ახალ სასწავლო წელს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ზემოხეთის არასრული საჯარო სკოლა ბევრი მოსწავლით ვერა, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი სიახლით კი შეხვდა: კაპიტალურად, რკინა-ბეტონით იღობება სკოლის სტადიონი.
სამუშაოები უკვე დაიწყო და უშუალოდ სტადიონის ირგვლივ ღობისთვის ჩაისხა ფუნდამენტი, დამონტაჟდა 4-5 მეტრი სიმაღლის რკინის ბოძები, გაუკეთდა დამატებითი საყრდენები და ეს-ესაა, ამ დღეებში, მშენებლებმა ბოძებზე რკინის ცხაურების (ე.წ. ღობეები) გაკვრაც დაიწყეს.
ამავდროულად, აღნიშნული სიახლე მთლიანად სოფლისთვისაცაა, რადგან ეს სოფლისერთადერთი სტადიონია და იქაური ახალგაზრდობისთვის ერთადერთი გასართობი ადგილი, სხვა მსგავსი რამ, პრაქტიკულად, არაფერია. ადრე, ჩემს ბავშვობაში, ასეთ ალტერნატივად სოფლის კლუბი რჩებოდა, ბიბლიოთეკითა და კინო-დარბაზით (მიუხედავად იმისა, რომ კინოფილმებს მხოლოდ ზაფხულობით აჩვენებდნენ, თუმცა ბიბლიოთეკა მთელი წელიწადი მუშაობდა), მაგრამ, ყოფილ საბჭოთა კავშირთან ერთად, ის ისტორიის კუთვნილება გახდა. რამდენიმე წელიწადში სოფლის ბიბლიოთეკაც გაუქმდა, შტატების ოპტიმიზაციის მიზეზით, მეტი კულტურულ-გასართობი საშუალება კი სოფელში არც არსებობდა.
ამიტომ, ბოლო 30 წელიწადია, ეს სტადიონი აქაური ახალგაზრდობის ერთადერთი გასართობი ადგილია. იქნებ ეს თანამედროვე სკოლის სტატუსს კიდეც ეწინააღმდეგება, თუმცა, ამ საუკუნოვანი ისტორიის მქონე სკოლისა და სოფლისათვის მოედანი ყოველთვის საზიარო იყო. მით უფრო, სოფლის მთაგორიანი რელიეფიდან გამომდინარე, ახალი სტადიონის მოსაწყობად (ამასაც ვინ გააკეთებს – აგერ, გზას იხვეწება სოფელი, ათადან და ბაბადან მოყოლებული…) ბევრი ალტერნატივა ნამდვილად არაა. თან, სასწავლო პერიოდში, იქაურობა ულაპარაკოდ სკოლის განკარგულებაშია – სოფლის ახალგაზრდობა მას გასართობად, ძირითადად, ზაფხულში იყენებს, ან გაკვეთილების დასრულების შემდეგ, თუმცა სოფელში „საფეხბურთო სეზონი“ მაინც ზაფხულია.
ბუნებრივია, სიახლე კარგია და ამას მხოლოდ მივესალმებით, თუმცა საქმის უკეთ დაგეგმვით ბევრად მეტის ბევრად იაფად და მისაღებად გაკეთებაც შეიძლებოდა… მთავარი ხარვეზები ისაა, რომ მშენებლობის გამო რამდენადმე იზღუდება თავად სტადიონი, თან ერთი მხარე ღიად რჩება, რადგან ბოლომდე შემოსაღობად თურმე თანხა არაა საკმარისი… არადა, როგორც სოფლის თვითმმართველობაში გვითხრეს, ეს სამუშაოები 46 ათასი ლარი ჯდება: თავიდან 30 ათასი ლარი ყოფილა გამოყოფილი, მაგრამ რაკი საკმარისი არ იყო, ამ ისედაც პატარა სტადიონის მინი-სტადიონად გადაკეთება გადაუწყვეტიათ, საბოლოოდ კი, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან დიდი ხვეწნა-მუდარისა და პროექტის განხილვის შემდეგ, კიდევ დაუმატებიათ 16 ათასი ლარი, რათა სტადიონი არ დაპატარავებულიყო.
არადა, ვგონებ, თანხების ეკონომიით, არც დამატება და არც იმ მცირედით შეზღუდვა გახდებოდა საჭირო. საქმე ისაა, რომ სკოლამ, რამდენიმე წლის წინ, მთელი თავისი ტერიტორია, ოთხივე კუთხით (ბუნებრივია, ამაში სტადიონიც შედის) საკუთარი სახსრებით კაპიტალურად – რკინა-ბეტონის მესერით შემოღობა და ერთ მხარეს, სამხრეთიდან, თავისუფლად შეიძლებოდა იმ ძველზე ახალი ღობის დაშენება. როგორც აგვიხსნეს, ეს ახალი მშენებლობა ადგილობრივი ახალგაზრდობის მოთხოვნა ყოფილა და, ძირითადად, იმითაა გამოწვეული, რომ თამაშისას ბურთი მიმდებარე ტერიტორიაზე არ გადავარდეს, ამიტომ აკეთებენ მაღალ მესერს, ამ ფუნქციას კი, სამხრეთიდან, თავისუფლად შეასრულებდა იმ ძველ ღობეზე ახალი ბოძების დამონტაჟება და მათზე რკინის ცხაურების გაკვრა. ამ შემთხვევაში, არც იმ სიმაღლეზე ასვლა გახდებოდა საჭირო და სტადიონის ზომებიც შენარჩუნდებოდა… თუმცა, ოფიციალურად, სტადიონი არც ახლა დაპატარავებულა, იმავე საზღვრებში რჩება, მაგრამ ახალი ღობე ზედ გვერდით ხაზებზეა გაყოლებული, რის გამოც სამოქმედო სივრცე იზღუდება, აუტისა თუ კუთხურის ჩამოწოდებისას – ადგილიდან თუ ჩააწვდი, ერთსაც და მეორესაც, ყოველგვარი უკან დახევის და გამოქცევის გარეშე. ჩრდილოეთის მხარესაც შეიძლებოდა 2-3 მეტრით უკან გასვლა, თუმცა ეს ხარჯებს გაზრდიდა…
ხარჯების შემცირება სამშენებლო მასალების ხარჯზეც შეიძლებოდა – არც იმ სიმსხო რკინის ბოძები იყო საჭირო და არც ერთიანი ფუნდამენტის ჩასხმა, შეიძლებოდა გაცილებით უფრო წვრილი ბოძების ჩაბეტონება ადგილზე, მხოლოდ ბოძის ირგვლივ ჩაისხმებოდა ბეტონი და არა მთელ სიგრძეზე, შედეგად კი არც ამდენი ქვიშა-ბეტონი გახდებოდა საჭირო. ალბათ, ცოტა ნაკლები სიმაღლეც ეყოფოდა, ეს ყველაფერი კი, სავარაუდოდ, იმდენად შეამცირებდა ხარჯს, იქნებ, სტადიონიც ბოლომდე შეღობილიყო. თუმცა, როგორც გვეუბნებიან, პრობლემა სხვა რამეშია: არსებობს სახელმწიფო სტანდარტი, რომლიდან გადახვევის უფლებაც ტენდერში გამარჯვებულ მშენებელ ფირმას არ აქვს. ბუნებრივია, არსებული წესები არავინ უნდა დაარღვიოს; იმავე ფირმასაც მართლაც არ უნდა ჰქონდეს თვითნებობის უფლება, მაგრამ სახელმწიფომ უფრო რეალური სტანდარტები რომ დააწესოს?..
ანალოგიურ პრობლემას ჩვენი სოფელი 3 წლის წინაც წააწყდა, როცა, სოფლის დახმარების პროგრამის ფარგლებში, სასაფლაოს კაპიტალურად შემოღობვა მოვინდომეთ, საამისოდ შიდასაუბნო გზების რემონტსა და სხვა აუცილებელ საჭიროებებზე ვთქვით უარი და ამ საქმისთვის 5 000 ლარი გადავდეთ, მაგრამ მაშინაც ეს სახელმწიფო სტანდარტი „გვირტყეს ცხვირში“: თურმე, აუცილებლად, ტენდერი უნდა გამოცხადებულიყო და იქ გამარჯვებულ ფირმას უნდა გაეკეთებინა; თურმე, არ შეიძლებოდა, ეს სამუშაოები სოფლის მოსახლეობას ჩაეტარებინა იმის მიუხედავად, რომ ამას სრულიად უფასოდ ვაკეთებდით; თურმე, იქ ბოძები თუ იგივე ერთიანი, უწყვეტი ბეტონის ფუნდამენტი სახელმწიფო სტანდარტის მოთხოვნა ყოფილა, როცა გაცილებით უფრო იაფიან ბოძებსა და „წერტილოვან ფუნდამენტზეც“ თანახმა ვიყავით… საბოლოოდ, 5 ათას ლარში, ამ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ 60 მეტრი ღობე შეღობა (როგორი ხარისხით, ეს კიდევ საკითხავია, მაშინვე გამოუჩნდა ხარვეზები), სოფელი კი ლამის ბოლომდე შემოღობავდა, დიდი-დიდი 60 მეტრი დარჩენილიყო გასაკეთებელი. ყოველ შემთხვევაში, ის დარჩენილიც უკვე დასრულებული გვექნებოდა. არ ვიცი, მეორე წელს რა მოხდა – იმ ფირმამ სხვა, უფრო მსუყე ტენდერი იშოვა და არ უღირდა ჩვენთან ამოსვლა თუ სხვა მიზეზის გამო, უკვე შესაძლებელი გახდა, ის ღობე სოფელს გაეკეთებინა, ბოძებიც მას შეერჩია და უწყვეტი, ერთიანი ფუნდამენტის ნაცვლად, კონკრეტულ ადგილზე ჩაებეტონებინა…
მაგრამ დავუბრუნდეთ ისევ სკოლის სტადიონს, სადაც შემოუღობავი რჩება აღმოსავლეთის მხარე – მის ფარგლებში მხოლოდ რამდენიმე მეტრით შემოდის სამხრეთის და ჩრდილოეთის მხარის ღობეები. ისიც თუ შეიღობება, მაშინ მის ფარგლებს გარეთ დარჩება ის მონაკვეთი, სადაც სავარჯიშო „ტურნიკები“ დგას… ჩემს ბავშვობაში იქაურობას სარბენ ბილიკებადაც ვიყენებდით, ახლა კი, ამ ახალი ღობის გამო, სარბენი არეალიც იზღუდება. არადა, ღობის რამდენიმე მეტრის უკან დაწევით, არც ეს პრობლემა დადგებოდა. ამ სკოლის სპორტული ბაზა ჯერ კიდევ 2006 წელს შეიზღუდა მნიშვნელოვნად, როცა ახალი სკოლის შენობის აშენება გადაწყდა და ის პირდაპირ კალათბურთისა და ფრენბურთის კომბინირებულ მოედანზე ჩადგეს… ახლა ერთიცა და მეორეც საფეხბურთო სტადიონის ტერიტორიაზეა და იმასაც ყოფნა პირობითად თუ ეთქმის.
დამცავი ბადე (რკინის ცხაური იქნებოდა, უბრალო ბადე თუ ნებისმიერი სხვა ტიპის ჯებირი) სკოლასა და სტადიონს შორის დარჩენილ მცირე სივრცეში ნამდვილად საჭირო იყო — მოედნის დასავლეთით, რათა ფანჯრებიც დაცული ყოფილიყო და ბურთიც დაბალ ხიმინჯებზე მდგარი შენობის ქვეშ არ შევარდნილიყო. თუმცა, მთელი ამ წლების განმავლობაში, თამაშისას, ფანჯრების ჩატეხვაზე არაფერი მსმენია…
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ მივესალმებით, თუ რამე გაკეთდება, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს ცოტა ზედმეტი ფუფუნება გვგონია და ამ თანხაში გაცილებით მეტის გაკეთება შეიძლებოდა… თან, სოფელსაც და სკოლასაც ბევრი პრობლემა აქვს, რომელთა მოგვარებასაც ამაოდ ვითხოვთ… მაგალითად, სკოლის დირექტორმა, სასწავლო წლის დასაწყისში, ჩვენთან ინტერვიუშიც თქვა, რომ არა აქვთ დამხმარე ფართი, სადაც სხვადასხვა აქტივობებს ჩაატარებდნენ – შეხვედრებს მშობლებთან, კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებს; პრობლემაა ინვენტარის, სხვადასხვა სახის დამხმარე ლიტერატურის, საარქივო მასალების დასაწყობების… სკოლას არ აქვს დახურული სპორტული დარბაზი და, ამ მიზნით, ისედაც ვიწრო დერეფანს იყენებენ.
სოფელია და, 21-ე საუკუნეში ვიხვეწებით გზას, გაზს; მით უფრო, ორივე მოსულია ჩვენგან 3 კილომეტრში – საჭამიასერში (თუმცა, იქ გაზი ჯერ მხოლოდ ნახევარ სოფელშია გაყვანილი, მაგრამ გაშვებული არაა, რადგან 3 წლის წინ დამონტაჟებულ მილებში გაზმა გაჟონა და საახალწლო საჩუქრად გამოშვებული ბუნებრივი აირი 2 დღეში გათიშეს); აგერ, 30 წელიწადია, საჭამიასერიდან ზემოხეთამდე 3-კილომეტრიანი გზის გაკეთებას გვევაჭრება უკლებლივ ყველა მთავრობა, რაც კი ყოფილა საბჭოთა კავშირის მერე.
წარმოიდგინეთ, 21-ე საუკუნეში ასეთ ელემენტარულზე გვიწევს ხვეწნა, როცა სოფელს ტურისტული პოტენციალი აქვს – ადრე ყოფილა კიდეც საკურორტო ზონა და დღესაც შენდება საოჯახო სასტუმრო, თუმცა, ამის გარდა, რამდენიმე წელიწადია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს ისეთ მარტივ რამეს ვთხოვთ, რასაც დიდი ხარჯი და მშენებლობა არ სჭირდება – სანაგვე ურნის დადგმას, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც (მეტს არ ვითხოვთ) დაცლიან, რომ ისედაც გვარიანად დაბინძურებული ბუნება უფრო მეტად არ დავანაგვიანოთ… როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში გვითხრეს, უარის მიზეზი თურმე ისაა, რომ მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურს ახალი ტიპის მანქანები ჰყავს, რომლებიც მთის ვიწრო, მიხვეულ-მოხვეულ გზებზე ვერ დადის… ასეა, როცა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი ხარ და პარიზის სტანდარტებს ეპოტინები…
მანამ კი, მეც და ჩემი თანასოფლელების გარკვეული ნაწილიც მყარი სახის საოჯახო (მინის, რკინისა თუ პლასტმასის ნივთები) თუ სხვა, ბუნებაში ძნელად ხსნად, ნარჩენს პარკებში ვაგროვებთ და ქალაქში მიგვაქვს სანაგვე ურნებში ჩასაყრელად…
ირაკლი თავაძე