როგორი იქნება მიმდინარე წელი სპეციალური მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მიმართულებით და რა სიახლეებს სთავაზობს მათ მასწავლებლის სახლი – ჩვენთან ინტერვიუში ამ თემებზე საუბრობს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის მენეჯერი თეონა ხოსიტაშვილი.
ინტერვიუში შევეცადეთ, მიგვეღო პასუხი სპეცმასწავლებლის ყველაზე აქტუალურ კითხვაზე – როგორ მოემზადონ გამოცდებისთვის და რა მხარდაჭერას სთავაზობს მათ ცენტრი. მკითხველი, ასევე, შეიტყობს სპეცმასწავლებლის პორტფოლიოს დანერგვის დეტალებს, რომელიც სამომავლოდ უნდა გახდეს სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი გზა.
➡️ გასულ წელს პირველად ჩატარდა სპეციალური მასწავლებლის სასერტიფიკაციო გამოცდა. მოკლედ რომ შევაჯამოთ, როგორი შედეგები იყო და რამდენი უფროსი მასწავლებელი ჰყავს დღეს სისტემას?
🔘 სპეციალურ მასწავლებლებს 2021 წელს პირველად მიეცათ შანსი, გასულიყვნენ მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდაზე, მათ გარკვეული პერიოდი გაიარეს იმისთვის, რომ კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულიყვნენ. ვფიქრობ, საკმაოდ მაღალი იყო მათი მზაობა, რომ გასულიყვნენ გამოცდაზე, რაც შედეგებში აისახა კიდეც, გასულ წელს 850-მდე მოქმედმა მასწავლებელმა ჩააბარა გამოცდა და გახდა უფროსი მასწავლებელი. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ სისტემაში დასაქმებულნი არიან ისეთი პირები ვისაც აქვს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა დამთავრებული და მათ, სკოლის მოთხოვნის საფუძველზე, პირდაპირ მიენიჭათ უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსი.
საერთო ჯამში, დღევანდელი მონაცემებით, სისტემაში დასაქმებული სპეციალური მასწავლებლიდან – 990 უფროსი სპეციალური მასწავლებელია.
როგორც აღვნიშნე, გასულ წელს, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ პირველად განხორციელდა სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, საგამოცდო პროგრამა ეყრდნობოდა სპეციალური მასწავლებლის სტანდარტს. პროცესში ჩართულნი იყვნენ დარგის სპეციალისტები, რომელთა რეკომენდაციებიც იქნა გათვალისწინეული. წელს, ასევე სტანდარტზე დაყრდნობით, წარმოდგენილი იქნება საგამოცდო პროგრამა, რაც შეამოწმებს მასწავლებლის არა მხოლოდ პირობისეულ ცოდნას, არამედ პროცედურულ ცოდნასაც, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გამოიხატება იმით, თუ როგორ იყენებს სწავლის სტრატეგიებს სსსმ მოსწავლის ქცევისა თუ სწავლის შედეგების გასაუმჯობესებლად.
➡️ რადგან გამოცდებს შევეხეთ, აქვე განვმარტოთ ჩატარდება თუ არა წელს, ზაფხულში, არა სპეცმასწავლებლისთვის გამოცდა; მასწავლებლების ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია პრემიერის ბრძანებამ, რომლითაც განისაზღვრა სპეციალური, უფროსი და წამყვანი მასწავლებლის გამოცდის ვადები
🔘 №241 დადგენილებაში შევიდა ცვლილება, სადაც საუბარია წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის გადაწევის შესახებ. დადგენილებაში აღნიშნულია, რომ: „გამოცდების ეროვნული ცენტრი უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაატარებას უზუნველყოფს არაუგვიანეს 2023 წლის 1 იანვრისა, ხოლო წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდას ჩაატარებს არაუგვიანეს 2024 1 იანვრისა“, რაც იმას ნიშნავს, რომ წამყვანი მასწავლებლის გამოცდამ გადაიწია ერთი წლით, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა ჩატარდება წელს, ჩვეულებრივ.
➡️ ქალბატონო თეონა, სასურველია კიდევ ერთხელ განმარტოთ, ასევე, ვის შეუძლია გახდეს უფროსი სპეციალური მასწავლებელი
🔘 კიდევ ერთხელ რომ განვმარტოთ – უფროსი სპეციალური მასწავლებლის სტატუსის მოსაპოვებლად, პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
ამონარიდი კანონიდან:
„უნდა ჰქონდეს მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ან მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მინიჭებული განათლების მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი (ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლების მითითებით) და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული ან მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური მასწავლებლის მომზადების მოდული;
უნდა ჰქონდეს სულ მცირე ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის მიმართულებით ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და გავლილი უნდა ჰქონდეს სპეციალური განათლების სამაგისტრო პროგრამა“.
➡️ რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი, რომელიც სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარებას გადაწყვეტს?
🔘 უნდა ჰქონდეს მასწავლებლობის უფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიხედვით და უნდა ჩააბაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი გამოცდა.
➡️ არის თუ არა სავალდებულო მოქმედი პრაქტიკოსებისთვის, ვიდრე გამოცდაზე გავლენ, მასწავლებლის სახლის მიერ შეთავაზებული 120-კრედიტიანი ტრენინგის გავლა?
დ გამოცდებამდე „სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების შესავალი კურსის“ გავლა სავალდებულო არაა, თუმცა, უმნიშვენლოვანესია ყველა სპეციალურმა მასწავლებელმა გაიაროს აღნიშნული კურსი, ვისაც არ აქვს განათლება სპეციალურ პედაგოგიკაში. კურსი აგებულია სტანდარტზე დაყრდნობით და მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ინკლუზიური განათლების კონცეფცია და ძირითადი მიდგომები, სწავლების კონსტრუქტივისტული თეორიები, ბიჰევიორიზმი, სწავლის სოციალურ-კოგნიტური თეორია, გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია, განვითარების ასაკობრივი თავისებურებები და განვითარების სფეროები, რთული ქცევა, სასწავლო პროცესის ორგანიზება უნივერსალური სასწავლო დიზაინით, ახალი ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაყდნობით ისგ-ის შემუშავება და ა.შ.
➡️ სპეცმასწავლებლის კარიერული წინსვლის გზა მხოლოდ გამოცდით შემოიფარგლება თუ სხვა ვალდებულებებიც აქვს?
🔘 სპეციალურმა მასწავლებელმა, სტატუსის მოსაპოვებლად, უნდა ჩააბაროს სტატუსის ასამაღლებელი გამოცდა, სკოლის ბაზაზე ადგენს პროფესიული განვითარების გეგმას, რომელსაც წლის ბოლოს, სკოლის დირექტორის უკუკავშირის საფუძველზე, ახლიდან შეიმუშავებს.
წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იქნება 2024 წლის 1 იანვრამდე, ახლა მიმდინარეობს წამყვანი სპეციალური მასწავლებლის საკვალიფიკაციო ჩარჩო დოკუმენტის გადახედვა, თუ რა უნდა მოეთხოვებოდეს. არსებული კანონმდებლობის მიხედვით კი, წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდა სპეციალიზებულია სამი მიმართულებით:
- სენსორული ტიპის დარღვევების მიმართულებით — (სმენა და მხედველობა);
- ინტელექტუალური და დასწავლის დარღვევების საჭიროების მქონე მიმართულებით;
- მრავლობითი დარღვევების მიმართულებით.
➡️ და მივედით სწორედ იმ კითხვამდე, რომელიც დღეს ყველაზე აქტუალურია სპეცმასწავლებლებში – როგორ მოემზადონ გამოცდებისთვის? რა მხარდაჭერას სთავაზობს მათ მასწავლებელთა სახლი?
🔘 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის „ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის“ პროგრამის ერთ-ერთი მთავარი ბენეფიციარია სპეციალური მასწავლებელი. სპეციალურ მასწავლებლებს, გარდა ე.წ, 120-საათიანი კურსისა, ვთავაზობთ საჭიროებაზე მორგებულ ტრენინგებს, რომელიც დაეხმარებათ პროფესიულ განვთარებაში. გასულ წელს სპეცმასწავლებლებს ჩაუტარდათ 16-საათიანი ტრენინგი — „პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლის ტრენინგი ინკლუზიურ განათლებაში“, ასევე წელსაც პრაქტიკოს მასწავლებლებს შევთავაზებთ შედარებით გაზრდილი მოცულობის ტრენინგ-პროგრამას, რომელიც ასევე ორიენტირებული იქნება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მოსწავლეზე ორიენტირებული უსაფრთხო გარემოს შექმნა, სასწავლო პროცესის დაგეგმვა, სწავლების სტრატეგიები, სასწავლო რესურსის გამოყენება, შეფასება და სხვ. აღნიშნული ტრენინგი შეთავაზებული იქნება ყველა პრაქტიკოსი სპეციალური მასწავლებლისათვის, რომელიც მიმდინარე წლის მარტის ბოლოდან დაიწყება და დასრულდება ივნისში.
➡️ გარდა ტრენინგებისა, რას სთავაზობთ მათ? რა სახის რესურსი ან ლიტერატურაა ხელმისაწვდომი?
🔘 ძალიან ბევრი კარგი საგანმანათლებლო რესურსი შეიქმნა ბოლო წლებში, რომელიც განთავსებულია, inclusion.ge-ზე, როგორიცაა გზამკვლევები: სპეციალური მასწავლებლის გზამკვლევი, სპეციალური მასწავლებლის პორტფოლიო და სხვ. ასევე მასწავლებლის სახლის facebook გვერდზე, გასულ წელს, პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა საგანმანათლებლო ვიდეოები, live ფორმატში გავიდა ვებინარები ინკლუზიური განათლების საკითხებზე, რაც უფრო კონკრეტულ თემებზეა ფოკუსირებული და დაინტერესებულ მასწავლებლებს შეუძლიათ გამოიყენონ. ასევე აღვნიშნავ, რომ მიმდინარე წელსაც, პროგრამის ფარგლებში, დაგეგმილია არაერთი საგანმანათლებლო სერვისის შეთავაზება მასწავლებლებისთვის.
➡️ დავუბრუნდეთ სპეცმასწავლებლის პორტფოლიოს — ეს სიახლეა და სასურველია, გავამახვილოთ ყურადღება, როგორ და რატომ უნდა აწარმოოს მასწავლებელმა პორტფოლიო?
🔘 პორტფოლიო არის ჩვენი ახალი და ძალიან საინტერესო მიმართულება. გასულ წელს შევქმენით სპეცმასწავლებლის პორტფოლიოს კომპონენტები და პორტფოლიოს გზამკვლევი. ახლა პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს პორტფოლიოს საპილოტე რეჟიმში ამოქმედება, სადაც კონკრეტული სკოლები იქნებიან ჩართული. პილოტირების შემდეგ იგეგმება სისტემაში ყველა სპეცმასწავლებლის მიერ პორტფოლიოს წარმოება. პორტფოლიოს წარმოებით მასწავლებელი უზრუნველყოფს საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის გაუმჯობესებას.
➡️ მოკლედ რომ გვითხრათ, რა კომპონენტებს გულისხმობს პორტფოლიოს წარმოება, რა მოეთხოვებათ მასწავლებლებს?
🔘 პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ პორტფოლიო სსსმ მოსწავლისა და სპეცმასწავლებლის სწავლა-სწავლების პროცესის ამსახველი დოკუმენტაციის ერთობლიობაა. რეალურად, ეს იქნება საკუთარი საქმიანობის ამსახველი დოკუმენტების სივრცე, სადაც გამოჩნდება ცალკე პედაგოგის პროფესიული გზა და ცალკე მოსწავლის შედეგები. პორტფოლიო მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: თვითშეფასების კითხვარი და პროფესიული განვითარების სამოქმედო გეგმა, ინტერვენციის გეგმა, რუბრიკები, სსსმ მოსწავლის საჭიროებების იდენტიფიკაცია.
ცხადია, როცა ასეთი ტიპის სიახლეს ვნერგავთ, წარმატებული ქვეყნების სასკოლო სისტემაში არსებულ გამოცდილებას ვიყენებთ და ჩვენი მასწავლებლების შესაძლებლობებს ვუთავსებთ. ყველაზე მთავარია, რომ კარგად გვაქვს გააზრებული პორტფოლიოს მნიშვნელობაც, ეს არის მასწავლებლის საქმიანობის შეფასების საუკეთესო ინსტრუმენტი, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს მასწავლებლის პრატიკული საქმიანობის დოკუმენტს, მეორე მხრივ, ეხმარება პედაგოგს საკუთარი პრაქტიკის ანალიზსა და შეფასებაში. რეალურად, დინამიკაში უნდა დავინახოთ მასწავლებლის საჭიროებები, რომ შემდეგ სწორად დავგეგმოთ მისი მხარდამჭერი ღონისძიებები. თუ მისი სუსტი და ძლიერი მხარეები არ გვეცოდინება, ვერ შევძლებთ სწორად რეაგირებას.
სამომავლოდ გვსურს, რომ პორტფოლიო გახდეს სპეციალური მასწავლებლის საქმიანობის შეფასების ერთ-ერთი გზა. მოგეხსენებათ, ძალიან ბევრ ქვეყანაში მასწავლებლის პორტფოლიოს ითვალისწინებენ და იყენებენ სკოლაში მიღების, წახალისების ან სტატუსის მინიჭების მიზნით.
ესაუბრა ლალი ჯელაძე