25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

სკოლიდან ვირტუალურ სივრცეში გადასული სასკოლო პროცესები

spot_img

ძვირფასო კოლეგებო, სასკოლო საზოგადოების ძვირფასო ლიდერებო, 

მოგმართავთ თქვენ, როგორც „გემის კაპიტნებს“, ამ გასაჭირში რომ უნდა მართოთ სკოლიდან ვირტუალურ სივრცეში გადასული სასკოლო პროცესები.

პირველ რიგში, აღვნიშნავ, რომ რეკომენდაციაში (იხ. ქვემოთ) მოცემული მითითება 20-წუთიანი გაკვეთილების შესახებ, როგორც ჩანს, არასწორად იქნა გაგებული: ზოგიერთმა ისე გაიგო, თითქოს 20-20 წუთი ცალკეულ საგნებში უნდა ჩატარდეს – ეს სრულიად დაუშვებელია. ამავე რეკომენდაციაში აღნიშნულია, რომ „დისტანციური გაკვეთილების რაოდენობა, საორიენტაციოდ, ჯამში, არ უნდა აღემატებოდეს კვირაში ხუთ-ექვსს“ – ამ წინადადებაში მოცემული სიტყვა „ჯამში“ ყველა საგანს გულისხმობს. ამდენად, რეკომენდებულია, რომ დაწყებით საფეხურზე დისტანციურ სწავლებას, ყოველდღიურად, ჯამში, 20 წუთი დაეთმოს. ამას გარდა, ინიშნება საკონსულტაციო საათიც, როცა მოსწავლეს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია დახმარებისთვის მიმართოს მასწავლებელს  (რეკომენდაციები იხილეთ ქვემოთ).

ძალიან კარგად გვესმის, რომ გვინდა სწავლების პროცესის მაქსიმალურად უზრუნველყოფა, მაგრამ სწავლების სასკოლო-საგაკვეთილო ფორმატის ამ ვითარებაში შენარჩუნება კიდევ უფრო მეტად გაამწვავებს სტრესულ მდგომარეობას, რომელშიც არიან მოზარდებიც და მათი ოჯახებიც. ეკრანებთან ხანგრძლივად და იძულებით ჯდომა მოზარდებს სიკეთეს ვერ მოუტანს, გარდა ამისა, ამგვარი მოთხოვნა უამრავ  სხვადასხვა ტიპის პრობლემას უქმნის ოჯახებსაც (არ დაგვავიწყდეს, რომ ამ ეკრანით ოჯახურ სივრცეში ვიჭრებით). აღარაფერს ვამბობთ ხელმისაწვდომობის პრობლემაზე, რომელსაც ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო გააღრმავებს.

ყველაფერს თავისი დადებითი მხარე აქვს და ეს კრიზისული სიტუაციაც გვაიძულებს, შევცვალოთ ჩვენი წარმოდგენები განათლების მიღებულ ფორმებზე. გავიხსენოთ დიმიტრი უზნაძის შეგონება – „ცხოვრება ზრდის ადამიანს, და ამიტომ, როდესაც ნამდვილი აღზრდა გსურს, სკოლაში ეს ცხოვრება უნდა გადაიტანო და ნორჩი ადამიანი მისი საფეხურებით ატარო“. უარი ვთქვათ რუტინული სწავლა-სწავლების პროცესზე, ისედაც ყავლგასული რომ არის ამ საუკუნის მოზარდებისთვის. დავუკავშიროთ განათლება ცხორებისეულ კონტექსტებს, მოვიფიქროთ და მოზარდებს შევთავაზოთ საგანმანათლებლო გამოცდილების მომცემი ისეთ ტიპის დავალებები, რომლებიც იქნება საინტერესო გამოწვევის შემცველიც და მოზარდების შემეცნებითი და შემოქმედებითი ძალების განმავითარებელიც. ამ მხრივ თქვენგან საინტერესო ინციატივებს ველოდებით.

დაბოლოს, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი მასწავლებლები ძალიან რთულ სიტუაციაში არიან. ახალ გამოწვევებზე პასუხის გაცემისა და საკუთარ თავში ახალი რესურსების პოვნა-ამოქმედებისათვის მათ თქვენგან დიდი მხარდაჭერა სჭირდებათ. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რომ კონტროლი და განსჯა არის მეთოდი, რომელმაც მსოფლიო საგანმანათლებლო სისტემებში სრული კრახი განიცადა. თუ გვსურს არსებულ კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება, ყველა ჩვენი მიდგომა მასწავლებლების მხარდაჭერასა და თანადგომაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ლიდერობა რომ ამას გულისხმობს, დარწმუნებული ვართ, ეს ჩვენზე უკეთ მოგეხსენებათ.

გისურვებთ ამ უჩვეულო ვითარებაში მოხვედრილი გემის წარმატებით მართვას!

თამარ ჯაყელი

 

დისტანციური სწავლასწავლების პროცესის პირველადი რეკომენდაციები

კორონავირუსის პრევენციის მიზნით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით სკოლები დისტანციურ სამუშაო რეჟიმზე გადავიდნენ, შესაბამისად გაჩნდა ბევრი კითხვა სწავლა-სწავლების პროცესთან დაკავშირებით, რის საფუძველზეც მომზადდა შემდეგი რეკომენდაციები.

მთავარი ამოცანა

ამ პერიოდში განათლების სისტემისთვის პრიორიტეტული ამოცანაა მოსწავლესა და მასწავლებელს, მასწავლებელსა და მშობელს შორის ეფექტიანი პედაგოგიური ურთიერთობის შენარჩუნება, ცოდნათა გამეორება-განმტკიცება და მოსწავლეთა საგანმანათლებლო გამოცდილების შესაძლებლობის ფარგლებში გამდიდრება. მნიშვნელოვანია, რომ დისტანციური სწავლება განხორციელდეს არა სოციალური ქსელების, არამედ ისეთი საკომუნიკაციო-საგანმანათლებლო არხების გამოყენებით, რომლებითაც სრულად იქნება უზრუნველყოფილი მოსწავლეების უსაფრთხოება. დისტანციური კომუნიკაციის/სწავლების ფორმა საშუალებას მოგვცემს, თავიდან ავირიდოთ მოსწავლეთა სრული ან ხანგრძლივი მოწყვეტა სასწავლო საქმიანობისგან და მასწავლებლებისთვისა და მოსწავლეებისთვის შედარებით უმტკივნეულოდ განხორციელდეს სასწავლო პროცესის განახლება.

დისტანციური გაკვეთილები

აღვნიშნავთ, რომ დისტანციური სწავლების ფორმატი სრულად ვერ ჩაანაცვლებს სწავლა-სწავლების სასკოლო ფორმატს (დღეში 4-6 საათიან განრიგს), მოსწავლეებს შორის კომუნიკაციას, საგაკვეთილო პროცესს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის ინტერაქციას. დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სასურველია, 20-20 წუთიანი გაკვეთილები ჩაუტარდეთ დღის განმავლობაში მაქსიმუმ ორჯერ. ამგვარი დისტანციური გაკვეთილების რაოდენობა საორიენტაციოდ ჯამში არ უნდა აღემატებოდეს კვირაში ხუთ-ექვსს. რაც შეეხება უფროსკლასელებს, დისტანციური გაკვეთილების ხანგრძლივობა და რაოდენობა თვითონ გაკვეთილების სტრუქტურასა და ფორმატზეა დამოკიდებული. დისტანციური გაკვეთილების დროს, ძირითადად ყურადღება უნდა ეთმობოდეს სახლის პირობებში დავალებების შესრულებისას შეძენილი ცოდნა-გამოცდილებათა გაზიარებას. ამის უზრუნველსაყოფად მოსწავლეებს სათანადო დავალებები უნდა მიეცეთ. გთავაზობთ გარკვეულ რეკომენდააციებს:

  • მნიშვნელოვანია, რომ დავალება მოტივაციას უმაღლებდეს მოსწავლეს. აუცილებელია სწავლის პროცესი დავუკავშიროთ მოსწავლის ცხოვრებას და მის გარშემო სამყაროს. ამ უმნიშვნელოვანესი პედაგოგიური პრინციპიდან გამომდინარე, უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება დავუკავშიროთ კონკრეტული საგნობრივი საკითხი ან საკითხები მოსწავლის გამოცდილების სფეროებს, მათთან დაკავშირებულ ცხოვრებისეულ კონტექსტს, რათა შევძლოთ მოსწავლისათვის მიმზიდველი

დავალების პირობის შექმნა. საილუსტრაციოდ მოვიყვანთ შემდეგ მაგალითს: დაწყებით საფეხურზე, ბუნებისმეტყველების ისეთ ცნებაზე სამუშაოდ, როგორიცაა „სხეულის აგებულება და დანიშნულება“, შესაძლებელია მოსწავლეს ვთხოვოთ, აირჩიოს სახლის ნივთებიდან სამი-ოთხი და შეადგინოს კატალოგი – დახატოს ეს ნივთები და თითოეულს ქვემოთ მიუწეროს, რა ნაწილებისგან შედგება, რა ნივთიერებისგან არის დამზადებული. კატალოგის წარდგენისას მოსწავლეები იმსჯელებენ, რა მნიშვნელობა აქვს კონკრეტული ნივთის ფუნქციონირებისათვის/გამოყენებისათვის მის ნაწილებს და რატომ არის ისინი დამზადებული ამა თუ იმ ნივთიერებისგან. დარწმუნებული ვართ, თუ ამ მიმართულებით დაიწყებენ მასწავლებლები ფიქრს, ისინი უამრავ საინტერესო დავალებას შესთავაზებენ სახლებში მყოფ მოსწავლეებს ამ თუ იმ საგნობრივი ცნებისა თუ საკითხის დასამუშავებლად.

  • როგორც ზემოთ მოყვანილ მაგალითში ვნახეთ, დავალება კონკრეტული პროდუქტის შექმნას გულისხმობს. ამდენად, იგი შეესაბამებაკეთებით სწავლის“, ანუ თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოცდილებაზე დაფუძნების უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომელსაც გამოხატავს ჩინური გამონათქვამი: „მითხარი და დამავიწყდება, მაჩვენე და დავიმახსოვრებ, გამაკეთებინე და გავიგებ“. ამ პრინციპის დაცვას მოითხოვდა დიმიტრი უზნაძეც, რომელიც ამბობდა: „რაც ჩვენთვის პრაქტიკულად არაა მოცემული, მისი გაცნობიერების შესახებ ზედმეტია ლაპარაკი“. აქედან გამომდინარე, დავალების პირობა აუცილებლად უნდა გულისხმობდეს კონკრეტული შემოქმედებითი პროდუქტის შექმნას. გარდა ამისა, მოზარდებისათვის (ისევე როგორც ზრდასრულებისთვის) პროდუქტის შექმნა წარმოადგენს მიმზიდველ, მამოტივირებელ საქმიანობას, რომელიც მათ თვითრეალიზების საშუალებას აძლევს. სოციალიზაციისა და სოლიდარობის განცდის გასაძლიერებლად სასურველია, რომ მოსწავლეებს შევთავაზოთ საერთო, კოლექტიური პროდუქტების შექმნაც (მაგ., ამბის შეთხზვა კონკრეტულ თემაზე და გაფორმება). ცხადია, ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეებისათვის ხელმისაწვდომია სათანადო ციფრული რესურსები.
  • როგორი და რა შინაარსის უნდა იყოს დისტანციური გაკვეთილები? დისტანციური გაკვეთილები, უფრო ზუსტად კი, დისტანციური შეხვედრები უნდა ეძღვნებოდეს მოსწავლეთა მიერ შესრულებული ნამუშევრების წარმოდგენას და ჩატარებულ სამუშაოთა გასიტყვებას. კერძოდ, ამ შეხვედრებზე მოსწავლეები აღწერენ და განმარტავენ, რა და როგორ გააკეთეს, რა დასკვნები გამოიტანეს, რა გაუძნელდათ ან გაუადვილდათ. მასწავლებელი ფასილიტაციას გაუწევს ნამუშევრების შესრულების დროს წამოჭრილ საგნობრივ საკითხებსა თუ პრობლემებზე მსჯელობას.
  • ამის შესაბამისად, დისტანციური სწავლების პროცესი ამგვარ სახეს მიიღებს: მოსწავლეები ამა თუ იმ არხით მიიღებენ ისეთ დავალებას, რომელიც უკავშირდება მათი ცოდნა-გამოცდილების სფეროს და მოითხოვს შემოქმედებითი პროდუქტის შექმნის გზით კონკრეტული საგნობრივი საკითხის დამუშავებას. წინასწარ დანიშნულ დროს, მასწავლებლის მიერ ორგანიზებული დისტანციური შეხვედრისას, მოსწავლეები ერთმანეთს გაუზიარებენ ნამუშევრებს, მასწავლებელი კი ხელს შეუწყობს პრაქტიკულ ცოდნათა გასიტყვებისა და საკითხთა გაგება-გაცნობიერების პროცესებს გეზის მიმცემი შეკითხვების დასმით.
  • დისტანციური გაკვეთილების გარდა, როდესაც თანაკლასელები მასწავლებელთან ერთად მუშაობენ, სასურველია კვირაში ერთხელ ან ორჯერ დაინიშნოს საკონსულტაციო საათი. ამ პერიოდში მოსწავლეებს საშუალება ექნებათ, მასწავლებელს დაუსვან შეკითხვები ინდივიდუალური მუშაობის პროცესში წამოჭრილ საკითხებთან დაკავშირებით.
  • მოცემულ პერიოდში დაუშვებელია ნიშნების წერა, განმსაზღვრელი შეფასებების ჩატარება. დისტანციური შეხვედრები ორიენტირებული უნდა იყოს სწავლისა და გაგების პროცესების მხარდაჭერაზე, მოსწავლეთა დახმარებასა და დაკვალიანებაზე; მათი მონდომების დაფასებაზე, ასევე სოციალიზაციისა და კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების ხელშეწყობაზე.
  • პრიორიტეტული ადგილი უნდა მიენიჭოს ისეთ დავალებებს, რომლებიც არ მოითხოვს ეკრანებთან ხანგრძლივად ყოფნას – სახლებში „გამოკეტილი“ მოზარდები ისედაც ზედმეტ დროს ატარებენ ეკრანთან.

მშობლებთან კომუნიკაცია

  • ამ ისედაც სტრესულ სიტუაციაში მნიშვნელოვანია, რომ მშობლებს არ შევუქმნათ დამატებითი სირთულეები. ისინი უნდა დავამშვიდოთ და ავუხსნათ, რომ ფორსმაჟორულ სიტუაციაში მიმდინარე დისტანციური სწავლება არსებითად მხარდაჭერაზეა ორიენტირებული. არავის მოეთხოვება პასუხი შეუსრულებელი დავალების გამო – ვისაც როგორ შეუძლია, ისე ჩაერთვება ამ პროცესებში.
  • მშობლის ვალდებულებად არ უნდა ვაქციოთ დავალებების შესრულება. ამიტომ უნდა შევარჩიოთ და ნებისმიერი ხელმისაწვდომი გზით გავუგზავნოთ თუ მივაწოდოთ მოსწავლეებს იმ ტიპის შემეცნებითი-შემოქმედებითი დავალებები, რომელთა შესრულებასაც ისინი დამოუკიდებლად შეძლებენ სახლის პირობებში, აგრეთვე ისეთი დავალებები, რომლებიც მინიმალურ ახსნა-განმარტებებს საჭიროებს. გარდა ამისა, მოსწავლეებს უნდა მივცეთ ნათელი, მკაფიო დამხმარე მასალა და ინსტრუქციები, რათა მათ ადვილად გაიგონ, რას მოითხოვს დავალება. არ უნდა დავივიწყოთ ასევე დამხმარე საშუალებები (სანიმუშო მაგალითები, სახელმძღვანელოს კონკრეტული პარაგრაფიან გვერდი და სხვ.).
  • ყურადღება უნდა მივაქციოთ მშობლების მიერ დასმულ კითხვებს, აუცილებლად უზრუნველვყოთ მათთან უკუკავშირი და ნათლად ავუხსნათ, როგორი ფორმით ვმუშაობთ მათ შვილებთან.
  • შესაძლებელია მშობლებს, კვირის განმავლობაში შესასრულებელი დავალებების განრიგის შედგენაში, დავეხმაროთ.
  • ასევე მშობლებს შევახსენოთ, რომ ცოდნათა განტკიცება-გამდიდრებას ხელს უწყობს საოჯახო აქტივობებიც და მივაწოდოთ მათ იდეები (საინტერესო და ყოველდღიურობაში ადვილად განსახორციელებელ იდეებს სთავაზობს მშობლებს Gpried-ის პროექტი. იხ.http://kargiskola.ge/parental/parental_resursi_mshoblebistvis.php)

 

*შენიშვნა: სკოლამდელი და ზოგადი განათლების დეპარტამენტი ამზადებს რესურსების ნაკრებს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება რეკომენდაციები, დავალებათა ნიმუშები და მეთოდიკური გზამკვლევი.

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები