ეკა ჩაბაიძე
სსიპ ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ სიონის
საჯარო სკოლის დირექტორი
⇒ გაგვიზიარეთ სკოლის მართვის თქვენი მოდელი/პრაქტიკა – რა პრობლემებს აწყდებით ამ პროცესში ან რა გამოგდით წარმატებულად?
⇓ სკოლის დირექტორი არის ის საგანმანათლებლო ლიდერი, რომელიც ხელს უწყობს ყველა მოსწავლის წარმატებას. ჩემთვის, როგორც სკოლის ლიდერისთვის მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლის წარმატება და მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისა და სხვა დასაქმებული პირებისთვის უსაფრთხო, ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა. ბუნებრივია, როგორც ლიდერი, სკოლას მესამე პირებთან ურთიერთობებში წარმოვადგენ, ვთანამშრომლობ სამეურვეო საბჭოსთან, ვმონაწილეობ სასკოლო სამუშაო გეგმის და საშტატო განრიგის შედგენაში. რაც მთავარია, პასუხისმგებელი ვარ უსაფრთხოებაზე. ამის გარდა,
სკოლის დირექტორი ვალდებულია ითანამშრომლოს სასკოლო თემთან, განახორციელოს ორგანიზაციის რესურსების მენეჯმენტი, რათა შეიქმნას უსაფრთხო და ეფექტიანი საგანმანათლებლო გარემო.
იმისათვის, რომ სკოლაში განხორციელდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მოთხოვნები, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად შექმნილი გვაქვს სტრატეგიული და სამოქმედო გეგმა, სამოქმედო გეგმის შესაბამისი წლიური ბიუჯეტი, სკოლის ფინანსები იმართება ეფექტიანად. კვალიფიკაციისა და კომპეტენციების მიხედვით შერჩეული გვყავს ადამიანური რესურსი.
⇒ რა როლი აქვს სამეურვეო საბჭოებს სკოლის მართვაში
⇓ სამეურვეო საბჭო სკოლის ავტონომიურობისა და პროცესების დემოკრატიულად მართვისთვის ეფექტური ბერკეტია. ეს ყველამ ვიცით, თუმცა, რეალურად, იგი ამ ფუნქციას ვერ/არ ასრულებს. რაც, ბუნებერივია, ორივე მხარის ბრალია, მშობლები არ იჩენენ ინტერესს სასკოლო ცხოვრებისადმი, სკოლა კი არ ითხოვს მათგან რაიმე სახის ინიციატივებს. ვფიქრობ, ეს მეტ-ნაკლებად ყველა სკოლის სენია.
მე, როგორც სკოლის ლიდერი, უზრუნველვყოფ საჯარო სკოლაში კანონის შესაბამისი გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპებზე დაფუძნებული ანგარიშვალდებულების სისტემის არსებობას. აქტიურ თანამშრომლობაში ვარ სამეურვეო საბჭოსთან, კანონმდებლობით დადგენილი წესით ვახორციელებ ანგარიშვალდებულებას საჯარო სკოლის უმაღლეს არჩევით ორგანოსთან. უზრუნველვყოფ ანგარიშვალდებულების სისტემის გამჭვირვალობას, საჯაროობასა და ხელმისაწვდომობას.
⇒ ამზადებს თუ არა სკოლა ახალგაზრდებს მომავალი ცხოვრებისთვის
⇓ ვცდილობთ, მოსწავლეები აღვზარდოთ აქტიურ მოქალაქეებად. ჩემთვის მოსწავლეთა წარმატება ყველაზე მთავარია.
სკოლამ, საგნობრივ ცოდნასთან და უნარ-ჩვევებთან ერთად, მოსწავლეებს პრობლემების გადაჭრის უნარი უნდა განუვითაროს. იგი მოსწავლეებს არა მხოლოდ ყოველდღიური ცხოვრებისეული მოთხოვნების მოგვარებაში გამოადგებათ, არამედ სწავლის გასაგრძელებლად და პროფესიულ კარიერაში წარმატების მისაღწევად.
სკოლაში გამოიყენება სწავლების თანამედროვე სტრატეგიები და მეთოდები, ჩართულები ვართ „ახალი სკოლის მოდელში“, ამ პროექტის მიზანია პიროვნებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, რომელიც მოსწავლეებს დაეხმარება 21-ე საუკუნის რეალობისთვის საჭირო ცოდნისა და უნარ-ჩვევის შეძენაში.
⇒ პროფესიული განვითარება
⇓ წლებია სახელმწიფო ზრუნავს მასწავლებელთა პროფესიულ განვითარებაზე.
მართალია, ვარ სერტიფიცირებული დირექტორი, ყოველთვის ვზრუნავ პროფესიულ განვითარებაზე, ინოვაციების მომხრე ვარ. წლების წინ გავლილი მაქვს „მასწავლებელთა და სკოლის დირექტორთა პროფესიული განვითარების პროექტის „ლიდერობის აკადემია“ სამივე მოდული, მაგრამ სასურველი იქნება, კვლავ თუ მოგვეცემა შანსი ცოდნის ასამაღლებლად.
სკოლის დირექცია ყოველმხრივ ეხმარება პედაგოგებს პროფესიულ განვითარებაში. 22-დან მხოლოდ 5 პედაგოგია პრაქტიკოსი. გვყავს უფროსი პედაგოგები და რამდენიმე დარეგისტრირებულია გამოცდებზე, წამყვანის სტატუსის მოსაპოვებლად.
⇒ სკოლის საჭიროებები
⇓ პანდემიის გამო, სწავლების ონლაინ რეჟიმზე გადასვლის აუცილებლობამ ერთი საერთო პრობლემა ბევრ სკოლაში გამოკვეთა, მათ შორის, ჩვენთანაც.
სიონი მაღალმთიანი სოფელია, აქ ისედაც პრობლემურია ინტერნეტის უწყვეტობა, ამას თან დაერთო მოძველებული კომპიუტერები – ფაქტობრივად, ვერ ვიყენებთ კომპიუტერულ კლასს იმდენად მოძველებულია ტექნიკა. ამიტომაც ონლაინ სწავლება გარკვეული ხარვეზებით მიმდინარეობდა, მხოლოდ ტელეფონების იმედად ვიყავით.
სკოლა ჩართულია „ახალი სკოლის მოდელში“, რაც კომპიუტერული ტექნიკის განახლებასაც გულისხმობს. უკვე მეორე წელია ვავსებთ კითხვარს, სადაც ტექნიკის განახლებას ვითხოვთ, მაგრამ ჯერჯერობით შედეგი არ ჩანს. სწორედ „ახალი სკოლის “ მოდელის ფარგლებში ბევრი სასიკეთო პროექტი განახორციელა ჩვენმა სკოლამ: ერთი – გარემოს დაცვის მიმართულებით, როცა მოსწავლეებმა და პედკოლექტივმა 80 ძირი ხე დავრგეთ სკოლის ტერიტორიაზე და მეორე – თანამშრომლობითი კულტურის განვითარების მიზნით. სკოლის დირექციის წარმომადგენლებმა, პედაგოგებმა, მშობლებმა და მოსწავლეებმა ხელნაკეთი ნივთების ერთობლივი გამოფენა მოვაწყვეთ.
⇒ არაფორმალური განათლება
⇓ არაფორმალური განათლების მიმართულებით მინდა აღვნიშნო ჩვენი სკოლის 3 მოსწავლის მონაწილეობა ამერიკულ პროექტში, რომელიც ინგლისური ენის შესწავლის მიზნით ხორციელდება. ნებისმიერი ახალგაზრდისთვის, მით უმეტეს მაღალმთიანი სოფლის სკოლის მოსწავლისთვის, ეს მეტად საშური საქმეა.