უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას პროფესიულ უნარებში წელს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი პირველად ატარებს.
სპეციალური მასწავლებლის საგამოცდო ტესტი პროფესიულ უნარებში ეყრდნობა სპეციალური მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტს (თავი V. სპეციალური მასწავლებლის სასწავლო პროცესი). სტანდარტზე დაყრდნობით წინასწარ შემუშავებული იქნა საგამოცდო პროგრამა, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისათვის.
უფროსი სპეციალური მასწავლებლის ტესტი მოიცავს იმ საკითხებს, რომლებიც უკავშირდება პოზიტიური, მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას, სწავლების სხვადასხვა სტრატეგიისა და სასწავლო რესურსის გამოყენებას, შეფასებასა და მასწავლებლის პროფესიულ პასუხისმგებლობას.
ტესტის აღწერა
უფროსი სპეციალური მასწავლებლის პროფესიული უნარების ტესტის მაქსიმალური ქულაა 54. იმისათვის, რომ აპლიკანტმა გადალახოს ბარიერი და მოიპოვოს უფროსი მასწავლებლის სტატუსი, მან უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულის 60%-ზე მეტი, ანუ 33 ქულა. გამოცდის ხანგრძლივობაა 4 საათი.
პროფესიული უნარების ტესტში 3 ტიპის დავალებაა: არჩევითპასუხებიანი, შესაბამისობისა და ღია დავალებები.
არჩევითპასუხებიანი და შესაბამისობის თითოეული დავალების მაქსიმალური ქულაა 1, ხოლო ღია დავალებების კი – 3.
ტესტის სტრუქტურა:
საგამოცდო ტესტში სულ 40 დავალებაა. აქედან 30 არის არჩევითპასუხებიანი, 3 -შესაბამისობის, ხოლო 7 – ღია დავალება.
ტესტურ დავალებათა ნიმუშები:
არჩევითპასუხებიანი დავალებები შედგება პირობის, შეკითხვისა და სავარაუდო პასუხებისაგან, ან მხოლოდ შეკითხვისა და სავარაუდო პასუხებისაგან. ტესტში მოცემულ არჩევითპასუხებიან დავალებებს ოთხი სავარაუდო პასუხი აქვს და მათგან სწორი მხოლოდ ერთია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთი ტიპის დავალება ფასდება 1 ქულით.
- არჩევითპასუხებიანი დავალება.
საგამოცდო ტესტში მოცემულია 2 ტიპის არჩევითპასუხებიანი დავალება. გთავაზობთ მათ ნიმუშებს:
1.1. არჩევითპასუხებიან დავალებას თან ახლავს პირობა, რომელშიც აღწერილია სიტუაცია ან შეიცავს რაიმე ტიპის ინფორმაციას, შემდეგ კი დასმულია შეკითხვა. გამოსაცდელი კარგად უნდა გაეცნოს პირობას და ამის შემდეგ უპასუხოს დასმულ შეკითხვას. გთავაზობთ დავალების ნიმუშს.
დავალების ნიმუში:
გიორგის უჭირს თანაკლასელებთან ურთიერთობა, ხშირად ჩხუბობს და მათ აგრესიულად ექცევა. მშობლები და მოსწავლეები შეწუხებულები არიან და ითხოვენ მის სხვა კლასში გადაყვანას.
სოციალურ-ემოციური და ქცევის პრობლემების მქონე მოსწავლეებთან ურთიერთობის დროს რომელი რჩევა/რჩევები უნდა გაითვალისწინოს მასწავლებელმა?
ა) მასწავლებელი მშობლებთან თანამშრომლობის გზით უნდა შეეცადოს პრობლემის მოგვარებას, სთხოვოს თანაკლასელების მშობლებს, რომ მოარიდონ თავიანთი შვილები გიორგის, რათა თავიდან აიცილონ მისი გაღიზიანება.
ბ) მოიწვიოს ყველა მშობელი და ერთმანეთს შეახვედროს თანაკლასელებისა და გიორგის მშობლები, რათა მათ შეაფასონ მოსწავლის ქცევა და გამოიტანონ სათანადო დასკვნები.
გ) ასწავლოს გიორგის თანატოლებთან ურთიერთობის დამყარების წესები, ხშირად გამოიყენოს ერთობლივი აქტივობები, ყველას განუსაზღვროს პასუხისმგებლობები, რათა გიორგიმ შეძლოს კლასთან ინტეგრაცია.
დ) შეუქმნას კლასს თანაბრად მკაცრი გარემო, დატუქსოს სხვა მოსწავლეებიც, რათა მათ გაუჩნდეთ სამართლიანობის განცდა, გიორგიმ კი იგრძნოს, რომ მარტო მას არ ექცევიან მკაცრად.
სწორი პასუხია გ
1.2. არჩევითპასუხებიანი დავალება. ასეთი დავალება გამოიყენება მაშინ, როდესაც ჩამოთვლილ დებულებათაგან მართებულია ერთი ან ერთზე მეტი. დავალებაში მოცემულია პირობა, შეკითხვა და რომაული ციფრებით აღნიშნული დებულებები, ან მხოლოდ შეკითხვა და რომაული ციფრებით აღნიშნული დებულებები; დებულებების შემდეგ კი მოცემულია სავარაუდო პასუხები. სავარაუდო პასუხები ამგვარად არის ფორმულირებული: ა) მხოლოდ I; ბ) მხოლოდ I და II; გ) მხოლოდ II და III; დ) მხოლოდ III. თუმცა მათი კომბინაცია შეიძლება სხვადასხვაგვარი იყოს. გამოსაცდელი ირჩევს სავარაუდო პასუხებიდან ერთ-ერთს.
დავალების ნიმუში
მე სხვანაირი ვარ… მეხუთეკლასელი ვარ. აქამდე ნამდვილ სკოლაში არ მივლია და ახლა შიშით სული კოჭებში მეპარება, ბევრს ჰგონია, სკოლაში ამ ჩემი სახის გამო არ დავდიოდი, მაგრამ არა. იმიტომ არ დავდიოდი, რომ ოპერაციებს მიკეთებდნენ. თანაც რაკი ჩემს ტოლებზე ნელა ვიზრდები და სხვა სამედიცინო საიდუმლოებებიც მჭირს, ამიტომ ბევრს ვავადმყოფობდი. რომ გითხრათ, სკოლაში სიარული მუდამ მინდოდა მეთქი, მართალი არ ვიქნები. არა, ნდომით როგორ არ მინდოდა, ოღონდ იმ პირობით, თუ სხვა ბავშვებისნაირი ვიქნებოდი.“ ჯ. პალაციო, „საოცრება“
ციტატაში წარმოდგენილი პრობლემის მსგავსი გვხვდება არაერთ სკოლაში, რაიმე ნიშნით განსხვავებულ მოსწავლეებს უჭირთ ხოლმე კლასთან ინტეგრირება.
რომელი სტრატეგიის/სტრატეგიების გამოყენებით დაეხმარება მასწავლებელი ასეთ მოსწავლეს კლასთან ინტეგრირებაში?
I. მოსწავლეს შეურჩიოს პარტნიორი, დასვას მეგობრული და კონტაქტური ბავშვის გვერდით. II. არ გაამახვილოს ყურადღება იმ პრობლემებზე, რომლებიც კლასში მოსწავლის განსხვავებულობის გამო იქმნება, აქცენტი გადაიტანოს სასწავლო პროცესზე. III. მოსწავლეს ისეთი დავალებები მისცეს, რომლებიც სოციალურ ურთიერთობებს გულისხმობს – მაგ. ინფორმაციის გადაცემას ვინმესთვის ან პირიქით – მის მოპოვებას. ა) მხოლოდ I და II ბ) მხოლოდ I და III გ) მხოლოდ II დ) მხოლოდ III სწორი პასუხია ბ.
2. შესაბამისობის დავალება შესაბამისობის დავალება მოცემულია ცხრილის სახით, რომელიც ორი სვეტისაგან შედგება. ერთ სვეტში მოცემულია დავალების პირობა (მაგ.: დებულება, მოვლენა, სიტუაცია და სხვ.), ხოლო მეორეში კი – სავარაუდო პასუხები (მაგ.: ცნებები, მიდგომები, სტრატეგიები, ავტორები და სხვ.). გამოსაცდელს ევალება სვეტებში მოცემული ინფორმაციის ერთმანეთთთან შესაბამისობა. ასეთი დავალების ამოხსნის შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ აპლიკანტმა გაითვალისწინოს: – B სვეტში მოცემული რომელიმე პასუხი შეიძლება არ შეესაბამებოდეს A სვეტში მოცემულ არც ერთ დებულებას; – B სვეტში მოცემული ერთ-ერთი პასუხი შეიძლება შეესაბამებოდეს A სვეტში მოცემულ ორ დებულებას; – ერთ-ერთ სვეტში მოცემული ჩამონათვალი შეიძლება მეტი იყოს მეორე სვეტის ჩამონათვალზე. დავალების ნიმუში:
ცხრილის A სვეტში წარმოდგენილია მასწავლებლის ქმედებები, ხოლო B სვეტში – უნარები, რომელთა განვითარებასაც ისინი ხელს უწყობს. შეუსაბამეთ ქმედება და უნარები ერთმანეთს. დავალებაში 1 ქულა იწერება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ცხრილის ყველა გრაფაში სწორად არის მითითებული პასუხი. 3. ღია დავალება ღია დავალება აფასებს სიტუაციის ანალიზის, არგუმენტაციის, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების უნარებს, აგრეთვე პრობლემის პრევენციასა ან დაძლევაზე ორიენტირებული აქტივობების აღწერასა და მათი შესაძლო შედეგების შეფასებას. ამ ტიპის დავალებას არა აქვს ერთი სწორი პასუხი, რადგან შეიძლება დავალებაში აღწერილი პრობლემა სხვადასხვა კუთხით გაანალიზდეს ან ერთი და იგივე პრობლემა განსხვავებული გზით დაიძლიოს. სწორედ ამიტომ თითოეული ღია დავალებისათვის წინასწარ არის შემუშავებული შეფასების სქემა. დავალების ნიმუში: დამრიგებელმა მშობლებს შეატყობინა, რომ კლასში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) მოსწავლე გადმოდის და აუხსნა მათ, რომ ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ამ მოსწავლეების განვითარებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციისათვის, არამედ დანარჩენი მოსწავლეებისთვისაც. – ახსენით, რა დადებითი შედეგის მომტანი შეიძლება იყოს ტიპური განვითარების მოსწავლეებისათვის სსსმ მოსწავლეებთან ერთად სწავლა? დაასაბუთეთ თქვენი პასუხი. დავალების მაქსიმალური ქულაა 3. ღია დავალების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და სქემა იმისათვის, რომ გამოსაცდელის პასუხი სრულფასოვნად, ყველა კრიტერიუმის მიხედვით გასწორდეს, ის: ➢ უნდა შეესაბამებოდეს დავალებაში მოცემულ საკითხს _ დავალების პირობა სწორად უნდა იყოს გააზრებული. ➢ არ უნდა წარმოადგენდეს დავალების პირობის პერიფრაზს. ➢ შესრულებული უნდა იყოს გასარჩევი ხელწერით.
თუ რომელიმე პირობა არ იქნება დაცული, ნაწერი შეფასდება 0 ქულით. |