ლეილა ხონელიძე
სსიპ ილ.ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ფოთის №5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
რამდენიმე დღის წინ შემზარავ ინფორმაციას წავაწყდი: „ოზურგეთში ბავშვებმა ძაღლს პირში ასაფეთქებელი ჩაუდეს, პირი გადაუსკოჩეს და ააფეთქეს, ძაღლს გაუტყდა ქვედა ყბა, დაემტვრა კბილები, საჭმელს ვერ ჭამდა დიდხანს…“
შევძრწუნდი. არანაკლებ დამაფიქრებელი აღმოჩნდა ერთი ასაკოვანი ადამიანის მინაწერიც ამ ინფორმაციაზე: „ჩემი თაობის დროს ნამდვილად არ ხდებოდა ასეთი რამ, იმიტომ რომ სულ სხვა გარემოში ვიზრდებოდით, პედაგოგი გვასწავლიდა ცხოველების სიყვარულსა და მათ დაცვას, დღეს? დღეს ბავშვებს ეუბნებიან, არ გაეკაროთ ცხოველს, დაავადებული იქნებაო“.
არ ვაპირებ არც იმაზე მსჯელობას, როგორ ვასწავლით ახლაც „ცხოველების სიყვარულსა და დაცვას“, როგორ გვეხმარება ამაში სასკოლო პროგრამიდან ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ და არჩილ სულაკაურის „ბიჭი და ძაღლი“, ფელიქს ზალტენის „ბემბი“ და ნოდარ დუმბაძის „ძაღლი“; არც სხვა რამეზე გავამახვილებ ყურადღებას, რადგან რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, ფაქტი ფაქტად რჩება – ყოველდღე ვისმენთ, ვკითხულობთ, ვხედავთ უსიყვარულობის, აგრესიის, შუღლის, ბულინგის, ძალადობის (და არა მარტო ცხოველთა მიმართ!) ამბებს, უფრო და უფრო იშვიათად – თანაგრძნობა-თანალმობის, სხვაზე ზრუნვის, უანგარო სიკეთის, უპირობო სიყვარულის მაგალითებს.
ჯერ ისევ მომხდარზე ვფიქრობდი, რომ ნათია როსტიაშვილის „ახალი სკოლა“ გამოვიდა, „გაკვეთილების შემდეგ საკითხავი“ წიგნების სერიიდან. ნათია როსტიაშვილს ჯერ კიდევ იმ კონკურსიდან ვგულშემატკივრობდი, ჟურნალმა „მასწავლებელმა“ რომ გამოაცხადა – „საუკეთესო მოთხრობა მასწავლებლისათვის“. სწორედ ამ კონკურსისთის დაწერილმა მოთხრობამ „ლიზი ღმერთია“, მახსოვს, როგორ მოგვხიბლა მეცა და ჩემი მოსწავლეებიც. ასე რომ, უნდა ვაღიარო – მოლოდინი დიდი მქონდა, არც გამცრუებია.
წაკითხვამდე წიგნის გარეკანს შევავლე თვალი – ბოლო გვერდზე ანოტაცია სწორედ ამ კითხვით იწყებოდა: „როგორია ბავშვებისთვის საოცნებო სკოლა?“
ვინ იცის, რამდენჯერ დამისვამს ეს კითხვა ბავშვებისთვისაც და საკუთარი თავისთვისაც, რამდენნაირი პასუხი მიმიღია, იქნებ ზოგისთვის საოცნებო სკოლაც ამგვარი ყოფილა-ისეთი, „სადაც სახელმძღვანელოები არ არის საჭირო და ბევრი დავალების შესრულების გარეშე ასწავლიან ცხოვრებას, წარმატების მიღწევის გზებს, საფრთხის მოგერიებასა და სწორი არჩევანის გაკეთებას“. ჩვენი ეროვნული სასწავლო გეგმაც ხომ პიროვნების განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ წიგნის მთავარი გმირის, ლეოს, მსგავსად მეც უამრავი შეკითხვა გამიჩნდა: „მაინც რა უნდა იყოს ეს ახალი სკოლა ამისთანა? როგორი წესები უნდა ჰქონდეთ? ან წიგნების გარეშე რანაირი გაკვეთილები უნდა იყოს? “
ლეოს მსგავსად, მეც დამაიმედებლად მეჩვენა ერთი რამ, სკოლაში მისულს რომ თვალში მოხვდა – „მაგარი შენობაა, არც ჩამონგრეულია და არც არაფერი, პირიქით, ძალიანაც აშენებულია“. „ძალიანაც აშენებული“ „პრესტიჟული“ სკოლა ასეთი აღმოჩნდა – „ლიმონისფერკედლება და იასამნისფერსახურავიანი სასახლე“ მეც გავყევი ლეოს სკოლაში და გავიგე, რა ხდება, როგორ და რას ასწავლიან ამ სასახლეში?
ხელოვნურობის კვალს პატარა, გულიანი ბიჭი ლეო, მისთვისვე გაუცნობიერებლად, სკოლაში პირველივე ვიზიტისას ამჩნევს: „აქ თითქოს რაღაც ფილმს ან ზღაპარს იღებენ და მოამზადეს, ფოთლები ფერადად შეღებეს, ლამაზი ყვავილები დააკრეს, ბალახი დიდი სავარცხლით დავარცხნეს და ეგეთები.“
ლეოსა და მის მშობლებთან ერთად მეც მიტარებს, როგორც ახალმოსულ მოსწავლეს, ქალბატონი ნიუ ექსკურსიას სკოლის ეზოში (რა თქმა უნდა, უფასოდ! – როგორც ხაზგასმით აღნიშნავს თვითონ). შემდეგაც წყალობას იჩენს, სხვადასხვა ხილით დახუნძლულ ბაღში ნებისმიერი ერთი ხილის დაგემოვნების უფლებას რომ აძლევს (რა თქმა უნდა, ესეც უფასოდ!), ოღონდ მხოლოდ მოსწავლეს – ღმერთი არ გაუწყრეს ბიჭის დედ-მამას და ხელი არ გაიწოდონ ხისკენ! (აკი გაიწოდეს კიდეც და შერცხვნენ!).
ცხოველების სახლიცაა ამ სკოლაში (მოვლილი, ფაფარდავარცხნილი ცხენებით, ძაღლებით, კატებით, ზღარბებით, ზაზუნებით, რომლებსაც ისე ემსახურებიან, თავი მგლები ჰგონიათ), აბრეშუმის ჭიის აპარტამენტებიც, სპორტული მოედანიც უამრავი სავარჯიშო მოწყობილობითა და ბევრი ბურთით (ყველა ბავშვის ახდენილი ოცნება!). ეზოსაც როგორ უვლიან, საკმარისია, რამე ძირს დააგდო და მაშინვე ეკრანი ჩაირთვება: „გთხოვთ, დაიცვათ სისუფთავე! ეზოს ნუ დაანაგვიანებთ!“ აქვეა „ჩვეულებრივი სკოლის ბრაზიანი კარისკაცებისაგან“ (ლეოს შეფასებაა!) განსხვავებული თეთრხელთათმანიანი კარისკაცი, ხალიჩებდაფენილი დერეფნები, კედლებზე – ფერადი ნახატები, ფანჯრებზე – თეთრი ფარდები. კიდევ უფრო მიმზიდველია სკოლის დევიზი: „ჩვენს სკოლაში მთავარი ბავშვია!“.
თითქოს მეტი რა უნდა გინდოდეს, არა?
არადა, რას ასწავლიან ამ სკოლაში?
„თავდაცვას“ – რისგან? „ყველასგან და ყველაფრისგან, რამაც შეიძლება წარმატებისკენ მიმავალ გზაზე შეგაფერხოს, შენი თვითშეფასება ძირს დასცეს, გიმტროს, დაგამციროს, გავნოს!“
„ადეკვატური რეაქციების გამოწრთობას“ – ანუ, როგორ უნდა იყოს შენი საქციელი ყველა სიტუაციაში ადეკვატური.
„თანასწორობას“ – „თანასწორია მდიდარი და მდიდარი, უმუშევარი და უმუშევარი, ხეიბარი და ხეიბარი, ლამაზი და ლამაზი, წარმატებული და წარმატებული.“
„სწორი არჩევანის გაკეთებას“ – როგორ არ უნდა აირჩიო უამრავ ჯანმრთელ ლეკვს შორის ერთადერთი ხეიბარი (როგორც ამ საგნის მასწავლებელი იტყოდა, „წუნდებული“) ლეკვი, იმიტომ რომ წარუმატებელი არჩევანით „ხელოვნურად არ შეიქმნა დისკომფორტი“.
„სარგებელს“ – როგორ გამორჩე რაღაცას საშენოდ ყველა სიტუაციიდან .
ახლა როგორ წიგნებს აკითხებენ? 1) როგორ მივაღწიოთ წარმატებას; 2) დღის ნაყოფიერად დაგეგმვა; 3) მოტივაციის ძალა; 4) მიზნები და მათი მიღწევის გზები; 5) სხვისი გამოცდილების გაზიარება და გამოყენება (ლულუს მამა რომ „გამოყინულ წიგნებს“ ეძახის).
ერთადერთი ფიზაქტის (ფიზიკური აქტივობის) მასწავლებელი არა ჰგავს სხვებს, გულწრფელია და ნამდვილი, სიყალბისა და ხელოვნურობის ნატამალიც კი არ სცხია.
აბა, სად მივლენ ამ „პრესტიჟული“ სკოლის მასწავლებლებთან სოფლის სკოლის მასწავლებლები, რომლებსაც ზევიდან გადმოჰყურებენ და დამცინავად ელაპარაკებიან?
არადა, სწორედ სოფიაა ის მასწავლებელი, რომელმაც ამ „გამოყინულ“ ბავშვებს ადამიანურობა უნდა დაუბრუნოს, თავდაცვის მასწავლებლისაგან ნასწავლი ჭიების ფეხით გაჭყლეტის ნაცვლად (დიახ, გაჭყლეტის, რადგან თავდაცვის მასწავლებლის აზრით, „ერთი უმწეო ჭია არაფერია, მაგრამ ბევრი უმწეო ჭია ერთად-დიდი ძალა და მტერია“, და „სანამ არ აგვცოცებია, უნდა დავაჭყლიტოთ“ (ჯოი), სოფი იმას უხსნის ბავშვებს, როგორი კეთილი ჯადოქრები არიან ეს აბრეშუმის ჭიები, „უკარფანჯრო სახლს იშენებენ, შიგნით გამოიკეტებიან და მერე იქიდან არც მეტი, არც ნაკლები, პეპლებად გადაქცეულები გამოდიან“. ამ სასწაულის ჩვენებით კი იმას ასწავლის ბავშვებს, რომ ცხოვრებაში ყველაზე დიდ უიმედობასაც არ დანებდნენ, ყველაზე კრიტიკულ სიტუაციაშიც კი არ დაკარგონ უკეთესი მომავლის იმედი; ცხოველების სახლში კი სოფი, სკოლის მოსწავლეების გაყინული გულების გასათბობად, ამგვარ ხერხს მიმართავს – ხელისგულებზე ხორბალს დააყრევინებს ბავშვებს და წიწილებს გამოაკვებინებს, სხვაზე ზრუნვას ასწავლის, ხან თვალებს ახუჭვინებს, ჩიტების ჭიკჭიკს ასმენინებს და ხან ძაღლის ერთგულებაზე გადაღებულ ფილმს აყურებინებს, ხეიბარი ლეკვისთვის დახმარების აღმოჩენის ხერხებზე დააფიქრებს, ბალახზეც მათთან ერთად წვება და ვარსკვლავებს უყურებს, ყველაზე მთავარი რაცაა, იმას ასწავლის ბავშვებს: „ბედნიერება იმით კი არ იზომება, გყავს თუ არა მოსისხლე მტერი, არამედ იმით – გყავს თუ არა ერთგული მეგობარი“.
და თუ წარმატების მასწავლებელი ბავშვებს იმას ასწავლის, ლამის დახეიბრებული (მასწავლებლისვე გამოისობით!) თანაკლასელის, ჯოის, ამბავი თავიდან ამოიგდონ და წინ იარონ, რადგან წარმატების გზაზე შეხვედრილმა მსგავსმა უსიამოვნო ამბებმა არავინ უნდა შეაფერხოს, სოფი-პირიქით, თვითონ წაიყვანს ლეოს ჯოის სანახავად, ადამიანის გახარებას ასწავლის – „სამყაროში ყველაზე დიდ საქმეს“, „წარმატების მიღწევაზე, ფულის მოგროვებაზე დიდსაც“…
თუმცა, ამგვარ სკოლაში სოფი მასწავლებლის ადგილი არაა და დირექციაც სწორედ ასე იქცევა – სოფის გაუშვებს, რომ ისევ გააგრძელოს თავის მიზნამდე სვლა – „საყინულის ადამიანების“ „დამზადება“ (როგორც მახვილგონივრულად უწოდებს ავტორი ამ პროცესს).
მიაღწევს თუ არა ეს „პრესტიჟული“ სკოლა ამ მიზანს, მოახერხებს თუ არა სოფი მასწავლებელი, ანდერსენის გერდას მსგავსად, კაივით გულგაყინულ, მოჯადოებულ ბავშვებს გაყინული გულები გაულღოს, დაარწმუნებს თუ არა იმაში, რომ ყველანაირი ბავშვი ერთმანეთის თანასწორია, შეძლებს თუ არა, თავდაცვის მასწავლებლისაგან განსხვავებით, აბრეშუმის ჭიებში „დიდი შესაძლებლობების მქონე ჯადოქრები“ დაანახოს, ამას მკითხველი უჩემოდაც შეიტყობს, თუ ამ კარგ წიგნს წაიკითხავს, მე კი, ერთი რიგითი მასწავლებელი, ოცნებად დავიტოვებ იმას, რომ ქართულ სკოლას ბევრი სოფი მასწავლებელი ჰყავდეს, რომელიც მოსწავლეებს თანაგრძნობას, სიყვარულს, სხვაზე ზრუნვას, სხვის დახმარებას, მეგობრობას ასწავლის, „არ დაკარგავს ადამიანში ადამიანს“, და არ ექნება მიზნად გრძნობებისაგან დაცლილი რობოტების „დამზადება“, რობოტებისა, რომლებიც წარმატებისაკენ სავალ გზაზე მეგობარსაც იმ ჭიებივით გასრესენ, თავდაცვის მასწავლებელი რომ ასრესინებს ბავშვებს აბრეშუმის ჭიის სახლში.