ქეთევან
აბრამიშვილი
მე მინდა იმ სანუკვარ დროში დაგაბრუნოთ, რასაც ბავშვობა ჰქვია, რაც მთელი სიცოცხლე თან გვდევს და უხილავ გავლენას ახდენს ჩვენს ცხოვრებაზე. ყველაზე საყვარელ და ახლობელ ადამიანებთან ჩვენ დიდი ხალისით სწორედ ბავშვობას ვიხსენებთ, მისი საშუალებით ვაბამთ ერთმანეთთან ურთიერთობისა და ახლობლობის ერთი შეხედვით უხილავ, მყიფე, მაგრამ ყველაზე გამძლე და მტკიცე ძაფებს.
ბავშვობის დროინდელი მოგონება ყველაზე შთამბეჭდავი, ფერადი და წარუშლელია. ბავშვობის ხანიდან მოდის ზნეობრივი კრიტერიუმების, თავდაჯერებისა თუ თავისუფლების, ოპტიმიზმის, ჯანსაღი ფსიქიკისა და ჯანმრთელობის, ასევე საკუთარ თავში დაეჭვების, კომპლექსების, ნევროზების, ენდოკრინული დაავადებისა და ბევრი ისეთი იმპულსიც, რის სათავესაც ვეძებთ და ვერ გვიპოვია. სათავე კი ჩვენივე ბავშვობაშია.
ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი რა გარემოში და როგორ იზრდება ბავშვი, რითი იკვებება.
თითოეული ჩვენგანი დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვის კვებას, დიდ დროსა და ენერგიას ხარჯავს, ეკითხება ექიმებს, გამოცდილ ადამიანებს და ეჭვიც არავის ეპარება, რომ სწორ კვებაზეა დამოკიდებული რამდენად ჯანმრთელი, ხალისიანი და ფიზიკურად ძლიერი გაიზრდება მისი შვილი.
ჩვენ ვნერვიულობთ თუ ბავშვი ცუდად ჭამს. ხანდახან ტრაგედიადაც კი იქცევა ხოლმე ეს თემა და არც თუ იშვიათად, არა მარტო მშობლების, არამედ ბავშვების ტრაგედიად… ამაზე არავინ დავობს, რომ ჯანსაღი და სწორი კვება მნიშვნელოვანია ბავშვისთვის.
ასევე, სადავო არ უნდა იყოს იმის განცხადებაც, რომ ბავშვს მშვინვიერი საკვებიც არანაკლებ ესაჭიროება. თუმცა, სულიერი პროცესები ასე აშკარად სახილველი არაა და ხშირად ძნელი გასარჩევიცაა, რას წარმოადგენს ბავშვისთვის ეს საკვები და რა ასაკს შეესაბამება. ამის გამო შეიძლება მუცელი და თავი არ ასტკივდეს, პირიქით, მოგვეჩვენოს, რომ ძალიან გაერთო და მოეწონა. სინამდვილეში კი, უდროო დროს წაკითხულმა ზღაპარმა თუ ადრეულ ასაკში ნასწავლმა ლექსმა, რითიც თავს უფრო მშობლები ვიწონებთ ხოლმე, შეიძლება ღრმა კვალი დააჩნიოს მის მყიფე ფსიქიკას, სუნთქვისა და საჭმლის მომნელებელ სისტემას, ენდოკრინულ სისტემას.
სწორედ ამ სულიერ საკვებზე მინდა გელაპარაკოთ.
ზღაპარი… მისი წარმოშობის სათავე ყოფიერების ნისლში იკარგება, მისი უხილავი ბილიკი ყოფიერების სათავეებისკენ მიიკლაკნება და კაცობრიობის ბავშვობისკენ მიგვიძღვება, – მარადიული ბავშვობისკენ, რამეთუ საკუთარი ბავშვობის მხარდამხარ არსებობს კაცობრიობის ბავშვობაც, რომელსაც ყველა ჩვენგანი გაუცნობიერებლად იმეორებს დაბადებიდან მოწიფულობამდე და ასევე გაუცნობიერებლად შორდება მას.
ზღაპარი ხატ-სახეების ენით გველაპარაკება, თითქოსდა სიტყვებით ხატავს, მაგრამ ეს არაა ნებისმიერი, საკუთარი პოეტური ფანტაზიით შექმნილი ხატები – „თითოეული ზღაპარი იგივე პატარა დრამაა, რომელიც ჩვენშივე არსებულ სცენაზე თამაშდება.“
დავფიქრებულვართ კი ოდესმე, რომ ზღაპარში აღწერილი ჯადოსნური, თვალით უხილავი სამყარო შეიძლება ის ერთადერთი რეალობა იყოს, რომელსაც თითქოს უკანმოუხედავად დავშორდით.
დიახ, წამოჩიტულმა უფლისწულმა მამაპაპეული სანახები მიატოვა და გზას გაუდგა, მაგრამ უკვე ბევრმა წყალმა ჩაიარა. ვაითუ, მარადისობის გაუკვალავ ბილიკებზე ხეტიალში უფლისწულს დაავიწყდა, რომ უფლის წულია და შინ ელოდებიან? ვაითუ, გზაც ვეღარ გაიგნოს… ეგების შინ დაბრუნების დროა!
ეს მხატვრული წიაღსვლა არაა – ყველაფერს თავისი დრო და ადგილი აქვს სამყაროში.
დროის იმპულსი გვაიძულებს, ბევრ რამეს რიდე ავხადოთ, მაგრამ არა გაუცნობიერებლად, არამედ ცნობიერად. დრო დადგა, რადგან ჩვენი რთული და ინფორმაციითა თუ ემოციებით დატვირთული საუკუნე ცივი, პრაგმატული, რკინისებური მარწუხებით ძალიან ავბედითად შეეხო ზნეობრივ კრიტერიუმებს, ახალგაზრდების ფსიქიკას, ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობას.
სწორედ იმიტომ, რომ ადამიანის ცნობიერი განუწყვეტლივ იცვლება, ბავშვი უნდა ვკვებოთ იმ უცვლელი საკვებით, რასაც ზღაპარი გვაძლევს, რაც შემდეგში, ცხოვრების რთული და მოულოდნელობებით აღსავსე გზაზე, მის ფსიქიკასა და ქვეცნობიერს მიაწვდის ჯანსაღ და მართებულ ხატებს.
ბავშვს, რომელსაც ადრეულ ასაკში დააკლდა ზღაპრის ხატებში კოდირებული სიბრძნე, საკუთარ თავში დაეჭვებული, მერყევი და მშიშარაა – ეშინია სიბნელის, ქარის, წვიმის, ბუნებრივი მოვლენების, ალეგორიული ხატ-სახეების, რომელსაც პირდაპირ აღიქვამს. ეს იმას ნიშნავს, რომ მის ქვეცნობიერში ნაკლებად დევს ხატ-სახეებით აზროვნება, ის სიბრძნე და გარკვეულობა, რაც ზღაპრულ ხატ-სახეშია მოცემული და შემდეგ სწორ ორიენტირს აძლევს ცხოვრების კრიტიკულ მომენტებში.
შეიძლება დროის იმპულსის ბრალია ის დამოკიდებულებაც, რამაც ამ ბოლო დროს ზღაპრებთან მიმართებით იჩინა თავი არა მარტო ზღაპრების გაუცნობიერებელი ადაპტაციით, ასევე გაუცნობიერებელი წუხილით, რომ ზღაპარს სტრესისა და დაშინების გარდა არაფერი მოაქვს ბავშვებისთვის. ბევრს გაუჩნდა ზღაპრის ხატ-სახეების, ფაბულის მიმდინარეობისა თუ ფინალის შეცვლის მოთხოვნილება. ერთი შეხედვით, მართლაც იოლია ზღაპრის გადაკეთება, ხომ არსებობს ლიტერატურული ზღაპარი და რა მოხდება თუ წითელქუდას, ვთქვათ, მწვანე ქუდი ექნება ან ცხრათავიანი დევი შეგვებრალება მზეჭაბუკის ხელში.
არადა, რამდენ ზღაპარში მეორდება, თავად რომ შეებრალება ზღაპრის გმირს და მეცხრე თავს არ აჭრის… შემდეგ კი ნანობს, რადგან ბოროტება ჭკვიანია, შენს გულმოწყალებაზე კი თამაშობს, მაგრამ თავად არ იცის რა არის სიყვარული და დანდობა… დევებთან ბრძოლა და მეცხრე თავის მოჭრა კი, რაც კაცობრიობის ყრმობის ხანაში გადაიტანეს მზეჭაბუკებმა, ახლა საკუთარ თავში ბოროტების, ავი ზრახვის დამარცხებასა და უკომპრომისობას ემსახურება.
მოზრდილი ადამიანის ინტელექტი ხშირად ვერ სწვდება ზღაპრული ხატ-სახის ჭეშმარიტ არსს, ბავშვის გული კი სწორად აღიქვამს, თუ მოზრდილმა არ „შეუსწორა“ და არ აიძულა ჯერ კიდევ უმწიფარი ინტელექტით განსაჯოს.
კაცთა წინაპარი მართლა რომ არ მორეოდა დედამიწაზე, ფიზიკურ თუ მშვინვიერ დონეზე, რეალურად გამეფებულ გოლიათურ, უხეშ ძალას, არ გამოეწრთო ნება და ვაჟკაცობა, ეგების დღევანდელი დღეც არ ყოფილიყო… ამიტომ შემორჩა მათი საგმირო საქმენი ზღაპრებს და მითებს. დღესაც რამდენი მითია შემორჩენილი ფშავ-ხევსურეთში დევებისა და მათთან მებრძოლი ღვთისშვილების თაობაზე. ეს ზღაპარი არაა, რეალობაა.
საკუთარ თავში ჩაკეტილ ინტელექტს კი მხოლოდ საკუთარი თვალით ნანახი ჰგონია ხოლმე რეალობა. ესეც დროის იმპულსია, მაგრამ მართებულად უნდა დანახვა და რეალიზაცია, რომ დრო კი არ „მოგვერიოს“, თავად ვიყოთ იმ იმპულსთა განმსაზღვრელი, რაც დროს მოსდევს.
თუ ბავშვობისა და ყრმობის ასაკში ბავშვის გულსა და გონებაში ზღაპრის სინათლის სხივმა არ შეაღწია, გაუცნობიერებელ ინტელექტს, გაცნობიერებული სიყვარულის ნაცვლად, გულის აჩუყება და სიკეთისა და ბოროტების სწორი გაგების ნაცვლად კი, მათი შებრუნებული ხატები შერჩება ხელთ.
„ზღაპარი გვიჩვენებს იმ ხიფათსა და განსაცდელს, რაც გმირმა უნდა გადაიტანოს და ასევე გვიჩვენებს ადამიანის პიროვნებისაკენ მიმავალ გზაზე მიღწეულ საფეხურებს“ (FRIEDEL LENZ, BILDSPRACHE DER MLRCNEN, 1997:14).
არსებობდა კაცობრიობის განვითარების გზაზე დრო, როცა ადამიანი ჯერ კიდევ ძალიან შორს იყო საკუთარი პიროვნული მე-ს განცდისგან და სიტყვა „მე ვარ“, ასე იოლად და ყოველ ნაბიჯზე რომ ისმის დღეს, მხოლოდ კაცობრიობის მაშინდელ მასწავლებელთა, ქურუმთა წრეში ითქმებოდა.
„მე ვარ“ – ვარსებობ, შემოვედი დროისა და სივრცის აწ მყო-ში და სანამ იარსებებს დრო-ჟამი და სიცოცხლე, ვიარსებებ მეც, როგორც განუწყვეტელი ქმნადობის, მუდმივი შემოქმედების პროცესი.
ამ კუთხით „მე ვარ“ მოიცავს დროის სამივე ასპექტს.
ზღაპარი წარმოადგენს მე ვარ-ის გზას. უკეთ რომ ვთქვათ, ადამიანის მე ვარ-ად ქცევის გზას: რა ასტრალური ხედვები ჰქონდა ამ გზაზე, რა გაიარა, რა მოიშორა და საბოლოოდ, ჯგუფური სამშვინველის, ჯგუფური აზროვნების არსებიდან როგორ ჩამოყალიბდა მე ცნობიერის, პიროვნული იმპულსის მქონე არსებად.
ადამიანი კვლავაც გადის ამ პროცესს.
მაშინ რატომ არ გრძელდება ზღაპარი?
იმიტომ, რომ ადამიანი გაიზარდა, აღარა აქვს იმაგინაციური ხედვა და ჯგუფური სამშვინველი. ზღაპარი ძველებურად აღარ იქმნება, მაგრამ, როგორც კაცობრიობის მასწავლებელი, სხვა იმპულსითა და სხვა სახით, კვლავ განაგრძობს სიცოცხლეს.
სწორედ ამიტომაა აუცილებელი ბავშვობაში ზღაპრის განუმეორებელი ხატების მიწოდება.