ვიდრე ამ რთული გზის შესახებ ვისაუბრებდე, პირველ რიგში, დავსვათ კითხვა — რა მიზანს ემსახურება განათლება? ყველა ადამიანს საკუთარი აზრი და პასუხი აქვს ამ კითხვაზე. მე ჩემსას შემოგთავაზებთ: სახელმწიფოს (პოლიტიკის) გადმოსახედიდან განათლების მიზანია, შექმნას ადამიანური კაპიტალი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებას; სოციუმის გადმოსახედიდან განათლების მიზანია, ჩამოაყალიბოს მზარდ და განახლებად დონეზე ორიენტირებული საზოგადოება, ხოლო ინდივიდის გადმოსახედიდან, განათლების მიზანია მისცეს ინდივიდს ცოდნა, გამოუმუშაოს უნარ-ჩვევები და ჩამოუყალიბოს ის ღირებულებები, რომლებიც აუცილებელია, რომ მან შეძლოს აქტიური სამოქალაქო ცხოვრება და, რაც მთავარია, კარიერული განვითარება.
აღწევს კი ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემა ამ მიზანს? ხარისხის განვითარების ტერმინოლოგია რომ გამოვიყენო — მხოლოდ ნაწილობრივ. ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წინა წლის შედეგებმა გვიჩვენა, რომ მხოლოდ 30% პროგრამებისა იყო იმდენად სრულყოფილი, რომ მიიღო უპირობო აკრედიტაცია, ხოლო რაც შეეხება სხვა კომპონენტებს (კვლევითი კომპონენტი, კვალიფიკაციები, უცხოეთში დიპლომების აღიარება, საგრანტო რესურსების ათვისება, კვლევების ინტერნაციონალიზაცია, სამეცნიერო წარმადობა), იყო გამოკვეთილად სუსტი. ამიტომ, ამ მიმართულებით სამუშაო ძალიან ბევრია, რადგან ჩვენი მიზანია შევქმნათ სანდო და კონკურენტუნარიანი გარემო. ვექტორი, რომელიც ამ მიზნის მისაღწევად გვაქვს აღებული, არის ევროპული. ეს არ არის სიახლე, თითქმის, 20 წელია ამ მიმართულებით ვითარდება ჩვენი ქვეყანა მეტ-ნაკლები წარმატებითა და მეტ-ნაკლები ტემპებით. ასოცირების ხელშეკრულების შემდგომ კი ცალსახაა, რომ ამ გზაზე ბევრად სწრაფად და წარმატებით უნდა ვიაროთ. სწორედ ამ მიზნის მიღწევას ისახავს ჩვენ მიერ წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა.
მოგეხსენებათ, 2018 წლიდან მოხდა ევროპული სტანდარტების ტრანსფორმაცია ჩვენს კანონმდებლობაში და დაიწყო კიდეც მათი დანერგვა. ამით, ხარისხობრივად და თვისობრივად სულ სხვა, ახალ სისტემაზე გადავედით. გვქონდა სისტემა, როდესაც ვითვლიდით მაგიდებს, მერხებს, სკამებს… ახალი სტანდარტით დავიწყეთ იმის ანალიზი, როგორ ვითარდებიან, რეალურად, უნივერსიტეტები, რამდენად მზად არიან ისინი თავიანთი მისიის შესასრულებლად.
ახალი სტანდარტები 3 ძირითად პრინციპზეა ორიენტირებული. ესაა: ანგარიშვალდებულება, ჩართულობა და უწყვეტი განვითარება. დამეთანხმებით, რაოდენობრივ მაჩვენებლებზე ორიენტირებული სისტემისთვის რთული და მტკივნეულია ესოდენ ამბიციურ სტანდარტებზე გადასვლა. ამიტომაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ორმხრივი თანამშრომლობა ამ პროცესში. უმაღლესი სასწავლებლები და ხარისხის განვითარების ცენტრი სხვადასხვა ფუნქციებს ვახორციელებთ, მაგრამ ჩვენ ერთი საერთო სამიზნე ჯგუფი გვყავს — ეს არიან სტუდენტები. ცენტრი მზადაა ამ თანამშრომლობისთვის, თავისი წილი პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ უნივერსიტეტებმაც — ეს ორმხრივი თანამშრომლობის გზაა.
მაღალი დონის სტანდარტის დანერგვის შემდეგი ნაბიჯია ურთიერთნდობის გაღრმავება და აღიარებისა და მობილობის ხელშეწყობა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. რაც იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESC) ეფექტურად დანერგვას (მისი მიზანია სწავლისა და სწავლების მაღალი ხარისხის საერთო ჩარჩოს შექმნა ეროვნულ და ინსტიტუციურ დონეზე) თავისთავად მოსდევს სწავლისა და სწავლების ხარისხის ამაღლება, რაც ავტომატურად განაპირობებს ევროპული ინსტიტუციების სანდოობის ზრდას ქართული უნივერსიტეტების მიმართ. ამიტომაა კრიტიკულად მნიშვნელოვანი განვითარებაზე ორიენტირებული სტანდარტების დანერგვა. თუმცა, ასევე მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ჩვენ მიერ გაწეული საქმიანობის და მიღწეული შედეგის შეფასება გარედან. ამ მისიას ასრულებს ENQA (უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ქსელი). სწორედ მან უნდა დაადასტუროს, რომ საქართველოში შეიქმნა და ეფექტურად ინერგება ხარისხის განვითარების ევროპული წინაპირობები. ჩვენ, ამ მხრივ, ყველა პროცედურა გავიარეთ და მარტში ველოდებით საბოლოო გადაწყვეტილებას, დიდი იმედი გვაქვს, რომ — დადებითს. გარდა ამისა, ENQA-ს სხვა უპირატესობაც აქვს — ის არის კომუნიკაციის პლატფორმა ავტორიტეტულ და გავლენიან ევროპულ ინსტიტუტებთან, რომლებიც ხარისხის განვითარების კუთხით მუშაობენ; გვექნება მუდმივი ხელმისაწვდომობა აქტუალურ და მნიშვნელოვან ინფორმაციაზე; ის იქნება საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარების ერთგვარი გარანტიც.
ახლა, რაც შეეხება სხვა ინსტიტუციებს, საითკენ გვიხსნის გზას ENQA. პირველ რიგში, ეს არის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ევროპული რეესტრი (EQAR), რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში მინიჭებული დიპლომი და კვალიფიკაცია უპრობლემოდ იქნება აღიარებული ევროპაში, გარდა იმისა, რომ ჩვენი ცენტრი აქტიურად გამოჩნდება ხარისხის განვითარების ევროპული ინსტიტუციების რუკაზე.
მეორე ორგანიზაცია, რომელში გაწევრიანებასაც ვგეგმათ, უმაღლესი განათლების აკრედიტაციის ევროპული კონსორციუმია (ECA). ეს ჩვენი საერთაშორისო კომპონენტზე, ანუ ინტერნაციონალიზმზე ორიენტირებული მიზანია, რაც ქართული უნივერსიტეტების ერთ-ერთი სუსტი ადგილია და მოიცავს სწავლისა და კვლევების მიმართულებას. ECA-ს წევრობა ნიშნავს, რომ გაქვს შესაბამისი სერტიფიკატის გაცემის უფლება, ხოლო ამ სერტიფიკატის მფლობელ უმაღლეს დაწესებულებას — საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობის უფლება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის, ინტეგრაციის კუთხით, სხვაგვარად ვერ გავცდებით ეროვნულ ფარგლებს. ამიტომაც ინტერნაციონალიზაცია სწავლებასა და კვლევებში ჩვენი მომდევნო, ორწლიანი საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
ხარისხის განვითარების ცენტრს ბუნებრივად აქვს ინკვიზიტორული ფუნქციები, მაგრამ ეს სრულებით არ გამორიცხავს მის უმთავრეს როლს მხარდაჭერისა და თანამშრომლობის კუთხით. ამის ერთ-ერთი მაგალითია განმავითარებელი შეფასებები. რას გულისხმობს ეს? ხარისხის განვითარების გარე მექანიზმები, რომელთაც ავტორიზაციისა და აკრედიტაციისთვის ვიყენებთ, თავისი ხასიათით, არის განმსაზღვრელი — ან აკმაყოფილებს სტანდარტს, ან არ აკმაყოფილებს, რასაც მოყვება შესაბამისი პრივილეგია ან სანქცია. განმავითარებელი შეფასება მხოლოდ მხარდამჭერი ხასიათის შეფასებას გულისხმობს, ანუ შეფასებას ნიშნის დაწერის გარეშე. უკვე წელს, განათლების სამინისტროს პოლიტიკური და ფინანსური მხარდაჭერით, ჩვენ შევძლებთ, რამდენიმე უნივერსიტეტს შევთავაზოთ განმავითარებელი შეფასება.
რაც შეეხება დარგობრივ მახასიათებლებს (Benchmarking). რეგულირებად პროფესიებში დარგობრივი მახასიათებლები გვაქვს. განსაკუთრებულად წარმატებული აღმოჩნდა, ამ მხრივ, მედიცინის სფერო, სადაც განვაახლეთ და სრულ შესაბამისობაში მოვიყვანეთ მსოფლიო სტანდარტთან საგანმანათლებლო დარგობრივი მახასიათებლები, გასული წლის ოქტომბრიდან კი ცენტრი გახდა სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის წევრი. იმ უნივერსიტეტების კურსდამთავრებულებს, რომლებიც მიიღებენ შესაბამის აკრედიტაციას, 2023 წლიდან, უპრობლემოდ შეეძლებათ სალიცენზიო გამოცდებზე გასვლა ამერიკისა თუ კანადის სამედიცინო უნივერსიტეტებში. ეს ძალიან დიდი მიღწევაა, მაგრამ ახალი დარგობრივი მახასიათებლები არარეგულირებად მიმართულებებშიც გვჭირდება. იმიტომ რომ, ეს არის დოკუმენტი, რომელიც საგანმანათლებლო დაწესებულებას ეხმარება პროგრამის შემუშავებაში, ხოლო ექსპერტს — ამ პროგრამის შეფასებაში. გარდა ამისა, დარგობრივ მახასიათებელს განმავითარებელი ფუნქციაც აქვს. ჩვენ ვგეგმავთ ისეთი დარგობრივი მახასიათებლების ჩამოყალიბებას, რომელიც დაეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას, მაგრამ ადაპტირებული იქნება ეროვნული კონტექსტის გათვალისწინებით. აქ სწორება გვექნება ABET-სა და tedQual-ზე, რაც გამოიცადა სან-დიეგოს უნივერსიტეტში და რაზეც დიდი მოთხოვნაა. აპრილიდან დავიწყებთ კონსულტაციებს ABET-თან და ვფიქრობ, მემორანდუმსაც გავაფორმებთ დარგობრივი მახასიათებლების დანერგვის თაობაზე. იგივეს ვიტყოდი tedQual-ზე, რომელიც ტურიზმის მსოფლიო აკადემიის პროდუქტია. ორივე შემთხვევაში, გრძელვადიან პერსპექტივაში, 4-5 წელიწადში, ჩვენი უნივერსიტეტები თავად შეძლებენ ABET-ის აკრედიტაციის თაობაზე განაცხადის გაკეთებას და სერტიფიკატის მოპოვებას.
აუცილებელია მუშაობის გაგრძელება პროცედურების ოპტიმიზაციის მიმართულებითაც. დეტალური საუბარი ამის შესახებ უნივერსიტეტებთან გვექნება, აქ, ზოგადად, ვიტყვი, რომ საჭიროა ქაღალდომანიის დაძლევა. ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ საავტორიზაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტების ერთობლიობა, ზოგჯერ, 10000 გვერდსაც კი აღწევს ხოლმე! საწყის ეტაპზე, ამ რაოდენობას 50-60%-ით მაინც შევამცირებთ.
ასევე გეგმაში გვაქვს საბჭოების დარგობრივი ნიშნით დაკომპლექტება. ეს აუცილებელია მათი კომპეტენციის ამაღლებისათვის. შესაძლოა, ცვლილება შეეხოს სააპელაციო საბჭოსაც. დამეთანხმებით, რთულია სამივე საფეხურზე ოპერირება, სწორედ დარგობრივი კომპეტენციის გათვალისწინებით. ამიტომაც ვფიქრობთ მის დაყოფას სამივე საფეხურის მიხედვით.
დასახული მიზნების მისაღწევად აუცილებელი იქნება ადამიანური და დამხმარე რესურსების გაძლიერება. ამ მიმართულებითაც ბევრი სამუშაო გვაქვს — ცენტრში შეიქმნება ხარისხის სკოლა, სადაც, პირველ რიგში, შემუშავდება მოდულები ექსპერტებისათვის და უნივერსიტეტების ხარისხის სამსახურის წარმომადგენლებისათვის. მიმდინარე წელს ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სწორედ ექსპერტების მომზადება-გადამზადება და ატესტაციის შესაბამისი სისტემის დანერგვაა. თუმცა ამით არ შემოვიფარგლებით და აქტიურად ვითანამშრომლებთ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, რომელთაც, დარწმუნებული ვარ, ექნებათ ინტერესი, მეტი ცოდნა მიიღონ ამ მიმართულებით.
დაგეგმილი გვაქვს ასევე რამდენიმე სახელმძღვანელოს შექმნა. აკრედიტაციის სახელმძღვანელოზე მუშაობა დასრულებულია და უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება. 2018 წელს მიღებულმა გამოცდილებამ საშუალება მოგვცა, შევქმნათ დამოუკიდებელი სახელმძღვანელოები ექსპერტებისთვისა და შიდა ხარისხის განვითარებაზე მომუშავე ადამიანებისთვის.
***
პრეზენტაციის დასასრულ, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა განსაკუთრებით მნიშვნელოვან იდეად მიიჩნია ხარისხის განვითარების ცენტრში ხარისხის სკოლის ამოქმედება და მისი დაფუძნებისა და განვითარების საქმეში ყოველმხრივი დახმარება აღუთქვა ცენტრს; ასევე გამორჩეულად პრიორიტეტულად დაასახელა ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეებში ინტეგრაციის საკითხი, რაზეც მუშაობის გაგრძელება უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან დაუყოვნებელი შეხვედრების დაწყებით ურჩია ცენტრის დირექტორს. „მთავარია, დავანახოთ მათ, რომ ამ გზას ალტერნატივა არ აქვს. სწავლების მაღალი ხარისხის მიღწევა და ქართული დიპლომის აღიარება, ის საკითხებია, რომლებიც, ერთობლივი ძალისხმევით, ორ წელიწადში უნდა გადაწყდეს. დარწმუნებული ვარ, ამ საინტერესო გზას კერძო თუ სახელმწიფო უნივერსიტეტები წარმატებით გაივლიან, სახელმწიფოს ყოველმხრივი დახმარებითა და მხარდაჭერით“ — განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მოამზადა ანა ფირცხალაიშვილმა