ ჩანაწერს. თვალებიდან ცრემლმა იქუხა. ენანებოდა გარდასული დრო და სიყვარულით აღსავსე მოგონებები. ნესტისაგან გაყვითლებული ფურცლები გადმოიღო და ხვალინდელი გაკვეთილების გეგმის წერას შეუდგა. საქმით გართული მამლის ყივილმა მიახვედრა, რომ დაძინების დრო აღარ იყო და ათიოდე წუთში შეგირდებთან ერთად არაგვისაგან დაღარულ ბილიკს კვლავ უნდა გაჰყოლოდა. ამასობაში შემოდგომა მიილია. დადგა სასტიკი ზამთარი, რომელმაც უხვი ნალექი არ დაიშურა და ისედაც მიტოვებული ხეობა გარესამყაროს მთლიანად მოსწყვიტა. არაგვისაგან დაღარული ბილიკის სიუხეშე ფაფუკმა თოვლმა დაფარა. სითეთრემ მთების ჟანგისფერი მწუხრი გაარღვია და თითოეულ ოდაში ყმაწვილები ააჟრიამულა და გაახალისა. ოლგა მასწავლებელი შეგირდებთან ერთად მიუყვება დათოვლილ ბილიკს. სკოლასთან მისასვლელ გზაზე ზვავი ჩამოწოლილა. ბუნებასთან ჭიდილში საათი ცხრას მიუახლოვდა. ოლგა მასწავლებელი შეგირდებს ამხნევებს და სთხოვს საცალფეხო ბილიკის გაკვალულ ადგილზე გაჩერდნენ. თვითონ კი, ჩამოწოლილ ზვავთან პირისპირ დარჩენილი, გამოსავალს ეძებს. ხვდება, რომ მისი მებრძოლი ბუნება უძლური აღმოჩნდა დათოვლილი ხეობისა და მთების მკაცრი ლანდშაფტის წინაშე. საათის გაცრეცილ ციფერბლატზე უკვე 9 საათია. ოლგა მასწავლებლის თვალებიდან ცრემლმა კვლავ იქუხა. აქ უკვე ვეღარ დამალა შინაგანი წუხილი. მიხვდა, რომ ეს ხელმოცარვა ნიშანი იყო იმისა, რომ გაკვეთილი ღია ცის ქვეშ, ჩაკეტილ ხეობაში უნდა ჩაეტარებინა. სპილენძის ზარი თოვლისაგან დასველებული ჩანთიდან ამოიღო და უკანასკნელად ჩამოჰკრა. მისი ხელი ახლა ისე აკანკალდა, როგორც არასდროს. ოლგა მასწავლებელმა „ავთანდილის ანდერძზე“ ისაუბრა. მოყვასისადმი თავგანწირვა და ერთგულება აღმოჩნდა მისთვის ყველაზე ფასეული. ხაზი გაუსვა ანდერძის მნიშვნელობასა და შესრულების აუცილებლობას. მოსწავლეები ჯერ კიდევ ვერ მიმხვდარიყვნენ, რატომ გადაუხვია ოლგა მასწავლებელმა დღევანდელი გაკვეთილის თემას. უკანასკნელი გაკვეთილი დასრულდა. გადაუღებლივ თოვდა. წვრილი ფანტელი გაკვალულ ბილიკს ეფინებოდა და ბურუსში გახვეულ ხეობაში სიარული თანდათან რთულდებოდა. ბუნება ჟინს იკლავდა, მთებზე შემორჩენილი უკანასკნელი სიშავისათვის სამაგიერო გადაეხადა და მთლიანად თეთრ ნაბადში გაეხვია. ოლგა მასწავლებელი ხელმეორედ კვალავდა დაბარდნილ საცალფეხო ბილიკს და შეგირდებთან ერთად მძიმე ნაბიჯით მიუყვებოდა მთებზე შეფენილ აღმართს. მთის კალთებზე გაფენილი ოდები თანდათან ახლოვდებოდა და მძიმე ბილიკიც ნელ-ნელა მოკლდებოდა. თითოეული სახლიდან ამომავალი სიცოცხლის კვამლი უფრო გაძლიერებულიყო. ყველა მოსწავლე დააბინავა და სახლისაკენ მიმავალ აღმართს აუყვა. ეზოს ჭიშკართან მისულს მუხლმა უმტყუნა. სახლის კარამდე ბარბაცით მივიდა. ახლა კი დარწმუნდა, რომ უკანასკნელ გაკვეთილთან ერთად, ეს დღე მისი ცხოვრების უკანასკნელი საჩუქარი იყო. თითქოს, რაღაცის მოსწრებას ცდილობსო, სასწრაფოდ ამოიღო ფურცელი და წერას შეუდგა. გაყინული სახლი ზამთრის სუსხს კიდევ უფრო გაეყინა. შეციებული მასაწვლებელი კანკალმა აიტანა. საწერ მაგიდას მიუჯდა და სანთლის მბჟუტავ შუქზე ხელის კანკალით რაღაცის წერას შეუდგა. გათენდა. სუნთქვაშეკრულ ხეობაში სიცოცხლის კვამლი მკრთალად მიირწეოდა. მამლის პირველ ყივილზე მასწავლებელი არ გამოჩნდა. შეგირდები მეორე დაყივლებას დაელოდნენ. მასწავლებელი აგვიანებდა. მოსწავლეებმა საოცარი სისწრაფით აირბინეს ოლგა მასწავლებლის სახლისაკენ მიმავალი აღმართი, დათოვლილი გზა მასწავლებლის ნაცვლად შეგირდებმა გაკვალეს. ყმაწვილები ავმა წინათგრძნობამ შეიპყრო. დერეფნის კარი შეაღეს თუ არა, მუხის მაგიდასთან მჯდომი, თოვლის ქანდაკებად ქცეული ოლგა მასწავლებელი დაინახეს. მისი უსიცოცხლო, სიცივისაგან გაყინული ხელები მაგიდაზე უწესრიგოდ დაყრილ ფურცლებზე ესვენა. მოსწავლეთა თვალებში ნაღველმა სამუდამოდ დაივანა. მათ გლოვის ზარს მთებმა ბანი მისცეს. მთელი ხეობა მთის წვერზე მდებარე ოლგა მასწავლებლის სახლში შეიკრიბა. საწერ მაგიდაზე დაყრილ უამრავ გაყვითლებულ ფურცელს შორის ხელნაწერი იპოვეს, რომელზედაც დიდი ასოებით ეწერა: „ნუ მიატოვებთ ხეობას“. შეგირდები ახლა მიხვდნენ, უკანასკნელ გაკვეთილზე მასწავლებელმა მანცდამაინც „ავთანდილის ანდერძზე“ რატომ ისაუბრა. მიხვდნენ, რომ ეს ღირსეული მასწავლებლის უკანასკნელი სათხოვარი კი არა, მასწავლებლის მიერ შეგირდებისათვის განდობილი ანდერძი იყო, რომელიც უთუოდ უნდა შესრულებულიყო.
ავტორის შენიშვნა
ეს მხატვრული ნაწარმოები განსაკუთრებული დანიშნულებისთვის შევქმენი. დღეს, როდესაც აქტუალურად განვიხილავთ მასწავლებლის პროფესიას, თანამედროვე ჭრილში ვაფასებთ მასწავლებლის უნარსა და შესაძლებლობებს, ვფიქრობ, მსგავს თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოებები ხელს შეუწყობს ამ პროფესიის პოპულარიზაციას მოსწავლეებში. ასევე გაიაზრებენ იმ როლს, რომელსაც მასაწვლებელი ასრულებს მათ პიროვნებებად ფორმირების პროცესში. ვფიქრობ, უმნიშვნელოვანესია მსგავსი თემატიკის ნაწარმოებებზე მსჯელობა, რათა მოსწავლეებს გამოვუმუშავოთ ფიქრის, აზროვნებისა და ემპათიის უნარები. ხშირად გვესმის ჩვენი კოლეგებისგან სიტყვები: „მასწავლებლის პროფესია დაუფასებელია“. ვფიქრობ, ჩვენი დაფასება-დაუფასებლობა ჩვენივე არჩევანია, თუ როგორ წარმოვაჩენთ საკუთარ თავს, შრომასა და ნაღვაწს. როგორ დავაფიქრებთ მოსწავლეებს მასწავლებლის დაუღალავ შრომაზე, იმ განცდებზე, რომელთაც ყოველდღიურობაში გრძნობს მათ მიმართ, რა ძალისხმევის ფასად მიიღწევა თითოეული მათგანის წარმატება, ასევე, როგორ განიცდის მათ წარუმატებლობას. ზემოთ წარმოდგენილი ნაწარმოები შევიტანე მე-11 კლასებში. მხატვრული ინტონაციით წავუკითხე, ვაკვირდებოდი მათ გამომეტყველებას და ერთი სული მქონდა, როდის წავიკითხავდი უკანასკნელ აბზაცს და როდის მოვისმენდი მათ შეფასებებს. ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა იმ ემოციამ, რომელიც მოსწავლეებმა გამოხატეს მოსმენილის მიმართ, გამოვლინდა ემპათიის უნარი, რომელსაც ნამდვილად სჭირდება ასეთი ნაწარმოებების აქტიური გამოყენება და დანერგვა სასწავლო პროცესში. ვკითხულობდი და ვხედავდი მათ სევდიან და ცრემლიან თვალებს. რაც ყველაზე მთავარია, მათ აღნიშნეს, რომ მხოლოდ ახლა დაფიქრდნენ მასწავლებლის პროფესიასა და იმ ურთულეს ვალდებულებებზე, რომელთაც მასწავლებელი ასრულებს მისთვის სასურველ თუ არასახარბიელო გარემოში. არაერთმა დასმულმა კითხვამ, დამაფიქრებელი პასუხებით დამარწმუნა, რამდენად მნიშვნელოვანია მოსწავლეთა სწორად ინფორმირება, ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსჯელობა და დაფიქრება. მოსწავლისთვის მასწავლებელი, ხშირ შემთხვევაში, მაგალითია, რომელსაც სურს, რომ მიბაძოს. ამიტომაც, მუდმივად საინტერესო უნდა იყოს მასწავლებელი, თავისი მრავალფეროვანი უნარებიდან გამომდინარე. ამ აქტივობამ ნამდვილად შეცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება მასწავლებლის მიმართ და აღნიშნეს, რომ არც დაფიქრებულან იმ თავგანწირვასა და შრომაზე, სიყვარულსა და მზრუნველობაზე, რასაც აქამდე გრძნობდნენ, მაგრამ არ იაზრებდნენ. მეტიც, წერის სურვილი გააღვივა. შექმნეს ჩანახატები და აღმოჩნდა, რომ ჩემ მიერ შექმნილი ნაწარმოები მათთვის გზამკვლევიც კი აღმოჩნდა. ჩემს პედაგოგიურ პრაქტიკაში ეს ინოვაცია აღმოჩნდა, რომელმაც გასაოცარი შედეგი გამოიღო, ამიტომაც, ვფიქრობ, ამიერიდან აქტიურად გამოვიყენო, ჩემ მიერ შექმნილი ნაწარმოებები, სიუჟეტები მოვარგო მტკივნეულ საკითხებს, გავააზრებინო პრობლემები, ვამსჯელო გადაჭრის გზებზე. საკლასო ოთახი ის ასპარეზია, რომელსაც აბსოლუტურად ვფლობთ, ვაკვირდებით იმ საჭიროებებს, რომელთაც გარემო, ჩვენი აუდიტორია გვკარნახობს და ჩვენც, შესაბამისად, უნდა ვიმოქმედოთ ახალი მეთოდებითა და სტრატეგიებით. პრობლემაზე მორგებული თემატიკა ერთადერთ გზად მიმაჩნია იმავე პრობლემის გადასჭრელად. ამ მეთოდის გამოყენებამ დამარწმუნა ამ ჭეშმარიტებაში. აბსოლუტურად შეიცვალა მათი დამოკიდებულება მასწავლებლის პროფესიის მიმართ, რაც მთავარია, გაუჩნდათ პასუხისმგებლობისა და მზრუნველობის გრძნობები, გაიაზრეს სასწავლო გარემოს დაფასების აუცილებლობა.
ნინო დოლენჯაშვილი
გოგიტა კიკნაძის სახელობის №182 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი