თამილა თამაზაშვილი
თბილისის №215 საჯარო სკოლის დირექტორი
⇒ რას მოითხოვს დირექტორისგან საზოგადოება
სკოლის შენობაში როდესაც შედიხარ, მაშინვე ხვდები ვინ არის და როგორია სკოლის ლიდერი. პირველ რიგში, უნდა იგრძნობოდეს კეთილგანწყობილი, სასიამოვნო და ურთიერთთანამშრომლობითი გარემო, რომ მოსწავლეებსა და თანამშრომლებს უხაროდეთ სკოლაში მოსვლა. სკოლაში უსაფრთხო და საინტერესო სიახლეებით დატვირთული სასწავლო პროცესი უნდა იყოს. ხოლო საზოგადოებას, გათვითცნობიერებული უნდა ჰქონდეს სკოლასთან თანამშრომლობის აუცილებლობა და ჩართული იყოს სასკოლო ცხოვრებაში. სკოლა ერთი პატარა სახელმწიფოა, რომელსაც მართავს სკოლის ლიდერი და მისი გუნდი.
⇒ სკოლის ლიდერის პასუხისმგებლობებიდან, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი
მნიშვნელოვანს ცალკე ვერ გამოვყოფ. როცა გათვითცნობიერებული გაქვს პასუხისმგებლობა, ცდილობ ყველა საკითხში იყო კომპეტენტური. მით უმეტეს იმ სამსახურში, რომელიც ბავშვის მომავალს ეხება. მთავარი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მომავალი. სკოლა ერთი დიდი ოჯახია და დირექტორისთვის ოჯახის თითოეული წევრის კეთილდღეობისთვის ზრუნვა უპირველესი ვალდებულება და პასუხისმგებლობაა.
⇒ გამოცდილების გაზიარება – როგორია სკოლის მართვის პრაქტიკა
როგორც ლიდერს, არ მაქვს სკოლის მართვის მრავალწლიანი გამოცდილება, მაგრამ, როდესაც სკოლაში სულ მცირე პრაქტიკული გამოცდილებით შევედი, თითოეულ მასწავლებელში დავინახე საკუთარი თავი, მოსწავლეში – საკუთარი შვილები და უკვე ვხვდები, რომ ყველა მათგანს უნდა დავეხმარო ნებისმიერი სიტუაციიდან გამოსავლის ძებნაში. სკოლაში უნდა დავნერგო ინოვაციური მიდგომები, რათა უფრო ეფექტური გავხადო სასწავლო პროცესი.
დირექტორი ვერ მოსთხოვ მასწავლებელს იმის კეთებას, რასაც თავად არ დანერგავ. მასწავლებლებთან ერთად ხშირად ვმონაწილეობ საგაკვეთილო პროცესში, რათა მოვხსნა ბარიერი და ჩვენს შორის კომუნიკაცია დამყარდეს. სწორედ კოლეგების გვერდში დგომით მივაღწიეთ იმას, რომ სკოლაში საკმაოდ გაიზარდა მოსწავლეთა კონტინგენტი. ვცდილობ, ვიყო ტოლერანტი, ვცხოვრობდე ყველა მოსწავლის ცხოვრებით და ერთად გადავჭრათ არსებული პრობლემები, არ ჩამოვრჩე ზოგადი განათლების რეფორმას, სიახლეებს და ყველა მასწავლებელს დავეხმარო პროფესიულ განვითარებაში.
სკოლის მართვაში ძალიან დამეხმარა ჩემი 22-წლიანი პედაგოგიური გამოცდილებადა, ვარ ზოგადი განათლების რეფორმის საგნობრივი ქოუჩი და ჩემს პედაგოგებს დავეხმარე სასკოლო კურიკულუმების დანერგვაში, კომპლექსური დავალებების შედგენაში. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ასწავლი და ისინიც კარგად იღებენ სიახლეებს, ამისთვის მადლობას ვუხდი ჩემი სკოლის გუნდს. ვცდილობთ, ყველამ ერთად ავიტაცოთ ყველანაირი სიახლეები, რომელიც ჩვენი მოსწავლეების სასარგებლოდ დაინერგება, ბევრს ვმუშაობთ დემოკრატიული სასკოლი კულტურის ჩამოყალიბებაზე, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლის აკადემიურ წინსვლას და პიროვნულ განვითარებას.
⇒ სამეურვეო საბჭოების როლი სკოლის მართვაში
როგორც სკოლის დირექტორს, მჭიდრო კავშირი მაქვს სამეურვეო საბჭოს წევრებთან, რომლებიც ყოველთვის გამოირჩევიან აქტიურობით. ჩვენი ურთიერთობა ღიაა, ხოლო მათ შეკითხვებზე ჩემი პასუხები – ამომწურავი და კონკრეტული.
⇒ ზრდის თუ არა დღევანდელი სკოლა აქტიურ მოქალაქეებს
დარწმუნებული ვარ, ზოგადი განათლების მიმდინარე რეფორმა ნამდვილად ჩამოაყალიბებს და აღზრდის მოზარდებს აქტიურ, პასუხისმგებელ და პატრიოტ მოქალაქეებად. სკოლაში ბევრი სიახლეა დანერგილი, რომელიც სხვადასხვა პროგრამების განხორციელებას ითვალისწინებს, მათ შორის, გარემოს დაცვის მიმართულებებს, ასევე, გენდერული თანასწორობის პასუხისმგებლობებს.
⇒ რა ხელშეწყობა სჭირდება სკოლის დირექტორს, რომ გაზარდოს კომპეტენციები
დირექტორმა უნდა იზრუნოს თვითგანვითარებაზე, მზად იყოს სიახლეების დანერგვისათვის, რომელიც მოსწავლეების საჭიროებებზეა მორგებული. მუდმივად უნდა ვითარდებოდეს და მაგალითი იყოს თანამშრომლებისთვის.
⇒ საგანმანათლებლო რესურსცენტრების როლი ზოგად განათლებაში
პირველ რიგში, გულახდილად ვაღიარებ რესურსცენტრის გვერდში დგომასა და მხარდაჭერას. მათი დახმარებით, სასკოლო ცხოვრებაში წამოჭრილ ყველა პრობლემას ვაგვარებთ. ეს ის სისტემაა, სადაც ყველა დღე მათთვის სამუშაოა. მაქსიმალურად ვიღებთ რესურსცენტრიდან ყველანაირ კონსულტაციას.
⇒ ავტორიზაცია
215-ე საჯარო სკოლა შესული იყო 2021 წლის საპილოტე სკოლების რიგში, გავიარეთ თვითშეფასება, რომლის საშუალებითაც გამოიკვეთა ჩვენი საჭიროებები, როგორც დადებითი ისე უარყოფითი მხარეები სასკოლო სივრცეში. კათედრებთან თანამშორმლობით, ზოგადი განათლების საგნობრივი ექსპერტების დახმარებით, განათლების და მეცნიერების ინფრასტრუქტურის სააგენტოს გვერდში დგომით, ვცდილობთ არსებული პრობლემების მოგვარებას და ვემზადებით სამომავლოდ, რომ გავიაროთ სკოლის ავტორიზაცია.