3 იანვარი, პარასკევი, 2025

სურვილი და რეალობა

spot_img

ნანა ჩოხელი 

სსიპ ქალაქ თბილისის 60 საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე და პედაგოგი

მასწავლებელი, აღმზრდელი, მენტორი – ეს არ არის პროფესია, არამედ მისი მოწოდებაა. ისე როგორც ნებისმიერს არ შეუძლია გახდეს ბრწყინვალე მხატვარი, ვირტუოზი მუსიკოსი, დიდი მსახიობი, ასევე შეუძლებელია ყველა გახდეს ნამდვილი მასწავლებელი. მასწავლებელს, აღმზრდელს ხშირად ადარებენ მოქანდაკეს, მოსწაველე არ არის თიხა, საიდანაც შეიძლება რაიმეს ჩამოსხმა, ან მარმარილო, რომელიც ქვის სიჯიუტით ეწინააღმდეგება შემომქმედის ძალისხმევას. მასწავლებელი უფრო მეტად შეიძლება შევადაროთ ხის მოქანდაკეს, რომელიც ახორციელებს თავის შემოქმედებით იდეას და, მასალის მიუხედავად, ავლენს საკუთარ შესაძლებლობებს.

მასწავლებლის ამოცანაა, დაინახოს ინდივიდუალობა თუნდაც ყველაზე პატარა ადამიანში, გამონახოს თავისი განსაკუთრებული მიდგომა თითოეული მოსწავლის მიმართ. მასწავლებლის პროფესია იზიდავს, უპირველეს ყოვლისა, თავისი ჰუმანურობითა და კეთილშობილებით.  იმისათვის, რომ გახდე მასწავლებელი, უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, გაიუმჯობესო საკუთარი შესაძლებლობები. სასტიკი, გაბატონებული, ეგოისტი ადამიანი არ შეიძლება იყოს მასწავლებელი. ასევე არ შეიძლება იყოს  მშრალი, პასიური, მხოლოდ საკუთარ თავზე, საკუთარ ინტერესებზე მორგებული ადამიანი.

კარგი მასწავლებელი ნიშნავს შემოქმედებით, მრავალმხრივ ინდივიდუალური თვისებებით აღჭურვილ, შინაგანი სამყაროთი მდიდარ და ამოუწურავი ენერგიით აღსავსე ადამიანს, რომელიც მუდმივად მიისწრაფვის მოსწავლეებთან გულისხმიერი კონტაქტისაკენ.

ყველა, ვინც დღეს სკოლაში მუშაობს, მუშაობს მომავალი თაობის აღზრდაზე და პასუხისმგებელია, როგორც მათი, ასევე ქვეყნის უკეთესი მომავლისათვის. განსაკუთრებით ბედნიერია  ის მოსწავლე, ვინც შეხვდა მასწავლებელს, რომელმაც იცის როგორ შემოიტანოს კლასში ენთუზიაზმი, სიხალისე, სიყვარული და ამ სიყვარულით განათებული ცოდნა. ასეთი მასწავლებლის ამაგი, მისი კეთილშობილება მუდამ ჟღერს მისი აღსაზრდელების გულებში.

მასწავლებლის პროფესიონალიზმს, მის ერუდიციას მოსწავლეები დიდად აფასებენ. ეს ბუნებრივიცაა, რამეთუ პატივისცემასა და სიყვარულს თავისი საქმის ოსტატები მუდამ იმსახურებდნენ. მასწავლებლის ვალდებულებაა იაროს მუდამ წინ, არ გაჩერდეს, იმუშაოს თვითგანვითარებაზე, არ ჩამორჩეს თანამედროვე მეცნიერების მიღწევებს. იგი მუდმივად უნდა ცდილობდეს იყოს მისი მოსწავლეებისათვის მისაბაძი, რამეთუ ახალგაზრდობა – საუკუნის ყველაზე ზუსტი ქრონომეტრი – აუცილებლად აღმოაჩენს მის ჩამორჩენას. არადა ყველამ იცის რაოდენ რთულია თვითგანვითარებაზე მუშაობა.

ხშირად ამბობენ, მეცნიერული სიბრძნის ბავშვების თავში ჩადება შედარებით ადვილია. განსაკუთრებით  რთულია მათთვის სწავლის სწავლება, ცოდნის ნებით შთანთქმა, მათი ცნობისმოყვარეობის ამაღლება  წიგნებიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებოდან. ბავშვისთვის სამყაროს გახსნით, მასწავლებელი ასწავლის მას ამ სამყაროში ცხოვრებას.

დღეს, ალბათ, უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მასწავლებლები შეშფოთებულნი არიან მოსწავლეთა სულიერი და მორალური მდგომარეობით. ისინი ცდილობენ, გაუღვიძონ მათ საკუთარ თავზე მუშაობის სურვილი, განუვითარონ პასუხისმგებლობა, გრძნობების დახვეწილობა და სილამაზე, ასწავლონ, როგორ მართონ საკუთარი შინაგანი სამყარო, შეამზადონ ისინი მომავალი ცხოვრებისათვის, სადაც პირად ინტერესთან ერთად აუცილებლად უნდა გაიზიარონ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა.

ნამდვილ მასწავლებელს უდიდესი წვლილი მიუძღვის მოსწავლეების სრულყოფილ მოქალაქედ ჩამოყალიბებაში. ამისათვის მუშაობს მათთან მოთმინებით, დროისა და ენერგიის დაუზოგავად და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ჭეშმარიტ გზას დაადგეს თითოეული მათგანი.

რთულია მასწავლებლის მოვალეობა. ის მოითხოვს არა მარტო მოსწავლის სიყვარულს, დიდ ცოდნას, სამრთლიანობას, ობიქტურობას, არამედ სულიერ ძალას, გამძლეობას და გამბედაობასაც კი. მაგრამ ამასთან ერთდ ის ყველაზე საინტერესო და საპატიო პროფესიაც არის, რადგანაც მხოლოდ ნამდვილ მასწავლებელს შეუძლია:

სამყარო უკეთესი გახადოს;

ცოცხალი ურთიერთობა ჰქონდეს მომავალ თაობასთან;

ჰქონდეს ამდენ განსხვავებულ ბავშვთან მრავალფეროვანი ყოველდღიურობა;

ჰყავდეს საინტერესო კოლეგები, რომლებიც სხვადასხვა საგანს ასწავლიან და შეუძლიათ საკუთარი აზრისა და გამოცდილების გაზიარება;

ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ სხვები უსმენდნენ;

საკუთარი თავის, სხვებისა და სამყაროს აღმოჩენა;

გულწრფელობა, რადგანაც ბავშვს ვერ მოატყუებს.

ბევრი თქმულა, ამბობენ და ბევრსაც იტყვიან მასწავლებლის პროფესიაზე. მაგრამ იშვიათად წამიკითხავს მასწავლებლის ფუნქციისა და მოვალეობის იმდაგვარი შეფასება, როგორსაც ამას დიდი ვაჟა – ფშაველას მამის, პავლე რაზიკაშვილის მასწავლებელი გამახარე აკეთებს: „…მე მიყვარან ყმაწვილები იმისთვის, რომ ჩემის სიცოცხლის გაგრძელებას იმათში ვხედავ. ჩვენ მოვკვდებით და ეგენი დარჩებიან, როგორც ჩვენი ყოველივე მონაგარი დედულ-მამული. მტერი, მოკეთე მაგათ უნდა ჩავაბაროთ, ჩვენ ფეხზედ უნდა დარჩენ; ჩვენი სიკეთე, ჩვენი სახელი მაგათ უნდა ატარონ, ეგენი შეინახავენ ჩვენს სიავ-სიკეთეს და გარდასცემენ თავის ჩამომავალთა. მე მიყვარან იმისთვინ, რომელ ეგენი არიან გულკეთილნი, გონებაფხიზელნი, ფეხმარდნი და სხარტი მოძრავნი. მე რაც ვიცი, იმისთვინ მიხარიან, მაგათ უნდა გადავცე. ეგენი არიან ჩვენი გადახალისებული სისხლ-ხორცნი, სხვას ყალიბში ჩამოსხმულნი. მაგათში გადადის ჩვენი გრძნობა, ჩვენი ხედვა, სმენა. ჩვენა ვართ ძირნი და ეგენი რტონი. ხე მაშინ ამოვარდება ძირით, როდისაც ნორჩს აღარ აიხეთქს, რათ მინდა ჩემი ცოდნა, საფლავში არ ჩავიყოლო და ჩავალპო, თუ ეგენი ჩემის ცოდნით ისარგებლებენ, მე მაშინ ისევ ცოცხალი ვიქნები, როდისაც ჩემი ცოდნა, ჩემი სიკეთე სახალხოდ იხმარება და არ დაიკარგება. მე მაშინ მოვკვდები, როდისაც ჩემგნით ნასწავლები არავის ეხსომება და ჩემის ნაშრომით არავინ ისარგებლებს. ჩემი ნასწავლები რო ეხსომება და იმითი ვინმე ან ცხოვრებას გაიკეთილებს ან მტერს შაუქცევს ან მოკეთეს გამოადგება ან თემსა და სოფელს, მაშინ მამიგონებს, შანდობას შამამითვლის და არ დავავიწყდები. რათ ვარგა ისეთი კაცი, რომლის არც გაჩენა გაიგო და არც ვინ სიკვდილი. ვითო ტყეში ერთი უვარგისი მხეცი გაჩენილა და მომკვდარა…“

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

საშობაო საკითხავი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები