EdCamp Georgia-ს ორგანიზებით, გასულ კვირას, ბათუმში, მასწავლებელთა საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელმაც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან 300-მდე მასწავლებელი, ექსპერტი და განათლების გულშემატკივარი გააერთიანა. კონფერენციას მონაწილეები უცხოეთიდანაც ჰყავდა – გერმანიიდან მოწვეული ინკლუზიური განათლების ექსპერტი სუზენ კესლერი და სკოლამდელი განათლების მკვლევარ/ექსპერტი ეგონ როთი.
ედკემპმა წელს სკოლამდელი, სასკოლო და პროფესიული განათლების მიმართულებები მოიცვა და მთლიანად ორიენტირებული იყო ინოვაციური სწავლების გამოცდილების გაზიარებაზე.
კონფერენციის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი კახა გალდავა, EdCamp Georgia-ს შესახებ საუბრისას, ამბობს, რომ ედკემპი წარმოადგენს პასუხისმგებლიან პედაგოგთა მოძრაობას საქართველოში. პროექტის ფარგლებში, შეიქმნა სადისკუსიო პლატფორმა იმ პირებისთვის, რომელთაც პირდაპირ ეხება საგანმანათლებლო სისტემა, სწავლების სამივე ეტაპზე – სკოლამდელი, ზოგადი და უმაღლესი სასწავლო პროცესები. „ჩვენ წარმოვადგენთ დამოუკიდებელ საზოგადოებას, რომლის მიზანია, შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც პედაგოგებს, სასწავლო პროცესის გასაუმჯობესებლად, საჭირო მოტივაცია მიეცემათ, რათა შეიტანონ სიახლეები სწავლების პროცესში, გახადონ ის უფრო საინტერესო და თანმიმდევრულად, სწორად დაინახონ პედაგოგის როლი მოსწავლეების მომავლის ჩამოყალიბებაში. სადისკუსიო ფორმატი მასწავლებლებს თავიანთი იდეებისა და გამოცდილების გაზიარების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ისინი იმაღლებენ მოტივაციას და აახლებენ ინფორმაციას თანამედროვე საგანმანათლებლო ტენდენციების შესახებ. რაც ყველაზე მთავარია, საუკეთესო შედეგის მისაღებად, კონფერენციის შემდეგ, პედაგოგი შეძლებს სიახლეების დანერგვას და პრაქტიკაში გადატანას.“
რუსთავის მე-17 საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი თინათინ გაგნიძე ედკემპის კონფერენციაში მეორედ მონაწილეობს: 2022 წლის ნოემბერში – როგორც ექსპერტი, ხოლო წელს – საორგანიზაციო საბჭოს წევრი. ამბობს, რომ კონფერენცია ძალიან საინტერესო, აქტუალური და ინტერაქციულია, თავისი შინაარსიდან გამომდინარე.
„ედკემპი საუკეთესო საგანმანათლებლო ბანაკია და თვითონ სათაურიც მიგვანიშნებს მის კრეატიულობაზე. პირდაპირი გაგებით, მხოლოდ კონფერენციაც არ არის. მასწავლებლები მოდიან სხვადასხვა თემებითა და აქტივობებით, რომელიც თავიანთ პრაქტიკაში განახორციელეს. ამ ყველაფერს კი, ცოცხალი ინტერაქციით, სწრაფი წარდგენის დახმარებით, ერთგვარი რეკლამის სახით სთავაზობენ კოლეგა მსმენელებს – როგორ მიიზიდონ ისინი, რატომ არის მათი თემა საინტერესო, აქტუალური და მნიშვნელოვანი. მართლაც ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ფორმატია, აქტიური, დინამიური და სახალისო. პარალელურ რეჟიმში, სხვადასხვა ლოკაციებზე, მომხსენებლები წარადგენენ თემებს, წარდგენისას კი, შეუძლიათ გამოიყენონ სახალისო აქტივობები, რეკლამა, ბუკლეტი და უამრავი რამ, რითაც დააინტერესებენ კოლეგებს, რომ შეკრებაზე მივიდნენ.
პედაგოგები, ძირითადად, ტრადიციულ კონფერენციებს ვართ მიჩვეული, ასეთი ფორმატი კი, თავისთავად, უცხო და ახალია ჩვენთვის. გარდა იმისა, რომ კოლეგები ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარებთ, ველით უკუკავშირს, შემდეგ ბუნებრივად მოდის მათგან იდეები. ედკემპი ხელს უწყობს საინტერესო ადამიანების გაცნობა-დაახლოებას. „მიიღე რაც შეიძლება მეტი და და წაიღე რაც შეიძლება მეტი“ – ეს მთავარი ლოზუნგია. და ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც აუცილებლად გავუსვამ ხაზს, აქ წაშლილია ყოველგვარი სტატუსი. ვერ გრძნობ, რომ ვიღაცას მეტი სამსახურებრივი გამოცდილება აქვს, ვიღაცას მეტი ან ნაკლები აქტივობა აქვს განხორციელებული, ან, უბრალოდ, განსხვავებული სტატუსი აქვს. ყველა თანაბარია და აბსოლუტურად ყველას თანაბარ პირობებში გვიწევს კომუნიკაცია. შეიძლება სრულიად უცხო ადამიანთან მიხვიდე, გაესაუბრო და გახდე მისი თანამოაზრე; შეგიძლია, ერთი სესიიდან გამოხვიდე და სხვა სესიაზე შეხვიდე. აი, ასეთი მაღალი თავისუფლების განცდა და არჩევანის თავისუფლების მოცემულობაა. უკვე მეორედ ჩატარებული ედკემპის შემდეგ, ჩვენი მონაწილეებისგან იმდენად დადებითი კომენტარები და შეფასებები მოდის, რომ ნამდვილად ამაყი ვარ.
დემოკრატიულობის ხარისხი, ტოლერანტული განწყობა, ურთიერთპატივისცემა, ემპათიური დამოკიდებულება, იმის შესაძლებლობა, რომ ადამიანებმა ერთმანეთს გულწრფელად გაუზიარონ გამოცდილება – აი, ეს არის ედკემპი. ერთ-ერთმა კოლეგამ, რომელიც ჩემი სკოლიდან ესწრებოდა ამ ღონისძიებას, უკვე დანერგა სკოლაში ნინო ფსუტურის გამოცდილება.“
ედკემპის ფეისბუქგვერდზე, ეტაპობრივად, იტვირთება ვიდეორგოლები, ჩანაწერები და ფოტოკოლაჟი, მასწავლებელთა დაგროვილი გამოცდილება, საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები, რათა უფრო ფართო აუდიტორიისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმა მხოლოდ ორი წლისაა, საკმაოდ ბევრი მსურველი შემოიკრიბა. წლევანდელ ღონისძიებაზე, ერთამანეთის გამოცდილების მოსმენის გარდა, ედკემპმა ქართველ პედაგოგებს გერმანიიდან მოწვეული ექპსერტების გამოსვლების მოსმენისა და მათი პრაქტიკის გაზიარების საშუალებაც მისცა. თინათინ გაგნიძე აღნიშნავს, რომ საერთო სესიის ფორმატში, წელს, მსმენელმა შეძლო ქალბატონ სიუზან კესლერის მოსმენა, ინკლუზიურ სწავლებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. „ეს იყო საკმაოდ საინტერესო და უცხო მიგნებების გაზიარების ერთი საათი და უკმარისობის გრძნობაც კი დაგვრჩა – გვინდოდა მეტი გაგვეგო და მოგვესმინა უცხოელი ექსპერტისგან,“ – ამბობს თინათინ გაგნიძე.
ორგანიზატორების განცხადებით, ედკემპისადმი ინტერესის ზრდას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ფინანსური თანადგომაც ძალიან ბევრმა ადამიანმა გამოხატა და რომ არა ასეთი ინტერესი და გამოცდილების გაზიარების უკვე ხელშესახები შედეგები, ბუნებრივია, წლევანდელი, რიგით მეორე, კონფერენცია ასეთ მასშტაბურ სახეს ვერ მიიღებდა.
წელს სიახლე იყო ისიც, რომ დაემატა პროფესიული და სკოლამდელი განათლების მიმართულებები. კონფერენციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ქუთაისის მე-13 ბაგა-ბაღის დირექტორმა, აკ. წერეთლის უნივერსიტეტის ადრეული განათლების ტრენერმა და მოწვეულმა პედაგოგმა, მაკა აბულაძემ სწორედ სკოლამდელი აღზრდის მიმართულებაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა კონფერენციაზე სკოლამდელი დაწესებულების, სკოლისა და უმაღლესის ერთიან, უწყვეტ ჯაჭვად წარმოდგენა. „კონფერენციის მთავარ მესიჯად დავინახე ის, რომ მასწავლებელი, 21-ე საუკუნეში, უნდა იყოს ინოვატორი, ბავშვს ის უნარები და ღირებულებები უნდა განუვითაროს, რაც მას ცხოვრებაში გამოადგება და არა მხოლოდ გამოცდების ჩასაბარებლად მოამზადოს. ვფიქრობ (და ამაში, ალბათ, დანარჩენი მსმენელებიც დამეთანხმებიან), რომ საკმაოდ ბევრი სიახლე მოვისმინეთ და წამოვიღეთ კონფერენციიდან. ჩატარდა მასტერკლასები, იყო ძალიან საინტერესო მოხსენებები, პრეზენტაციები. საინტერესო და წარმატებული პრაქტიკა გაგვიზიარეს მონაწილეებმა, თუ როგორ შეიძლება ბავშვებს ასწავლო ისე, რომ სწავლა მათთვის იყოს არა ტვირთი, არამედ სასიამოვნო პროცესი და თან, გახვიდე შედეგებზე, რომელიც ეროვნული სასწავლო გეგმით გვაქვს განსაზღვრული.
წელს პირველად მივიღე მონაწილეობა ასეთ საინტერესო კონფერენციაში და ვისურვებდი, მომავალში, კიდევ უფრო მეტად იყოს წარმოდგენილი სკოლამდელი განათლების სისტემა. არაჩვეულებრივი გამოცდილება გაგვიზიარეს უცხოელმა სპიკერებმა, რომლებიც მოწვეულები იყვნენ გერმანიიდან. საინტერესო პრეზენტაციები გააკეთეს, თუ როგორ ჩავაშენოთ, რეალურად, საბავშვო ბაღებში ტექნოლოგიების სასარგებლოდ გამოყენება; გაგვიზიარეს, სკოლამდელ დაწესებულებაში თავად როგორ იყენებენ ტექნოლოგიებს, როგორ ასწავლიან კლიპების დამზადებას, სასარგებლო რესურსის, მასალის შექმნას. მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაგვიზიარეს – 21-ე საუკუნეში ციფრული ტექნოლოგიების გარეშე ხომ წარმოუდგენელია ბავშვი. მთავარი აქცენტი სწორედ იმაზე გააკეთეს, როგორ ვასწავლოთ სწორად გამოყენება – ბავშვები კი არ უნდა მიეჯაჭვონ ტექნოლოგიებს და მხოლოდ თამაშებს, არამედ მათი სასარგებლოდ გამოყენება და პროდუქტის შექმნა ისწავლონ.“
როგორია დღეს რეალური სურათი, არის თუ არა ეფექტური კომუნიკაცია სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებს შორის? მაკა აბულაძე ამბობს, რომ, ბუნებრივია, კავშირი არის, მაგრამ დიდად ეფექტური არა. „უფრო მეტი თანამშრომლობაა საჭირო ახლა, როცა ბაღები ავტორიზაციის პროცესს გავდივართ და თანდათან კიდევ უფრო მეტად ვუახლოვდებით სტანდარტს. ხელშეწყობაზე მეტად კი, სასურველია, ჩვენი – ამ ორი სისტემის – თანამშრომლობა, ედკემპმა ამის საშუალებაც მოგვცა. უკვე დავგეგმეთ, ახლო მომავალში, კონფერენციის ერთ-ერთ მონაწილე სკოლასთან მასშტაბური ღონისძიებები.
ამ კონფერენციის მიზანიც ეს იყო – უწყვეტ ჯაჭვად წარმოჩენილიყო სკოლამდელი დაწესებულების და სკოლის თანამშრომლობა. საკმაოდ სასარგებლო გამოცდილება მივიღეთ და დარწმუნებული ვარ, მომავალში, კიდევ უფრო მეტ სარგებელს მოგვიტანს. კიდევ გავიმეორებ, ძალიან ბევრი რამ ჩვენზეა დამოკიდებული – როგორ ვიმოქმედებთ და თანამშრომლობის რა ეტაპზე გადავალთ. ედკემპ-მა კი ამის ბიძგი ნამდვილად მოგვცა“.
Edcamp Georgia, როგორც უნივერსალური პლატფორმა განათლების სფეროში მიღებული გამოცდილების გასაზიარებლად, არაფორმალური ურთიერთობების საუკეთესო საშუალებად იქცა. მისი დამფუძნებლები სამომავლოდ გეგმავენ, რომ კიდევ უფრო მეტ მასწავლებელს მისცემენ საშუალებას გააზიარონ საუკეთესო პრაქტიკა ხარისხიანი განათლებისთვის.