მეგი კავთუაშვილი
„მშობლები განათლებისთვის“ აღმასრულებელი დირექტორი
მშობელიც და მასწავლებელიც, ერთმანეთთან კომუნიკაციის დროს, მხოლოდ ბავშვზე უნდა იყვნენ ორიენტირებული და არა საკუთარ თავზე, საკუთარ სურვილებსა და მორალზე. მხოლოდ იმ შემთხვევაში წარვმართავთ პროცესებს ეფექტურად და მივიღებთ დადებით შედგეს, თუ ბავშვზე ვართ ორიენტირებული.
როდის და რატომ ხდება კონფლიქტი მასწავლებელსა და მშობელს შორის?
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია მოსწავლის შეფასება. მოსწავლის ცოდნის და უნარების ობიექტური შეფასება, რა თქმა უნდა, საგნის მასწავლებლის პრეროგატივაა. მშობელს ამ სფეროში, საგნის მასწავლებელთან შედარებით, არასაკმარისი კომპეტენცია აქვს, მაგრამ თავისი წარმოდგენები აქვს შვილის შესაძლებლობების შესახებ. მშობელი, ხშირად, გაკვეთილს იბარებს სახლში, არაფორმალურ გარემოში, მასწავლებელი კი – კლასში, სადაც სრულიად განსხვავებული ფსიქოლოგიური ფონია. ეს განსხვავება გაუგებრობის საფუძველს ქმნის.
მოსწავლის შეფასების გამო კონფლიქტი რომ არ მოხდეს, სასურველია, მასწავლებელმა უფრო მჭიდროდ ითანამშრომლოს მშობლებთან. პედაგოგმა უნდა აუხსნას მშობლებს შეფასების სისტემის არსი და გააცნოს კრიტერიუმები, მუდმივად მიაწოდოს ინფორმაცია შვილების აკადემიური მოსწრების შესახებ; მისცეს რჩევები და რეკომენდაციები იმის თაობაზე, როგორ დაეხმარონ შვილს შედეგების გაუმჯობესებაში.
მასწავლებელს ამისკენ პროფესიული ეთიკის კოდექსიც მოუწოდებს.
კიდევ ერთი ხშირი მიზეზი ხდება ხოლმე მოსწავლის ქცევა. მშობლები იცნობენ ბავშვის ქცევის თავისებურებებს ოჯახში, პედაგოგი – სკოლაში და შეიძლება არც ერთს არ ჰქონდეს ამ ბავშვის პიროვნული ნიშან-თვისებები შესწავლილი. გსმენიათ ალბათ ძალიან გავრცელებული ფრაზა: ჩემი შვილი ამას არ იზამდა. როდესაც მასწავლებელი და მშობელი ბავშვს სხვადასხვაგვარად ახასიათებენ, არ არის გამორიცხული, რომ ამ დროს ორივე გულწრფელი იყოს, სახეზე კი გვქონდეს კომუნიკაციის დეფიციტი ან უნდობლობა. მაგალითად, მშობლის გაღიზიანებას იწვევს, თუ შვილის ქცევების შესახებ არასრული ინფორმაცია ჰქონდა და უცებ გაიგო უარყოფითი დეტალები, რაზეც პირდაპირ რეაგირებას სთხოვს სკოლა.
მოსწავლის ქცევის გამო კონფქლიტი რომ არ მოხდეს, მნიშვნელოვანია:
♦ მშობელს რეგულარულად განახლებადი ინფორმაცია მივაწოდოთ, თუ როგორ იქცევა ბავშვი სხვადასხვა სასკოლო სიტუაციაში;
♦ სკოლამ ეს ინფორმაცია სხვადასხვა გზით უნდა მიაწოდოს მშობელს;
♦ მშობელმა და სკოლამ უნდა განსაზღვრონ თავიანთი მოვალეობები და შეუდგნენ შესრულებას;
♦ თუ სკოლა თავისი რესურსით ვერ მართავს მოსწავლის ქცევას, სასურველია, მშობელთან ერთად, საქმეში ჩართოს ქცევის მართვის სპეციალისტი – ფსიქოლოგები და ქცევის ანალიტიკოსები, ან სხვა საჭირო სპეციალისტები; შესაძლებელია, დაუკავშირდეთ განათლების სამინისტროს ფსიქოლოგიური საკონსულტაციო მომსახურების 24-საათიან ცხელ ხაზს.
ამ კონფლიქტის თავიდან აცილება შესაძლებელია, როდესაც მშობელი და მასწავლებელი დარწმუნებული არიან ერთმანეთისგან მიღებული ინფორმაციის სანდოობასა და კონფიდენციალურობაში. ამიტომ, მეტი დრო და ენერგია დავხარჯოთ იმაზე, როგორ ვითანამშრომლოთ ერთამანეთთან.
კიდევ ერთი მიზეზი ხდება ხოლმე ერთმანეთის მოვალეობების არცოდნა. მასწავლებელი და მშობლები ერთმანეთს აკისრებენ აურაცხელ მოვალეობას ისე, რომ არ ითვალისწინებენ გარემოებებსა და შესაძლებლობებს. ერთმანეთის მიმართ გადაჭარბებული მოთხოვნები და მოლოდინები აქვთ, რაც ხშირად ვერ სრულდება.
საუკეთესო გამოსავალია, რომ მასწავლებლები იცნობდნენ და მშობლებსაც აცნობდნენ, რა წერია სასკოლო დოკუმენტებში: ზოგადი განათლების შესახებ კანონში, როგორია სკოლის შინაგანაწესი, წესდება, მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსი, სკოლის დირექტორის სტანდარტი. ყველა ამ დოკუმენტში გაწერილია მშობლისა და მასწავლებლის უფლებები და მოვალეობები. ეს დაგვიცავს მოსალოდნელი გაუგებრობებისგან და უფრო საქმიანს გახდის ჩვენს თანამშრომლობას.
თუ მშობელი და მასწავლებელი პრობლემას საუბრით ვერ აგვარებენ, მთელ რიგ შემთხვევებში, საჭირო ხდება გარეშე პირების ჩარევა. ამისთვის, ყველა საჯარო და ზოგიერთ კერძო სკოლაშიც, არსებობს გასაჩივრების მექანიზმები, როგორიც არის, მაგალითად, დისციპლინური კომიტეტი და სამეურვეო საბჭო. მშობელსაც და მასწავლებელსაც, შეუძლიათ მიმართონ აღნიშნულ ორგანოებს და მოითხოვონ მათგან კანონის სრული დაცვით მოქმედება. ხშირად, კონფლიქტი სწორედ მაშინ ღრმავდება, თუ მშობელმა სკოლის გარეთ გაიტანა სასკოლო პრობლემა. ასეთ ფაქტებს არაერთხელ გამოუწვევია ხმაურიანი დაპირისპირება სკოლის დირექციასა და მშობლებს შორის.
თუ ბავშვს რაიმე გამოწვევა აქვს, უმჯობესია, მშობელმა მისი გადაჭრა ჯერ სკოლაში სცადოს – პირველ ეტაპზე, დამრიგებელს მიმართოს, მაგრამ თუ არ მოგვარდა, შემდეგ დირექციას; თუ გონივრული ვადა ამოიწურა და პრობლემა მაინც იმავე სიმძიმითაა სახეზე, ამ შემთხვევაში, მშობელს მხოლოდ ის გზა დარჩენია, რომ უსიამოვნო ამბავი სკოლის გარეთ გაიტანოს და სხვაგან ეძებოს მაშველი რგოლი. ასეთი შეიძლება აღმოჩნდეს განათლების სამინისტრო, სახალხო დამცველი, ბავშვთა უფლებების დამცველი ორგანიზაციები, არასამთავრობო სექტორი, მედია ან სასამართლოც კი. ზოგჯერ ეს პროცესი თვეობით და წლობით ხანგრძლივდება და უამრავი უსიამოვნო შეგრძნება ახლავს. თუმცა, პრობლემის მოგვარების ლეგიტიმური გზაა ყველაფერი ზემოთ ჩამოთვლილი და ამის გამო მშობლის გაკიცხვა, შერცხვენა, მისი გამოყოფა და დისკრიმინაცია ეწინააღმდეგება ზოგადი განათლების შესახებ კანონს.
საერთო ჯამში, უნდა გვახსოვდეს, რომ კრიტიკული აზრი ყოველთვის არსებობს, მაგრამ ის იშვიათად მოდის ხოლმე ჩვენამდე, არ არის რეკომენდებული, მშობლებმა კრიტიკული მოსაზრების გამოთქმისგან ყოველთვის თავი შეიკავონ. საუბარია კონსტრუქციულ კრიტიკაზე, ცხადია. ასეთ შემთხვევაში, ეს უკმაყოფილება გროვდება და, საბოლოო ჯამში, გაუგებრობამდე, უნდობლობამდე და კონფლიქტამდეც მივყავართ. საუკეთესო გამოსავალია, რომ სკოლამ და მასწავლებელმა თავად შექმნან კრიტიკული აზრის გამოთქმისთვის ველი, როგორც ამას განვითარებულ ქვეყნებში აკეთებენ სკოლები. გაიაზრონ და მშობლებიც დაარწმუნონ, რომ მშობლების აზრის ცოდნა მათი საქმის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანია.
მასწავლებელი და მშობელი თანასწორი, იერარქიის ერთ საფეხურზე მდგომი ორი ადამიანია, რომლებსაც ბავშვის ინტერესი უნდა აერთიანებდეს. თანამშრომლობა ყოველთვის სასიამოვნო შეიძლება არ იყოს, მაგრამ ორივე მათგანის მოვალეობაა, არ უღალატონ თავაზიანობის პრინციპს და, რაც მთავარია, ბოლომდე დარჩნენ ბავშვის ინტერესების ერთგული.
მასალა წარმოდგენილია არასამთარობო ორგანიზაციის „მშობლები განათლებისთვის“ ვიდეობლოგების სერიის მიხედვით, რომელიც მომზადებულია პროექტის „მშობელთა ორგანიზებული ჩართულობა სკოლაში“ ფარგლებში და მიმდინარეობს USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით.
ვიდეობლოგის შინაარსი ნაწილობრივ ეფუძნება მასწავლებლის ეთიკის სახელმძღვანელოს – „სიტუაციები სასკოლო ცხოვრებიდან“.