სკოლის ზარმა კიდევ ერთხელ ჩამოჰკრა… რამდენ ამბავს იტევს ეს ზარის ხმა იმ მასწავლებლისათვის, ვისაც თითქმის 60 წელი გაუტარებია მშობლიური სოფლის სკოლის კედლებში და თვითონაც მშობლად მოვლენია უამრავ ბავშვს, დაუფრთიანებია და ცხოვრების დიდ გზებზე სამოგზაუროდ გაუცილებია.
თავადაც გამორჩეული ბავშვობა ჰქონდა, მიუხედავად ომის მძიმე წლებისა – ლიტერატურის სიყვარული და წარმოსახვის ლამაზ სამყაროში მოგზაურობის სიხარული, მუსიკითა და სიმღერით გატაცება, მეგობრული ტოლ-ამხანაგები და, რაც მთავარია, მზრუნველი დედ-მამა ქმნიდა ამ სამყაროს. მიზანიც დაისახა – ისეთი განათლება მიეღო, რომელიც კარგი ადამიანის აღზრდას უკავშირდებოდა. მით უფრო, რომ მამა – რუბენ კუხიანიძე მასწავლებელი იყო იმავე სკოლაში, სადაც სასწავლებლად შევიდა. ეს კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობას აგრძნობინებდა, ბეჯითად სწავლობდა და შრომობდა, რომ მამას ეამაყა მისით.
ჯერ მესხეთის დაწყებით, შემდეგ კი მუხიანის საშუალო სკოლაში გატარებულმა წლებმა შეამზადა სამომავლო მიზნის მსახურებისთვის. მერე კი მაშინდელ წულუკიძის სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტში (ამჟამინდელი აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩააბარა მისაღები გამოცდები და დაწყებითი განათლების ფაკულტეტის სტუდენტი გახდა. მიუხედავად ეკონომიკური ძნელბედობისა და შეჭირვებისა, მისთვის სწავლის წლები ნაყოფიერი და სასარგებლო აღმოჩნდა. ბავშვებთან ურთიერთობისა და სწავლების ბევრ საიდუმლოს აზიარა ინსტიტუტმა. მეგობრებთან ერთად სასწავლო ექსკურსიებში, ცნობილ პოეტებთან და საზოგადო მოღვაწეებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა, რაც დღესაც სასიამოვნოდ ახსენდება.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, უკვე როგორც მასწავლებელმა, შეაბიჯა მშობლიური სკოლის კედლებში და პროფესია მისთვის მარადიულ სიყვარულად იქცა. მოსწავლეებთან ერთად, თავისი ხელით უამრავ შემოქმედებით რესურსს ქმნიდა და სასწავლო პროცესს სახალისო და მრავალფეროვან საქმიანობად აქცევდა.
დაოჯახდა და სამ ვაჟთან ერთად ობოლ დისშვილსაც ზრდიდა ჩვეული პრინციპებით _ სწავლისა და შრომის, წიგნისა და ლიტერატურის უსაზღვრო სიყვარულით.
რამდენიმე ხელმძღვანელის (აწ გარდაცვლილი დავით ბერძენაძის, დავით თორთლაძის, იაშა ბეშკენაძის, მურმან საჩკოვის) და ამჟამინდელი დირექტორის, ნაზი სადილიანისა და პროფესიონალი კოლეგების თანამშრომლობისა და სიყვარულის ატმოსფეროში განვლო სკოლაში მუშაობის რთულმა, მრავალფეროვანმა და გამოწვევებით აღსავსე წლებმა. ხელმძღვანელებიცა და კოლეგებიც ხედავდნენ და აღიარებდნენ მის უსაზღვრო შრომისმოყვარეობასა და პროფესიონალიზმს, სრულყოფისაკენ ლტოლვასა და ახალი მწვერვალების დაპყრობის სურვილს. ბევრჯერ შინიდან წაუღია საჭირო ინვენტარი, საინტერესო წიგნები, სასწავლო მასალები, ოღონდ საკლასო ოთახი გაემშვენიერებინა, ოღონდ თავისი მოსწავლეებისათვის ბედნიერების ფერად სავანედ ექცია სამუშაო სივრცე. მთელი ზაფხულის განმავლობაში ქმნიდა საკლასო დეკორაციებს, ამზადებდა მწვანე კუთხეებს, რათა სექტემბერში სასწავლებლად მისულ, სკოლაში დაბრუნებულ მოსწავლეებს სწავლისადმი მეტი ინტერესი და შემეცნების ხარისხი გამოევლინათ. ამავდროულად, სოფლის კულტურული ცხოვრების აქტიური წევრი ღონისძიებებში, მოსწავლეებთან ერთად, თავადაც მონაწილეობდა.
მაგული მასწავლებლისთვის სკოლა ყოველთვის ყველაზე თბილი, მეგობრული, მშობლიური ბუდე იყო. მას აქ სიყმაწვილიდანვე ისე მოუხაროდა როგორც ოჯახში, რადგან ამ შენობაში მისი თვალციმციმა პატარები მოელოდნენ. რა დიდი შრომა, თავდადება, პასუხისმგებლობა და სწავლისა და შრომის შედეგად მიღებული უდიდესი სიხარული ახსოვთ მის მოსწავლეებს მაგული მასწავლებლისგან. რა სიყვარული და მეგობრობა იკითხებოდა გარეგნულად პრინციპული საგაკვეთილო მოთხოვნების მიღმა…
ყოველ ახალ სასწავლო წელს ისევ თავიდან იწყებდა ყოველი მოსწავლის გულის კარის გასაღების მოსაპოვებლად ბრძოლას. მისი საქმიანობა ხომ ამ სკოლაში ერთადერთ უმაღლეს მიზანს – მოსწავლეთა სრულყოფილ, ხარისხიან განათლებას უკავშირდებოდა, რადგან მაგული მასწავლებელმა ძალიან კარგად იცოდა და იცის, რომ ქვეყანას დედა ენით – 33 მზის იაკობისაგან გაძლიერებული, გონებაგახსნილი და გულგანათლებული მომავალი თაობა ესაჭიროებოდა და ესაჭიროება… ყოველი ახალი კლასი გოგებაშვილის მშობლიურ სოფელ ვარიანში მიჰყავდა დიდი მოძღვრის სულიერ ემბაზში საწრთობად. შემთხვევითაც არ მომხდარა, რომ იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო ღონისძიების გამარჯვებულს, რესპუბლიკის მასშტაბით, სამახსოვრო დიპლომი და ჯილდო გადასცეს.
„იმისათვის, რომ ზეციდან მიწად ჩამოვსულიყავი, მე ვუმადლი, ჩემს მამას – ფილიპეს, ხოლო მიწიდან რომ ზეცად ავსულიყავი, ვუმადლი ჩემს მასწავლებელს – არისტოტელეს“ – ალექსანდრე მაკედონელის ამ სიტყვებში გამოხატული მასწავლებლის მისია ხომ მართლაც ესაა – ზეცად ატყორცნოს, აამაღლოს მოსწავლის სული, მისი გონება… შეცვალოს და გააუმჯობესოს ერის ცხოვრება და მომავალი.
ასე იღვწოდა ჩუმად და ღირსეულად დაწყებითი კლასების მასწავლებელი – მაგული კუხიანიძე წყალტუბოს ზონის სოფელ მესხეთის საჯარო სკოლაში წლიდან წლამდე ისე, რომ ტიტულებით თავმოწონებას არასოდეს ცდილობდა. გონიერი, პრინციპული, სიახლეების მაძიებელი, ბავშვების მოსიყვარულე – ეს სტატუსები იყო მისთვის მთავარი ტიტული მთელი პედაგოგიური მოღვაწეობის განმავლობაში. ამიტომაც შეიყვარეს მისმა აღზრდილებმა და დღესაც აფასებენ მაგული მასწავლებელს თავდადებული ღვაწლისათვის, უანგარო შრომისა და სიყვარულისათვის, მეგობრობისა და თანადგომისათვის, ახალი მომავლის გზების ძიებისთვის, ცოდნითა და შემეცნებით მიღწეული სიხარულისა და გამარჯვებებისთვის. მისი აღზრდილები – ღირსეული ადამიანები, დღეს სიყვარულითა და პატივისცემით ხვდებიან 80 წლის იუბილარ ჭაღარამორეულ მაგული მასწავლებელს, რომელსაც ახალგაზრდობა მოსტაცეს და ერთმანეთში დაინაწილეს.
მან ხომ კელაპტარივით უნათა ცხოვრების გზები ნორჩებს და ცოდნის მზე აუნთო სულებში… ისინი კი ამ სინათლეს სამყაროს გადასცემენ და გაუნათებენ…
გეხაროთ, გებედნიეროთ, გეამაყოთ თქვენი აღზრდილებით, საქართველოს უკეთესი მომავლით, მაგული მასწავლებელო… გწამდეთ, თქვენი დიდი ამაგი და ღვაწლი დაუვიწყარი იქნება. ვფიქრობთ, თქვენგვარ პედაგოგებს გულისხმობდა პოეტი გიორგი წერეთელი, როცა წერდა:
„დღესაც შემოდის ჩვენს გულებში დიად მზის დარად,
მასწავლებელი, _ მიგვაჩნია ვინაც წმინდანად.
ის ძვირფასია, კიდევ უფრო უნდა დაფასდეს,
ვინაც წერს სიბრძნეს სუფთა ხელით, სუფთა დაფაზე.
ჩემო გულუხვო, ჩემთვის მუდამ კარგის მრგებელო!
მასწავლებელო! ჩვენო დიდო დამრიგებელო!
სად ვივარგებდი, სახვალიოდ ნიჭს მისინჯავდი,
ლექსის საზომით, ინტეგრალით, მინის სინჯარით.
რადგან ოსტატო, მრუდე ხისგან ძელი გამთალე,
თვალს თუ დაგაკლდეს, მე ვიქნები შენი სათვალე,
მუხლს თუ დაგაკლდეს, შენს ყავარჯნებს მეც მიმათვალე.“
მარინა ბენიძე