ექიმი პედიატრი იამზე სურმანიძე დაბა ხულოს საჯარო სკოლის ექიმად 2014 წლიდან მუშაობს. მისი სამუშაო დღე, ყოველ დილით, ზარის დარეკვამდე რამდენიმე წუთით ადრე იწყება. ექიმი საკლასო ოთახების, სკოლის დერეფნებისა და სველი წერტილების სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს ამოწმებს. მისი მოვალეობა მოსწავლეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგია, რაც გულისხმობს ფიზიკური მონაცემების (წონა, სიმაღლე), ხერხემლის, სმენისა და მხედველობის დარღვევების გამოვლენას. სკოლის ექიმს უმნიშვნელოვანესი როლიაკისრია იმუნიზაციის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებაში. მისი მოვალეობაა მოსწავლეთა ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფასება და დარღვევების დროული გამოვლენა, ასევე, პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა გადაუდებელი მდგომარეობის დროს და, საჭიროების შემთხვევაში, სასწრაფო დახმარების ბრიგადის დროული გამოძახებაა.
„განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ ხშირად მოავადე ბავშვებზე. ხშირია ზედა სასუნთქი გზების ინფექციები. მშობლებს ვურჩევ, ჩაუტარონ გრიპის სეზონური ვაქცინაცია. მოსწავლეებში ხშირია მსუბუქი ტრავმები, ჩივილები კუჭ-ნაწლავის მხრივ, თავისა და მუცლის ტკივილი, ასევე დიარეა. რა თქმა უნდა, პირველადი დახმარების გაწევის შემდეგ, მშობელს ვუკავშირდები და, სიტუაციიდან გამომდინარე, ვაძლევ სხვადასხვა რჩევას. საბედნიეროდ, ჩემი მუშაობის პერიოდში რაიმე სერიოზული შემთხვევა არ მქონია,“ – გვიამბობს ქალბატონი იამზე.
ზოგადად, მოზარდობის პერიოდში, ბავშვებში ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა იჩენს თავს. ამ მხრივ, არც დაბა ხულოს სკოლაა გამონაკლისი, იქაც ისეთივე პრობლემები აქვთ მოსწავლეებს – ბრტყელტერფიანობა, მხედველობის დაქვეითება, სკოლიოზი, დიაბეტი, ეპილეფსია, ალერგია, კუჭ-ნაწლავისა და სასუნთქი გზების დაავადებები. ხშირად მოავადე ბავშვები, სკოლის ექიმის გარდა, ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან. იამზე ექიმი დეტალურად სწავლობს ქრონიკულად მოავადე პატარა პაციენტების მდგომარეობას და, საჭიროების შემთხვევაში, მშობელს ოჯახის ექიმისა და სპეციალისტების ჩართვას ურჩევს.
მოზარდი და კვება, თანამედროვე დროში, ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა. სამწუხაროდ, ხშირად საჯარო სკოლები, განსაკუთრებით კი მაღალმთიანი რეგიონის სკოლები, ვერ უზრუნველყოფენ მოსწავლეთა კვებას. დაბა ხულოს საჯარო სკოლაში არ ფუნქციონირებს სასკოლო ბუფეტი, ამიტომ მოსწავლეებს საკვების წამოღება სახლიდან უწევთ ან, დიდ დასვენებაზე, სკოლასთან ახლო მდებარე სწრაფი კვების ობიექტებში შეძენილი ჰამბურგერებით, ჩიფსებითა და გაზიანი სასმელებით იკვებებიან, რასაც სკოლის ექიმი კატეგორიულად ეწინააღმდეგება. „მოსწავლეები ხშირად მომმართავენ არაჯანსაღი კვებისგან გამოწვეული ჩივილებით. არის ალერგიული რეაქციის გამოვლენის შემთხვევები, გამწვავებული გასტრიტი და სხვა. არაჯანსაღ საკვებზე დამოკიდებულ ბავშვებს ვურჩევ, იკვებონ ხილით, ბოსტნეულით, მეტი ყურადღება მიაქციონ ჯანსაღ კვებას, რაც მათი ჯანმრთელობისთვის, სათანადო ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელი პირობაა“.
სკოლის ექიმი თანამედროვე მოსწავლეების მთავარ პრობლემად კომპიუტერთან მიჯაჭვულობას და დაბალ ფიზიკურ აქტივობას მიიჩნევს. ურჩევს მათ, კომპიუტერი რაციონალურად გამოიყენონ და საკუთარ თავს დროის ლიმიტი დაუწესონ. „მოსწავლეებს ვურჩევ მისდიონ ჯანსაღი ცხოვრების წესს – ფიზიკურ აქტივობას, რითაც თავიდან ავიცილებთ სხვადასხვა დაავადებებს, როგორიცაა სკოლიოზი, მხედველობის დარღვევა, ჭარბწონიანობა და მრავალი სხვა“.
დაბა ხულოს საჯარო სკოლაში, ისე როგორც ყველგან, ექიმის კაბინეტი აღჭურვილია სათანადო სამედიცინო ინვენტარით. ექიმი მოწესრიგებულად აწარმოებს სამედიცინო შემთხვევების აღრიცხვის ჟურნალს. ექიმის კაბინეტით სარგებლობა, დაბა ხულოს საჯარო სკოლის 285 მოსწავლის გარდა, 28 მასწავლებელსა და სკოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეუძლიათ. მასწავლებლები ექიმს, უმეტესად, თავის ტკივილისა და მაღალი არტერიული წნევისთვის დამახასიათებელი ჩივილებით მიმართავენ.
იამზე ექიმი, მის მოსწავლეებსა და მათ თანატოლებს ურჩევს იკვებონ სწორად, მეტი დრო დაუთმონ ფიზიკურ აქტივობას, დაიცვან ჯანსაღი ცხოვრების წესი, თანამედროვე ტექნიკა კი, მხოლოდ და მხოლოდ, რაციონალურად გამოიყენონ.
ზაზა ბოლქვაძე დაბა ხულოს საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლეა. ის ამბობს, რომ იამზე ექიმი გულისხმიერი და სკოლისთვის ძალზე საჭირო ადამიანია. სკოლის ექიმი ზაზას და მის თანაკლასელებს, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში, დიდ დახმარებას უწევდათ როგორც ჯანმრთელობის კუთხით, ასევე ფსიქოლოგიურად. „მე და ჩემს მეგობრებს სკოლაში ექიმის არსებობა ძალზე გვეიმედება. ქალბატონი იამზე არა მარტო ჩვენი ექიმია, არამედ კარგი, საიმედო, უფროსი მეგობარია, მისგან ძალიან ბევრი საჭირო რამ ვისწავლეთ, თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია. მე და ჩემი მეგობრები ყოველთვის მადლიერნი ვიქნებით მისი ამაგისთვის“.
♦♦♦
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდაჭარას საჯარო სკოლის ექიმად, 2016 წლიდან, ექიმი პედიატრი ციცინო შავაძე მუშაობს. ისევე როგორც ყველა სკოლის ექიმის, მისი სამუშაო დღეც დილით ძალიან ადრე, გაწერილი ვალდებულებების შესრულებით იწყება. „სკოლაში ჰიგიენურ-სანიტარიული ნორმების გარდა, დეტალურად ვეცნობი 96 მოსწავლის ჯანმრთელობის მდგომარეობას. დიდ ყურადღებას ვუთმობ ხშირად მოავადე ბავშვებს. მოსწავლეებში ხშირია მუცლის, თავის, კბილის ტკივილები. ადგილზე ვუწევ პირველად დახმარებას, საჭიროების შემთხვევაში კი, ვატყობინებ მშობელს. ჩემი მუშაობის პერიოდში, საბედნიეროდ, სერიოზული შემთხვევა არ მქონია“.
დიდაჭარას საჯარო სკოლაში 96 მოსწავლე სწავლობს და 21 მასწავლებელი ასწავლის. თამუნა შავაძე მეშვიდე კლასის მოსწავლეა, ის ამბობს, როცა ციცინო ექიმი სკოლაშია, უფრო იმედიანადაა, ექიმი ყველა მის შეკითხვას პასუხობს, ზრუნავს თამუნას და მისი თანატოლების ჯანმრთელობაზე. „ციცინო ექიმი თავისი საქმის პროფესიონალია, ყოველთვის მოგვიწოდებს ჰიგიენის დაცვაზე. ის არა მარტო ექიმია, არამედ ჩვენი დიდი მეგობარია. მე და ჩემი თანაკლასელები უზომოდ მადლიერნი ვართ მისი“.
ბექა ბოლქვაძე ამავე სკოლის VIII კლასში სწავლობს, მისი აზრით, მისი სკოლის ექიმი ყველაზე საყვარელი, გულისხმიერი, თბილი და მეგობრული ადამიანია. მისგან უამრავ რჩევა-დარიგებას იღებს და ითვალისწინებს კიდეც. „ციცინო ექიმი ყოველთვის დაუღალავად შრომობს, ზედმიწევნით ყურადღებიანია, მისი სკოლაში ყოფნა მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის ჯანმრთელობისთვის. მიხარია, რომ ჩვენ ყველაზე კარგი და საიმედო ექიმის ხელში ვართ“.
მალხაზ ბოლქვაძე დიდაჭარას საჯარო სკოლაში ისტორიის საგანს ასწავლის. ამბობს, რომ, ზოგადად, სკოლის ექიმის არსებობა სკოლაში ყველა სასწავლო დაწესებულებისთვის მნიშვნელოვანია. მათი სკოლის ექიმი, პროფესიონალიზმის გარდა, თავაზიანობით, ყურადღებითა და პასუხისმგებლობით გამოირჩევა. „მუდამ ღიმილიანი ციცინო ჩვენი სკოლის დიდი იმედია, მის კაბინეტს არა მარტო მოსწავლეები, არამედ მასწავლებლებიც ხშირად მივმართავთ. ძალიან გვეხმარება, მისგან ბევრ საჭირო რჩევას ვიღებთ. სკოლის იმედი და ყველა მოსწავლისა და მასწავლებლის კარგი მეგობარია. მადლობა მას იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც თითოეული ჩვენგანისთვის არ იშურებს“.
სკოლის ექიმის მისია მოსწავლეების განვითარებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დარღვევების ადრეულ ასაკში იდენტიფიკაციაა. მან ხელი უნდა შეუწყოს სკოლებს, პროფესიონალებსა და სპეციალურ სამსახურებს შორის თანამშრომლობას. ციცინო ექიმი, სხვა ვალდებულებებთან ერთად, ზოგად გამოკვლევებსაც ატარებს, განვითარების შემოწმებებს და აკვირდება სწავლის ნებისმიერ სირთულეს ან შეფერხებას. სამედიცინო კაბინეტი სათანადოდაა აღჭურვილი. „მე ვთანამშრომლობ როგორც სკოლის დირექტორთან, ასევე ყველა მასწავლებელთან, სკოლის პერსონალთან. ძალიან მიყვარს ჩემი საქმე, სკოლაში მოსწავლეებთან ყოფნა. სკოლა მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის სასწავლო მიზნების შესრულებაში, რისთვისაც ჯანსაღი სხეული და გონება ყველაზე მნიშვნელოვანია. ჯანმრთელობის მონიტორინგის, ფიზიკური მონაცემების – წონა, სიმაღლე, მხედველობის, სმენის, სკოლიოზის გამოვლენისა და იმუნიზაციის ღონისძიებების განხორციელების გარდა, ჩემი მოვალეობაა მოსწავლეთა ფიზიკური და ფსიქოემოციური განვითარების შეფასება და დარღვევების დროული გამოვლენა. პანდემიამ დამანგრეველი გავლენა მოახდინა, ზოგადად, სკოლის მოსწავლეებზე სკოლების დახურვით. ჩვენ ვნახეთ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების ზრდა, განსაკუთრებით მცირე ასაკობრივ ჯგუფში. ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები ტაბუდადებულია საზოგადოებაში. სამწუხაროდ, ბევრი ბავშვი იტანჯება ჩუმად. ამის შეცვლის ერთადერთი გზა განათლებაა. მასწავლებლებმა და სკოლის ექიმებმა უნდა შეძლონ მიგნება და გარკვევა რა ხდება სინამდვილეში, მაგალითად, დეპრესიაში მყოფმა ბავშვმა შეიძლება არ გითხრას, რომ დეპრესიულია, მაგრამ გამოავლინოს ისეთი ფიზიკური სიმპტომები, როგორიცაა მუცლის ტკივილი ან თავის ტკივილი. ბავშვის შეფასებისას, მნიშვნელოვანია სათანადო ისტორია და გამოკვლევა. საბედნიეროდ, ამ მხრივ, სკოლაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მოსწავლე არ გვყავს.
დიდ ყურადღებას ვაქცევ ხშირად მოავადე ბავშვებს. ხშირია ზედა სასუნთქი გზების ინფექციები, ამიტომ მშობლებს ვურჩევ ჩაუტარონ გრიპის სეზონური ვაქცინაცია. ბავშვებში, ასევე, ხშირია მუცლის, კბილის, თავის ტკივილი. ადგილზე ვუწევ პირველად დახმარებას და შემდეგ საქმის კურსში ვაყენებ მშობელს. მოგეხსენებათ, მოზარდობის პერიოდში ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა იჩენს თავს, ხშირია მხედველობის დარღვევა. ქრონიკულად მოავადე ბავშვები სპეციალისტის და ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ არიან. ჩემი, როგორც სკოლის ექიმის, სამუშაო დღე გაკვეთილების დამთავრების შემდეგ სრულდება“.
სკოლის ექიმი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს მოზარდის კვებას. დიდაჭარას სკოლას, ისევე როგორც დაბა ხულოს შემთხვევაშია, არ აქვს სასკოლო ბუფეტი, ამიტომ მოსწავლეებს საკვების შინიდან წამოღება ან სკოლის ახლო ტერიტორიაზე, სწრაფი კვების ობიექტებში, არაჯანსაღი პროდუქტის შეძენა უწევთ. ჩიფსები, გამაგრილებელი გაზიანი სასმელები, ჰამბურგერები… – ეს არაჯანსაღი საკვების ის მცირე ჩამონათვალია, რომლის შეძენის ცდუნებას მოზარდები ვერ უძლებენ. როგორც ექიმი ამბობს, ბავშვებში ხშირია კვებითი ალერგიები. ამიტომ, ყველას ურჩევს მიიღონ ბევრი ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტები და სხვა სახის ჯანსაღი საკვები. არაჯანსაღ კვებასთან ერთად, ასევე, დიდი პრობლემად მიიჩნევს მოსწავლეების კომპიუტერთან მიჯაჭვულობას და რჩევა-დარიგებას უზიარებს მათ: „დაკავდით სპორტით, მეტი ფიზიკური აქტივობით, რაც თავიდან აგვაცილებს ჯანმრთელობის ბევრ დარღვევას. ყველას მოგიწოდებთ, დაიცავით ჯანსაღი ცხოვრების წესი, მეტი დრო დაუთმეთ წიგნების კითხვას და ნაკლები დრო გაატარეთ გაჯეტებთან“.
დიდაჭარას საჯარო სკოლის სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო კაბინეტს, მოსწავლეების გარდა, მასწავლებლებიც არცთუ იშვიათად მიმართავენ, რადგან, როგორც სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ბატონმა მალხაზმა აღნიშნა, მუდამ ღიმილიანი ციცინო ექიმი სკოლის დიდი იმედია.
მოამზადა მაკა ყიფიანმა