♦ შახვალათ ნაბიევი – სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტნუსის საჯარო სკოლის დირექტორი
სკოლის დირექტორი
საჯარო სკოლის დირექტორი არის ძლიერი და მოტივირებული ლიდერი, რომელიც ვალდებულია, შექმნას უსაფრთხო და თანამშრომლობაზე დაფუძნებული სასკოლო გარემო, უზრუნველყოს დაინტერესებული პირების ჩართულობით გამჭვირვალე პროცესების წარმართვა სკოლის სტრატეგიული განვითარებისათვის და გუნდის პროფესიული წინსვლისათვის. დირექტორი წამყვან როლს ასრულებს პოზიტიური სასკოლო კულტურის ფორმირებაში, განვითარებასა და შენარჩუნებაში.
დირექტორს უნდა ჰქონდეს ერთიანი ხედვა, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებითა და ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ ღირებულებებსა და მისაღწევ შედეგებს. ის ითვალისწინებს სასკოლო ცხოვრებაში ჩართული მხარეების ინტერესებს, მოსაზრებებს, ამავდროულად, ახალისებს ინოვაციურ მიდგომებს მართვასა და სწავლებაში.
საგანმანათლებლო ლიდერი
დირექტორი, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი, უნდა უზრუნველყოფდეს სკოლაში ხარისხიანი განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობას მოსწავლეებისთვის და უნდა ზრუნავდეს მოსწავლეთა პიროვნული განვითარებასა და სწავლის შედეგების გაუმჯობესებაზე, რაც გულისხმობს უსაფრთხო, კეთილგანწყობილი, ინკლუზიური, წამახალისებელი, თანამშრომლობითი და გენდერულად დაბალანსებული გარემოს შექმნას. დირექტორი, სასკოლო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით, წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სკოლის განვითარების ერთიანი ხედვისა და სტრატეგიული მიმართულებების განსაზღვრასა და განხორციელებაში.
წარმატებული სკოლა
წარმატებული სკოლები მხოლოდ სასწავლო პროცესის მიმდინარეობით არ ინტერესდებიან. მათ კარგად აქვთ გააზრებული, რომ სწავლისა და სწავლების პროცესის დაგეგმვა, მონიტორინგი და შეფასება, მაღალკვალიფიციური მასწავლებლების შერჩევა, მათი შემდგომი პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის საჭირო ბევრი სხვა ღონისძიების განხორციელება აუცილებელია.
დირექტორების ახალი სტანდარტის ახალი ტენდენციები
ახალი სტანდარტის სტრუქტურა 4 ძირითადი მიმართულებითაა წარმოდგენილი — საგანმანათლებლო ლიდერობა, სასწავლო პროცესის ადმინისტრირება და ანგარიშვალდებულება, თვითგანვითარება, ასევე, თანამშრომელთა პროფესიული განვითარება და ბოლოს, თემთან, ინსტიტუციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა.
ახალ სტანდარტში დირექტორის როგორც საგანმანათლებლო ლიდერის, ასევე როგორც მენეჯერის როლი და ფუნქცია უფრო მკაფიოდ არის წარმოდგენილი.
პროფესიული განვითარება
სკოლის დირექტორი და ადმინისტრაცია ყოველთვის ხელს უნდა უწყობდეს თანამშრომელთა მოტივაციის ზრდას და პროფესიულ განვითარებას.
მასწავლებელი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს კოლეგებთან, ითვალისწინებდეს მათ აზრს პროფესიული განვითარების პირად გეგმაში. პროფესიული განვითარება არ არის მხოლოდ ერთ მასწავლებელზე დამოკიდებული პროცესი და ის მრავალი დაინტერესებული მხარის ჩართულობას გულისხმობს. ხშირად რთულია პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელი გზებისა და მეთოდების მართებულად დასახვა. პროფესიული განვითარების კურსების არჩევანი დიდია და მასწავლებელს უჭირს ყველაზე შესაფერისი რესურსის იდენტიფიცირება, რაშიც მისი დახმარება სხვა მასწავლებლებს შეუძლიათ. კოლაბორაციული სწავლების შედეგად პედაგოგებმა უკეთ იციან, რა უნარების თუ კომპეტენციების განვითარება სჭირდებათ მათ კოლეგებს.
რა სჭირდება დღეს სკოლის დირექტორს
სკოლის მისიის შესრულებისა და მშობლებთან ეფექტიური კომუნიკაციის შექმნის მიზნით, სკოლის საზოგადოების მხარდაჭერა და ერთობლივი საქმიანობა.
როგორ უნდა შეარჩიოს სკოლამ დირექტორი
სკოლის დირექტორის შერჩევა ხორციელდება კანონით დადგენილი კონკურსის წესების შესაბამისად. ჩემი აზრით, ეს არის არჩევანის ყველაზე დემოკრატიული ფორმა.
რამდენიმე შტრიხი დირექტორის პორტრეტისთვის
⇒ გარდა იმისა, რომ დირექტორი განათლების ლიდერია, იგი კარგი მენეჯერიც უნდა იყოს.
⇒ დიდია სკოლის დირექტორის როლი სკოლის ბიუჯეტის მიზანმიმართულ მართვაში.
⇒ ასევე სკოლის განვითარებისა და მოტივაციის ამაღლების მიზნით, დირექტორი დაინტერესებული უნდა იყოს სოციალური პროექტებისა და სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობების განხორციელებით.