24 ნოემბერი, კვირა, 2024

სიქთარვაში ახალი სკოლა აშენდა

spot_img

თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის 120 მოსწავლეზე გათვლილი საჯარო სკოლა ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალით აშენდა. პროექტის ღირებულება ორ მილიონ ლარზე მეტია. სამშენებლო სამუშაოებს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო აწარმოებდა. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის: მოწყობილია პანდუსები, ლიფტი და ადაპტირებული სველი წერტილები; არის სააქტო დარბაზი, ბიბლიოთეკა და საბუნებისმეტყველო კლას-კაბინეტები; შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარითა და ტექნიკით; ეზოში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების ღია სპორტული მოედანი და სარეკრეაციო სივრცე.

სიქთარვის საჯარო სკოლის დირექტორი ია კვატია ამბობს, რომ გახარებულია მთელი სოფელი, რადგან მათთვის ეს საუკუნის პროექტი იყო. „ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ამისთვის განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ვინაიდან მათი დაფინანსებითა და ინიციატივით გატარდა ეს მნიშვნელოვანი პროექტი. სკოლაში ყველა პირობაა შექმნილი იმისთვის, რომ სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში წარიმართოს. ბავშვები მაქსიმალურად იცავენ რეკომენდაციებს, რაც კოვიდ-19-თან არის დაკავშირებული.“

 ახალაშენებული საჯარო სკოლა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა მოინახულა და მოსწავლეებს ახალ შენობაში სწავლის დაწყება მიულოცა: „დღეს ვესტუმრე თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ სიქთარვის ახალ, თანამედროვე სტანდარტებით აშენებულ საჯარო სკოლას. მოხარული ვარ, რომ ადგილობრივმა მოსწავლეებმა სწორედ ახალი შენობის კედლებში შეძლეს სასწავლო პროცესის განახლება. თანამედროვე სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, საქართველოს მასშტაბით, სკოლების მშენებლობა, რეაბილიტაცია და აღჭურვა უწყვეტ რეჟიმში გაგრძელდება.

 ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ სოფელ სიქთარვის სკოლაში, ისევე როგორც სხვა სკოლებში, ზედმიწევნით არის დაცული ყველა ის სანიტარიულ-ჰიგიენური წესი, რაც აუცილებელია კორონავირუსის პრევენციისა და ჩვენი მოსწავლეების უსაფრთხოებისთვის. ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია.“

არსებული გამოწვევების მიუხედავად, ახალი სასწავლო წელი სიახლეებით დაიწყო – 2020-21 სასწავლო წლისთვის, თბილისსა და რეგიონებში, დასრულებულია 50 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა, სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდა 800-მდე სკოლას. ინფრასტრუქტურული სამუშაოების ძირითადი ნაწილი განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განხორციელდა. სამუშაოების ნაწილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისა და რეგიონების ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსდება.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები