რუბრიკის „გაიზიარე გამოცდილება“ სტუმარია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის „მასწავლებელთა აღიარების რეგიონულ კონკურსში“ გამარჯვებული მასწავლებელი კახეთის რეგიონიდან. შიდა ქართლში, იმერეთსა და კახეთში კონკურსი გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა. მისი მიზანი იყო დაწყებითი განათლების მნიშვნელობის გაცნობიერება და საუკეთესო მასწავლებლების პრაქტიკის წარმოჩენა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის I-VI კლასების მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი თამარ კაპანაძე გვიზიარებს საკუთარ გამოცდილებას, თუ როგორ შეჰყავს მოსწავლეები ხალისით, თამაშ-თამაშით მათემატიკის მრავალფეროვან სამყაროში.
🔹🔹🔹
„სწავლა, ესაა ცოდნის აგების პროცესი, რომელშიც მოსწავლე აქტიურად არის ჩართული და რომელიც ეფუძნება მოსწავლის არსებულ ცოდნას, გამოცდილებასა და შეხედულებებს“.
როგორც ვიცით, წარმატებული სწავლის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი მოტივაციაა, მასწავლებელი მუდმივად უნდა ცდილობდეს, გაკვეთილი იყოს საინტერესო და სახალისო, რათა შეძლოს გაააქტიუროს მოსწავლე და მაქსიმალურად ჩართოს სწავლების პროცესში.
სწორედ ამიტომ, მუდმივ ძიებაში ვარ. ვცდილობ, ისეთი აქტივობები შევთავაზო მოსწავლეებს, რაც მათ ხალისით ააგებინებს ცოდნას, „იძულებულს“ გახდის იფიქრონ, იკვლიონ, დაგეგმონ და ასე, თამაშ-თამაშით, მივიდნენ მთავარ მიზნამდე. ვცდილობ, შევაყვარო საგანი და თანდათანობით შევიყვანო ისინი მათემატიკის საოცარსა და მრავალფეროვან სამყაროში.
კაცობრიობა სწრაფი ტემპით ვითარდება, იცვლება გარემო, იცვლებიან მოსწავლეები, რაც თავისთავად მოითხოვს სწავლების მეთოდების ცვლილებას. ამიტომ მნიშვნელოვან გამოწვევად იქცა ციფრული ტექნოლოგიების დანერგვა სწავლების პროცესში. მნიშვნელოვანი და გონივრულია კომპიუტერული ტექნოლოგიების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, სასწავლო თამაშებისა თუ სასწავლო პროგრამების გამოყენება, ისეთი, როგორებიცაა: „ვსწავლობ თამაშით“, „Scratch“, „GeoGebra“, „Minecraft“, „Learningapps“ და სხვა.
კომპიუტერი და ინტერნეტი მოსწავლისათვის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილად იქცა. მათ აქვთ მოთხოვნილება, დიდი დრო დაუთმონ თამაშებს. ამიტომ, თამაშით სწავლა ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ და აპრობირებულ მეთოდად იქცა. ბავშვებს ხომ ასეთი სწავლება სიამოვნებას ანიჭებთ, იძულებით არ უწევთ სწავლა.
ამგვარი მიდგომა ხელს უწყობს მოსწავლეთა მოტივირებას და აქტიურ ჩართულობას სწავლების პროცესში. მთავარია, მასწავლებელმა გაითვალისწინოს როგორ მოარგოს კონკრეტული თამაში თუ პროგრამა სასწავლო მასალას და, შესაბამისად, სასწავლო მიზნებს.
„Minecraft Education Edition“ თამაშზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც გამოვიყენე მათემატიკის სწავლების დროს. „მაინკრაფტის“ თამაშის დროს, მოთამაშეებს აქვთ უსაზღვროდ დიდი რესურსი რაღაცების შესაქმნელად, სამყაროს შესასწავლად, სახლის ასაშენებლად, ეზოს მოსაწყობად…
გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას საგაკვეთილო პროცესში საგანმანათლებლო პლატფორმა „Minecraft“-ით სწავლების შესახებ, დაწყებით საფეხურზე. მაინკრაფტის გამოყენებით, განვახორციელე კომპლექსური დავალებები: „წილადების სამყაროში“, „კოორდინატები და მათი გამოყენება“, „ჩემი საოცნებო სკოლის ბაღი“.
„მაინკრაფტი“ ვიზუალურ წარმოდგენაში ეხმარება ბავშვს – რაც შეიძლება ვერ გაიგოს წაკითხვით, გაიგოს ვიზუალური აღქმით, თავად მიიღოს მონაწილეობა შექმნის პროცესში, პრაქტიკულად იმუშაოს, იაზროვნოს და კრეატიულად განვითარდეს.
მათემატიკა კი, ბევრად უფრო საინტერესოა, როცა პრაქტიკულად მუშაობ. ჩვენ არ ვასრულებთ ასეთ აქტივობებს ყოველთვის, მაგრამ დროდადრო სახალისოა პრაქტიკული პროექტების, კომპლექსური დავალებების განხორციელება „მაინკრაფტში“. ამ პროცესში მოსწავლეებს შეუძლიათ უფრო ღრმად გაიაზრონ საკითხი. მინდა, ჩემმა მოსწავლეებმა დაინახონ, როგორ უკავშირდება მათემატიკური აზროვნება ცხოვრებას, ამოცანების ამოხსნა შეძლონ აღმოჩენით, თავად გააკეთონ დასკვნები.
დავინტერესდი „მაინკრაფტის“ პლატფორმით. თავად დავიწყე ამ საგანმანათლებლო პროგრამის შესწავლა, მისი შესაძლებლობების გაცნობა. ვიმუშავე კომპლექსურ დავალებაზე, რომელსაც შევთავაზებდი მოსწავლეებს „მაინკრაფტის გამოყენებით. თავადაც შევქმენი სამ“ყარო და გავიარე ის გზა, რაც მოსწავლეებს უნდა გაევლოთ ამ სამყაროში საკითხის – ფართობის – სწავლებისას. შესაძლებლობები იყო დიდი. ისიც მინდა აღვნიშნო, რომ მოსწავლეებისთვის ეს პლატფორმა უცხო არ აღმოჩნდა, უმეტესობას უკვე ჰქონდა არასაგანმანათლებლო „მაინკრაფტის“ პროგრამაში მუშაობის უნარ-ჩვევები. მათ საგანმანათლებლო პლატფორმა გავაცანი და ვნახეთ, რა განსხვავება იყო — ეს სამყარო კრეატიულია, აქ არ მოუწევდათ ნეგატიური ქმედებები. საინტერესო გამოწვევა აღმოჩნდა ისიც, რომ ეს დავალება ონლაინ სწავლებისას, დისტანციურ რეჟიმში განვახორციელეთ.
დავალების პირობა ასეთი იყო:
მოსწავლეს უნდა წარმოედგინა, რომ ჰქონდა ლანდშაფტის დიზაინის კომპანია და უნდა მოემზადებინა შეთავაზება სკოლისთვის, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი „სკოლის ბაღის“ დიზაინზე.
პროგრამა Minecraft-ის საშუალებით, მათ უნდა შეექმნათ სამყარო — „ჩემი საოცნებო სკოლის ბაღი“, სადაც თვალსაჩინოდ წარმოადგენდნენ დაგეგმარებულ ეზოს. „სკოლის ბაღში“, ასევე: უნდა შეექმნათ საყვავილე სივრცეები, რომლებსაც მართკუთხედისა და კვადრატის ფორმა ექნებოდა, თითოეულის პერიმეტრი — 40მ; უნდა გაეგოთ ამ ნაკვეთების ფართობები; შეედარებინათ ერთი და იმავე პერიმეტრის მქონე საყვავილე სივრცეების ფართობები, გაეანალიზებინათ და გამოეტანათ დასკვნა.
შექმნილი საყვავილე სივრცეებისთვის უნდა „შეეძინათ“ და დაერგოთ ერთი და იმავე ღირებულების ყვავილების ნერგები და ეწარმოებინათ თითოეულ სივრცეში დარგული ნერგების ხარჯთაღრიცხვა, ასევე, თითოეული საყვავილე სივრცის, სხვადასხვა ღირებულების ნერგის შემთხვევაშიც.
საყვავილეებთან უნდა განეთავსებინათ დაფები, სადაც დაიტანდნენ ინფორმაციას. დაერგოთ ნერგები ისე, რომ ეზოს მოწყობისას მინიმალური დანახარჯი ჰქონოდათ და გამოეტანათ დასკვნა. გასათვალისწინებელი იყო, რომ „მაინკრაფტის“ ფილები კვადრატული ფორმისაა და თითოეულის ფართობი 1მ2-ია, ერთ ფილაზე მხოლოდ ერთი ყვავილის ნერგის განთავსებაა შესაძლებელი.
მოსწავლეებისთვის დავალება ძალიან საინტერესო აღმოჩნდა. მუშაობდნენ არარეალურ სამყაროში, სადაც თავად ქმნიდნენ ბაღის დიზაინს, ითვლიდნენ ფილებს, იგებდნენ პერიმეტრს, რგავდნენ ნერგებს, რაც ფართობის გაგებაში ეხმარებოდათ. სამყაროზე მუშაობდა ჯგუფი, რომელიც ახდენდა ერთმანეთთან სხვადასხვა სამყაროს პორტირებას, ამგვარად ავსებდნენ და ალამაზებდნენ „სკოლის ბაღს“. ასე თანდათანობით მივედით მთავარ დასკვნამდე და ბოლოს, მოსწავლეებმა თავიანთი შექმნილი სამყაროების პრეზენტაცია გამართეს დისტანციურ რეჟიმში. ეს ჩვენთვის გამოწვევა იყო, რომელიც წარმატებით დავძლიეთ.
მოცემული პლატფორმა მასწავლებელს შეუძლია სიტუაციის მიხედვით გამოიყენოს, თავისი მოსწავლეების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, მოარგოს კლასს.
გამოცდილებამ მიჩვენა, რომ ამ და მსგავსი სწავლების მეთოდების გამოყენება იწვევს მოსწავლეების დაინტერესებას საგნით, მათ ჩართულობას და მოტივაციის ზრდას, საბოლოო ჯამში კი, სწავლა-სწავლების ხარისხის ამაღლებას.
მასალა მომზადებულია USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელშეწყობით