ერმალო ლანჩავა
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგია-ფილოსოფიის დეპარტამენტის სპეციალისტი, ფსიქოლოგი
ლია გოგოხია
ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მენტორი
წირვის შემდეგ მღვდელმა გამოაცხადა: შემდეგ კვირას სიცრუეზე ვისაუბრებთ. უფრო ადვილად რომ შეიმეცნოთ ჩემი ქადაგება, შინ მარკოზის „სახარების“ მეჩვიდმეტე თავი წაიკითხეთო. კვირის თავზე მღვდელმა ქადაგების წინ გამოაცხადა: ვინც მეჩვიდმეტე თავი წაიკითხა, ხელი ასწიოსო. თითქმის ყველამ ასწია ხელი. — სწორედ ამიტომ მინდოდა თქვენთან სიცრუეზე მესაუბრა, — თქვა მღვდელმა, — მარკოზის „სახარებაში“ მეჩვიდმეტე თავი საერთოდ არ არსებობს.
როგორც ვხედავთ, თავად მღვდელსაც კი დასჭირდა ტყუილის თქმა სიმართლის დასადგენად.
რატომ იტყუებიან მოზარდები? რა არის მათი მხრიდან ტყუილის თქმის მოტივი? რა დგას კონკრეტული ტყუილის უკან? ზოგ შემთხვევაში, იოლი მისახვედრია, თუ რას ემსახურება ტყუილი მოცემულ სიტუაციაში, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც სხვებისთვის გაუგებარია, თუ რატომ ამბობს ბავშვი ტყუილს. დიდ როლს თამაშობს ბავშვური ფანტაზია და წარმოსახვა. მათ უჭირთ საკუთარი ფანტაზიის ნაყოფის გამიჯვნა რეალობისაგან. განვითარების კვალდაკვალ, ბავშვი თანდათან უნდა ჩასწვდეს ტყუილისა და სიმართლის ცნებას. ტყუილების უმრავლესობა როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში ემსახურება საკუთარი თავისთვის სარგებლობის მოტანის მიზანს, სასურველის მიღწევას ან არასასურველის თავიდან აცილებას (მაგალითად, მოსწავლე მშობელს ატყუებს, რომ გაკვეთილები უკვე იმეცადინა, რათა მიიღოს ნებართვა კომპიუტერზე სათამაშოდ; მოსწავლე იტყუება, რომ თავი სტკივა, რათა თავიდან აიცილოს გაკვეთილებზე ჯდომა; ბავშვი იტყუება, რომ ლარნაკი გატეხა მისმა პატარა დამ, რათა თავიდან აიცილოს დასჯა მშობლის მხრიდან), თუმცა არსებობს ტყუილის სხვა ტიპიც, რომელიც მიმართულია სხვა ადამიანის კეთილდღეობაზე. მაგალითად, ასეთი ტყუილის თქმა არის იმის მცდელობა, რომ თავიდან აიცილოს სხვა ადამიანის გულისტკენა, წყენინება (მაგალითად, ბავშვი მამას ეუბნება, რომ მოეწონა მის მიერ ნაჩუქარი სათამაშო, მიუხედავად იმისა, რომ მას სხვანაირი უნდოდა). მსგავსი კატეგორიის ტყუილები ადრეული ასაკიდან იჩენს თავს და ადამიანი ხშირად იყენებს მთელი ცხოვრების განმავლობაში. ბავშვი არ იბადება მორალური კოდით, მან უნდა აითვისოს სოციალური წესები, რაშიც მთავარ როლს გარემო ასრულებს. შესაბამისად, მშობლებს ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ ბავშვების მხრიდან ტყუილების თქმის მინიმუმამდე დაყვანის მიმართულებითაც. აუცილებლად უნდა დადგინდეს ტყუილის თქმის მოტივი — იმის განსაზღვრა, თუ რას ემსახურება კონკრეტული ტყუილი:
- სხვის სიამოვნებას, სხვისი წყენინების თავიდან აცილებას;
- სხვის დაცვას;
- მისთვის სასურველი რამის მიღებას;
- ყურადღების მოპოვებას;
- გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენას;
- პრობლემის მოგვარებას;
- დასჯის თავიდან აცილებას;
- კამათის, ჩხუბის, უთანხმოების თავიდან აცილებას;
- დაბალი თვითშეფასების კომპენსაციას;
- ძალაუფლების მოპოვებას;
- რთული დავალების ან არასასურველი რაიმეს თავიდან აცილებას.
როგორ ვიგრძნოთ, რომ გვატყუებენ, თუ დამაჯერებელი მატყუარაა ჩვენ წინ? ალან და ბარბარა პიზები, თავიანთ წიგნში „სხეულის ენა“, ამ საკითხზე საუბრობენ და გვეუბნებიან, რომ შესაძლოა ადამიანმა გააკონტროლოს ჟესტიკულაცია, რომელიც გასცემს მას, თუმცა, ეს საკმაოდ რთულია და მხოლოდ იმ ადამიანებს გამოსდით, რომლებიც დიდი ხნის დახელოვნებულნი არიან ამ საქმეში, მაგალითად, პოლიტიკოსები, ადვოკატები, მსახიობები. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ მაშინაც კი, როდესაც ვცდილობთ ჟესტები არ გამოვიყენოთ საუბრისას, ჩვენი ორგანიზმი მიკროსიგნალებს გამოსცემს, მაგრამ ამის შემჩნევა ძნელდება, რადგან წამიერად ხდება. ალბათ ფიქრობთ, რომ ადამიანი, რომელიც ნერვიულობს და თვალს ვერ გისწორებთ, ტყუილს ამბობს. თუმცა, ჰარვარდის ბიზნეს სკოლის პროფესორის, ემი კადის აზრით, მატყუარის ამოსაცნობი ერთი კონკრეტული არავერბალური ქცევა არ არსებობს. ფსიქოლოგი მატყუარის ამოცნობის საუკეთესო გზად არა ერთ რომელიმე ქცევაზე, არამედ კომუნიკაციის დროს გამოვლენილ სხვადასხვა სახის შეუსაბამობებზე დაკვირვებას ასახელებს, მათ შორისაა: სახის გამომეტყველება, სხეულის მდგომარეობა და მეტყველება. „ტყუილის თქმა რთული საქმეა, — ამბობს კადი, — ჩვენ ვამბობთ ერთ ამბავს და ვმალავთ მეორეს. ამას ფსიქოლოგიური ფაქტორიც ემატება, რადგან თავს დამნაშავეებად მივიჩნევთ. ჩვენ არ გვაქვს საკმარისი გონებრივი შესაძლებლობა იმისთვის, რომ ყველა ეს ფაქტორი დავმალოთ“. ფსიქოლოგის აზრით, მატყუარის ამოსაცნობად საუკეთესო გზა მის ნათქვამსა და მოქმედებას შორის არსებულ განსხვავებაზე დაკვირვებაა. აღელვებული სახით, მაგრამ მხიარული ხმის ტონით საუბარი ემოციების კონფლიქტის კარგი მაგალითია. სამწუხაროდ, ადამიანებს ძალიან უჭირთ ტყუილის ამოცნობა. ისინი, დაკვირვების შედეგად, მატყუარას ოდნავ უკეთესად აიდენტიფიცირებენ, ვიდრე ის, ვინც უბრალოდ ხვდება, რომ ატყუებენ. მთავარი პრობლემა ისაა, რომ ჩვენ უფრო მეტად ადამიანის საუბარს ვაქცევთ ყურადღებას და არა მის ქმედებებს. ემი კადი ჰარვარდის ფსიქოლოგის, ნენსი ეთქოფის კვლევას ციტირებს და ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებსაც ენის აღქმის უნარის დარღვევა აწუხებთ, უფრო კარგად შეუძლიათ მატყუარის ამოცნობა, ვიდრე მათ, ვისაც დარღვევა არ აღენიშნებათ: „როდესაც ჩვენ შეგნებულად ვეძებთ ტყუილის ან სიმართლის გამომხატველ ნიშნებს, მეტ ყურადღებას ადამიანის საუბარს ვაქცევთ და არა არავერბალურ ქცევებს, — აცხადებს კადი, — სიმართლე ქმედებებით უფრო ვლინდება, ვიდრე სიტყვების მეშვეობით“.
ეს, რაც შეეხება რეალურ სამყაროს, რა ხდება ლიტერატურაში, რას სწავლობენ, რა ლიტერატურას ეცნობიან ჩვენი მოზარდები?
შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსნის“ პერსონაჟმა, ავთანდილმა მეფეს დაუტოვა ანდერძი, რომელშიც ცდილობდა დაემტკიცებინა თავისი სიმართლე და წასვლის აუცილებლობა. იგი გვასწავლის, რომ მეგობარი გასაჭირში არ უნდა მივატოვოთ. ავთანდილი მეფის მორჩილია, თუმცა ამ შემთხვევაში მას სხვა გზა აღარ დარჩა, იგი დაუკითხავად უნდა გაიპაროს, რადგან „სიცრუე და ორპირობა, ავნებს ხორცსა მერმე სულსა“. რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანმა კეთილი საქმეები უნდა აკეთოს ხორციელ ცხოვრებაში, მისმა სულმა რომ მშვიდად განისვენოს სასუფეველში. ავთანდილი არ იქცევა უღირსად. იგი მეგობრისთვის მიცემულ სიტყვას არ არღვევს და მოღალატე და მატყუარა კაცს გმობს. აკაკი ბაქრაძე შენიშნავს, რომ „ვეფხისტყაოსნის“ მთელი სიბრძნე ავთანდილის პირით არის გაცხადებული, მაგრამ, როგორც მას რუსთაველი უწოდებს, „ბუნებაზეარსი“ ავთანდილი არც ტყუილის თქმას ერიდება, საჭიროების შემთხვევაში, არც — ადამიანის თვალთვალს, არც — თვალთმაქცობასა და — თვით სატრფოს ღალატსაც კი, და თუ მკითხველი მას პოემის ბოლომდე მაინც მოწონებითა და ემოციური მხარდაჭერით ადევნებს თვალს, ეს იმიტომ, რომ მის კონკრეტულ საქციელს გამართლება აქვს. იმ მიზანს, რომელიც ავთანდილმა დაისახა (ნესტანის პოვნა), ერთი უზენაესი მიზეზი და საფუძველი აქვს, ეს არის — სიყვარული! ხოლო ამ სიყვარულმა, რომელიც მავანის ახირების გამო უსამართლობის მსხვერპლი შეიქნა, ყველა შემთხვევაში უნდა მოიპოვოს გამარჯვება, გამარჯვების დღესასწაულამდე კი სწორედ ავთანდილის პრაქტიკული ჭკუისა და ღვთაებრივი სიბრძნის წყალობით უნდა მიაღწიოს. სიყვარულისათვის ყველა გზა და ხერხი გამართლებულია. სწორედ ამას ქადაგებს „ვეფხისტყაოსანი“ და მკითხველსაც იმიტომ არ უნელდება გრძნობა ავთანდილისადმი ოდნავადაც კი, პირიქით, მის მიერ ჩადენილი ქმედება გმირობად და ვაჟკაცობად ესახება.
ტყუილია თათქარიძეობის არსებობის პრინციპიც. ტყუილზე აგებული არსებობა, პირფერობა და ფარისევლობა, თვალთმაქცობა — ყველა ეს მანკიერი თვისება, ილიას მოთხრობაზე დაყრდნობით, საერთო ეროვნულ მანკიერებად მიაჩნია აკაკი ბაქრაძეს და არა კონკრეტულად გაბატონებული კლასის თვისებად. ზემოჩამოთვლილი ყოველი მანკიერი თვისების საილუსტრაციოდ, აკაკი ბაქრაძე იმ ეპიზოდებს მოიხმობს, რომლებიც თანაბრად წარმოაჩენს როგორც მებატონეთა (ლუარსაბი, დარეჯანი, დავითი, ელისაბედი თუ მოსე გრძელიძე), ისე გლეხობის (ლამაზისეული, მოურავი დათო, გლეხის ქალი ბაბალე, სუტკნეინა, მკითხავი) სულიერსა და ფიზიკურ მანკიერებას. რაც მთავარია, აკაკი ბაქრაძის ნარკვევი „კაცია-ადამიანის?!“ შესახებ — „არაფრობის უარყოფა“ — არ არის მხოლოდ გარდასული ეპოქის ლიტერატურული ქმნილების განხილვა და ანალიზი. იგი მკითხველს მიანიშნებს, რომ ილიას მოთხრობა ყველა დროში ინარჩუნებს აქტუალობას. მისი მეშვეობით თვითონაც აქტუალურ შინაარსს გამოხატავს. კლასიკურ მოთხრობაზე დაყრდნობით, ის თავის თანამედროვეობასაც მოუწოდებს ერის სულში ჩაბუდებული მანკიერების დაძლევისაკენ. ეს აკაკი ბაქრაძის სტილია, მისი, როგორც ლიტერატურათმცოდნისა და კრიტიკოსის თვისება, რომლის წყალობით მკვლევარი ყველა დროში ისევე აქტუალური რჩება, როგორც ის ნაწარმოები, რომლის მეშვეობით ის საკუთარ აზრს, შეხედულებას, პოზიციას გადმოგვცემს. „სიზარმაცე არ არის ერთფეროვანი მოვლენა. იგი მრავალსახიანია. სიზარმაცის ნაირსახეობა ცრუსაქმიანობა, ცრუაქტიურობაა. ამაში ლუარსაბის თანამეცხედრეს, დარეჯანს, ტოლი არა ჰყავს. ეს ქალი ხშირად ტყუილუბრალოდ გამოვარდებოდა, მოსამსახურეებს დააწიოკებდა. აქაოდა საქმეს ვაკეთებ, დღე და ღამე ჯარასავით ვტრიალებ, უქმად კაციშვილი ვერ მნახავსო“. აკაკი ბაქრაძე თათქარიძეობის კიდევ ორ თვისებაზე: ტყუილსა და პირფერობაზე ამახვილებს ყურადღებას. თათქარიძეებს რაიმე აუცილებლობა ან შემთხვევითობა არ აიძულებს, რომ იცრუონ. ტყუილია მათი არსებობის პრინციპი. თუ კარგად დავაკვირდებით მოთხრობის სიუჟეტს, იტყუება ყველა: ცრუობს ლუარსაბი, დარეჯანი, ელისაბედი, დავითი, მოსე გრძელიძე, მოურავი დათო, ცრუობენ მკითხავი და სუტკნეინა, ცრუობს გლეხის ქალი ბაბალე, რომლის სახეც სულ ორიოდე წუთით გაიელვებს ნაწარმოების სიუჟეტში, თუმც ამ პასაჟით ილია მკვეთრად გვიხატავს კიდევ ერთი ცრუ და მატყუარა, თვალთმაქცი და პირფერი ადამიანის სახეს. უნებლიეთ იბადება კითხვა — სიზარმაცის, ცრუსაქმიანობის, ტყუილის, თვითკმაყოფილების, კვეხნისა და პირფერობის ატმოსფეროში რა უნდა აკეთოს ადამიანმა? ჭამოს. სხვა აღარაფერი დარჩენია მათ და ლუარსაბიცა და დარეჯანიც ჭამენ. თათქარიძეთა ცხოვრების თვალნათელი სურათის წარმოდგენის შემდეგ რა უნდა მოჰყვეს ასეთ ცხოვრებას, როგორ უნდა გაგრძელდეს იგი? პასუხი ცალსახაა: „ილია მკაფიო პასუხს იძლევა — სრული უნაყოფობაა ასეთი ცხოვრების დასასრული. რამდენი არ იწვალეს ლუარსაბმა და დარეჯანმა, რამდენი არ ილოცეს, როგორ არ შეაწუხეს ღმერთი, მკითხავსაც კი დაუჯერეს და თელეთის ხატიც მოილოცეს, მაგრამ არ იქნა და არა: არ შეეძინა ლუარსაბს შვილი. ილიას მოთხრობაში ლუარსაბისა და დარეჯანის შვილიერების ხაზს ალეგორიული შინაარსი აქვს. ეს უნაყოფობა ყოველგვარ უნაყოფობას გულისხმობს. ამიტომაც არ გააჩნია ცოლ-ქმარს არავითარი ნიჭი. ერთადერთი, რაც მათ შეუძლიათ, ჭამა და ძილია. არც აკეთებენ სხვას არაფერს“.
ასევე არიან დავით კლდიაშვილის სხვა პერსონაჟებიც. არაფერი გააჩნია დარისპან ქარსიძეს, მაგრამ პელაგია საბელაშვილს მაინც ატყუებს („დარისპანის გასაჭირი“); ეკვირინე ქამუშაძეც ტყუილით ცდილობს ანუგეშოს რძალი. გაპარტახებული ოჯახი დოვლათითა და ბარაქით სავსედ წარმოუდგინოს („ქამუშაძის გაჭირვება“). ტყუილი სპობს თავმოყვარეობას. დავით კლდიაშვილის შემოქმედების ერთ-ერთი ძირითადი პერსონაჟია თავმოყვარეობადაკარგული, ამპარტავანი კაცი. ამპარტავნობა და უთავმოყვარეობა სწრაფად ენაცვლება ერთმანეთს. საკმარისია ტყუილის კოშკი დაინგრეს, რომ ისინი მაშინვე სასოწარკვეთილებას ეძლევიან: „ნისლივით ქრება ორივე: ამპარტავნებაც და თავმოყვარეობაც“. როცა სოლომან მორბელაძე გააცუცურაკეს და ურცხვად მოატყუეს (სამაშვლო არ გადაუხადეს), ტრაბახა, გულზვიად, ამპარტავან აზნაურიდან უცბად გადაიქცა საცოდავ, მშიერ, შესაბრალის კაცად.
ასე რომ, ტყუილი ადამიანს გაჩენის დღიდან, უფრო სწორად, პირველი ცოდვის ჩადენის დღიდან დაებედა. მაცდურმა ევა მოატყუა, ევამ — ადამი. მერე ორივემ, ერთად თუ ცალ-ცალკე, უფლის მოტყუებაც სცადა… ასე მოვდივართ მას შემდეგ ტყუილ-ტყუილით და ლამის ეს მეორე ბუნებად გვექცეს. ადამიანთა უმრავლესობა დღეში ერთხელ მაინც ცრუობს. ათ წუთზე ხანგრძლივი საუბრების მეხუთედი ერთ-ერთი ან ორივე მხარის ტყუილით მთავრდება. პირისპირ შეხვედრის დროსაც, სამიდან ერთ შემთხვევაში, მიზეზს ვპოულობთ, რომ მხოლოდ სიმართლე არ ვთქვათ.
სხვათა შორის, რა უცნაურიც უნდა მოგეჩვენოთ, ფსიქოლოგები ტყუილს ბოლო დრომდე თითქმის არ აქცევდნენ ყურადღებას. ფროიდს სიცრუის შესახებ თითქმის არაფერი დაუწერია, მეოთხედი საუკუნის წინ გამოსულ 1500-გვერდიან „ფსიქოლოგიის ენციკლოპედიაში“ კი ტყუილისთვის სულ ორიოდე აბზაცი გამოიმეტეს. სამაგიეროდ, ბოლო ხანს შეცდომის გამოსწორებას ბეჯითად ცდილობენ და… უფრო და უფრო რთული ფენომენი რჩებათ ხელში. რა უნდა გაითვალისწინოს მშობელმა, როცა მოზარდი აწყდება ტყუილს ყოველ ნაბიჯზე, რეალურ ცხოვრებასა და ლიტერატურაში? მხატვრული ლიტერატურის ტყუილი არაა საშიში, საშიში რეალური ტყუილია, ამიტომ მშობელი უნდა ეცადოს, მეტისმეტად მწვავე რეაქციით არ შეხვდეს ტყუილს. კვლევები აჩვენებს, რომ მკაცრი დასჯით ვერ აღმოიფხვრება ბავშვების მხრიდან ტყუილების თქმა. უპირველეს ყოვლისა, უმჯობესია, მშობელი დაფიქრდეს და ბავშვთან ერთად მშვიდი კომუნიკაციით შეეცადოს ტყუილის მოტივის გამოვლენას, გაითვალისწინოს ბავშვის ასაკის, განვითარებისა და ტყუილის გაცნობიერების დონე, დაანახოს მას ტყუილის გარეშე პრობლემის მოგვარების გზები. უპირველესი „ფორმულა“ არის თავად იყოთ გულწრფელი ბავშვთან. გამოიჩინეთ მეგობრულობა და ეცადეთ, გახდეთ მისი თანატოლი, როდესაც ის ისეთ საკითხებზე იწყებს საუბარს, რომელზე საუბარი არც ისე მარტივია მისთვის. იქნება ეს დაშვებული შეცდომის აღიარება თუ სხვა. ჩაუნერგეთ ბავშვს, რომ გულწრფელობის შემთხვევაში არ იქნებით მკაცრი და მას ნებისმიერ დროს შეუძლია თქვენი იმედი ჰქონდეს. პატარა სიცრუე აუცილებლად მიგიყვანთ დიდ სიცრუემდე. ყველაფერი — როგორც კარგი, ასევე ცუდი — მცირედან იწყება. ტყუილის გარეშეც გამოვალთ სიტუაციიდან. მაგალითად, პასუხად გაეცით „არ ვიცი“ ან გაჩუმდით, ამ შემთხვევაში, დუმილი სიცრუედ არ ითვლება.
გამოყენებული ლიტერატურა:
- აკაკი ბაქრაძე — (2013) „სკოლას“ (წერილები — „არაფრობის უარყოფა“, „ავთანდილის სახე „ვეფხისტყაოსანში“;
- ალან პიზი, ბარბარა პიზი — (2016) „სხეულის ენა“, თბილისი, 2016;
- პოლ ეკმანი — (1989) „რატომ იტყუებიან ბავშვები: როგორ შეუძლიათ მშობლებს ჭეშმარიტების წახალისება“;
- ემი კადი — ჰარვარდის ფსიქოლოგი: როგორ ამოვიცნოთ მატყუარა?https://bm.ge/ka/article/harvardis-fsiqologi-rogor-amovicnot-matyuara-/1935