ნიკოლოზ ფარჯანაძე
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი
სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის უმთავრესი ხედვა და მისია ეხმიანება მისწრაფებას, იყოს განათლების განვითარების ავანპოსტში და ხელი შეუწყოს საგანმანათლებლო დაწესებულებებს განათლების ხარისხის განვითარების მნიშვნელოვან პროცესში. უნდა აღინიშნოს, რომ ამ რთულ და კომპლექსურ საკითხთან მიმართებაში, აუცილებელია საერთაშორისო კონტექსტში განათლების თანამედროვე მიმართულებების შესწავლა, ანალიზი და მათი პრაქტიკაში დანერგვის გზების მოძიება. საერთაშორისო კონტექსტი არ არის თვითმიზანი, არამედ, იგი არის საუკეთესო გამოცდილების მოძიების, შესწავლისა და ქართულ რეალობასთან თავსებადი პრაქტიკის დანერგვისა და განხორციელების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რა ძირითადი მიმართულებებია უმაღლესი განათლების საერთაშორისო კონტექსტში, რადგან ხშირად, ცნება „ინტერნაციონალიზაცია“ მხოლოდ სტუდენტებისა თუ აკადემიური პერსონალის მობილობის კონტექსტში განიხილება, სინამდვილეში კი ინტერნაციონალიზაციის ცნება მოიცავს სწავლება-სწავლის, კვლევის, სასწავლო პროცესის ადმინისტრირების, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კომპლექსურ საკითხებს. უმაღლესი განათლების ევროპული გამოცდილების ანალიზი აჩვენებს ხარისხის უზრუნველყოფის ძირითად ტენდენციებს:
⇒ განათლების ხარისხის განვითარების უწყვეტობა და სისტემის მუდმივ განახლება-გაუმჯობესებაზე ორიენტირებული პოლიტიკის ხელშეწყობა;
⇒ საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა;
⇒ მეტი აქცენტი სტუდენტზე ორიენტირებული მიდგომების ხელშეწყობისკენ მიმართული საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავებასა და პრაქტიკაში რეალიზებაზე;
⇒ უმაღლესი განათლების კონტექსტში დიგიტალიზაციისა და ტექნოლოგიური განვითარების მოთხოვნების გათვალისწინება;
⇒ ონლაინ განათლების ხარისხის უზრუნველყოფა;
⇒ უნივერსიტეტების მესამე მისია და მდგრადი განვითარების მიზნების ასახვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგიურ მიდგომებსა და კვლევით სტრატეგიებში.
განათლების ხარისხის განვითარების პროცესის ადმინისტრირებისთვის, ქართული უმაღლესი განათლების კონტექსტში, შეირჩა დემინგის ციკლი (PDCA), რომელიც პროცესის უწყვეტობას, კვლევა-ანალიზის მნიშვნელობასა და მიღებული ინფორმაციის პასუხისმგებლობით გამოყენების კვალდაკვალ, სისტემის გაუმჯობესების აუცილებლობაზე აკეთებს აქცენტს. ბუნებრივია, სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიც არსებული კონცეპტუალური ჩარჩოს შესაბამისად წარმართავს განათლების ხარისხის განვითარების პროცესებსა და პროცედურებს და, წინარე არსებული ცოდნისა და ანალიზის გამოყენებით, ზრუნავს სისტემის განვითარებისკენ მიმართული ინიციატივების შემუშავებისთვის.
უპირველეს ყოვლისა, იგეგმება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტის განახლება, რაც ა) პირველ რიგში, განპირობებულია ხარისხის უზრუნველყოფის გარე მექანიზმების განვითარების ზოგადი მოტივაციითა და ბ) საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის მოდელის შემოღებითა და ყველა სახისა და საფეხურის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის აკრედიტაციის სავალდებულოდ დადგენით. შესაბამისად, სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა შეიმუშავა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის განახლებული სტანდარტების ჩარჩო-დოკუმენტი, რომლის დამტკიცება იგეგმება 2024 წელს. შემოთავაზებული ცვლილება არ შეეხება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომელთა შეფასებაც მოხდება 2024 წლის განმავლობაში ავტორიზაციის მეორე ციკლის განხორციელების პროცესში.
ავტორიზაციის სტანდარტების განახლებული რედაქციის დოკუმენტში მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება კვლევასა და განვითარებაზე, ასევე უნივერსიტეტების როლზე საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისა და საზოგადო სიკეთის შექმნის პროცესში მონაწილეობის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ უნივერსიტეტის მესამე მისიით გათვალისწინებული აქტივობების შეფასება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის სტანდარტების მიმდინარე რედაქციითაა გათვალისწინებული, ცნება „მესამე მისია“ დოკუმენტში არ არის მოხსენიებული. შესაბამისად, განახლებული რედაქციით, „მესამე მისიის“ ცნება აისახა ტექსტში და ბუნებრივია, ცნების შემოტანის კვალდაკვალ, დაკონკრეტდა მესამე მისიის კონტექსტში გათვალისწინებული საქმიანობის ტიპი და არეალი, ამ ტიპის აქტივობების შეფასების სპეციფიკა და შესაბამისი გაზომვადი ინდიკატორები. მესამე მისიის ჭრილში, მეტი ყურადღება დაეთმობა უნივერსიტეტების კვლევით საქმიანობას, კვლევის ინტერნაციონალიზაციასა და კომერციალიზაციას, სამეწარმეო აქტივობებს, ინოვაციასა და მდგრადი განვითარების მიზნებთან უნივერსიტეტების საქმიანობის თავსებადობას. განახლებული სტანდარტების შესაბამისად, უნივერსიტეტებისთვის შესაძლოა საჭირო გახდეს მისიის გადახედვის აუცილებლობა, მათი როლისა და ფუნქციის განსაზღვრა ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონტექსტთან მიმართებაში. შეფასების პროცესი მეტ აქცენტს გააკეთებს აკადემიური პერსონალის აფილირების, მათი კვლევითი საქმიანობის წახალისების და სტუდენტების სწავლისა და კვლევის პროცესში ხელშემწყობ მექანიზმებზე.
2022 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის, როგორც პროგრამების გარე შეფასების მოდელის დანერგვა და აკრედიტაციის სავალდებულოდ დადგენა ყველა საფეხურისა და სახის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებისთვის მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო, რამაც ავტორიზაციის სტანდარტების რედაქტირების აუცილებლობა განსაზღვრა. მიმდინარე ეტაპზე, ავტორიზაციის მე-3 სტანდარტი დეტალურად იკვლევს საგანმანათლებლო პროგრამის სტრუქტურასა და შინაარსს. საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის მოდელის დანერგვას თან ახლდა საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთაგან უმნიშვნელოვანესია აკრედიტაციის სავალდებულო მოთხოვნად დადგენა – 2022 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აღარ აქვთ უფლება ავტორიზაციის გზით დაიმატონ საგანმანათლებლო პროგრამები და სისტემაში არსებული ავტორიზებული პროგრამებიც მილევად რეჟიმშია. შესაბამისად, აღარ დგას აუცილებლობა, რომ ავტორიზაციის პროცესში დეტალურად იყოს განხილული საგანმანათლებლო პროგრამების სტრუქტურა და შინაარსი და, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტებს შორის გადაფარვის თავიდან აცილების მიზნით, ავტორიზაციის პროცესი ნაკლებ აქცენტს გააკეთებს საგანმანათლებლო პროგრამებზე და კონცენტრირებული იქნება ინსტიტუციური შეფასების კომპონენტებზე. სწორედ შეფასების განახლებული კონცეფციისა და ინდიკატორების გამოყენებით განხორციელდება მომავალში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია, თუმცა, როგორც აღინიშნა, აღწერილი ცვლილება არ შეეხება 2024 წლისთვის დაგეგმილ საავტორიზაციო პროცესს.
სისტემის კვლევა-ანალიზისა და გამოვლენილი საჭიროებების კვალდაკვალ, ახალი სისტემის სხვადასხვა ასპექტის განახლება-გადახალისება განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების გარე შეფასების გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა კიდევ ერთი ინიციატივა – სადოქტორო განათლების შეფასების სტანდარტები. მოცემულ ეტაპზე იგი ჩარჩო დოკუმენტის სახით არის, თუმცა ტექსტი მრავალჯერ იქნა განხილული დაინტერესებულ მხარეებთან და მიღებული უკუკავშირი გათვალისწინებულია დოკუმენტში. სადოქტორო განათლების სტანდარტების ჩარჩო დოკუმენტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს ხარისხიანი სადოქტორო პროგრამების განხორციელების არსებით ასპექტებს, როგორიცაა, მაგალითად, პროგრამაზე ჩარიცხვის პროცესი, დოქტორანტსა და ხელმძღვანელს შორის კომუნიკაცია, ხელმძღვანელის კვალიფიკაცია, სადოქტორო ნაშრომის დაცვის პროცედურა, საერთაშორისო პუბლიკაციები, საერთაშორისო თანახელმძღვანელი და სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორები. სადოქტორო განათლების სტანდარტების მიზანია, ხელი შეუწყოს სტუდენტს სასწავლო და კვლევითი კომპონენტის წარმატებით განხორციელებაში.
უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის კულტურის ხელშეწყობის მიზნით, ცენტრი მუდმივად, თანმიმდევრულად, შემუშავებული გეგმის შესაბამისად ახორციელებს ხარისხის უზრუნველყოფის სხვადასხვა პროცესის თემატურ ანალიზს. მიმდინარე ეტაპზე, მომზადდა სამ წელიწადში ერთხელ ცენტრში წარმოსადგენი თვითშეფასების ანგარიშის, როგორც ავტორიზაციის, ისე აკრედიტაციის მიმართულებით, თემატური ანალიზი. იგეგმება, კვლევის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, გადაიხედოს ცენტრში თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის სცენარი, რათა პროცესი გახდეს უფრო მოქნილი, დაიზოგოს როგორც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, ისე ცენტრის რესურსი და რაც მთავარია, თავად ეს აქტივობა გახდეს უფრო ღირებული, შინაარსიანი და შეფასების პროცესში ჩართული ორივე მხარისათვის მეტი დამატებითი ღირებულება შეიძინოს.
თანამედროვე საზოგადოების ცხოვრების ყველა ასპექტში ტექნოლოგიების ინტენსიური ინტეგრირების ფონზე, მნიშვნელოვანია აკადემიის (თუმცა, იგივე მიდგომისა და ხედვის განათლების ყველა სხვა საფეხურზე გამოყენების აუცილებლობა ერთიანი თანხმობის საგანია დღესდღეობით) მიერ ტექნოლოგიის აქტიური გამოყენება სწავლების ეფექტურ მეთოდოლოგიაში, რათა კურსდამთავრებულები აღიჭურვონ შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თავსებადი ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.
უპირველეს ყოვლისა, ტექნოლოგია იძლევა დიდი მოცულობით ცოდნასა და რესურსებზე წვდომას, რაც სწავლების ტრადიციული მიდგომებისა და თანამედროვე სწავლება-სწავლის მეთოდოლოგიის გადააზრების აუცილებლობას წარმოშობს. თანამედროვე ტექნოლოგიები სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მათთვის სასურველ დროსა და ადგილას ჰქონდეთ წვდომა ონლაინ მონაცემთა ბაზებზე, ელექტრონულ წიგნებზე, საგანმანათლებლო ვებგვერდებსა თუ სხვა სახის რესურსებზე.
ტექნოლოგიების განვითარების, ასევე, ცხოვრების რიტმის, სამუშაო რეჟიმის ცვლილებების ფონზე, მნიშვნელოვანია სწავლება-სწავლის ფორმატის გადახედვა. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, ელექტრონული სწავლების სხვადასხვა ფორმის შემუშავებისა და ადმინისტრირების აუცილებლობა დადგა საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დისტანციური და ელექტრონული სწავლების ფორმატის გადახედვა. მოცემულ ეტაპზე, საქართველოს კანონი უმაღლესი განათლების შესახებ განმარტავს სწავლება-სწავლის ამ ორ სახეს, თუმცა, კანონმდებლობით, არ არის დაშვებული სრულად ელექტრონული სწავლების სცენარი. გამონაკლისი იყო პანდემიის პერიოდი და ონლაინ სწავლების ნებართვა გაიცა საქართველოს მთავრობის მიერ, როგორც პანდემიით შექმნილი დაბრკოლებების დაძლევის მიზნით შემუშავებული დროებითი ზომა. ონლაინ სწავლების შესაბამისი კანონმდებლობის შემუშავება და ადმინისტრირება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კომპეტენციის მიღმაა, თუმცა, ცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობით, შეიმუშავა ონლაინ სწავლების კონცეფცია და შესაბამისი კანონმდებლობის დამტკიცების შემთხვევაში, გეგმავს შეიმუშაოს ონლაინ და დისტანციურ რეჟიმში განხორციელებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების გარე მექანიზმები, რომლის მიზანიც იქნება, ონლაინ განხორციელებული საგანმანათლებლო პროცესის ხარისხიანად წარმართვის სპეციფიკის შესწავლა.
სსიპ-განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის მნიშვნელოვანია ინტერნაციონალიზაციის კომპონენტი, რადგან იგი შესაძლებლობას აძლევს როგორც ცენტრს, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, შეისწავლონ წამყვანი ქვეყნების დადებითი გამოცდილება და საკუთარ კონტექსტში დანერგონ ქართულ რეალობასთან თავსებადი პრაქტიკა. ამ მიმართულებით, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო სააგენტოებთან, კვლევით თუ საგანმანათლებლო დაწესებულებებთან. უნდა აღინიშნოს, რომ ცენტრი არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელის, ENQA-ს წევრი, აღიარებულია სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის, WFME-ს მიერ, რეგისტრირებულია უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, EQAR-ში, არის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების საერთაშორისო ქსელის, INQAAHE-ს წევრი და ჩართულია მრავალ სხვა საერთაშორისო აქტივობაში. ამ მიმართულებით, ცენტრი მუდმივად ზრუნავს პროფესიული ქსელის გაფართოებისთვის. შესაბამისად, 2024 წელს, იგეგმება თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმის გაფორმება დიდი ბრიტანეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსთან (QAA). თანამშრომლობა მიზნად ისახავს სააგენტოებს შორის გამოცდილების გაზიარებას, თანამშრომლებისთვის სხვადასხვა ტიპის გადამზადების კურსების შეთავაზებას, ერთობლივი კვლევების განხორციელებას ქართული და ბრიტანული კონტექსტის კვლევის მიზნით, საქართველოში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის პერსპექტივას და ინსტიტუციური და ცალკეული თანამშრომლისთვის – ინდივიდუალური პროფესიული განვითარების შეთავაზებას. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი მუდმივად იკვლევს საერთაშორისო ხარისხის სააგენტოებთან თანამშრომლობის პერსპექტივას, იქნება ეს ხარისხის უზრუნველყოფის ზოგადი პროფილის თუ დარგობრივი პროფილის სააგენტო.
ბოლო ათწლეულის განმავლობაში, გლობალურ კონტექსტში, უმაღლესი განათლების სისტემაში განსაკუთრებული ინტენსივობით მიმდინარეობს ცვლილებები, განათლების ხარისხის ამაღლებისა და მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პროცესების მიმართ განსაკუთრებული პასუხისმგებლობის გამოჩენის მიმართულებით. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოები დიდ ყურადღებას უთმობენ სწავლის შედეგების შეფასების მექანიზმების მოქნილობასა და ეფექტიანობას, ასევე სტუდენტების მიერ დასაქმების ბაზრისათვის რელევანტური ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის აუცილებლობას. განათლების დიგიტალიზაცია ასევე მნიშვნელოვან მიმართულებად წარმოჩინდა და მას რევოლუციური ცვლილებები მოაქვს განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით, რაც შესაძლებლობას აძლევს ხარისხის სააგენტოებს, უფრო მოცულობით ინფორმაციაზე დაყრდნობით, მიიღონ ინფორმირებული და დასაბუთებული გადაწყვეტილებები. სისტემების დიგიტალიზაცია მეტად უზრუნველყოფს პროცესების ღიაობას, გამჭვირვალობასა და ობიექტურობას, რაც, თავის მხრივ, ზრდის სისტემების მიმართ ნდობას.
თანამედროვე საგანმანათლებლო კონცეფციები პრიორიტეტულ მიმართულებებად წარმოადგენენ ინკლუზიის ცნებას და ხაზს უსვამენ სტუდენტების თანასწორობას და თანაბარუფლებიანობას. განათლების ინტერნაციონალიზაციის კონტექსტში ძალზე მნიშვნელოვანია გლობალური პარტნიორობის ხელშეწყობა სხვადასხვა სტრატეგიის შესაბამისად, იქნება ეს სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მობილობა, გაცვლითი და ერთობლივი პროგრამების შემუშავება, პარტნიორობა კვლევის მიმართულებით და ა.შ. რაც მთავარია, მნიშვნელოვანი ცვლილებაა საგანმანათლებლო ფილოსოფიაში – კომპეტენციაზე დაფუძნებული განათლება. სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აანალიზებს ყველა ამ მიმართულებასა და პრიორიტეტს. ამ ანალიზის კვალდაკვალ, ცდილობს, გეგმაზომიერად და თანმიმდევრულად, შემოიტანოს ყველა ეს ტენდენცია უმაღლესი განათლების სისტემაში, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ინიციატივების სახით.