დაახლოებით ორი წლის წინ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების – ჯანა ჯავახიშვილის და ნინო მახაშვილის ინიციატივით, ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი დაარსდა, რომელიც სტუდენტებს ფსიქოლოგიური პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. საკონსულტაციო ცენტრით სარგებლობა და მაღალკვალიფიციური ფსიქოლოგიური დახმარების მიღება ნებისმიერ სტუდენტს შეუძლია, ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთ გავრცელებულ პრობლემებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: შფოთვა, დაქვეითებული გუნება-განწყობილება, ურთიერთობის სირთულეები, სტრესის შედეგად განვითარებული მდგომარეობა და ა.შ. მომსახურება უფასოა და, სურვილის შემთხვევაში, კონსულტაცია ანონიმური. პანდემიის პერიოდში კონსულტირების ცენტრი დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა.
ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის მუშაობის, მიზნების, საჭიროებისა და მნიშვნელობის შესახებ გვესაუბრება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჯანა ჯავახიშვილი
⇒ რა არის ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრის მიზანი და რა სახის დახმარებას უწევთ სტუდენტებს?
⇒ ზოგადად, სტუდენტური ასაკი რისკის ასაკია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების თვალსაზრისით. მტკიცებულების თანახმად, ფსიქიკური აშლილობების მქონე ზრდასრულთა დაახლოებით ორ მესამედში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები 24 წლამდე ასაკში დაიწყო. ასევე, არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა უმაღლესი სასწავლო დაწესებულების სტუდენტთა შორის ჩატარებული კვლევების მთელი მასივი, რომელიც ადასტურებს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გავრცელების მაღალ დონეს. აქ საუბარია ფსიქიკური ჯანმრთელობის ისეთ გავრცელებულ პრობლემებზე, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა, პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და ა.შ. სხვათა შორის, ამ თვალსაზრისით, გარკვეული დინამიკაც შეინიშნება, მაგალითად, ინგლისში ჩატარებული კვლევის თანახმად, სწავლების მეორე წელს, ბაკალავრებს შორის, ფსიქოლოგიური დისტრესის დონე უფრო მაღალია, ვიდრე პირველ წელს, ხოლო მესამე წელს ოდნავ უფრო დაბალია, ვიდრე მეორე წელს, მაგრამ უფრო მაღალი, ვიდრე პირველ წელს.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტებისთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისი ხელმისაწვდომი იყოს როგორც გეოგრაფიულად, ასევე ფინანსურად და ასაკობრივად. აქედან გამომდინარე, მსოფლიოს ბევრ უნივერსიტეტში მიღებული პრაქტიკაა სტუდენტებისთვის ფსიქოლოგიური კონსულტირების სერვისის ორგანიზება-უზრუნველყოფა. მაგ., ოქსფორდის უნივერსიტეტის სტუდენტურ სერვისში, ყოველწლიურად, 3000 სტუდენტი იღებს მომსახურებას (თითოეული სესია, საშუალოდ, 50-წუთიანია, მომსახურება 1-დან 3 სესიამდე ხანგრძლივობისაა). ამგვარი ხანმოკლე დახმარება შემთხვევათა დიდ ნაწილში საკმარისია, რომ სტუდენტმა თავის ცხოვრებაში გარკვეული ცვლილებები განახორციელოს და ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა გაიუმჯობესოს.
სწორედ საერთაშორისო გამოცდილებასა და მტკიცებულებაზე დაყრდნობით შევქმენით, 2019 წელს, ილიაუნის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტირების ცენტრი – ილიაუნის პროფესორმა, ნინო მახაშვილმა და მე. იმ პერიოდისთვის, საქართველოში, ეს სტუდენტებისთვის ამოქმედებული ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პირველი სერვისი იყო. მომსახურება უფასოა. ცენტრში დასაქმებულები უაღრესად კვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალები არიან, ილიაუნის ფსიქიკური ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულები – თეკლა ლათიბაშვილი, ანა მეუნარგია, თამარ მჭედლიშვილი და ანა პაპავა. ცენტრის მიზანია ილიაუნის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტთა დახმარება სტუდენტური ცხოვრებისთვის დამახასიათებელი დისტრესის, ფსიქოლოგიური და სოციალური სირთულეების გადალახვაში და შესაბამისად – ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში.
⇒ როგორია მომართვიანობა და რას ურჩევთ იმ სტუდენტებს, რომლებსაც ჯერ არ მოუმართავთ თქვენთვის?
⇒ დღიდან დაარსებისა, ცენტრში მომართვიანობა მაღალია და გვაქვს ე.წ. „მოლოდინის სია“, რაც გულისხმობს იმას, რომ თუ ოთხივე კონსულტანტი დაკავებულია იმ მომენტში, როდესაც ცენტრს მომსახურების მიღების სურვილის მქონე სტუდენტი მიმართავს, დაცდას სთავაზობენ და როგორც კი თავისუფლდება ადგილი, ცენტრის თანამშრომელი ამის შესახებ ატყობინებს. საშუალოდ, 2-3 კვირა, მაქსიმუმ ერთი თვეა მოცდის ხანგრძლივობა. მოლოდინის სია მიღებული პრაქტიკაა დასავლეთის ქვეყნებში. რასაკვირველია, ეს ეხება იმ შემთხვევებს, სადაც მწვავე მდგომარეობა არ არის. ცენტრის მანდატი ფსიქოლოგიური დისტრესის სიმპტომებისა და გავრცელებული ფსიქიკური აშლილობების შემთხვევაში მომსახურებას გულისხმობს; მწვავე და/ან მძიმე ფსიქიკური აშლილობების შემთხვევაში, ხდება გადამისამართება უნივერსიტეტის გარეთ არსებულ შესაბამის სერვისებში.
⇒ დამეთანხმებით, ალბათ, რომ ბევრი ვერ აცნობიერებს ფსიქიკურ პრობლემებს, ამ შემთხვევაში, როგორ მოვიქცეთ ჩვენ, გარშემომყოფები?
⇒ საქართველოში ყველამ რომ გააცნობიეროს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მოინდომოს სერვისებში მიმართვა, მკურნალობის მოთხოვნას, ამ ეტაპზე, ქვეყანა ვერ დააკმაყოფილებს იმიტომ, რომ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უწყვეტი ჯაჭვის შესაქმნელად, ჯერჯერობით, ინსტიტუციური მექანიზმები არ არის საკმარისად განვითარებული. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ძირითადად, მძიმე და მწვავე მდგომარეობების მკურნალობა ფინანსდება (რაც ძალიან კარგია და უფრო დიდი მასშტაბით უნდა დაფინანსდეს, ვიდრე ამჟამად არის, აქაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება ვერ ხდება). ამჟამად, საქართველოში, გავრცელებული ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა არ ფინანსდება. არადა, ამ პრობლემების ერთ-ერთი მთავარი რისკფაქტორია სიღარიბე, ადამიანებს არ აქვთ საშუალება, ერთსაათიან სესიაში 50-70 (ხშირად მეტი) ლარი გადაიხადონ, კერძო სერვისებში მომსახურების მისაღებად. ამიტომ, თუნდაც ყველამ რომ გააცნობიეროს ფსიქოლოგიური თერაპიის საჭიროება, დახმარების მიღების საშუალება უმრავლესობას ვერ ექნება, თუ ჩვენს ქვეყანაში შესაბამისი ინსტიტუციური მექანიზმები და ზრუნვის ინფრასტრუქტურა არ განვითარდა.
⇒ როგორ უნდა შევძლოთ პრობლემის (საკუთარი თავის) მართვა, გამკლავება?
⇒ ვიყოთ საკუთარ თავთან კონტაქტში – მივაყურადოთ და მოვუსმინოთ ჩვენს თავს, არ უგულებელვყოთ ჩვენი საჭიროებები, იქნება ეს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ჯანმრთელობის საჭიროებები, შევეცადოთ, ვიყოთ ჰარმონიაში (გავუწიოთ ანგარიში და თან, ჩვენი ინტერესები და მოთხოვნილებებიც დავიკმაყოფილოთ) გარშემომყოფებთან და გარემომცველ სოციალურ და ფიზიკურ სინამდვილესთან.
ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჯანმრთელობა ერთი მთლიანი სისტემაა, ერთი მეორეზეა დამოკიდებული. ამიტომ, საკუთარ თავზე ზრუნვა საკუთარ თავთან კარგი კონტაქტით იწყება, თვითგაცნობიერებით, საკუთარი თავის, გარემომცველი ადამიანებისა და გარემომცველი ფიზიკური თუ ფსიქოსოციალური სინამდვილის მიმართ კეთილგანწყობილი, შემწყნარებელი, გაფრთხილებაზე დაფუძნებული დამოკიდებულებით.
მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესი და სტრესთან, რომლითაც სავსეა ადამიანის ცხოვრება (ეს ყოველთვის ასე იყო და არც 21-ე საუკუნეა გამონაკლისი), გამკლავების პოზიტიური სტრატეგიებით აღჭურვა. მაგალითად, ახლა ჩვენზე კოვიდთან დაკავშირებული სტრესორთა კომპლექსური სისტემა ზემოქმედებს, და მნიშვნელოვანია, რომ გამკლავების სტრატეგიები გვქონდეს ისეთი, რომელიც დამატებით პრობლემებს არ შეგვიქმნის. სულ უბრალო მაგალითი: გამკლავებისთვის მნიშვნელოვანია ფიზიკური აქტივობები – მოძრაობა, ვარჯიში, გნებავთ – ცეკვა და სხვა. ბევრმა კულინარიას მიმართა და ესეც ძალიან კონსტრუქციული გამკლავებაა, რომელიც ასევე ფიზიკური გამკლავების კლასს განეკუთვნება (საჭმლის მომზადებისას ფიზიკურად აქტიური ხარ, მოქმედებ), მაგრამ, თუ კეთებასთან ერთად ჭარბად მივირთვით ან ალკოჰოლის მიღება დავიწყეთ, ეს გამკლავების ნეგატიური სტრატეგიებია და ჭარბ წონასთან/ალკოჰოლთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს მოგვიტანს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, გაცნობიერებულად ვიყენებდეთ გამკლავების სტრატეგიებს და შესაბამისად, გვქონდეს ცოდნა გამკლავების სხვადასხვა სტრატეგიის შესახებ. ეს დაგვეხმარება შევაფასოთ, რამდენად კონსტრუქციულ სტრატეგიას ვიყენებთ და მივხვდეთ, რომ გვჭირდება ცვლილება. უაღრესად მნიშვნელოვანი და პოზიტიური გამკლავების სტრატეგიაა სოციალური ურთიერთობა, გაზიარება, სხვისი დახმარება, დახმარების ძიება და თხოვნა მაშინ, როცა ეს გჭირდება.
⇒ რა ხდება ყველაზე ხშირად მოზარდებში დეპრესიის, ფსიქიკის დატვირთვის მიზეზი?
⇒ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს ბევრი რისკფაქტორი აქვს – მოზარდობის ასაკში ეს, უპირველეს ყოვლისა, ასაკობრივი ფაქტორებია – გარდამავალ პერიოდში, ბავშვობასა და ზრდასრულობას შორის, ადგილი აქვს ჰორმონალურ ძვრებს, ფსიქოსექსუალური განვითარების შესაბამის ძვრებს, ასევე, ე.წ. იდენტობის კრიზისს – როდესაც მოზარდი ეძიებს თავის იდენტობას, „იზომებს“ სხვადასხვა იდენტობას, ექსპერიმენტირებს. ამ დროს მას ახასიათებს ე.წ. „ოპოზიციური ქცევა“, როდესაც უპირისპირდება ზრდასრულთა სამყაროს და ამ დაპირისპირებით ცდილობს საკუთარი თავის პოვნას. თუ მოზარდი დისფუნქციურ ოჯახშია, სადაც პრობლემების მართვის შესაძლებლობები დაქვეითებულია, თუ სკოლაში, რომელშიც ის დადის, არ არის ინკლუზიური, კეთილგანწყობილი კლიმატი და ბავშვის საჭიროებების სრულფასოვანი გათვალისწინებისა და დაკმაყოფილების შესაძლებლობა, თუ მის სამეზობლო თემში სიღარიბე და განვითარებისთვის მწირი გარემოა – ეს ყველაფერი ფსიქიკური ჯანმრთელობის და სხვა ფსიქოსოციალური პრობლემების განვითარების რისკებს ზრდის.
⇒ ყველაზე უკეთ რა მეთოდი მუშაობს ფსიქიკურ პრობლემებთან?
⇒ გააჩნია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემას. პანაცეა აქ არ არსებობს. მაგრამ რაც შეეხება ზრუნვის ჯაჭვს – ის უნდა იყოს უწყვეტი და მოიცავდეს შემდეგ რგოლებს:
✔ ჯანმრთელობის პრომოცია (სამწუხაროდ, ამ ტერმინს ქართული შესატყვისი არ აქვს), რაც გულისხმობს ჯანსაღი ცხოვრების წესის (ჯანსაღი კვება, დღის რეჟიმი, ფიზიკური ვარჯიში და ა.შ.) წინ წამოწევას, დანერგვას და შესაბამისი პირობებისა და შესაძლებლობების შექმნას სახელმწიფო და ადგილობრივ დონეზე. მაგალითად, თუ ვამბობთ, რომ კარგია ფიზიკური ვარჯიში, ეს ხელმისაწვდომი უნდა იყოს მოსახლეობისთვის. ციურიხში, შვეიცარიაში (რომელიც უაღრესად ძვირი ქვეყანაა), საცურაო აუზის ერთი თვის აბონემენტი 5 ევრო ღირს, რაც საშუალო შვეიცარიული ხელფასის აბსოლუტურად უმნიშვნელო პროცენტია (ალბათ, დაახლოებით, 50 თეთრის ეკვივალენტი). ჩვენთან ერთი თვის აბონემენტი ძვირი სიამოვნებაა, რომელზედაც მოსახლეობის უმრავლესობას ხელი ან ვერ, ან რთულად თუ მიუწვდება.
ჯანმრთელობის პრომოციის საქმეში უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს ჰაერის სისუფთავესა და ზოგადად საცხოვრებელი გარემოს ეკოლოგიაზე ზრუნვას, რისი ცნობიერებაც ჩვენთან, ზოგადად, არ არსებობს, მცირე გამონაკლისის გარდა სამოქალაქო აქტივისტების სექტორში.
✔ შემდგომი რგოლი ჯაჭვში არის პრევენცია, რომელიც, ერთი მხრივ, გულისხმობს სიღარიბესთან (როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ყველაზე მასშტაბურ რისკფაქტორთან) ბრძოლის პროგრამებს. ეს შესაძლებელია იყოს შემოსავლების გენერირება, მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება, ნებისმიერი პროგრამა, რომელიც დასაქმებაზე და მოსახლეობის სიღარიბიდან ამოყვანაზეა ორიენტირებული.
მეორე მხრივ, პრევენცია გულისხმობს ე.წ. უნივერსალურ პრევენციას და აქ წამყვანი როლი განათლების და ჯანდაცვის სამინისტროებს ეკუთვნით. მაგ., სკოლებში ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევების (ემოციური რეგულაცია, პრობლემების მართვა, სოციალური ურთიერთობები და სხვ.) გასავითარებლად შესაბამისი ექსტრაკურიკულური პროგრამების დანერგვა პრევენციული მუშაობის მნიშვნელოვანი ფორმატია. უნივერსალურ პრევენციაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია პირველადი ჯანდაცვის რგოლს – ოჯახის ექიმებს, რომლებიც, მაგალითად, დასავლეთის ქვეყნებში აღჭურვილი არიან შესაბამისი ცოდნითა და უნარ-ჩვევებით იმისთვის, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პირველადი სკრინინგი გააკეთონ და შესაბამისი პრევენციული, 5-15-წუთიანი, ინტერვენცია განახორციელონ. ეს პრევენციის მტკიცებულებითი მეთოდია, რომელიც ჩვენთან ჯერჯერობით არ არის დანერგილი.
პრევენციის კიდევ ერთი ფორმატია მიზანმიმართული პრევენცია, მაგ., ემოციური და ქცევითი პრობლემების მქონე ბავშვებისა და მოზარდებისთვის მულტიდისციპლინური სერვისების ამოქმედება. ამგვარი სერვისების დახმარებით, ფსიქიკური სიმპტომების გამკლავებაზე ზრუნვით, მათ აშლილობაში გადასვლას ავიცილებდით თავიდან.
✔ ზრუნვის ჯაჭვის უკვე შემდეგი რგოლია მკურნალობა იმ შემთხვევებისთვის, სადაც უკვე ფსიქიკური აშლილობა, მისი სინდრომია ჩამოყალიბებული. აქ მკურნალობის მეთოდები დივერსიფიცირებული უნდა იყოს. იმდენი ეფექტური მეთოდია, მორგებული სხვადასხვა დაავადებაზე, სხვადასხვა ასაკსა და გენდერზეც კი, რომ „რომელია ყველაზე ეფექტური“ – შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს შევიკავებ. უბრალოდ ვიტყვი, რომ მეთოდი, რომელსაც ვიყენებთ როგორც მკურნალობაში, ასევე პრევენციაში, მტკიცებულებაზე დაფუძნებული უნდა იყოს, ანუ უნდა არსებობდეს სამეცნიერო კვლევის შედეგები იმის თაობაზე, რომ ის ეფექტურია, და თუ არ არსებობს, უნდა ვიზრუნოთ, რომ ვიკვლიოთ და დავადასტუროთ, რომ რასაც ვაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა – არ ვნებს ადამიანს, და უკვე შემდეგ – ეფექტურია იმ პრობლემის სამკურნალოდ, რომლისთვისაც ვიყენებთ.
✔ ზრუნვის შემდგომი რგოლი რეაბილიტაციაა, სადაც ასევე ბევრი სხვადასხვა მეთოდი იყრის თავს. აქ დეტალებში აღარ შევალ და მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ რეაბილიტაცია უნდა იყოს მიმართული ადამიანისთვის აქტიური და ხარისხიანი ცხოვრების შესაბამისი შესაძლებლობების შექმნაზე.
რომ დავაჯამო, დღევანდელი მიდგომა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის საქმეში (იქნება ეს ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა/სტუდენტი თუ ზრდასრული), ეს არის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვის უწყვეტი ჯაჭვის შექმნა, მისი შესაბამისი რგოლების ინსტიტუციური მექანიზმების დანერგვა (ამა თუ იმ დონის სერვისის შექმნა, მისი დაფინანსების უზრუნველყოფა, მისი გეოგრაფიული, ფინანსური და ასაკობრივი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა) და ზრუნვის მტკიცებულებითი მეთოდების გამოყენება.