21-ე სუკუნეში განათლების მზარდმა გლობალიზაციამ და ინტერნაციონალიზაციამ, ეკონომიკურმა განვითარებამ ბიძგი მისცა უნივერსიტეტებს, გადაეხედათ საკუთარი როლისთვის, რომელიც, ძირითადად, ფოკუსირებულია სწავლებასა და კვლევებზე და ეტვირთათ მესამე მისია, რაც საზოგადოების ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში მონაწილეობას გულისხმობს; ასევე, უნივერსიტეტის უანგარო ზრუნვას საზოგადოების კეთილდღეობისათვის კონკრეტული აქტივობების განხორციელებითა და ფართო თანამშრომლობას ადგილობრივ, რეგიონულ, ეროვნულ და გლობალურ დონეზე.
სწორედ ახალმა მისიამ გამოკვეთა საჭიროება, რომ უნივერსიტეტს ფართოდ გაეცნობიერებინა ახალი პასუხისმგებლობები, რაც, „უნივერსიტეტების დიდი ქარტიის“ ახალი დეკლარაციის მიღების წინაპირობა გახდა 2020 წელს. მასში ნათქვამია:
„უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვთ იმის პოტენციალი, რომ უდიდესი ცვლილებები განახორციელონ – გააუმჯობესონ სტუდენტებისა და საზოგადოების ცოდნა, უნარები და კომპეტენცია; წვლილი შეიტანონ მდგრადობის, გარემოს დაცვისა და სხვა არსებითად მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში. მათ უნდა მოამზადონ სტუდენტები – აქციონ აქტიურ, კრიტიკულად განწყობილ, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად, შესთავაზონ მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის შესაძლებლობები და ამით მხარი დაუჭირონ თითოეულს სოციალური როლის შესრულებაში. უმაღლესი განათლება იქნება მთავარი მოქმედი პირი, 2030 წლისთვის, გაერთიანებული ერების მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) თანხვედრის მიღწევაში. ჩვენ ვალდებულნი ვართ, მხარი დავუჭიროთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს საგანმანათლებლო, კვლევითი და ინოვაციური შესაძლებლობების გამოყენებაში, რათა განახორციელონ ფუნდამენტური გლობალური ამოცანები, განავითარონ რესურსები და იქცნენ იმის გარანტად, რომ ჩვენს უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემებს საკუთარი წვლილი შეაქვთ მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევაში“.
დეკლარაციაზე ხელის მომწერმა უნივერსიტეტებმა დაადასტურეს, რომ მათ აქვთ პასუხისმგებლობა, ჩართულნი იყვნენ და უპასუხონ მსოფლიოს და ადგილობრივი საზოგადოების გამოწვევებს და ხელი შეუწყონ მდგრად განვითარებას. შესაბამისად, უნივერსიტეტებს ეკისრებათ სამოქალაქო და სოციალური პასუხისმგებლობა. დაკავშირებულნი არიან რა გლობალურ განვითარებასთან, მათ აქვთ წამყვანი როლი ადგილობრივი საზოგადოებისა და ეკოსისტემის განვითარებაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების 2022-2030 წლების ერთიან ეროვნულ სტრატეგიაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ „უმაღლესი განათლების, კვლევისა და ინოვაციის სისტემისთვის ახალი გამოწვევაა „მესამე მისიის“ კონცეფციის გააზრება და დანერგვა საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის კულტურაში; მხარეებთან თანამშრომლობა, რაც წაახალისებს კვლევისა და ინოვაციის კლასტერების შექმნას, უნივერსიტეტ-ინდუსტრიის თანამშრომლობის განვითარებასა და უნივერსიტეტების „მესამე მისიის“ ამოქმედებას“.
ამ მნიშვნელოვანი გამოწვევის საპასუხოდ სახელმწიფომ ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად განსაზღვრა საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ძირითად დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება, რაც გულისხმობს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, განსაკუთრებით კი რეგიონის უნივერსიტეტების როლის ზრდას საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაში, განსხვავებული რეგიონების საჭიროებათა დაკმაყოფილებასა და შესაძლებლობათა რეალიზებაში.
საქართველოში მოქმედმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგეს მესამე მისიის გაძლიერების მიმართულებით. ამ მხრივ გამორჩეულია „ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტი „მესამე მისიის ხარისხისა და შესაბამისობის განვითარება ქართულ უნივერსიტეტებში (SQUARE)“, რომლის ფარგლებშიც, უნივერსიტეტებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეზიარებინათ ევროპული უნივერსიტეტების გამოცდილება მესამე მისიის კონტექსტში და განესაზღვრათ სტრატეგია და ის აქტივობები, რომლებიც ამ მიმართულებით შეუძლიათ დანერგონ და განახორციელონ. პროექტს უმნიშვნელოვანესი შედეგები ჰქონდა აგრეთვე უსდ-ების პერსონალის გაძლიერების მიზნით.
გამორჩეული მნიშვნელობის მატარებელი იყო ასევე „ერაზმუს+“-ის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების პროექტი „უნივერსიტეტების როლი რეგიონის განვითარებაში (RURD)“, რომლის ერთ-ერთ ძირითად მიზანს რეგიონების განვითარებაში საქართველოს რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების როლის ზრდა წარმოადგენდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მოხდა რეგიონული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მისიისა და სტრატეგიული განვითარების გეგმის მოდერნიზება, ასევე უნივერსიტეტებსა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება თითოეული რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებით.
ამასთან, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2023 წელს, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტის – საქართველო I2Q“ ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსებისათვის კონკურენტული ინოვაციის ფონდი (CIF) შეიქმნა. ფონდის მიზანია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობა აკადემიური და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინოვაციური პროექტების განხორციელებაში. CIF-ის ფარგლებში პირველი საგრანტო კონკურსი ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს შრომის ბაზრის საჭიროებებზე (მათ შორის – საქართველოს რეგიონების სპეციფიურ საჭიროებებზე) მორგებული საგანმანათლებლო პროგრამების შექმნა/განვითარება (სმარტსპეციალიზაცია, მესამე მისია და სხვ.) წარმოადგენდა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი, რითიც სახელმწიფომ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მესამე მისიის ფარგლებში, დაგეგმილი აქტივობების განხორციელების მიზნით დაფინანსება გამოყო.
სახელმწიფოს მხრიდან დაგეგმილია კონკრეტული ნაბიჯები, რათა მომავალში უნივერსიტეტის „მესამე მისია“ ამ ინსტიტუციის როლის განუყოფელი ნაწილი გახდეს. ამ მიზნით:
♦ განხორციელდება შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები. დღეისათვის საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საქმიანობისა და უფლებამოსილების ნაწილში არ ახსენებს უნივერსიტეტის მესამე მისიას. შესაბამისად, მომზადდება ცვლილება ფართო საზოგადოების ჩართულობით.
♦ გაიზრდება უნივერსიტეტების ანგარიშვალდებულება მესამე მისიის ნაწილში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტებში ინტეგრირებული იქნება უნივერსიტეტების მესამე მისიის საკითხი, როგორც დაწესებულების ინსტიტუციური შეფასების მექანიზმი.
♦ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება უნდა მოიცავდეს მესამე მისიის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს. სამინისტრო, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, მუშაობს უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელზე, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს შედეგზე ორიენტირებული დაფინანსება წარმოადგენს. შედეგზე ორიენტირებული დაფინანსების მოდელი, აკადემიურ და სამეცნიერო მიღწევებთან ერთად, გაითვალისწინებს უნივერსიტეტების მესამე მისიის მიმართულებით განხორციელებულ აქტივობებს, ხოლო უნივერსიტეტები სისტემატურად განახორციელებენ მათ მიერ განსაზღვრული მესამე მისიის აქტივობების შეფასებას.
შესაბამისად:
♦ უპირატესი მნიშვნელობა მიენიჭება უნივერსიტეტის სივრცეში დაგროვებული აკადემიური ცოდნისა და პრაქტიკის, დემოკრატიის მისიის კონტექსტში, ფართო საზოგადოებისთვის, მათ შორის, სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის გაზიარებას. უნივერსიტეტებმა, სოციალური პასუხისმგებლობისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მისიის ფარგლებში, უნდა შეიმუშაონ ისეთი პოლიტიკა და კონკრეტული ღონისძიებები, რაც გააძლიერებს სკოლებს, მოსწავლეებს (პოტენციურ სტუდენტებს), ახალგაზრდებს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის ისეთ საკითხებზე, როგორიცაა დემოკრატია, ადამიანის უფლებები, მოქალაქეობა;
♦ უნივერსიტეტებმა მრავალფეროვანი სასერტიფიკატო, უწყვეტი განათლების კურსებისა და მიკროკრედიტების შეთავაზების გზით უნდა იზრუნონ მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლასა და უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე;
♦ უნივერსიტეტები უნდა უზრუნველყოფდნენ ისეთ სერვისებს, რომელიც მიმართული იქნება სოციალური და ციფრული უთანასწორობის აღმოსაფხვრელად როგორც ახლანდელ, ისე პოტენციურ სტუდენტებში;
♦ სოციალური განზომილების მიმართულებით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სტუდენტების, არამედ პოტენციური სტუდენტების მხარდაჭერა მათი უმაღლეს განათლებაში ტრანზიციის მიზნით. ამ მხრივ, უნივერსიტეტებს გამორჩეული როლი აქვთ, მათ ევალებათ სკოლასთან მუდმივი და გრძელვადიანი პარტნიორობა, ასევე თანამშრომლობა ახალგაზრდობასთან;
♦ უნივერსიტეტებმა აქტიური საექსპერტო მონაწილეობა უნდა მიიღონ საკანონმდებლო ბაზის შემუშავებაში;
♦ აღიარებული უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორ-მასწავლებელთა და მეცნიერ-მკვლევართა ჩართულობა და წვლილი მესამე მისიის მიმართულებით. უნივერსიტეტში დაკავებული პოზიციის შესაბამისად, პერსონალის შეფასების კრიტერიუმებში ასახული უნდა იყოს მიღწევები სწავლების, კვლევისა და ინოვაციის მიმართულებით, ასევე, უნივერსიტეტის „მესამე მისიის“ პრაქტიკაში დანერგვა, წარმატებები მართვასა და ადმინისტრირებასთან მიმართებით;
♦ ცოდნისა და ტექნოლოგიის ტრანსფერის გზით უნივერსიტეტებმა ფოკუსირება უნდა მოახდინონ სამეცნიერო პროდუქტის კომერციალიზაციაზე, პატენტების, სტარტაპების განვითარებაზე; ინოვაციური მეთოდების საშუალებით, უნდა შეძლონ გავლენის მოხდენა მოქმედი კომპანიების ზრდის ტემპზე და ხელი შეუწყონ ინოვაციური სამეწარმეო რეალობის ჩამოყალიბებას, ასევე, სხვადასხვა სექტორში უნარების დეფიციტის აღმოფხვრას, რაც ითვალისწინებს უახლესი ტექნოლოგიების გავრცელებას, ადგილობრივი კომპანიებისთვის სამუშაო ძალის ოპტიმიზაციას და, შესაბამისად, მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას;
♦ მნიშვნელოვანია უსდ-ებმა გაითავისონ რეგიონის საჭიროებები და რეგიონულ განვითარებაზე პასუხისმგებლობა;
♦ უნივერსიტეტების განსაკუთრებული როლი უნდა იყოს განათლების სისტემისა და მისი მზაობის გაძლიერება საგანგებო სიტუაციებისა და კრიზისის დროს, რითიც ხელს შეუწყობს საზოგადოების მდგრადობისა და მშვიდობის შენარჩუნებას ქვეყანაში და რეგიონში;
♦ უნივერსიტეტებს შეუძლიათ გადამწყვეტი როლი შეასრულონ გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების საქმეში გენდერული მეინსტრიმინგის მიდგომების გამოყენებით;
♦ უნივერსიტეტები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართულნი კულტურულ და სოციალურ ცხოვრებაში;
♦ უნივერსიტეტების გამორჩეული როლი უნდა იყოს მეცნიერების კომუნიკაცია საზოგადოებასთან და მესამე მისიის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები არ უნდა განიხილებოდეს როგორც მეორეხარისხოვანი, არამედ როგორც ერთ-ერთი ფუნდამენტური მიზანი, რომელიც საბოლოოდ ხელს შეუწყობს კულტურულ ევოლუციას.
მომავლის უნივერსიტეტი ის ინსტიტუცია უნდა გახდეს, რომელიც შეძლებს, განათლებისა და კვლევის სინთეზის შედეგად, ცოდნისა და ტექნოლოგიების ტრანსფერს, შექმნის მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლის შესაძლებლობებს და იქნება სოციალური პასუხისმგებლობის მატარებელი. მხოლოდ ამ შემთხვევაში უპასუხებს ის თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს.
მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა