როგორც ვიცით, აღზრდა პედაგოგიკურ ლიტერატურაში ორი გაგებით, ორი მნიშვნელობით იხმარება – ფართო და ვიწრო გაგებით. ფართო გაგებით, აღზრდაში იგულისხმება ყოველივე ის, რასაც ადამიანი იძენს აღზრდის, სწავლებისა და განათლების პროცესში, ხოლო რაც შეეხება აღზრდას ვიწრო გაგებით, იგი განიხილება აღზრდის თეორიაში და გულისხმობს აღსაზრდელში იმ თვისებების ფორმირებას, რაც მას დაბადებიდანვე დაჰყვება, როგორც სოციალურ არსებას. ეს თვისებებია: ყურადღება, აზროვნება, მეხსიერება, ნებისყოფა და სხვა. ვიწრო გაგებით აღზრდაში შედის ასევე ფიზიკური, გონებრივი, ზნეობრივი, ესთეტიკური, შრომითი… აღზრდა და ამის საფუძველზე აღსაზრდელში ისეთი თვისებების გამომუშავება, როგორიცაა: სიკეთე, პატიოსნება, გულწრფელობა, ალალმართლობა, პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი, შრომისმისმოყვარეობა, შეგნებული დისციპლინა და ა.შ.
იბადება კითხვა: რა არის აღზრდა?
ამ კითხვაზე პასუხის გაცემა თითქოს იოლი საქმეა, მაგრამ ეს ერთი შეხედვით, სინამდვილეში კი ყველას როდი აქვს სწორი წარმოდგენა აღზრდაზე, მათ შორის უმაღლესი განათლების მქონე პირებსაც. მშობელთა ერთი ნაწილი ვერავითარ განსხვავებას ვერ ხედავს აღზრდასა და გაზრდას შორის და თავის მშობლიურ მოვალეობას შვილის მარტოოდენ გაზრდითა და მატერიალური უზრუნველყოფით ამოწურავს. ყოველმა მშობელმა კარგად უნდა იცოდეს, რომ სიტყვა „გაზრდა“ შვილის ბიოლოგიურ არსებობას გულისხმობს, „აღზრდა“ კი — მის მომზადებას ცხოვრებისათვის და ქვეყნის სასახელო ადამიანად ჩამოყალიბებას. ერთი ბიოლოგიური მოვლენაა, მეორე კი – სოციალური, საზოგადოებრივი. საზოგადოებისგან იზოლირებული ბავშვი პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება. ამიტომაც წერდა ბ. ბელინსკი: „ადამიანს ქმნის ბუნება, მაგრამ განავითარებს და აყალიბებს საზოგადოება“.
მხეცის ლეკვის მხეცად გადაქცევისთვის არავითარი აღზრდა არაა საჭირო, ამას მისი ბუნება არ მოითხოვს, ბავშვი კი, აღზრდის გარეშე, ადამიანად ვერ იქცევა, იგი იქ იწყება, „სადაც მთავრდება ცხოველი“ (ბ. ბელინსკი).
არც ერთი ცოცხალი არსების განვითარებაში, გარდა ადამიანისა, აღზრდას გადამწყვეტი როლი არ ენიჭება. ადამიანი კი, თუ ის ადამიანთა შორის არ გაიზარდა და ადამიანმა არ აღზარდა, პიროვნებად ვერ ჩამოყალიბდება, იმად იქცევა, ვინც მას ზრდის. მართალია, დათვის თუ ვეფხვის მიერ გაზრდილი ბავშვი ნამდვილ დათვად ან ვეფხვად ვერ იქცევა, მაგრამ მისგან გადაიღებს იმ თვისებებს, რაც აღნიშნული ცხოველისთვისაა დამახასიათებელი. ამის მაგალითი ისტორიამ ძალიან ბევრი იცის.
ცხოველების მიერ (მათ შორის მტაცებელი ცხოველების) გაზრდილი ბავშვები ადამიანებად არ ჩამოყალიბებულან. მაგალითად: 1920 წელს ინდოელმა ფსიქოლოგმა რიდ სინგხუმ, მგლების ხროვაში, აღმოაჩინა ორი გოგონა, რომელთა შორის ერთი, დაახლოებით, წლინახევრის იყო, მეორე კი – რვა წლის. როგორც ჩანს, მგლებს ისინი ჩვილობაში გაუტაცნიათ. გოგონები ოთხ ფეხზე დარბოდნენ და იღრინებოდნენ, ღამით კი მგლებივით ყმუოდნენ. სინგხუ შეეცადა მათ აღზრდას და ადამიანთა საზოგადოებაში ცხოვრების უნარ-ჩვევების გამომუშავებას, მაგრამ ამაოდ. პატარა გოგონა ერთი წლის შემდეგ გარდაიცვალა, უფროსმა კი 17 წლამდე იცოცხლა. მიუხედავად ამისა, მან ვერ ისწავლა ლაპარაკი და ადამიანთა შორის ცხოვრება. იგი გადაეჩვია მხოლოდ ზოგიერთ მგლურ თვისებას და ორმოცამდე სიტყვის სწორად გამოყენება ისწავლა. ეს იყო და ეს.
1973 წელს გაზეთები იუწყებოდნენ, რომ ცეილონის სამხრეთით, ჯუნგლებში, დაიჭირეს თეთრკანიანი ბიჭი, რომელიც, დაახლოებით, 10-12 წლის იქნებოდა. იგი მაიმუნთა შორის ცხოვრობდა და მთლიანად გადაღებული ჰქონდა მათი თვისებები. ადამიანების დიდი მცდელობის მიუხედავად, ტისამ (ასე შეარქვეს მას) ლაპარაკი ვერ ისწავლა, დადიოდა მხოლოდ ოთხით და მაიმუნივით იმანჭებოდა.
აი, სხვაგვარი მაგალითიც: პარაგვაიში ცხოვრობს გუაიკელთა ტომი, რომელიც, დღეისათვის ცნობილ ტომთა შორის, ყველაზე ჩამორჩენილია. გუაიკელები ადამიანებთან ყოველგვარ კონტაქტს გაურბიან. მათ სადგომში, 1938 წელს, ფრანგმა ეთნოგრაფმა ველარმა მარტოდმარტო მიტოვებული ორი წლის გოგონა იპოვა. მან იგი საფრანგეთში ჩაიყვანა და აღსაზრდელად თავის დედას ჩააბარა. 20 წლის შემდეგ, იგი, თავისი განვითარებით, არაფრით ჩამოუვარდებოდა ინტელიგენტ ევროპელ ქალებს – შეისწავლა ფრანგული, ესპანური და პორტუგალიური ენები, დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი და გახდა ეთნოგრაფი.
რა დასკვნები შეიძლება გამოვიტანოთ ამ ფაქტებიდან? – სვამს კითხვას აკად. შალვა ამონაშვილი და ასეთ პასუხს იძლევა: ადამიანის მემკვიდრეობით თანდაყოლილი თვისებების რეალიზაცია, ძირითადად, მისი პირველი 8-10 წლის ცხოვრების განმავლობაში ხდება, ამიტომ გოგონამ, რომელმაც ალბათ, დაახლოებით, 7 წელი იცხოვრა მგელთა შორის, ვერ შეძლო ლაპარაკი და ორ ფეხზე გამართულად სიარული, რადგან იგი 8 წლამდე მგლების ხროვაში იმყოფებოდა და მხოლოდ მათი ჩვევები გადაიღო. იმ დროს, როცა ენის შეთვისების მისმა მექანიზმმა ფუნქციონირება დაიწყო (ამოქმედდა), მას მხოლოდ მგლების ყმუილი ესმოდა და ამიტომ მათი ჩვევა გადაიღო, ხოლო შემდეგ, როცა ამ ფუნქციამ თავისი მისია შეასრულა, ბავშვმა ენის შეთვისების უნარი სამუდამოდ დაკარგა.
ცნობილი ფსიქოლოგი ლეონტიევი, თავის წიგნში „ფსიქიკის განვითარების პრობლემები“, წერს: „…თუ ბავშვები, ყველაზე ადრეული ასაკიდან, საზოგადოებისგან იზოლირებულად ვითარდებიან, ისინი ცხოველთა განვითარების დონეზე რჩებიან“.
რაც შეეხება გუაიკელ ბავშვს, იგი მხოლოდ 2 წლის იყო და ახლა იწყებდა ლაპარაკს. ეს გოგონაც რომ 8-10 წლის ყოფილიყო, მისი აღზრდა ასეთ შედეგს არ გამოიღებდა. ყოველივე ეს იმაზე მიუთითებს, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. როგორც დიდი ჩეხი პედაგოგი იან ამოს კომენსკი აღნიშნავდა, სანამ ხე ნორჩია, მებაღე მას საითაც სურს, იქით გადახრის, ასევე აღმზრდელსაც, სანამ ბავშვი პატარაა, შეუძლია მისი აღზრდა იმ მიმართულებით წაიყვანოს, რომელიც მას სურს, შემდეგ კი გვიან იქნება, რადგან ბავშვის თავიდან სწორად აღზრდა გაცილებით ადვილია, ვიდრე მისი ხელახალი აღზრდა, ზოგჯერ კი ეს შეუძლებელიცაა.
ცოცხალ არსებათა შორის, ადამიანი ყველაზე სუსტ არსებად იბადება. ჩვილობის ასაკში იგი ნებისმიერ ცხოველზე უსუსურია, მაგრამ მას, დაბადებიდანვე, თან დაჰყვება კოლოსალური შესაძლებლობა, რაც, სწორი აღზრდის წყალობით, რამდენიმე წლის შემდეგ, ნებისმიერ ცხოველზე მაღლა აყენებს. ამაშია აღზრდის გადამწყვეტი როლი ბავშვის გაადამიანებაში.
როცა აღზრდაზეა საუბარი, არ შეიძლება გვერდი ავუაროთ სწავლებისა და აღზრდის ერთიანობის საკითხს. სწავლება და აღზრდა ერთიანი, განუყოფელი პროცესებია. არ არსებობს სწავლება აღზრდის გარეშე და პირიქით. „შეუძლებელია აღზარდო ისე, – წერს ლევ ტოლსტოი, – რომ ცოდნა არ გადასცე, ყოველგვარ ცოდნას კი აღმზრდელობითი გავლენა აქვს“. როცა მასწავლებელი მოსწავლეებს ახალ მასალას უხსნის და აწვდის ცოდნას, ამ დროს იგი მათ აიარაღებს არა მარტო მეცნიერებათა საფუძვლების ცოდნით, არამედ ზრდის კიდევაც მათ – უყალიბებს მეცნიერულ მსოფლმხედველობას, უვითარებს ზნეობრივ გრძნობებს, ესთეტიკურ გემოვნებას, უნერგავს შრომის სიყვარულს და ა.შ. ამიტომაც უწოდა კ. უშინსკიმ სწავლებას „აღზრდის მთავარი ორგანო“. მისი აზრით, სწავლება მხოლოდ მაშინაა ნაყოფიერი, როცა ის ზეგავლენას ახდენს მოსწავლის არა მარტო გონებაზე, არამედ მის სულსა და გრძნობებზეც.
სწორედ ეს გარემოება ჰქონდა მხედველობაში ილია ჭავჭავაძეს, როცა ამბობდა: „სკოლა ერთსა და იმავე დროს უნდა სწურთვნიდეს კიდეც ბავშსა და ასწავლიდეს კიდეც. წურთვნა და სწავლა ხელიხელსგადაბმული უნდა ვიდოდეს სკოლაში.“
ახლა ავიღოთ აღზრდის მხარე. ვთქვათ, კლასის ხელმძღვანელი, სამშობლოს სიყვარულის ჩანერგვის მიზნით, ესაუბრება ბავშვებს ჩვენი ქვეყნის წარსულზე, მისთვის თავდადებულ ადამიანებზე, შრომისა და ბრძოლის გმირებზე და ა.შ. ამ დროს, იგი მოსწავლეებს უღვივებს არა მარტო პატრიოტიზმის გრძნობას, არამედ აწვდის მათ ახალ ცოდნას და უვითარებს წარმოდგენას ბუნებასა და საზოგადოებრივ მოვლენებზე. აქედან გამომდინარე, სწავლება და აღზრდა ურთიერთდაკავშირებული პროცესებია, მაგრამ ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ისინი იგივური ცნებებია. მათ შორის, მსგავსებასთან ერთად, განსხვავებაცაა. ეს განსხვავება მდგომარეობს შემდეგში: სწავლება, უმთავრესად, მიმართულია მოსწავლეთა მიერ ბუნებისა და საზოგადოების შესახებ ცოდნის შეთვისებისკენ, აღზრდას კი, უწინარეს ყოვლისა, მიზნად აქვს მოსწავლეთა მორალური თვისებების ჩამოყალიბება და მათი მომზადება საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის.
სწავლება, ძირითადად, ხორციელდება სკოლაში, გაკვეთილზე, აღზრდა კი – სკოლაშიც და მის გარეთაც. ბავშვზე გავლენას ახდენს სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, ახლობელთა წრე, კინო, თეატრი, რადიო, ტელევიზორი, კომპიუტერი და სხვა. გვზრდის ყველაფერი, აღნიშნავდა ა. ს. მაკარენკო – ადამიანები, საგნები და მოვლენები, მაგრამ, უწინარეს ყოვლისა – მშობლები და პედაგოგები.
სწავლება მოზარდი თაობის აღზრდის მძლავრი იარაღი და საშუალებაა, მაგრამ მარტო მას არ ძალუძს პიროვნების ყოველმხრივი განვითარება. ამ საქმეში წამყვანი როლი აღზრდას ენიჭება. დიდ ილიას გული სწყდებოდა იმის გამო, რომ იმდროინდელ სკოლებში ბავშვის „ზნეხასიათის წვრთნა“ მივიწყებული იყო და მთელი ყურადღება მისი ცოდნით შეიარაღებაზე იყო გადატანილი. ანალოგიური მდგომარეობაა თანამედროვე სკოლებშიც. ეს ხდება იმიტომ, რომ სწავლების შედეგი, ანუ მოსწავლეთა მიერ პროგრამული მასალის ათვისების მდგომარეობის შემოწმება უფრო ადვილია, ვიდრე აღზრდისა, რადგან აღზრდის შედეგი ნაკლებ თვალნათლივი, დაფარული, მიჩქმალულია. აღმზრდელმა ხშირად არც კი იცის, რა შედეგი გამოიღო მისმა აღმზრდელობითმა ღონისძიებამ, სწავლების შედეგი კი იმავე გაკვეთილზე ვლინდება. საამისოდ გამოიყენება ცოდნის შემოწმებისა და შეფასების ხუთბალიანი ან ათბალიანი სისტემა, რაც აღზრდაში არ გაგვაჩნია. ადამიანის აღზრდილობა ვლინდება მის ჩაცმა-დახურვაში, სიტყვა-პასუხში, შრომაში, ჭამა-სმაში, ადამიანებთან ურთიერთობაში, საქმისადმი დამოკიდებულებაში და ა.შ. ყოველივე ეს ართულებს აღზრდას, სწავლებასთან შედარებით.
აღზრდა, სწავლებასთან შედარებით, უფრო ხანგრძლივი და უწყვეტი პროცესია. იგი იწყება ადამიანის გაჩენის დღიდან და სიკვდილამდე გრძელდება. „ბავშვის დაბადების საათი არის მისი აღზრდის პირველი საათი,“ – წერდა ცნობილი შვეიცარიელი პედაგოგი ჰენრიხ პესტალოცი. აღზრდას წერტილი არ ესმის და არ მთავრდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, სეზონურობა ამ საქმეში დაუშვებელია. რაც შეეხება სწავლებას, იგი ახლა ბავშვის 6 წლის შესრულებიდან იწყება და, ძირითადად, უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მთავრდება, თუ მხედველობაში არ მივიღებთ თვითგანათლებას, წიგნზე დამოუკიდებელ მუშაობას…
გარდა ზემოთ აღნიშნულისა, აღზრდა მრავალმხრივი, მრავალწახნაგოვანი პროცესია, ვიდრე სწავლება. მისი მრავალმხრივობა იმაში გამოიხატება, რომ გულისხმობს აღსაზრდელის ფიზიკურ, გონებრივ, ზნეობრივ, ესთეტიკურ, შრომით, პატრიოტულ და ა.შ. აღზრდას, რაც ხელს უწყობს პიროვნების ყოველმხრივ, ჰარმონიულ განვითარებას, სწავლება კი მხოლოდ ნაწილობრივ წყვეტს პიროვნების ყოველმხრივი განვითარების ამოცანას.
დაბოლოს, სწავლებასთან შედარებით, აღზრდას კომპლექსური ხასიათი აქვს. იგი არ გულისხმობს აღსაზრდელში ცალკეულ თვისებათა მონაცვლეობით ჩანერგვას. მაგალითად, დაუშვებელია პირველ კლასში ჩავუნერგოთ ბავშვებს მხოლოდ შრომისმოყვარეობა, მეორეში – პატრიოტიზმის გრძნობა, მესამეში – ჰუმანიზმი და ა.შ. ყოველივე ეს ერთდროულად უნდა მოხდეს, კომპლექსურად. აღმზრდელობითი მუშაობა პიროვნებისადმი ერთიან მიდგომას ითხოვს, მაგრამ არ გამორიცხავს, ზოგჯერ, აღზრდის რომელიმე მხარის გამოყოფას და მასზე განსაკუთრებული ყურადღების გამახვილებას.
ამრიგად, აღზრდა არის პიროვნების ყოველმხრივი, ჰარმონიული განვითარება, მისი ფიზიკურად, გონებრივად, ზნეობრივად, ესთეტიკურად და მშრომელ ადამიანად ჩამოყალიბების რთული, სოციალური, ორგანიზებული, გეგმაზომიერი და მიზანმიმართული პროცესი აღმზრდელის, მასწავლებლის ხელმძღვანელობით.
ნოდარ ბასილაძე – პედაგოგიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს განათლების მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი