მოგესალმები ძვირფასო მკითხველო! მინდა მოგიყვეთ ჩემს ცხოვრებაში მომხდარი ამბების შესახებ, თუ როგორი საჭირო და მნიშვნელოვანია ფიზიკის სწავლა, რადგან ფიზიკა ცხოვრებაა. აქ იმოგზაურებთ თანამედროვეობაში, ვიმედოვნებ, ეს იქნება სახალისო და რაც მთავარია, საინტერესო.
ამიტომ, არაფერი დაგეკარგებათ ამ ტექსტის წაკითხვით და დარწმუნდებით კიდევაც, როგორი საჭიროა ფიზიკა და თუ მას პოზიტიური ენერგიით შეხვდები, ვერაფერი დაგამარცხებს.
წარმატებებს გისურვებ!
თამუნა ჩხეიძე – ქედის რაიონის სოფელ ზვარეს საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე
მოთხრობა დაწერილია მეშვიდე კლასის ფიზიკის სახელმძღვანელოს მიხედვით.
როდესაც VII კლასში გადავედი და დავიწყე ფიზიკის სწავლა, ძალიან რთულ საგნად მეჩვენა, თუმცა, როცა ვეცნობოდი სახელმძღვანელოს საკითხებს, მივხვდი, რომ ძალიან მჭირდება ფიზიკის ცოდნა. მასში მარტო წესებს, ფორმულებს, ამოცანის ამოხსნებს კი არა, ცხოვრებისეულ მაგალითებსაც ვსწავლობთ. ამას კი მისი სახელიც გვეუბნება: „ფიზიკა“ წარმოდგება ბერძნული სიტყვისგან „ფიუზის“, რაც ნიშნავს ბუნებას. ფიზიკა ბუნების შემსწავლელი ერთ-ერთი მეცნიერებაა. გარდა ამისა, ფიზიკური სიდიდეებიც შევისწავლე, რომელიც მომავალში აუცილებლად გამომადგება. მაგალითად:
ერთ დღეს, მე და დედა ვთამაშობდით ასეთ თამაშს – უნდა დაგვესვა ერთმანეთისთვის კითხვები ფიზიკური სიდიდეების შესახებ. ძალიან კარგად მივდიოდით, მაგრამ ბოლოს პასუხი ვერ გავეცი კითხვას, რამდენი კილოგრამია 1 ფუთი?
ვერაფრით ვერ გავიხსენე პასუხი. 2სთ-ის შემდეგ, როცა ბოსტანში ვიყავი, გამახსენდა, რომ 1 ფუთი 16კგ-ია. ძალიან კი გავბრაზდი ჩემს თავზე, მაგრამ ჩემი თავი თვითონ დავამშვიდე…
◊ ◊ ◊
ერთხელაც, ძალიან დამაინტერესა რამდენი ვიყავი სიმაღლეში. კედელთან დავდექი, მოვნიშნე ჩემი სიმაღლე და ჯერ საზომი ლენტით გავზომე, შემდეგ – სახაზავით, მერე – გოჯით, მტკაველით, მაგრამ ზუსტი პასუხი ვერ მივიღე, რადგან ყოველი გაზომვის დროს სხვადასხვა შედეგი მივიღე. ბოლოს ყველა გაზომვის შედეგი შევკრიბე და გავყავი იმ რაოდენობაზე, რამდენჯერაც გავზომე. ბოლოს მაინც გავარკვიე, რომ სიმაღლეში 1,6მ ვიყავი.
◊ ◊ ◊
ორშაბათი დღე იყო, როცა ბიოლოგიის დავალებისთვის დამჭირდა მენზურა. მენზურა არ მქონდა და აქაც ფიზიკა დამჭირდა სითხის მოცულობის გამოსათვლელად. ეს სითხე ჩავასხი მართკუთხედის ფორმის ჭურჭელში, გავზომე მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე და გავამრავლე. მართალია, მათემატიკაშიც ვსწავლობთ ასეთ გამოთვლებს, მაგრამ ეს თემა, რამდენიმე დღის წინ, ფიზიკაში მქონდა შესწავლილი.
ეს გამოთვლები კი ცდისთვის დამჭირდა. ცდა, ანუ ექსპერიმენტი გვეხმარება ამა თუ იმ მოვლენის შესწავლაში, რა თქმა უნდა, ამ პროცესში დაკვირვებაც საჭიროა. ამ ფაქტის ერთ-ერთი მაგალითია თვითმფრინავი, რომელიც ფრინველებზე დაკვირვებით შეიქმნა. მეცნიერული ცოდნის მისაღებად საჭიროა ცდების შედეგების გააზრება და ახსნა, მოვლენების მიზეზთა მოძიება. ამიტომ, დაკვირვებები და ცდები ცოდნის მიღების წყაროებია.
◊ ◊ ◊
პატარა რომ ვიყავი, სულ მაინტერესებდა ამდენი წყალი საიდან მოდიოდა დედამიწაზე. ამის შესახებ მამას ვკითხე, მან კი მიპასუხა:
– თამუ, წყალი წრეზე ბრუნავს, აი როგორ – და ასე დამიხაზა.
ფიზიკურად კი ასეა:
– წყალი, შენ უკვე იცი, რომ ტბებშია, მდინარეებში, ოკეანეებში და ა.შ. მზის სხივები წყლის ზედაპირიდან უამრავ წყალს აორთქლებს, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვხედავთ, იმიტომ რომ ორთქლი უხილავია. ორთქლი, თბილ ჰაერთან ერთად, მაღლა ადის, გზაში თანდათან ცივდება, დიდ სიმაღლეზე კი ყინულის ნაწილაკებად გადაიქცევა და როდესაც ჰაერში წყლის ორთქლი გროვდება, მათგან ღრუბლები წარმოიქმნება. შიგნით კი წყლის წვეთებია. როცა ღრუბელში ბევრი წყლის წვეთი გროვდება, შიგ „ვეღარ ეტევა“ და წვიმის, სეტყვის, თოვლის, თრთვილის, ნამის ან სხვა სახით ბრუნდება დედამიწაზე.
◊ ◊ ◊
მოკლედ, ყველაფერი საინტერესოა ამ სამყაროში.
ორი კვირის წინ „Facebook“-ში ვნახე პოსტი: „100+100 ყოველთვის არ უდრის 200-ს!“. გავგიჟდი, ეს რა წერია-მეთქი. მერე მოვიძიე ინტერნეტში და ვნახე, რომ ეს წესი ფიზიკაში გამოიყენება. ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან, მოლეკულებისგან, რომელთა შორის შუალედებია.
ამ ნივთიერებას თუ სხვა ნივთიერებას შევურევთ, ის ამ შუალედებს ამოავსებს. უფრო კარგად რომ გავიგოთ, მაგალითს მოვიყვან: სიმინდის მარცვლები რომ ჩავყაროთ ჭიქაში და მასზე ფქვილი დავაყაროთ, ფქვილი შეავსებს იმ შუალედებს, რაც სიმინდის მარცვლებს შორისაა, ამიტომ ჭიქა არ აივსება. თურმე ამას ნიშნავს ეს წესი. მე კი ყველანაირ კალკულატორზე გამოვითვალე, გამოთვლები ვწერე, ყველანაირი შემთხვევა განვიხილე და პასუხს ინტერნეტის დახმარებით მაინც მივაგენი. რადგან გავიგე, რომ ნივთიერება მოლეკულებისგან შედგება, დამაინტერესა, მოლეკულაც რაიმესგან ხომ არ შედგება მეთქი. ამის შესახებაც მოვიძიე და დავადგინე, რომ მოლეკულა შედგება ატომებისგან. მხოლოდ ეს კი არა, ისიც დავადგინე, რისგან შედგება ატომი. იგი შედგება ატომბირთვისა და მის გარშემო მოძრავი ელექტრონებისგან. დაკვირვების შედეგად მივხვდი, რომ ატომბირთვი შედგება პროტონებისგან და ნეიტრონებისგან. აი, ამდენი რამის სწავლა მოვინდომე, მომავალში გამომადგება-მეთქი, მაგრამ გამიჭირდა. მერე, VII კლასში, ფიზიკაში შევისწავლე და განმიმტკიცდა ცოდნა, ახლა ღამით ვინმემ რომ გამაღვიძოს და მკითხოს ეს ყველაფერი, ჩვეულებრივად ვუპასუხებ.
◊ ◊ ◊
ძალიან მიყვარს გაზაფხული და ეს ფიზიკაშიც ასეა, ყვავილების სურნელი რომ ერთმანეთში ერევა და მას ჩიტების ჭიკჭიკიც ემატება, ძალიან მომწონს. მაგრამ, მაინტერესებს, როგორ მოდის ეს სურნელი ჩემამდე. ერთი შეხედვით, გაუგებარია როგორ აღწევს ყვავილების, სუნამოს, კერძის და ა.შ. სუნი, მაგრამ მე ხომ უკვე ვიცი, რომ ნივთიერება მოლეკულებისგან შედგება. შეიძლება, აქ იყოს „ძაღლის თავი ჩამარხული“. თუ დავუშვებთ, რომ ნივთიერების მოლეკულები მოძრაობენ, რომ მათ შორის შუალედებია, რომ ურთიერთქმედებენ და იცვლიან მოძრაობის მიმართულებას, მაშინ ყველაფერი გასაგები გახდება – სწორედ ამის შედეგად ჰაერისა და სხვა ნივთიერების მოლეკულები ერთმანეთს თავისთავად ერევა. თურმე ასე აღწევს სუნი ჩვენამდე. ამის შემდეგ ისიც გავიგე, რომ მოლეკულებს შორის ურთიერთქმედებაც ყოფილა – მიზიდვა და განზიდვა. მიზიდულობა შესამჩნევი ხდება მაშინ, როცა მოლეკულებს შორის შუალედი მოლეკულის ზომაზე ნაკლებია, ხოლო განზიდვა რომ არსებობს, იქიდანაც ჩანს, რომ შეკუმშვისას სხეულების უმეტესობა ცდილობს საწყისი ფორმის აღდგენას. გავიგე ისიც, რომ მოლეკულების ურთიერთქმედებაზე, განლაგებასა და მოძრაობის ხასიათზეა დამოკიდებული აგრეგატული მდგომარეობები, ამიტომ აირი ვერ ინარჩუნებს მოცულობას და ფორმას – იგი მთლიანად ავსებს მისთვის დათმობილ მოცულობას და კუმშვადია.
სითხე ინარჩუნებს მოცულობას, ვერ ინარჩუნებს ფორმას და არის დენადი. მყარი სხეული, ჩვეულებრივ პირობებში, ინარჩუნებს მოცულობასაც და ფორმასაც.
ოთხშაბათი დღე იყო. ფიზიკის მასწავლებელი ნივთიერების სიმკრივეს ხსნიდა. მე კი ვფიქრობდი, ეს რაში უნდა გამომადგეს-მეთქი. ორი კვირის შემდეგ, მამამ ალუმინის დიდი ყუთი მოიტანა. იცოდა მოცულობა და აინტერესებდა მასა, მაგრამ ვერ გაიგო. ამ დროს გამახსენდა სიმკვრივე. წიგნში ვნახე ალუმინის სიმკვრივე, გავამრავლე მოცულობაზე და მივიღე მასაც. მამას გაუხარდა. მე კი გავიფიქრე, აი, როგორ გამომადგა ფიზიკის ცოდნა.
◊ ◊ ◊
ზღვაზე როცა ვიყავი, შორს გემი დავინახე.
მამამ მკითხა, მოძრაობს იგი თუ არაო. მე ვუთხარი, კი. დამისაბუთე პასუხიო. ვხედავ რომ მოძრაობს, მეტი რა დასაბუთება უნდა-მეთქი. მაშინ მე გეტყვი და ვინმე რომ ასეთ შეკითხვას დაგისვამს, უპასუხე: სხეული მოძრაობს, თუ იცვლება მისი მდებარეობა ათვლის სხეულის მიმართ. ათვლის სხეული არის სხეული, რომლის მიმართ იცვლის ან არ იცვლის სხვა სხეული მდებარეობას. მე პირდაღებული ვუსმენდი და როცა დაასრულა მსჯელობა, ჩემი აღფრთოვანება ასე გამოვხატე: ვაააა!
მერე მე დავუსვი შეკითხვა: თანაბრად მოძრაობს იგი თუ არათანაბრად?
მე რა ვიციო – თქვა მან. მე კი ვუთხარი, რომ იგი არათანაბრად მოძრაობს, რადგან თანაბარი მოძრაობის დროს სხეულმა, დროის ნებისმიერ ტოლ შუალედში, ტოლი მანძილი უნდა გაიაროს და ტრაექტორია არის წრფე, ხოლო არათანაბარი მოძრაობის დროს სხეული სხვადასხვა მანძილს გადის.
ამის გარდა ისიც ვიცით, რომ ყველა სახის ტრანსპორტი არათანაბრად მოძრაობს (ეს ყველაფერი ფიზიკაში მქონდა ნასწავლი). ახლა ის მისმენდა პირდაღებული, მაგრამ „ვაააა!“ მაინც ვერ ვათქმევინე.
◊ ◊ ◊
შაბათი დღე იყო. საშინაო დავალებებს ვწერდი, მოვიდა ფიზიკის დროც – უნდა გამომეთვალა ორი სხეულის სიჩქარე. ამაში კი ბებო და ბაბუ დავიხმარე. 100 მეტრზე ჯერ ბებომ ირბინა, შემდეგ ბაბუმ. რა თქმა უნდა, ორივე დაიღალა, მაგრამ მათი ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ჩემი დავალებისთვისაც. 100 მეტრი გავამრავლე იმ დროზე, რა დროშიც დაფარეს მათ ეს მანძილი და დავადგინე, რომ 80 წლის ბაბუს სიჩქარე მეტი იყო 76 წლის ბებოს სიჩქარეზე.
მე მეგონა პირიქით მოხდებოდა, მაგრამ გასაოცარი ამბავი მოხდა. ბევრი ვიცინეთ. ბაბუა ბებოს დასცინოდა:
– ასე როგორ დაბერდი, რომ მე გაჯობე სიჩქარეშიო.
◊ ◊ ◊
აუცილებლად დაკვირვებული იქნებით, რომ უძრავი სხეულები სხვა სხეულების მოქმედების გარეშე ვერ მოძრაობენ. ესეც ფიზიკაში ისწავლება. გალილეო გალილეის დასკვნაც ასეთია: თუ სხეულზე სხვა სხეული არ მოქმედებს, მაშინ იგი უძრავია ან მოძრაობს თანაბრად. მისი მტკიცებით, თანაბარი მოძრაობა სხეულის ისეთივე „ბუნებრივი“ მდგომარეობაა, როგორიც უძრაობა. ამის გარდა, ამ დროისთვის, ფიზიკაში ძალიან საინტერესო, მაგრამ ჩემთვის ძალიან მოსაბეზრებელი თემები შევისწავლე. აი, მაგალითად:
მსოფლიო მიზიდულობის ძალა – სხეულების ურთიერთმიზიდულობა.
სიმძიმის ძალა – ძალა, რომლითაც დედამიწა იზიდავს სხეულს.
დრეკადობის ძალა – ძალა, რომელიც სხეულის დეფორმაციისას აღიძვრება და მიმართულია სხეულის ნაწილაკების გადაადგილების საპირისპიროდ. დეფორმაცია კი სხეულის ფორმის ან მოცულობის შეცვლას ეწოდება.
უძრაობის ხახუნის ძალა – იმ ძალის მოდულის ტოლია, რომელიც ცდილობს სხეულის უძრაობის მდგომარეობიდან გამოყვანას.
სრიალის ხახუნის ძალა – წარმოიქმნება ერთი სხეულის ზედაპირზე მეორის სრიალისას.
გორვის ხახუნის ძალა – მოძრაობის შემაფერხებელი ძალაა იმ დროს, როდესაც ერთი სხეული გორავს მეორის ზედაპირზე.
ამ ძალების სწავლა გამიჭირდა და ნერვებიც მეშლებოდა, მაგრამ სასწავლო წელი როცა დასრულდა, მივხვდი, რომ სულაც არ ყოფილა რთული. მე კი ძნელი და მოსაბეზრებელი მეჩვენებოდა.
◊ ◊ ◊
სახლში ვიყავით, როცა ბებოს მაღალი წნევა ჰქონდა.
იმ დღეს ბათუმში მივდიოდით და აღარ წავედით, რადგან თურმე ატმოსფერული წნევა იქ უფრო მაღალია და ბებოზე იმოქმედებდა. ამიტომ, წავედით ხულოში, მამიდასთან, სადაც ატმოსფერული წნევა შედარებით დაბალია. ატმოსფერული წნევა გარკვეული კანონით იკლებს, სიმაღლესთან ერთად – 5კმ სიმაღლეზე იგი ზღვის დონეზე არსებული წნევის, დაახლოებით, ნახევარია. ამას დავიმახსოვრებ და მეც გამომადგება, როცა დავბერდები.
◊ ◊ ◊
გუშინ სამზარეულოს ვალაგებდი და ზეთის დანახვაზე პირველად დავფიქრდი: ზეთი მზესუმზირისაა, მაგრამ მზესუმზირიდან ზეთს როგორ იღებენ?
რადგან მამა ასეთ საქმეებში ერკვევა, მას დავუსვი ეს კითხვა. მამამ მიპასუხა, რომ ამისთვის იყენებენ მანქანას, ოღონდ ეს არ არის ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალება, ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება წნეხვისას… მასხსოვს, ვისწავლე, ჰიდრავლიკური წნეხი და განმარტებაც გამახსენდა…
სწორედ ამ წნეხს იყენებენ იქ, სადაც დიდი ძალაა საჭირო – ზეთსახდელ ქარხნებში თესლიდან (მზესუმზირა, სოიო და ა.შ.) ზეთის გამოსაწურად, ფიცრის, მუყაოს, თივისა და სხვათა დასაწნეხად. ასევე, ქარხნებში ჰიდრავლიკური წნეხები გამოიყენება მანქანის ფოლადის ლილვების, სარკინიგზო თვლებისა და პლასტმასის ნაკეთობათა დასამზადებლად. სწორედ ამიტომ, ჰიდრავლიკურ წნეხს დიდი გამოყენება აქვს ტექნიკასა და ყოფა-ცხოვრებაში.
– მაგასაც ხომ მოფიქრება უნდა, – ვთქვი და სამზარეულოს დალაგება გავაგრძელე.
◊ ◊ ◊
ასე გრძელდება დღემდე ჩემი ცხოვრება. ბევრი კითხვა მაქვს, რომელთაც, ხშირ შემთხვევაში, ფიზიკა პასუხობს. ამიტომ, შეუძლებელი არაფერია. ფიზიკამ ბევრ კითხვას უპასუხა, ბევრი საინტერესო ფაქტიც გამაგებინა და ეს მოთხრობაც დამაწერინა. იმედი მაქვს, ამ მოთხრობით ბევრს ისწავლით, რაც აუცილებლად გამოგადგებათ.