მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის წევრმა, ნინო კაპერსკიმ, კოალიცია „განათლება ყველასათვის“ ინიციატივითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, გამართა მასტერკლასი თემაზე: „სსსმ მოსწავლეთა სწავლებასთან დაკავშირებული სირთულეები და მათი მოგვარების გზები“.
მე-200 სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელს, მუშაობის 11-წლიანი გამოცდილება აქვს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ნინოს გაუჩნდა სურვილი, მასწავლებლად მაღალმთიანი სოფლის სკოლაში დაეწყო მუშაობა, რადგან ფიქრობდა, რომ იქ უფრო საჭირო იქნებოდა, ვიდრე ქალაქის რომელიმე სკოლაში. „ერთ-ერთ გაზეთში აღმოვაჩინე განცხადება, რომ ეძებდნენ ინგლისური ენის მასწავლებელს. არც დავფიქრებულვარ, ისე წავედი სვანეთში. იქ გატარებული ორი წელი ჩემთვის საოცარ მოგონებებად იქცა. შემდეგ გაჩნდა პროგრამა „ასწავლე საქართველოსთვის“ და, რა თქმა უნდა, სიამოვნებით ჩავერთე პროგრამაში. ხულოში გამანაწილეს. ძალიან მეამაყება, რომ უნებლიედ, კარგი მოდელი აღმოვჩნდი მშობლებისთვის, რომ გოგონები განათლების მისაღებად გაეშვათ (იქ გოგონების განათლების თემა ძალიან რთული საკითხია). მე რომ მხედავდნენ, ამბობდნენ, ჩვენც გვინდა, ჩვენი შვილი ნინოსავით სუფთად მივიდეს სამსახურში და ჩვენსავით ყანაში არ მოუწიოს მუშაობაო. სამი წელი ვიმუშავე და ბედნიერი ვარ, რომ პატარა წვლილი მეც შევიტანე მათ განათლებაში — მეტიც, ეს ჩემ ყველაზე დიდ მიღწევად მიმაჩნია. ერთმა ისეთმა ოჯახმა გაუშვა გოგონა სასწავლებლად, რომ მათთვისაც კი წარმოუდგენელი იყო ამ ნაბიჯის გადადგმა. დღეს ეს გოგონა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტია.“ — გვიამბობს ნინო.
ამის შემდეგ, ნინოს ცხოვრებაში ახალი გამოწვევა გაჩნდა, რომელმაც მე- 200 სკოლაში მიიყვანა. „ამ პოზიციაზე მოსვლა იმან განაპირობა, რომ ინკლუზიური განათლების დანერგვა ახალი დაწყებული იყო და ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ახალი გამოწვევა იყო სსსმ მოსწავლეებთთან მუშაობა და მათ განვითარებაზე ზრუნვა. ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება არ მქონდა, მხოლოდ ტრენინგი გავიარე. თითო სსსმ მოსწავლე ხულოშიც და სვანეთშიც მყავდა, თუმცა, რომ გითხრათ, რომ მაშინ ინკლუზიურ განათლებაზე და ამ აქტივობებზე ბევრი ინფორმაცია მქონდა მოგატყუებთ. მაგრამ ეს იყო რაღაც შინაგანი სურვილი, რომ სსსმ ბავშვები ჩამერთო სასწავლო პროცესში და ამისთვის ახალი მიდგომები მომეძებნა. ვაკვირდებოდი მათ საჭიროებებს, რა შეეძლოთ, რა დავალება მიმეცა. ეს გამოცდილება ძალიან დამეხმარა სპეცსკოლაში მუშაობისას. შემდეგ მაგისტრატურის ფარგლებში გავიარე ერთ-ერთი საგანი სსსმ მოსწავლეთა განათლების შესახებ. ახლა მუდმივ ძიებაში ვარ, თითქმის ყოველდღიურად ვკითხულობ ინფორმაციას და ვეცნობი სიახლეებს ინკლუზიურ განათლებაზე. სსსმ მოსწავლეებთან მუშაობა ძალიან ბევრ შრომასა და მოთმინებას მოითხოვს, ამასთან ერთად, აუცილებლად უნდა იყო შეუპოვარი, არ დანებდე და უკუსვლის შემთხვევაშიც კი, იგივე შემართებით, ყველაფერი თავიდან დაიწყე.“
ნინო კაპერსკი სწავლებისას მთავარ აქცენტს მოსწავლეთა ჩართულობაზე აკეთებს, რადგან მიიჩნევს, რომ, როცა კლასში ყველა მოსწავლე არ არის ჩართული სასწავლო პროცესში, პრობლემური ქცევები სწორედ მაშინ იჩენს თავს, ჩართულობა კი უნდა მოახერხო მათთვის შესაბამისი აქტივობებისა და ინტერესების გამოყენებით.
„როცა მეკითხებიან, სად სჯობს, რომ სსსმ მოსწავლემ მიიღოს განათლება — სპეცსკოლაში თუ საჯარო სკოლაში? ვპასუხობ— სპეცსკოლაში. რა თქმა უნდა, ზოგადად, მომხრე ვარ საჯარო სკოლაში სწავლების, რადგან აქ უფრო ადვილად ხდება მოსწავლის სოციალური უნარების განვითარება, მაგრამ, რეალურად, სპეცსკოლაში მასწავლებელი უკეთ მომზადებულია და ზუსტად იცის ან ხვდება რა საჭიროება აქვს კონკრეტულ მოსწავლეს, რა უნდა გააკეთოს მისი განვითარებისთვის. სამწუხაროდ, ეს იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა სათანადოდ ვერ პასუხობს გამოწვევებს — შეიძლება ვისაუბროთ როგორც კვალიფიკაციის არქონაზე, ისე შიშზეც, რომელიც საჯარო სკოლის მასწავლებლებს აქვთ.“
გამოწვევებზე საუბრისას ამბობს, რომ ყველზე დიდ წინააღმდეგობას ქმნის ის, რომ ჩვენთან სსსმ მოსწავლეთა სწავლება ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებით ხორციელდება. „შესაბამისად, ეს ბევრ ისეთ საქმესთან ასოცირდება, რასაც სარგებელი არ მოაქვს სსსმ მოსწავლისათვის. მაგალითად, დამრიგებლისთვის — სადამრიგებლო პროგრამის შედგენა და შემდგომ სადამრიგებლო საათის ჩატარება. როცა კონკრეტულ მოსწავლესთან მუშაობ და ერთი ასოს შესწავლაზე შეიძლება მთელი წელი დახარჯო, რა მიზანს უნდა მიაღწიო თვეში ერთხელ განხილული თემით? ფუჭია ამ დროს მოსწავლეების იმ საქმიანობით დაკავება, რასაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს, თუნდაც, შემაჯამებელი დავალებების ანალიზი. აბსოლუტურად ყველა დავალების ანალიზს ვახორციელებთ, რომელიც მოსწავლის პორტფოლიოში ინახება. ასევე, ხორციელდება ინდივიდუალური სასწავლო გეგმების მონიტორინგი და დეტალურად იწერება როგორ მიაღწია ან ვერ მიაღწია მოსწავლემ მიზანს.
ესგ-ს ჯგუფის ფარგლებში, ვაწყობთ შეხვედრებს და ვაანალიზებთ მიზეზებს — მიზნის ვერ მიღწევის შემთხვევაში იყო თუ არა აქტივობის პრობლემა, ან რთული მიზანი ხომ არ იყო დასახული. ამ შემთხვევაში, არაფრის მომცემია შემაჯამებელი დავალების ანალიზი, რადგან ისედაც ვიცით კონკრეტული მოსწავლის პრობლემა. უბრალოდ, ხელახლა გადაგაქვს ერთი და იგივე ინფორმაცია სხვადასხვა ფორმის დოკუმენტში. ამიტომ, მნიშვნელოვანია ჩამოგვშორდეს იმ დოკუმენტების შექმნა, რასაც სარგებელი არ მოაქვს, ისედაც ბევრი საწერი და სამუშაო გვაქვს.“
სირთულეებს აწყდება სქემის ფარგლებშიც — „გვიჭირს სტატუსის ამაღლება, რადგან არის სავალდებულო აქტივობები, რომლებსაც მასწავლებლები ვერ ვახორციელებთ და სტატუსის ამაღლებაშიც გვაფერხებს. მაგალითად, დაწყებითი საფეხურის უფროსი მასწავლებლის ერთ-ერთი სავალდებულო აქტივობა სამოდელო გაკვეთილის ჩატარებაა. სსსმ მოსწავლეებთან ძალიან რთულია სამოდელო გაკვეთილის ჩატარება, უფრო სწორად — შეუძლებელია, რადგან დაწყებით საფეხურზე მათ არ აქვთ ის უნარები განვითარებული, რაც სამოდელო გაკვეთილის ჩასატარებლადაა საჭირო. ჩვენ ასეთ ბავშვებთან ფუნქციური უნარების განვითარებაზე ვმუშაობთ. რა არის გამოსავალი? სავარაუდოდ, რთული იქნება, მაგრამ ჩვენთვის უნდა შეიქმნას სრულიად განსხვავებული სქემა, გაკვეთილის შეფასების რუბრიკებიც უნდა განსხვავდებოდეს არსებული რუბრიკებისგან. ამ სქემაში არ მოიაზრებიან სპეცმასწავლებლები, არამედ მოვიაზრებით საგნის მასწავლებლები, რომლებიც ინკლუზიური მიმართულებით ვმუშაობთ. გაკვეთილის შეფასების რუბრიკები ჩვენს საქმიანობაზე არ არის მორგებული, მაგალითად, ერთ-ერთი კრიტერიუმის აღწერილობა მთლიანად ეთმობა მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას. რასაკვირველია, ამას ვერ მოვახერხებთ. რადგან შეფასების რუბრიკის მოქნილობა არ არის შესაბამისობაში ჩვენს სპეციფიკასთან, ამ კრიტერიუმის შეფასებისას პრობლემის წინაშე დგებიან შეფასების ჯგუფებიც, არ იციან, რა ქულა დაწერონ.“
ნინო კაპერსკიმ, სსსმ მოსწავლეებთან მუშაობის 5-წლიანი გამოცდილების გაზიარებისას, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა რთული ქცევის შესახებ ისაუბრა და ამ სირთულეებთან გამკლავების ტექნიკაზე, გაკვეთილის დაგეგმვის დროს გასათვალისწინებელ დეტალებზე. განიხილა აქტივობები და რესურსები, რომლებიც უზრუნველყოფს მოსწავლეთა საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურ ჩართულობას და რთული ქცევის შემცირებას. მას 87-ვე მოსწავლისთვის შექმნილი აქვს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, ძალიან ბევრი აქტივობა დაუგროვდა, მაგრამ კოლეგებს ურჩევს, რომ წინა წელს გამოყენებული აქტივობები მომდევნო წელს ნაკლებად გამოიყენონ, რადგან სულ სხვადასხვაგვარი საჭიროება ჩნდება და მოსწავლეს მრავალფეროვნება სჭირდება — მას ერთი და იგივე აქტივობაც ბეზრდება და დავალებაც.
პრაქტიკული რჩევები კოლეგებს
* იმისათვის, რომ მოსწავლისთვის შეარჩიოთ შესაბამისი სწავლების სტრატეგია, რესურსი თუ აქტივობა, მნიშვნელოვანია ფლობდეთ ინფორმაციას მისი ინტერესების, კოგნიტური, აკადემიური, მსხვილი თუ ნატიფი მოტორული უნარების შესახებ. კონკრეტული კლასის მოსწავლეების მაგალითზე, განვიხილავ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი აღნიშნული ინფორმაციის ფლობა. მაგალითად, ერთ-ერთი აქტივობის მიზანია, მოსწავლეებმა ისწავლონ თუ როგორ არის ინგლისურად მზიანი ამინდი. აქტივობა იმ მოსწავლისათვის შევარჩიე, რომელსაც შეუძლია ყურადღების დიდხანს, დაახლოებით, 10-15 წუთი კონცენტრაცია ერთი და იმავე აქტივობაზე. მაკრატლის გამოყენება ან გამოჭრილი დეტალების დაჭერა და საჩვენებელი თითებით აღება უზრუნველყოფს მისი თითების მოქნილობის ზრდას, რისი საჭიროებაც აქვს. შემდგომ, ეს მოქნილობა შექმნის ფუნქციური უნარების განხორციელების შესაძლებლობას, როგორიც არის თასმების, ღილების შეკვრა, კალმის და ფანქრის სწორად ჭერა, ასევე დანა-ჩანგლის გამოყენება.
* თუ მოსწავლე ხშირად ამბობს უარს აქტივობის შესრულებაზე, გაითვალისწინეთ მისი ინტერესი — მაგალითად, თუ უყვარს ფერადი ქაღალდის დაჭრა და დაჭრილი ფერადი ქაღალდით გამოსახულებების შევსება; აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლეებს მზე საღებავებით შეაღებინეთ, რადგან ღებვა მის ნერვულ სისტემაზე დადებით ეფექტს ახდენს; მზის გამოსახულების ბამბით შევსება და შემდგომ მისი გუაშებით შეღებვა იმ მოსწავლეებს შესთავაზეთ, რომლებსაც გსურთ, რომ შეხებით, ხალისით აღმოაჩენინოთ ახალი ტექსტურა.
* მოსწავლეთა შესაძლებლობებისა და ინტერესების გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია. კონკრეტული მოსწავლის მაგალითზე გეტყვით, რომელიც ხშირად უარს მეუბნება აქტივობის შესრულებაზე. მისი ინტერესები რომ არ გამეთვალისწინებინა, არც თანაკლასელებს მისცემდა დავალების შესრულების შესაძლებლობას. დანარჩენები ამას გააპროტესტებდნენ და გაკვეთილზე იქნებოდა ხმაური, შეიძლება ფიზიკურადაც შეხებოდნენ ერთმანეთს. ამ ხმაურზე გამიღიზიანდებოდა აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე მოსწავლე და შეიქმნებოდა სრული ქაოსი.
* მნიშვნელოვანია, აქტივობები ყოველ 10-15 წუთში ვცვალოთ, რადგან მოსწავლეებს დიდხანს არ შეუძლიათ ერთსა და იმავე აქტივობაზე ყურადღების კონცენტრაცია. გაკვეთილის განმავლობაში თითო მოსწავლეზე დაგჭირდებათ 3 აქტივობა, თუმცა, აუცილებლად იქონიეთ მეოთხე დამატებითი აქტივობაც. მაგალითად, მოსწავლისთვის, რომელსაც უყვარს დაჭრილი ფერადი ქაღალდებით გამოსახულებების შევსება, შეიძლება ეს საინტერესო იყო წინა კვირას, მაგრამ შემდეგ კვირას არ ვიცი მოეწონება თუ არა იმავეს კეთება, ამიტომ მისი სხვა ინტერესის გათვალისწინებით, აუცილებლად გქონდეთ რეზერვში ისეთი აქტივობა, რომელიც რთული სიტუაციიდან გამოგიყვანთ.
* მხოლოდ ვიზუალური და ტაქტიური მასალა არ არის საკმარისი, საჭიროა აუდიო-ვიდეო მასალაც. სასურველია, ეს ვიდეომასალაც თავად შექმნათ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს მოსწავლეებთან ბევრი რესურსი გამოვიყენე ამინდის შესასწავლად, მაინც აღმოვჩნდი სირთულის წინაშე — როცა ვეუბნებოდი ეჩვენებინათ, რომელია ქარიანი ამინდი, სულ სხვა ამინდის ფოტოს მიჩვენებდნენ. მივხვდი, რომ გაუჭირდათ თემის აღქმა, ამიტომ შევქმენი ვიდეომასალა. ვაჩვენე რეალურად როგორ გამოიყურება სამყარო მზიანი ან ღრუბლიანი ამინდის დროს და ა.შ.
* იმისათვის, რომ ინფორმაცია იყოს ადვილად აღქმადი და ეფექტურად გადამუშავებული, მნიშვნელოვანია მისი მიწოდება მრავალფეროვანი გზების გამოყენებით, ასეთია ვიზუალური და ტაქტიური რესურსები. მაგალითად, ამინდის სწავლებისას, წვიმიანი ამინდი გახვრეტილი ჭიქით განვასახიერე, გადმოდენილი წვეთებით დავასველებინე ხელი; ქარი განვასახიერე წიგნის ზევით-ქვევით სწრაფი მოძრაობით; თოვლი რეალურს ვერ მივუახლოვე, მაგრამ შევეცადე წვრილად დაჭრილი ხელსახოცებით შემექმნა წარმოდგენა ფიფქებზე. რაც შეეხება მზიან და ღრუბლიან ამინდს, თეჯირზე გამოსახული ცა და მდელო ვაჩვენე. ცის ერთ ნაწილზე მივაწებე მზე და უკანა მხრიდან ფანრით გავანათე, ხოლო ღრუბლიანი ამინდი მივაწებე იმ ადგილას, სადაც ცაც უფრო მუქი ფერის იყო და მდელოც.
* კომპიუტერი ყველა ბავშვის საყვარელი ნივთია, მოსწონთ ისტ-ის გაკვეთილები და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, რამდენიმე აქტივობა power point-ში თამაშის სახით გადამეტანა. ერთ-ერთი აქტივობა, რომელიც მნიშვნელოვანია წერის წინმსწრები უნარების განვთარებისთვის, წყვეტილი ხაზების შეერთება ან ორი მოშორებული წერტილის სწორი ხაზით შეერთებაა. კომპიუტერული თამაშები ხელს უწყობს თვალისა და ხელის კოორდინაციის გავარჯიშებას.
* ასაწყობი ფაზლების მიზანია, ააწყონ და დაასახელონ ნივთი მათი ლექსიკური მარაგის გასამდიდრებლად. ფაზლის აწყობა ასოს გრაფიკული გამოსახულების დამახსოვრების საუკეთესო საშუალებაა. ბევრი ფაზლი არსებობს, მაგრამ უპირატესობას მაინც ჩემს შექმნილს ვანიჭებ, რადგან მორგებულია მოსწავლის სხვადასხვა საჭიროებას.
მოტივაციის სახით
მინდა მოგიყვეთ ჩვენი ერთი მოსწავლის წარმატების ამბავი, რომელსაც ინტელექტუალური განვითარების დარღვევა ჰქონდა.
6 წლის ასაკში დამოუკიდებლად მას არ შეეძლო: ფუნქციური უნარ-ჩვევები — საჭირო ოთახის გამოყენება; ჩაცმა-გახდა; ღილების, თასმების შეკვრა; აკადემიური უნარ-ჩვევები — მეტყველება არ არის განვითარებული (ბგერები ჰგავს ღმუილს); არ შეუძლია: ნახატზე მიუთითოს დასახელებული ობიექტი; არაფრის გამოსახვა; ჯღაბნის.
ახლა, 12 წლის ასაკში, მას უკვე დამოუკიდებლად შეუძლია: ფუნქციური უნარ-ჩვევები — ჭამს კოვზისა და ჩანგლის გამოყენებით; იცვამს, იკრავს თასმებს, ღილებს; აკადემიური უნარ-ჩვევები ინგლისურ ენაში — წერს ანბანის ყველა მთავრულ/არამთავრულ ასოს; კითხულობს, წერს და თარგმნის ნასწავლ სიტყვებს — ნასწავლი სიტყვებისგან შედგენილ მარტივ წინადადებებს; სვამს/პასუხობს კითხვებს მისთვის ნაცნობ თემატიკაზე. ეს ძალიან დიდი მიღწევაა და ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენზე, მასწავლებლებზეა, თითქმის, ყველაფერი დამოკიდებული. ამ გზაზე ჩვენ გვქონდა წინსვლაც და უკუსვლაც. თუმცა, უკუსვლა როცა გექნებათ ,არ დაითრგუნოთ, პირიქით, უფრო მეტი შემართებით დაიწყეთ თავიდან და მოძებნეთ სხვა, ახალი სტრატეგიები.
სიტუაციები
- მაგალითად, გაკვეთილის დაწყებიდან გარკვეული დროის შემდეგ, მოსწავლე იწყებს მის ან თანაკლასელების მერხებიდან სასკოლო ნივთების გადაყრას. ამ დროს მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რა „შეტყობინებას“ აგზავნის ის. ჩემ მაგალითზე მოსწავლემ მაგრძნობინა, რომ დიდხანს დამრჩა ყურადღების მიღმა. თუმცა, ეს პირველადი დაკვირვებით ვერ დავასკვენი. მეორე გაკვეთილზე უფრო მეტი დრო დავუთმე და ანალოგიური ქცევა აღარ განმეორებულა. შემდეგ ჯერზე, ისევ ყურადღების მიღმა დავტოვე ხანგრძლივი დროის განმავლობაში, ისევე მოიქცა.
- მოსწავლე მასწავლებლის მაგიდიდან იღებს ასაწყობ პირამიდას. მასწავლებელი მიდის მოსწავლესთან და ეუბნება „არ შეიძლება პირამიდის აღება!“ და აბრუნებს თავის ადგილას. ამ დროს მოსწავლე ხელს კრავს მერხს და აგდებს ძირს. რა უძღვის წინ ამ ტიპის ქცევას? თავი აარიდეთ სიტყვებს — „არა“, „არ შეიძლება“, რადგან ეს სიტყვები აღიქმება ისე, თითქოს, არასოდეს არ შეიძლება. ამიტომ, სჯობს უთხრათ, როდის შეიძლება.
ქცევა შეიძლება იყოს ორი ტიპის, ერთი — როდესაც მოსწავლე აკონტროლებს მას და იცის, თუ რისი მიღწევა სურს ამ ქცევი; მეორე — როდესაც ღიზიანდება მოსწავლის ნერვული სისტემა. ამ დროს, შეიძლება ძლიერად მოგიჭიროთ ხელი ხელზე, როდესაც გააშვებინებთ, შეიძლება თვითდამაზიანებელი ქცევა განახორციელოს — კბენა დაიწყოს. როგორია ამ დროს თქვენი რექაცია? მთავარია, ხმის ტონი არ აუწიოთ. არ მისცეთ არანაირი ინსტრუქციები, მითითებები, ნებისმიერ შეკითხვას კიდევ უფრო მეტი გაღიზიანებით უპასუხებს. ამ დროს ვიღებ პლასტილინს, ვაწოდებ მოსწავლეს, რომ ჩემს ნაცვლად მას მოუჭიროს ხელი. მისი შინაგანი ენერგია ახლა მთლიანად პლასტილინზე გადადის. როცა ვხედავ რომ სიმშვიდისკენ მიდის, ნელ-ნელა გადავდივართ აქტივობაზე. მაგალითად, თუ მზეს ვასწავლი, მის გამოძერწვას ვიწყებთ. ასე ვერთვებით ხელახლა სასწავლო პროცესში.
- მოსწავლე, გაკვეთილის განმავლობაში, რამდენჯერმე სვამს ერთი და იმავე კითხვას. მაგალითად — დედა მოვა? ყოველ ჯერზე ვპასუხობ და ვუხსნი, რომ აუცილებლად მოვა. თუმცა, არსებობს ერთი მარტივი გზა — კითხვის დაბრუნება. იგივე კითხვა დაუსვით მას: — დედა მოვა? ის აუცილებლად მისთვის სასურველ პასუხს გაგცემთ. ამას, დაახლოებით, 10 წამი სჭირდება. ვერ გეტყვით, რომ პრობლემა აღმოიფხვრება და აღარ გკითხავთ, მაგრამ ნაკლებ დროს დახარჯავთ ამის ახსნაში.
- როდესაც ატყობთ მოსწავლეს, რომ სურს გაკვეთილიდან გასვლა, სჯობს, თქვენ დაასწროთ და ჰკითხოთ: ხომ არ სურს გაკვეთილიდან გასვლა, დერეფანში გასეირნება. გარეთ გასვლის შემთხვევაში, უყურადღებოდ არ დატოვოთ, თვალი მიადევნეთ, რას აკეთებს.
არის შემთხვევები, როცა მოსწავლე, დავალების შესრულებისას, უეცრად რვეულს ხევს და ძირს აგდებს. ამის მიზეზი შეიძლება ის გახდეს, რომ მას ცოტა რთულ დავალებაზე გადასვლა მოუწია და ვეღარ უმკლავდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, მუდმივად დააკვირდეთ მას მუშაობის პროცესში და თუ დახმარება სჭირდება, დაეხმაროთ.
ლალი ჯელაძე