23 ივლისი, ოთხშაბათი, 2025

სტუდენტმა რომ ყველაფერი იცოდეს, სტუდენტი კი აღარ იქნებოდა!

spot_imgspot_img

გაეროს ბავშვთა ფონდმა, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით და შვიდი რეგიონის სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტებთან პარტნიორობით, ახალგაზრდების უნარები და საკვანძო კომპეტენციები შეაფასა საქართველოში. როგორც ადრე ვწერდით, კვლევა ჩატარდა თბილისში, თელავში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, გორში, ახალციხეში, ახალქალაქში და მისი მიზანი იყო უნარებისა და მთელი ცხოვრების მანძილზე სწავლისთვის საკვანძო კომპეტენციების შეფასება.

კვლევის მთავარ მიგნებებში აღინიშნა, რომ ხალგაზრდები დიდ გამოწვევებს აწყდებიან აზრების ფორმულირებასა და ნათლად გამოხატვაში. ასევე პრობლემური სფერო აღმოჩნდა წერილობითი უნარები, განსაკუთრებით ენობრივი უმცირესობებისთვის, რომელთა სახელმწიფო ენის ცოდნის დონე არასაკმარისი იყო აკადემიური დავალებებისთვის თავის გასართმევად. მონაწილეთა უმეტესობა ახერხებდა საუბრის შინაარის მიდევნებას და დისკუსიაში მონაწილეობას, თუმცა მნიშვნელოვან ნაწილს უჭირდა სხარტად საუბარი, საუბრის დროს გრამატიკულ შეცდომებს უშვებდა და ჟარგონს იყენებდა.

კვლევის მონაწილეთა მეოთხედს გაუჭირდა აზრების დალაგებულად გადმოცემა და ხშირად იყენებდნენ მარტივ, მწირ ლექსიკას, ან სრულად ვერ გამოხატავდნენ აზრებს, რაც ხშირ შემთხვევაში მათში ფრუსტრაციას და მღელვარებას იწვევდა.

კრიტიკულ აზროვნებასა და დებატებში გამოცდილების ნაკლებობაზე მიანიშნებდა ის, რომ მონაწილეთა მესამედს გაუჭირდა დამაჯერებელი, დასაბუთებული არგუმენტების მოყვანა.

უარყოფითი იყო მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის (STEM) შეფასების ნაწილიც. მიუხედავად იმისა, რომ მონაწილეები აღიარებენ STEM-ის მნიშვნელობას, მის შესახებ შეზღუდული წარმოდგენა აქვთ, განსაკუთრებით ეს ეხება ყოველდღიურ ცხოვრებაში მეცნიერების პრაქტიკულ გამოყენებას. ბევრი სტუდენტი ვერ აკავშირებს მეცნიერების ცოდნას კარიერული ზრდის პერსპექტივასთან ისეთ დარგებში, როგორიცაა სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა ან ქიმიური პროდუქციის წარმოება.

თუმცა, მონაწილეებმა გამოამჟღავნეს გარემოსდაცვითი საკითხებისა და ადამიანებისა და ბუნების ურთერთკავშირის შესახებ მაღალი ცნობიერება. ბევრი მეცნიერებას უმეტესად აკადემიურ სფეროდ მიიჩნევს.

რაც შეეხება ციფრულ კომპეტენციას, მონაწილეები ფლობენ კარგ ციფრულ უნარებს და იცნობენ ტექნოლოგიებს, თუმცა ასევე აწყდებიან გამოწვევებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება კიბერუსაფრთხოებას, სოციალური მედიის წიგნიერებას და ციფრული საფრთხეების გაცნობიერებას.

ბევრმა ასევე აღნიშნა სოციალურ მედიაში არსებული გამოწვევები, მათ შორის, ნამდვილი ინფორმაციის ცრუ ინფორმაციისგან გარჩევა და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება, რის გამოც თავს დაცულად ვერ გრძნობენ.

მონაწილეებში იგრძნობა შიში, რომ ტექნოლოგიების განვითარებამ შეიძლება ადამიანებს დააკარგვინოს სამუშაო ადგილები, გააქროს ტრადიციები და დააკნინოს ადამიანური კავშირები. გამოითქვა წუხილი, რომ ტექნოლოგიებმა შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ტრადიციულ კულტურულ ნორმებზე და ადამიანებს შორის ურთიერთობებზე.

შეფასდა, ასევე, პიროვნული, სოციალური და სწავლის ხელშემწყობი კომპეტენციები; მოქალაქეობა და მწვანე კომპეტენცია; სამეწარმეო კომპეტენცია და ფსიკიქური ჯანმრთელობა. მონაწილეებმა ისაუბრეს თვითრეფლექსიის, კარიერული გზის არჩევასა და პიროვნულ ზრდასთან დაკავშირებული გამოწვევების შესახებ და აღნიშნეს, რომ ხშირად გრძნობენ მოტივაციის ნაკლებობას საზოგადოებრივი და საგანმანათლებლო სტრუქტურების გამო.

მიუხედავად იმისა, რომ მომავალს უმეტესწილად ოპტიმისტურად უყურებენ, ბევრს აღელვებს გაურკვევლობა და კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული კრიზისი.

წარმატებისთვის აუცილებელ პირობად დასახელდა ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა, საკუთარი ძალების იმედი და განათლებაზე ფოკუსირება.

პიროვნული განვითარების გეგმის უქონლობა და არაფორმალური სწავლის ხელმისაწვდომობის ნაკლებობა მნიშვნელოვან ხარვეზად იქნა იდენტიფიცირებული და ა.შ.

ზოგადად, კვლევის შედეგები არასახარბიელო იყო, რასაც ფართო გამოხმაურება მოჰყვა და საზოგადოების აზრიც გაიყო. ნაწილმა შედეგები უპირობოდ მიიღო, მეორე ნაწილმა კი ეჭვქვეშ დააყენა ის მძიმე სურათი, რაც შეფასების ორგანიზატორებმა წარმოადგინეს.

სოციალურ მედიაში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა კვლევის შედეგებს. გთავაზობთ გიორგი ლობჟანიძისა და გიგა ზედანიას მოსაზრებებს.

გიორგი ლობჟანიძე: რომელიღაც საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევის ერთ შედეგს დაატარებენ კედლიდან კედელზე ეს რამდენიმე დღეა, ქართველ სტუდენტებს წერა, აზრის ჩამოყალიბება და წაკითხულიდან შინაარსის გამოტანა უჭირთო თან რატომღაც ამ აპლომბით მოწოდებულ განცხადებას ჩვენი საფიცარი თსუ-ს ფოტო აქვს ხოლმე მიტყეპებული!

თავიდან დამაფიქრა ამ განცხადებამ. მერე გამაბრაზა. არასოდეს ენის მოჩლექით არ მილაპარაკია არც ჩემს სტუდენტებთან და არც ჩემი სტუდენტების შესახებ. ზედმეტ ლუკლუკ-ლიკლიკსაც ვერ ვიტან, მაგრამ… გადაუჭარბებლდ გეტყვით: ჩვენ გვყავს საოცრად გონებაგახსნილი და კეთილშობილი ახალგაზრდები, რომლებსაც დიდი წარმატებები აქვთ მეცნიერების ყველა სფეროში! თუ რამე ეშლებათ, ჯერ სწავლობენ, ბატონო! სტუდენტმა რომ ყველაფერი იცოდეს, სტუდენტი კი აღარ იქნებოდა!

გიგა ზედანია: წარმოდგენა არ მაქვს ამ კვლევის ხარისხზე, ჯერ არ მინახავს, მაგრამ შეუირაღებელი თვალითაც ნათელია ნებისმიერისთვის, ვინც უნივერსიტეტში მუშაობს, რომ:

ახალგაზრდების მნიშვნელოვან ნაწილს, ვინც აბარებს უნივერსიტეტში, სკოლამ ვერ მისცა საბაზისო უნარები აკადემიური სწავლისათვის; ძალიან ბევრი წელია ამას ვამბობ ყველგან,სადაც ხმა მიმიწვდება – თუ სკოლების ფუნდამენტური რეფორმა არ მოხდა, ამ ქვეყანას მომავალი არ ექნება.

(პირდაპირი მნიშვნელობით – საუკუნის ბოლოს ალბათ ქართული ენა და ლიტერატურა უბრალოდ გაქრება დემოგრაფიული კატასტროფის გამო, ხოლო ამ დემოგრაფიული კატასტროფის თავიდან აცილება უბრალოდ შეუძლებელია სკოლების რადიკალური გაუმჯობესების გარეშე. სკოლა მომავლისთვის დაახლოებით იგივე ამბავია, რაც სასამართლო – აწმყოსთვის. დიქტატურა ჩაწერილი იქნება ჩვენი საზოგადოების დე-ენ-ემში, როგორც მისი დინამიკის კულმინაციური მომენტი, სანამ დამოუკიდებელი სასამართლო არ იარსებებს).

მაგალითად, ილიაუნიში გვაქვს მთელი წელი „დიდი ავტორების“ კითხვისათვის დათმობილი: პლატონი, ლოკი, ჭავჭავაძე, სარტრი და ა.შ. მაგრამ ამ კურსის მთავარი დასკვნა ისაა, რომ პირველკურსელები უფრო ტექსტთან მუშაობის ელემენტარულ ჩვევებს სწავლობენ, ვიდრე თავად ტექსტების შინაარსს – იმიტომ რომ ეს ჩვევები თორმეტი წლის განმავლობაში სკოლამ მათ უბრალოდ ვერ მისცა.

ვიცი, რომ ამაზე ბევრის პასუხია – ამდენმა ახალგაზრდამ უნივერსიტეტებში არ უნდა ისწავლოსო. მაგრამ ეს ღრმად მცდარი პასუხია: საქართველოში პროცენტულად დაახლოებით იმდენივე ახალგაზრდა სწავლობს უნივერსიტეტებში, რამდენიც ევროპის წამყვან ქვეყნებში. თანაც, გაითვალისწინეთ, რომ ეს ქვეყანა ახალგაზრდებს, უნივერსიტეტის გარდა, მხოლოდ ქუჩის აკადემიას სთავაზობს ერთადერთ ალტერნატივად.

მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა კი იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენი ახალგაზრდები გლობალური ტრენდების ნაწილი არიან მიუხედავად იმისა, რას აკეთებენ ან ვერ აკეთებენ ქართული ინსტიტუციები.

მოკლედ, არა უბრალოდ აწმყო არ გვწყალობს, მომავალიც აღარაა ჩვენი, ასე თუ გავაგრძელეთ.

spot_imgspot_img
მსგავსი სიახლეები

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება