თამარ ჯაყელი
ზოგადი და სკოლამდელი განათლების განვითარების
დეპარტამენტის ექსპერტი
„ახალი სკოლის მოდელის“ პედაგოგიკური პრინციპები
ჩვენ ვისაუბრებთ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის პედაგოგიკურ საფუძვლებზე, რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა კონსტრუქტივისტული პარადიგმის ხუთი საგანმანათლებლო პრინციპი.
რატომ ვირჩევთ კონსტრუქტივისტულ პარადიგმას?
კონსტრუქტივისტულ პარადიგმას ალტერნატივა არ გააჩნია, მას მეცნიერული საფუძვლები აქვს. მოგეხსენებათ, რომ სწავლა-სწავლების კომპლექსურ პრობლემატიკას შეისწავლის კოგნიტური მეცნიერების სხვადასხვა განშტოება. ამ პრობლემატიკის შესახებ ცოდნამ არნახული ევოლუცია განიცადა, რამაც განაპირობა კონსტრუქტივისტული პარადიგმის ჩამოყალიბება. ზოგიერთი ბრალს გვდებს იმაში, რომ ერთი ვიწრო თეორიით ვიფარგლებით, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის.
კონსტრუქტივისტული პარადიგმის არსებითი მახასიათებლები
უნდა გავითვალისწინოთ, რომ კონსტრუქტივისტულ პარადიგმას ორი არსებითი მახასიათებელი აქვს, ესენია:
⇒ მოსწავლე სწავლა-სწავლების სუბიექტია;
⇒ სწავლა ცოდნის აქტიური კონსტრუირების პროცესია.
შესაბამისად, ამ პარადიგმაში ერთიანდება სწავლა-სწავლებისა და განვითარების ყველა თეორია, რომელიც ამ ორ უმთავრეს დებულებას აღიარებს. ასე რომ, კონსტრუქტივისტული პარადიგმა გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე შეიძლება იყოს ერთი კონკრეტული თეორია.
პრინციპების განხილვა
პირველი პრინციპი — სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას. რატომ უნდა დაეფუძნოს სასწავლო პროცესი შინაგან აქტივობას? მოვიხმობთ ანალოგიას. კარგი მებაღე ვერაფერს გახდება, თუ ნერგის შიგნით არ დაიძვრება პროცესები. ამის მსგავსად, მასწავლებელმა თავდაუზოგავადაც რომ იაქტიუროს, მაინც ვერაფერს გახდება, თუ თავად მოსწავლე არ იაქტიურებს. მისი ცოდნის სტრუქტურების ზრდის საფუძველი მისი შინაგანი აქტივობაა. ასე რომ, გონებაში ცოდნის სტრუქტურების ზრდა-განვითარება მოზარდის შინაგანი აქტივობის პირდაპირპროპორციულია.
რა აუცილებელი პირობების დაცვას მოითხოვს მოსწავლეებში შინაგანი ძალების გააქტიურება?
სწავლა-სწავლების კომპლექსური პრობლემატიკის გამოკვლევამ აჩვენა, რომ უმჭიდროესი კავშირია ემოციურ ფაქტორებსა და კოგნიტურ აქტივობას შორის, ისინი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. ამ ფაქტორის გათვალისწინებით, აუცილებელია ორი პირობის დაცვა:
ერთი — მოსწავლის პიროვნების აღიარება, დაფასება, მისი თვითრწმენის გაზრდა. მოსწავლე უნდა გრძნობდეს, რომ მისი პიროვნება ღირებულია სასკოლო თემისთვის;
მეორე — სარბიელის შექმნა მოსწავლის ძალთა განვითარებისთვის. ეს გულისხმობს მოზარდისთვის აზრიანი, ცხოვრებისეულ კონტექსტებთან დაკავშირებული აქტივობების შეთავაზებას. იმდენად მოწყდა სკოლა ცხოვრებას, რომ მოსწავლეები ვერ ხედავენ აზრს, თუ რისთვის სწავლობენ იმას, რასაც სკოლაში ასწავლიან.
აუცილებელია, მოსწავლემ დაინახოს კავშირი სასკოლო საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის. ასეთ შემთხვევაში, სასკოლო საქმიანობა მისთვის ღირებული გახდება.
რით უწყობს ხელს „ახალი სკოლის მოდელის“ პედაგოგიკა მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას?
საკვანძო შეკითხვით, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლის ცნობისმოყვარეობის გაღვივებას, პროვოცირებას ახალი ცოდნის შესაძენად.
კომპლექსური დავალებით, რომელიც ცხოვრებისეულ კონტექსტებს უკავშირდება და თითოეულ მოსწავლეს საკუთარი ემოციური, სოციალური, შემოქმედებითი ძალების რეალიზების საშუალებას აძლევს, რასაც სიამოვნების, კმაყოფილების, სიამაყის განცდა მოაქვს.
ნათქვამის საილუსტრაციოდ მოგვყავს თქვენთვის უკვე ნაცნობი მაგალითი:
მეორე პრინციპი — სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
რატომ არის მნიშვნელოვანი წინარე ცოდნაზე დაფუძნება?
იმიტომ, რომ ჩვენ წინარე ცოდნის საშუალებით ვამუშავებთ აღქმულ ინფორმაციას. ამიტომ ამბობენ მკვლევრები, მხოლოდ იმის სწავლა შეგვიძლია, რის შესახებაც რაღაც ცოდნა გვაქვს. თუ არ გვაქვს რაიმე ცოდნა აღქმულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ვერ დავამუშავებთ მას. ჩვენი გონებრივი საამქრო ვერ ამუშავდება და გაგების აქტებს ვერ განვახორციელებთ.
წინარე ცოდნის საშუალებით:
⇒ აღვიქვამთ ინფორმაციას;
⇒ ვდებთ მნიშვნელობას მასში;
⇒ ვიძენთ ახალ ცოდნას!
წინარე ცოდნა სწავლის აუცილებელი ინსტრუმენტია. როცა მოსწავლეს ვთავაზობთ ისეთ კონტექსტებს, რომლებიც არ შეესაბამება მისი ცოდნა-გამოცდილების სფეროს, მას ვართმევთ ამ ინსტრუმენტებს და ვტოვებთ უსუსურ მდგომარეობაში, განიარაღებულს. ასეთი მოსწავლე კარგავს ცოდნის შეძენის ბუნებრივ სურვილს.
რით უწყობს ხელს „ახალი სკოლის მოდელის“ პედაგოგიკა ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით?
⇒ თემით, რომელიც გულისხმობს ნაცნობ კონტექსტებს. ეს წინარე ცოდნის გააქტიურების საშუალებას იძლევა.
⇒ საკვანძო შეკითხვით, რომელიც დაისმის მოსწავლის წინარე ცოდნის გათვალისწინებით.
⇒ კომპლექსური დავალებით, რომლის კონტექსტი ახლოს დგას მოსწავლეთა გამოცდილების სფეროებთან და თითოეულ მოსწავლეს საშუალებას აძლევს, რომ აამუშაოს გონებრივი საამქრო და ნაცნობ კონტექსტებში მოახდინოს ახალი ცოდნის ტრანსფერი.
ამიტომ, ამ კლასებში აღარ არსებობს უკანა მერხის მოსწავლის სინდრომი, ყველას რაღაც სათქმელი აქვს, ყველა ჩართულია პროცესში. ცნებით, რომელიც, თავისი სამკომპონენტიანი სტრუქტურით, საშუალებას იძლევა, მოსწავლე ნაცნობიდან უცნობისკენ წავიყვანოთ. მართლაც ცნებას სამი კომპონენტი აქვს — სახელი; არსებითი მახასიათებლები, იგი ზოგად ცოდნას გამოხატავს, რომელიც უნდა დამკვიდრდეს მოსწავლის გონებაში; მაგალითები, ესაა კონკრეტულ ფორმაში გამოხატული ცოდნა, რომელიც ხელმისაწვდომია მოსწავლისთვის. მაგალითად, ცნება „საზოგადოების“ კონკრეტული მაგალითებია: ოჯახი, სამეგობრო, კლასი, სკოლა და სხვ. ცნებებზე ორიენტირება საშუალება გვაძლევს, მოსწავლეები კონკრეტული ცოდნიდან წავიყვანოთ ზოგადი ცოდნისაკენ, რომელიც კონკრეტული მოცემულობის მიღმაა და უნივერსალურია.
მესამე პრინციპი — სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
კონკრეტულ მაგალითებზე, კერძოდ, არითმეტიკულ ოპერაციებზე დაყრდნობით, ვნახოთ, რას გულისხმობს ცოდნის სამი კატეგორია.
დეკლარატიულია ცოდნა, როცა ვამბობ წესს, როგორ უნდა გავყო გასაყოფი გამყოფზე. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შემიძლია ამ ოპერაციის განხორციელება. იგი პასუხობს შეკითხვას — რა? პროცედურულია ცოდნა, როდესაც შემიძლია, სავარჯიშოების ფარგლებში, გავყო რიცხვები. იგი პასუხობს შეკითხვას — როგორ? პირობისეულია ცოდნა, როცა შემიძლია გავარკვიო, რომელ არითმეტიკულ ოპერაციას მოითხოვს ამა თუ იმ ამოცანის ამოხსნა. იგი პასუხობს შეკითხვას — როდის? რატომ? და გულისხმობს არსობრივი ასპექტების ამოცნობას. მაგალითად, როდის გამოვიყენო ეს ოპერაცია? რატომ ითხოვს ეს ამოცანა ამ კონკრეტულ ოპერაციას? ტრანსფერულ ცოდნაზე სწორედ პირობისეული ცოდნაა პასუხისმგებელი და საკლასო ოთახებში, ყველაზე მეტად, ეს ცოდნაა იგნორირებული.
რით უწყობს ხელს „ახალი სკოლის მოდელის“ პედაგოგიკა ცოდნის სამივე კატეგორიაზე მუშაობას? სამიზნე ცნებით და კომპლექსური დავალებით. მართლაც, სამიზნე ცნებაზე ორიენტირებული დავალების შესრულების პროცესში, სამივე ტიპის შეკითხვა აქტიურდება — რა? როგორ? რატომ? როდის?
მაგალითად, სამიზნე ცნება — საზოგადოება, დავალება — გერბის შექმნა. გერბზე მუშაობისას, გააქტიურდება შემდეგი შეკითხვები: რატომ ვართ მეგობრები? რატომ წარმოადგენს ჩვენი სამეგობრო საზოგადოებას? როგორ წარმოვაჩინო, რომ ჩემი სამეგობრო საზოგადოებას წარმოადგენს? რა არის საზოგადოება? აქ კარგად ჩანს, რა განსხვავებაა სწორი პასუხების პედაგოგიკასა და გაგების პედაგოგიკას შორის. პირველი ორიენტირებულია, არსებითად „რა“ შეკითხვაზე, მაგალითად, რა არის საზოგადოება? ამ ტიპის შეკითხვაზე პასუხის გაცემა არ მოითხოვს ცოდნის კონსტრუირებას. საკმარისია ცოდნის რეპროდუცირება. რეპროდუცირებული ცოდნა, თუ ის არ არის კონსტრუირებული, ზედაპირული და გამოუყენებელია, მას სიღრმე არ აქვს, არ არის დაფესვიანებული კოგნიტურ სტრუქტურებში. რასაც ფესვი არ აქვს, ის ნაყოფს ვერ იძლევა.
სწორი პასუხების პედაგოგიკა სიტყვას აიგივებს მნიშვნელობასთან, გაგების პედაგოგიკას კი, მოსწავლე, კეთებით და აღმოჩენების გზით, მიყავს სიტყვის მნიშვნელობის სიღრმისეულ ასპექტებამდე, სიტყვის გარსიდან მის არსამდე, დაფარულ, უნივერსალურ სტრუქტურებამდე. შეიძლება ითქვას, რომ: პირველი სწავლების პედაგოგიკაა, ხოლო მეორე — სწავლის პედაგოგიკა.
მეოთხე პრინციპი — სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას. რატომ არის მნიშვნელოვანი ცოდნათა იერარქიზება და ორგანიზება. მუშა მეხსიერებას შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, სულ 5-7 ერთეულს შეიცავს, რომლითაც ის ინფორმაციას ამუშავებს. როდესაც დაქუცმაცებული ცოდნის ელემენტები გვაქვს კოგნიტურ სისტემაში, წინარე ცოდნის გააქტიურებისას, ცოდნის ცალკეული ელემენტები იკავებს მუშა მეხსიერების ერთეულებს. ასეთ შემთხვევაში, ინფორმაციის დასამუშავებლად, შეზღუდული რესურსები გვაქვს. ხოლო, როცა ურთიერთდაკავშირებულ ცოდნათა ქსელები გვაქვს, მაშინ, წინარე ცოდნის გააქტიურებისას, მუშა მეხსიერების ერთეულებს იკავებს ცოდნის მტევნები თუ აკიდოები. ცხადია, ასეთ შემთხვევაში, მკვეთრად ძლიერდება ინფორმაციის დამუშავების რესურსები. მაშასადამე, აზროვნების სიძლიერე დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენადაა ცოდნათა კომპონენტები ურთიერთდაკავშირებული და ორგანიზებული. აქვე აღვნიშნოთ, რომ კომპეტენციას ქმნის არა ცოდნის ცალკეული კომპონენტები, არამედ ცოდნათა კომპონენტებს შორის მჭიდრო ინტერაქცია, ამ კომპონენტების ინტეგრირებულად გამოყენების უნარი.
რით უწყობს ხელს „ახალი სკოლის მოდელის“ პედაგოგიკა ცოდნათა ურთიერთდაკავშირებასა და ორგანიზებას? ცნებებზე ორიენტირებული პედაგოგიკით. ცნება ორგანიზებული იდეაა, აზრობრივი კონსტრუქტია, რომელიც განაპირობებს აზროვნების ორგანიზებას, სტრუქტურირებას, კომპლექსური დავალებით, რომელიც უზრუნველყოფს ცოდნის სხვადასხვა კომპონენტების ურთიერთდაკავშირებულად, ინტერაქტიურად გამოყენებას. ზეთემატური, ზეკონტექსტური სამიზნე ცნებებით და მკვიდრი წარმოდგენებით, რომლებიც სრულიად განსხვავებულ კონტექსტებსა და თემებში მოვლენათა, საგანთაშორის კავშირების დანახვის და დამყარების საშუალებას იძლევა.
მეხუთე პრინციპი — სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას. რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლის სწავლა? იმიტომ, რომ ეს გულისხმობს იმ საშუალებების დაუფლებას, რომლითაც ცოდნას განვავითარებთ. სწავლაში კი მეტი მიღწევა იმას აქვს, ვინც ამ საშუალებებს ფლობს. ეს ნიშნავს:
⇒ ცოდნის განვითარების საშუალებების დაუფლებას;
⇒ სწავლის პროცესის გაცნობიერებულად მართვას;
⇒ საკუთარ თავში რესურსების პოვნას დაბრკოლებათა გადასალახად;
⇒ სწავლის ქმედუნარიანობის გაზრდას.
რით უწყობს ხელს „ახალი სკოლის მოდელის“ პედაგოგიკა სწავლის სტრატეგიების დაუფლებას? „ახალი სკოლის მოდელის“ პედაგოგიკა სწავლის პედაგოგიკაა და, შესაბამისად, ორიენტირებულია სწავლის პროცესზე, პროცესის მხარდაჭერაზე. მეტაკოგნიტური რეფლექსიები გასდევს მთელ პროცესს, რაც აისახება თემატური მატრიცების საკვანძო შეკითხვებში. მაგალითად, როგორ ვიმუშავო კომპლექსურ დავალებაზე? რა ნაბიჯები გადავდგა? რა ცოდნა-გამოცდილება დამჭირდება თითოეული ნაბიჯისთვის? ან — რა სტრატეგიები გამოიყენე დავალების განსახორციელებლად? რას გააკეთებდი განსხვავებულად, ხელახლა რომ იწყებდე დავალების შესრულებას? ამ მეტაკოგნიტური აქტივობის შედეგად, მოსწავლეები სწავლობენ სააზროვნო პროცესების გაცნობიერებულად მართვას, სტრატეგიების გამოყენებას, რაც ზრდის მათი სწავლის ქმედუნარიანობას და აუმჯობესებს მათ მიღწევებს. ყველა მოსწავლეს აქვს განცდა იმისა, რომ სკოლა ის ადგილია, სადაც მას კი არ განსჯიან, არამედ ეხმარებიან საკუთარი შესაძლებლობის განვითარებაში.
მნიშვნელოვან როლს თამაშობს აქტივობის ორმაგი ფუნქცია. ერთი ფუნქცია, ეს არის ცოდნის კონსტრუირება, მეორე — განმავითარებელი შეფასების წარმოება. და თავად ცნება, რომელიც მოსწავლეს აჩვენებს ცოდნას, როგორც სტრუქტურას და ამ სტრუქტურისაკენ მიმავალ გზას.
როგორც ვნახეთ, თემატური მატრიცა, თავისი სტრუქტურული ერთეულებით, ხუთ საგანმანათლებლო პრინციპს ეფუძნება და მათი განხორციელების საშუალებას იძლევა. დამეთანხმებით, ამ პრინციპებზე დაფუძნებული სასწავლო გეგმების, ზოგადი განათლების ყველა საფეხურზე დანერგვა არც თუ ისე იოლი საქმეა. ეს მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თავდადებას, მნიშვნელოვან ადამიანურ რესურსებს. ჩვენთვის იმედისმომცემია, რომ ამ საქმეში მხარში ამოგვიდგა საიმედო და ძლიერი პარტნიორი — USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამა და მისი გუნდი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროგრამა უნივერსიტეტების ჩართვასაც ითვალისწინებს, ეს რეფორმის გაძლიერების და მისი მდგრადი განვითარების აუცილებელი წინაპირობაა. პროგრამამ საკვანძო მნიშვნელობის სეგმენტი აირჩია, ესაა დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა წიგნიერება და მათემატიკური აზროვნება. ამ სეგმენტში სასიკეთო ძვრების განხორციელება წაადგება არა მარტო ამ საფეხურის საგნებს, არამედ მომდევნო საფეხურებზე განათლების ხარისხის ამაღლებას და რეფორმის წარმატებულად განხორციელებას.
წყარო: USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში მომზადებული ვიდეორგოლი