ორი კვირის წინ, პირველ დეკემბერს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ხორნაბუჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, მუნიციპალიტეტის საჯარო ბიბლიოთეკაში, არაფორმალური განათლების მხარდასაჭერი საჯარო ლექცია გავმართეთ. ჩვენ დროს, ასეთ ლექციებს კლასგარეშე განათლებას ვეძახდით…
ღონისძიების ინიციატორი ამავე სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, პედაგოგი მარიკა პოპიაშვილი (ისტორიკოსი) იყო, რომელმაც სრულიად შემთხვევით, მოწაფეებისთვის მასალის ძიებისას, ნახა ჩემი გვერდი და დამიკავშირდა (სანთლით საძებარია ასეთი პედაგოგები, მე ასე მგონია). ჩემი მიწვევის სურვილი, შემდეგ სკოლის დირექტორს, თამარ ქეთელაურს გაანდო. დიდი მადლობა ქალბატონ თამარს, რადგან მისი მზაობის გარეშე, ჩემი და ჩემი კოლეგების შეხვედრა იქაურ საზოგადოებასთან ვერ შედგებოდა… გავიცანით ქალბატონი მარინას მოწაფეებიც, იმედის მომცემი ახალგაზრდები, ასევე, დედოფლისწყაროს საჯარო ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც, ნამდვილი ბიბლიოფილები.
მართალია, თავიდან მხოლოდ ჩემი ჩასვლა იგეგმებოდა, მაგრამ ვიცოდი რა ჩემი კოლეგის, ქეთევან გოდერძიშვილის შრომების შესახებ ონომასტიკაში, მინდოდა კახეთს, დედოფლისწყაროს დიდი ხნის მოწყვეტილი მეცნიერი, ხელახლა გაეცნო. ის მართლაც ჩინებული ონომასტიკოსია, მკაცრი მეცნიერული განაწესით. შეხვედრას სამი ენათმეცნიერი ვესწრებოდით: ჩემი ძვირფასი კოლეგები – ფილოლოგიის დოქტორი, ენათმეცნიერი/ონომასტიკოსი ქეთევან გოდერძიშვილი და ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, თურქოლოგი მარიკა ჯიქია. ასევე, გვახლდა ქალბატონი ქეთევანის შვილიშვილი – ნიკა ჩლაიძე, რომელმაც ჩვენი შეხვედრის ფოტო/ვიდეომასალას მოუყარა თავი.
უცნაური დღე იყო, მზიანი, მაგრამ თან განსაცდელიანი… ძალიან კოხტად გამოიყურებოდა დედოფლისწყარო, გალამაზებული დიდი და ლამაზი ლამპიონებით, გამწვანებით… პირველი საათისთვის დანიშნული ლექცია დაგვიანებით, 4-ზე დაიწყო.
ჩემი ლექციის თემა იყო „გრამატიკის პოეტიკა და პოეზია ყველასთვის, მარტივად“. რადგან, სულ ორიოდე კვირის წინ, გალაკტიონის დაბადების დღე იყო და რადგან სახელმწიფოებრივი აზროვნების წინ წამოწევა იყო, არის და იქნება ჩემი მთავარი მიზანი, მარიკა პოპიაშვილთან ერთად, შევარჩიე ჩვენი დიდი პოეტის უმარტივესი ლექსი – „რარიგ კარგია, სამშობლოვ“, ანუ „სიმბოლიზებული ქართლის ცხოვრება“ (ქეთევან ჯერვალიძე, ნინო პეტრიაშვილი). ლექციის კითხვა დავიწყე თუ არა, ქალბატონმა მარინამ მთხოვა, რომ მოწაფეს, ლალა ჩოფიკაშვილს სურდა ლექსის ხმამაღლა წაკითხვა. ცხადია, ძალიან გამიხარდა.
ვფიქრობ, ლექცია მოეწონა ჩემს მსმენელს, კითხვებიც დამისვეს და გვერდის მისამართიც მთხოვეს, სადაც ჩემი მასალაა განთავსებული. რამდენიმემ ისიც კი აღნიშნა, რომ გალაკტიონის ეს ლექსი ასე წაკითხული და გააზრებული მათ არ ჰქონდათ.
უაღრესად საინტერესო იყო ფილოლოგიის დოქტორის, ქეთევან გოდერძიშვილის სიტყვა ონომასტიკის შესახებ, მის პრობლემებსა და გამოწვევებზე, მეცნიერის კეთილსინდისიერებაზე. მან ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა თავისი კაპიტალური ნაშრომი „შვიდი საზღვრისპირა რეგიონის ტოპონიმების ლექსიკონი“ და ცალკე – „დედოფლისწყაროს ტოპონიმები“. შემდეგ ლექსების კრებულებიც დაურიგა, ავტოგრაფით, მოწაფეებსა და შეხვედრაზე მოსულებს. ქალბატონმა ქეთევანმა რამდენიმე საკუთარი ლექსიც შემოგვთავაზა, მათ შორის მეფე ერეკლესა და ქეთევან დედოფალზე, ხოლო სიურპრიზად – „დედოფლისწყარო“ და „ხორნაბუჯი“ („მზის სადგომი, მზის ბურჯი“), ასევე გვაცნობა, რომ ქართველ მეცნიერ ქალთა საზოგადოება მოწადინებულია, 2024 წელი ქეთევან წამებულის წლად გამოცხადდეს სახელმწიფო დონეზე.
თურქოლოგმა მარიკა ჯიქიამ, „თურქულ-ქართული ლექსიკონის“ და არაერთი საინტერესო ნაშრომის ავტორმა, დარბაზის ინტერესიდან გამომდინარე, ისაუბრა თურქიზმებზე ქართულ გვარებში. ძალიან აქტიური იყო დამსწრე საზოგადოება. ბოლოს ქალბატონმა მარიკამ საინტერესოდ შეაჯამა ჩვენი შეკრება.
უღრმესი მადლობა ღონისძიების ინიციატორებსა და მხარდამჭერებს – მარიკა პოპიაშვილს, თამარ ქეთელაურს, საჯარო ბიბლიოთეკას (დირექტორს – მანანა მაჭარაშვილს) და ბიბლიოთეკის თანამშრომლებს. დედოფლისწყაროში სტუმრობამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, მე და ჩემი კოლეგები, თუ რამდენად მყარად უდგათ ჩვენი რეგიონების მცხოვრებთ ფეხი მიწაზე და როგორ ჰაერივით საჭირო ყოფილა ჩვენი ხალხისთვის საპოხად სიტყვა, „ღვიძლი სიტყვა“ (ილია).
ქეთევან ჯერვალიძე