24 ნოემბერი, კვირა, 2024

საჯარო სკოლების ავტორიზაცია

spot_img

რას გულისხმობს  საჯარო სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი, რა დგას ამ პროცესის უკან, რას ნიშნავს დიაგნოსტიკური თვითშეფასება და რა არის ის არსებითი ნიუანსები, რაზეც სკოლამ ამ პროცესში უნდა გაამახვილოს ყურადღება – ავტორიზაციასთან დაკავშირებულ დეტალებზე საუბრობენ კახა ერაძე, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე და ნიკო სილაგაძე, ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების ექსპერტი

ნიკო სილაგაძე: დღეს ვისაუბრებთ მეტად საინტერესო საკითხზე – საჯარო სკოლების ავტორიზაციაზე. ავტორიზაცია – ეს ის სიტყვაა, რომელიც, ალბათ, ყველა ადამიანს სმენია, ვინც განათლების სფეროში მოღვაწეობს. თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ძალიან განსხვავებულია ხოლმე ამ სიტყვის დეფინიციაც და თვითონ ემოციებიც, რომელიც მოსდევს სიტყვა ავტორიზაციას. რით ახსნიდით ამას და რას გვეტყოდით, რა არის მთავარი ავტორიზაციის პროცესში?

კახა ერაძე: ძალიან საინტერესო თემაა და საინტერესო კონტექსტით დასვით შეკითხვა. ავტორიზაციას, რა თქმა უნდა, უკავშირდება ერთგვარი ვნებათაღელვა და ყველა საგანმანათლებლო დაწესებულებას თუ პირს, ვისაც მონაწილეობა მიუღია ამ მეტად საინტერესო პროცესში, განსხვავებული გამოცდილება და დამოკიდებულება აქვს ამ საკითხთან მიმართებაში იმის მიხედვით, როგორ დამთავრდა მისთვის ავტორიზაციის პროცესი. თუმცა, კანონი ავტორიზაციას განმარტავს, როგორც საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურას. საგანმანათლებლო მომსახურება, როგორც სახელმწიფოს მიერ მიჩნეული ერთ-ერთი პრიორიტეტული საქმიანობის სფერო, საჭიროებს ერთგვარ რეგულირებას ისევე, როგორც ჯანდაცვის ან სამართლებრივი მომსახურება და ამ საქმიანობის სფეროში შესვლისთვის აუცილებელია გარკვეული სტანდარტების დაკმაყოფილება. სწორედ სტანდარტებთან შესაბამისობის შემოწმების პროცესია, არსებითად, ავტორიზაცია.

ავტორიზაცია მხოლოდ წელს არ ხდება სავალდებულო, ზოგადი განათლების სისტემაში, მინიმუმ, 12-წლიანი გამოცდილება არსებობს.  ავტორიზაციას, ძირითადად, კერძო სამართლის იურიდიული პირები ექვემდებარებოდნენ, ანუ საქართველოში არსებული ყველა კერძო სკოლა ავტორიზებულია და ეს გზა, როგორც მოგახსენეთ, ზოგმა წარმატებით გაიარა, ზოგმა – წარუმატებლად. ამიტომაც, საზოგადოებაში ვრცელდება ხმა, რომ ეს ერთგვარად გამოწვევაა. დიახ, ეს ერთგვარი გამოწვევაა. კანონის მიხედვით, 2026-27 სასწავლო წლის დაწყებამდე, ყველა საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებას აქვს უფლება, განახორციელოს საგანმანათლებლო საქმიანობა, თუმცა, ამ პერიოდამდე, ყველამ უნდა მოიპოვოს საქმიანობის უფლება, ავტორიზაციის გზით.

ნ.ს.: ეს სისტემისთვისაც დიდი გამოწვევაა და თითოეული სკოლისთვისაც. უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, რას გულისხმობს ავტორიზაციის სტანდარტები და რა დგას ამ პროცესის უკან, რა არის ის არსებითი ნიუანსები, რაზეც სკოლამ, როგორც გუნდმა, უნდა გაამახვილოს ყურადღება ამ პროცესში.

კ.ე.: საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია ცოტა განსხვავებული ამბავია, ვიდრე უნივერსიტეტების, კოლეჯების და სხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებების, გამომდინარე იქიდან, რომ ზოგადი განათლების, განსაკუთრებით კი საბაზო საფეხურის, შესაბამისი განათლების მიწოდება სავალდებულოა კონსტიტუციით. აქედან გამომდინარე, ეს გვაიძულებს, რომ ავტორიზაციას ცოტა სხვაგვარად მივუდგეთ, როდესაც ზოგად განათლებაზე ვსაუბრობთ. ავტორიზაციას ნუ განვიხილავთ, როგორც ადმინისტრაციული წარმოების პროცესს, რომელიც სადღაც იწყება და სადღაც სრულდება, ვთქვათ, ექვსი თვის თავზე.

ნ.ს.: აი, ეს ძალიან არსებითია…

კ.ე.: ეს არის ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა სივრცეში შესვლის პროცედურა. როგორც კი დაწესებულება იმ სივრცეში ხვდება და მას ერქმევა ავტორიზებული საგანმანათლებლო დაწესებულება, მას ეს სტატუსი ექვსი წლის ვადით ენიჭება და, ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ, ხელახალი ავტორიზაცია უნდა გაიაროს, რასაც ყოველდღიურ საქმიანობაში რეავტორიზაციასაც ვეძახით. ავტორიზაციის შედეგად, დაწესებულება ძალიან საინტერესო სივრცეში ხვდება და ამ სივრცეში ადგილის შენარჩუნება გულისხმობს, რომ ის მუდმივად უნდა ესწრაფვოდეს თავისი საქმიანობის გაუმჯობესებას.

ნ.ს.: შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს უფრო პროცესია…

კ.ე.: დიახ, ეს გახლავთ ხარისხზე ორიენტირებული საქმიანობის პერმანენტული, მუდმივი პროცესი.

ნ.ს.: რომ ხარისხზე ორიენტირებული საქმიანობის გაუმჯობესების დინამიკის პულსზე გვეჭიროს ხელი.

კ.ე.: თვითონ ავტორიზაციას რომ დავუბრუნდეთ, რა თქმა უნდა, ეს ეროვნული სტანდარტების საფუძველზე ხდება. როგორც გითხარით, უკვე 12 წელია, ავტორიზაცია არსებობს ზოგად განათლებაში და 12 წლის თავზე, ლოგიკურია, დგება საკითხი, გადაიხედოს ეს სტანდარტები, რადგანაც საზოგადოება, სკოლა, ზოგადი განათლების სისტემა, არსებითად, განვითარების სხვა საფეხურზე იმყოფება, ვიდრე 12 წლის წინ იყო. აქცენტები სულ სხვა სტანდარტებზე, ინდიკატორებსა და კრიტერიუმებზე კეთდება. თუკი აქამდე ავტორიზაციის პროცესი უფრო ხარისხის კონტროლი იყო, მიდგომა იცვლება და დღეს ეს არის ხარისხის უზრუნველყოფა, ხარისხის განვითარების პროცესი, რომელიც მოიცავს კონტროლს.

ნ.ს.: ეს განსხვავება უფრო კარგად რომ აგვიხსნათ, იმიტომ, რომ ხშირად, მაგალითად, კერძო სკოლების გამოცდილებით, მთავარ სიტყვად დირექტორები ახსენებდნენ ხოლმე „დოკუმენტებს“, რომელიც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი და უფრო ნაკლებად – რეალურ პროცესებს, რომელიც ამ დოკუმენტის უკან იდგა.

კ.ე.: ხარისხის უზრუნველყოფის კონცეპტუალური ცვლილება, რაც რეფორმის აღნიშნულ ეტაპზე შემოგვაქვს, სწორედაც გულისხმობს, რომ დოკუმენტების შესაბამისობიდან პროცესების შესაბამისობაზე გადავიდეთ. თუმცა, დოკუმენტები მნიშვნელოვანია, ეს გახლავთ მტკიცებულება იმისა, თუ როგორ აპირებს დაწესებულება საქმიანობას. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ პირველადი ავტორიზაცია, როცა სკოლა, თავისი არსებობის მანძილზე, პირველად გადის ამ პროცესს, ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე რეავტორიზაცია. იმიტომ, რომ პირველადი ავტორიზაციის დროს სწორედ დაპირება უნდა დავინახოთ – როგორ აპირებს სკოლა მუშაობას, რა იქნება მისი ხედვა, მისი პოლიტიკა, ანუ ავტორიზაციის სტანდარტები სხვადასხვა ჭრილში და ეს სტანდარტები დაწესებულების საქმიანობის სრულ სპექტრს მოიცავს, დაწყებული დაგეგმვით და დასრულებული სტუდენტთა სერვისებით, კარიერული განვითარებით და ა.შ. ამიტომ, პირველადი ავტორიზაციის დროს, ჩვენ უფრო დოკუმენტების დონეზე ვამოწმებთ რა პოლიტიკა არსებობს. რატომაა უფრო საპასუხისმგებლო რეავტორიზაცია? იმიტომ, რომ სახეზეა ავტორიზებულ რეჟიმში ყოფნის 6-წლიანი გამოცდილება და ეს დაპირება უკვე საქმედ უნდა იქცეს. ამ შემთხვევაში, დაკვირვების და შეფასების საგანი ხდება პროცესები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება აქამდე არსებულ ავტორიზაციის რეჟიმსა და ახალი ავტორიზაციის მიდგომებს შორის.

მე ვახსენე კონტროლი და განვითარება, იმავდროულად, განვმარტავ, ხარისხის კონტროლი ნიშნავს, რომ ერთჯერადად მივდივარ დაწესებულებებში, ვაფასებ მის შესაბამისობას ეროვნულ სტანდარტებთან მიმართებაში, ვწერ დასკვნას – თუ შეესაბამება, ვანიჭებ ავტორიზაციას, თუ არ შეესაბამება, უარს ვეუბნები და ამით ვამთავრებ. ასეთი იყო აქამდე არსებული ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმი. განვითარება კი უკვე ნიშნავს, რომ მე მივდივარ დაწესებულებაში, ვაკონტროლებ, ვაფასებ, შესაბამისობის დონეს ვადგენ და ვიწყებ მის მხარდაჭერას განვითარებისთვის. ანუ მე არ ვამთავრებ კონტროლით, ვაკონტროლებ იმიტომ, რომ განვსაზღვრო შემდგომი განვითარების და გარე განვითარების მექანიზმი.

ნ.ს.: ბევრი ნიუანსი იკვეთება და შევეცდები, რამდენიმე გამოვყო. გამოდის, რომ, თუ მე ვარ სკოლა, სკოლის წარმომადგენელი და მაქვს სასკოლო სასწავლო გეგმა, კურიკულუმი, რომელიც დაკვირვების ერთ-ერთი საგანია, ავტორიზაციის მხრივ, ჩემი საზრუნავია, იმაზე მეტად, რომ პირველივე ჯერზე ყველაფერი სკრუპულოზურად გამართული იყოს, მქონდეს საკუთარი ხედვა პოლიტიკის და მისი განვითარების. თუ სწორად მესმის, რეავტორიზაციის პროცესში, რეალურად, უფრო მნიშვნელოვანია როგორ განვითარდა პირველადი ვერსია და განვითარების დინამიკა, ვიდრე, დავუშვათ, პირველ ეტაპზე, დოკუმენტის სანიმუშოობა.

კიდევ ერთი ნიუანსია, თქვენ არაერთხელ ახსენეთ სკოლა, თითქოს, არ გამიჯნეთ იქ მასწავლებელი, დირექტორი და სასკოლო საზოგადოების წევრები. როგორ გავიგოთ, ეს მთელი გუნდის საზრუნავია და არა კონკრეტული ადამიანების სკოლაში?

კ.ე.: ესეც მიდგომის ერთგვარი ცვლილებაა. თუკი აქამდე, როგორც წესი, ძირითადად, სკოლის ავტორიზაციაზე ერთი პირი ზრუნავდა და, ხშირ შემთხვევაში, სკოლა იქირავებდა კიდეც, ავტორიზაციის წინ, იურისტს ან სხვა სპეციალისტს, რომელიც უცებ მოუწესრიგებდა დოკუმენტებს და წარმატებით გადიოდა ავტორიზაციას. როგორც ვთქვით, მხოლოდ დოკუმენტები ვეღარ იქნება სკოლის წარმატებული ფუნქციონირების გაზომვის ერთადერთი ინდიკატორი. აბსოლუტურად სწორად დასვით შეკითხვა, დიახ, სკოლა ეს არის გუნდი, ეს არის სკოლის მენეჯმენტი, მასწავლებლები, მოსწავლეები, მშობლები და ეს არის თემი, რომელშიც სკოლას უწევს ფუნქციონირება. გამომდინარე აქედან, თუ კარგად გავიაზრებთ სკოლის სოციო-კულტურულ ფუნქციას თემში, დავინახავთ, რომ ეს ვერ იქნება ერთი ადამიანის საზრუნავი, ვერც ავტორიზაცია და ვერც სკოლის განვითარება-ფუნქციონირება. აქედან გამომდინარე, ისევე, როგორც სკოლის ყოველდღიურ საქმიანობაში, მათ შორის იმ ადმინისტრაციული წარმოების პერიოდში, რასაც ავტორიზაციას ვეძახით (ავტორიზაციის პროცესში), აუცილებლად იქნება ჩართული სასკოლო საზოგადოება, მთლიანად.

ნ.ს.: კიდევ ერთ აქცენტს გამოვყოფდი – მთლიანობითი ხედვა. თქვენი საუბრიდან გამომდინარე, იმისთვის, რომ კარგი სკოლა გვქონდეს, ანუ კარგი სკოლის კონცეფციას რომ მივაბათ ავტორიზაცია, აღარ არის საკმარისი, რომ ყველამ, ჭიანჭველასავით, იცოდეს კონკრეტულად ის საქმე, რომელსაც აკეთებს – ვიღაც გაკვეთილს ატარებს, ვიღაც ცხრილს ადგენს, ვიღაც დარაჯობს, ვიღაც საქმეს აწარმოებს… გამოდის, რომ სკოლის მთლიანობითი ხედვა მაქსიმალურად ბევრ ადამიანს უნდა ჰქონდეს და ესმოდეს, რითი ვითარდება ეს კოლექტივი. სკოლის ფილოსოფიის პირველი სტანდარტია (მეორეა კურიკულუმი), თუ არ ვცდები, ხედვა და მაქსიმალურად განვითარება. რაც მეტ ადამიანს ესმის ეს და ამის გამტარებელია, ეს არის სწორედ ხარისხი, ასე გამოდის, ავტომატურად, თუ სწორად მესმის.

კ.ე.: სავსებით სწორი ინტერპრეტაციაა. სხვათა შორის, რამდენიმე ექსპერტისგან გამიგია, რომ თითქოს პირველი სტანდარტი, რომელიც თქვენ დაასახელეთ, სკოლის ფილოსოფია, ყველაზე ადვილიაო – დაიწერება, გამოვაკრავთ კედელზე და ამით სტანდარტთან ვიქნებით შესაბამისობაშიო. აქ მთავარია გააზრება, სკოლის ფილოსოფია მოიცავს სკოლის მისიას, ხედვას და ღირებულებების ჩამოყალიბებას. სკოლის ფილოსოფია მის ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა დავინახოთ, იქნება ეს მასწავლებლის საქმიანობა, დამხმარე პერსონალის, დარაჯის, მოსწავლის თუ სხვა, სკოლა ამ სულით უნდა ცხოვრობდეს. სკოლის ინფრასტრუქტურის შიგნით, ეს სულიერება უნდა ტრიალებდეს, რაც დეკლარირებულია სკოლის მისიით და სკოლის ფილოსოფიით. ამის დანახვაა მნიშვნელოვანი. ამიტომაც, თუ კარგად გავიაზრებთ, ნათლად ჩანს, რომ პირველი სტანდარტი ადვილი არ არის. სასკოლო საზოგადოებამ კარგად უნდა გაიაზროს რა გზით აპირებს სვლას, რისთვის არსებობს სკოლა კონკრეტულ თემში და შემდგომ მთელი მისი საქმიანობა, პრინციპები, მათ შორის საშტატო განრიგი, ოთახების სტრუქტურა, მოწყობა, თუნდაც, კედლის ფერიც კი, მოარგოს იმ ფილოსოფიას, რომელიც დეკლარირებული აქვს.

ერთ ქვეყანაში გახლდით (ქვეყნებს სხვადასხვა მიდგომა აქვს) და ეროვნულ სტანდარტებში ვერ დავინახე სკოლის მისია, ხედვა, ღირებულებების მოთხოვნა. როცა ვიკითხე, რატომ არ არის, მითხრეს, რომ ქვეყანას ეს უკვე დეკლარირებული აქვს და იცის რა არის სკოლის მისია, ამიტომ ცალკეულმა სკოლამ რატომ უნდა შექმნასო დამოუკიდებელი მისია, რასაც არ დავეთანხმეთ. ჩვენს სტანდარტებში ეს შენარჩუნებულია იმიტომ, რომ სკოლის მისია, ზოგადად და ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, დიახ, განსაზღვრული და დეკლარირებულია, მაგრამ სკოლამ, აუცილებლად, საკუთარი უნიკალურობა უნდა დაინახოს იმ რეგიონიდან, თემის თავისებურებებიდან გამომდინარე, რომელშიც ფუნქციონირებს. არ შეიძლება, რომელიმე სკოლას საბურთალოზე და რაჭის მაღალმთიანი სოფლის სკოლას ზუსტად ერთნაირი, იდენტური მისია ჰქონდეს. მათ აბსოლუტურად განსხვავებული მისიები აქვთ და სასკოლო საზოგადოებებმა ეს უნდა გაიაზრონ.

ნ.ს.: და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსწავლის განათლების ხარისხის ამაღლებისთვის კეთდება. კიდევ ერთი კითხვა რომ დავსვათ – ავტორიზაცია, თავისი ბუნებით, მაინც გარე შეფასების მექანიზმია, რომელიც სკოლის გარე შეფასებას აწარმოებს. პრაქტიკულად როგორ მოხდება პროცესში სკოლების, მასწავლებლების მხარდაჭერა? პროცედურულ დონეზე როგორ იმუშავებს ეს? თუნდაც ერთ-ერთი სკოლის მაგალითზე რომ ვთქვათ.

კ.ე.: ავტორიზაცია, ზოგადად, მხარდაჭერაზე ორიენტირებული პროცესია. ავტორიზებულ რეჟიმში ყოფნა ნიშნავს, რომ იღებ უწყვეტ მხარდაჭერას შენი საქმიანობის განვითარებისთვის. ეს ნიშნავს სკოლის მართვის მტკიცებულებებზე დაფუძნებული და ხარისხზე ორიენტირებული მოდელის არსებობას სკოლაში. ავტორიზაცია ფურცელი არ არის, რომელსაც მიიღებ და კედელზე გამოაკრავ. ეს არის მართვის კულტურა, ხარისხზე ორიენტირება.

რაც შეეხება მხარდაჭერას, ვიცით, რომ ავტორიზაცია საჯარო სკოლებში არ ჩატარებულა, კერძო სკოლებში ჩატარდა და ისიც კონტროლის აქცენტით, ახლა კი, უკვე განვითარების აქცენტით შემოდის. ამიტომაც, მინდა გავამახვილო ყურადღება და განვუმარტო სკოლებს, რომ პროცესი დაწყებულია და მიმდინარე ეტაპზე, მას შემდეგ, რაც ჩვენ მეტ-ნაკლებად ჩამოვყალიბდით ავტორიზაციის ახალ სტანდარტებზე, მიმდინარეობს სკოლების დიაგნოსტიკური თვითშეფასება. უკვე 312-მა სკოლამ გაიარა დიაგნოსტიკური თვითშეფასების ეტაპი, ახლა 500 სკოლაში მიდის აქტიური მუშაობა და, წლის ბოლომდე, ყველა საჯარო სკოლა გაივლის. რას ნიშნავს დიაგნოსტიკური თვითშეფასება? სკოლამ კარგად უნდა შეაფასოს საკუთარი მდგომარეობა ეროვნულ სტანდარტებთან მიმართებით. როცა სკოლებში დიაგნოსტიკურ თვითშფასებაზე შევედით, ერთგვარი რეზისტენტობა დაგვხვდა. ეგონათ, რომ უნდა შეექმნათ ყველა ის დოკუმენტი, პროცედურა, რასაც ახალი სტანდარტი სთხოვს. ჩვენ ვეუბნებით, არა, დაგვანახეთ თქვენი თავი ამ წუთში სად ხართ და მე რომ მეცოდინება, რომ არ გაქვთ, მაგალითად, სტრატეგიული დაგეგმვის მწყობრი სისტემა და მეთოდოლოგია, შესაბამისად, მეცოდინება, რომ უნდა დაგეხმაროთ ამ მეთოდოლოგიის განვითარებაში. თვითშეფასებაში გადამწყვეტია გულწრფელობა, არ ვეცადოთ, სკოლა იმაზე უკეთესად წარმოვაჩინოთ, ვიდრე სინამდვილეშია. თვითშეფასება უნდა იყოს რეალისტური და მომავალში, რა თქმა უნდა, ამას ჩვენ განვიხილავთ, როგორც სკოლის შიდა განვითარების ძალიან ძლიერ მექანიზმს. ამიტომაც, თუ მე თვალხილული არ ვიქნები ჩემს საჭიროებებთან მიმართებით, ან ვერ ვახდენ ჩემი საჭიროებების იდენტიფიცირებას, ეს უკვე სკოლის მენეჯმენტის პრობლემაა. ასე რომ, პირველი მთავარი პრინციპი, ეს არის ღიაობა – დავაფიქსიროთ ყველა შესაბამისობა თუ შეუსაბამობა, სად ვართ, როგორ ვართ. შემდეგ ეტაპზე, დაიწყება უკვე მნიშვნელოვანი ინტერვენციები, ის ძვირფასი საბიუჯეტო რესურსები, რასაც დებს სახელმწიფო ბიუჯეტი და რასაც საერთაშორისო განვითარების პარტნიორები გვთავაზობენ, უკვე მიზანმიმართულად მიემართება სასკოლო სისტემის განვითარებისკენ, გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად.

ნ.ს.: ანუ სკოლის საჭიროებების, თავისებურებებისა და მოთხოვნების კვლევა, საკუთრივ სკოლის ძალისხმევით, ძალიან მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, ხშირად აფორიზმად რჩება ეს სიტყვები, გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ზედაპირულად უდგებიან ხოლმე ზოგჯერ ამ საკითხს. დასასრულ, ჩვენს სკოლებს მრავალი პროცესის მონაწილეობა უწევთ და მიმართებების დასანახად, მაგალითად, არსებობს ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვის პროცესი და არსებობს ავტორიზაცია, როგორ დაადგენდით ამათ შორის მიმართებებს, სკოლის თვალით როგორ უნდა იყოს ეს აღქმული?

კ.ე.: ავტორიზაციის სტანდარტი, ერთგვარად, ჩონჩხია, რომლის გარშემოც იწყობა მერე მთელი სისტემა. როცა ვსაუბრობთ მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვაზე, ეს მიემართება ავტორიზაციის მეორე სტანდარტს – სასკოლო კურიკულუმს და მესამეს – ამ კურიკულუმის განსახორციელებელ საჭირო რესურსებს. ამიტომ, თქვენ ვერ იპოვით ვერც ერთ რგოლს, დაწყებული ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვიდან (მასწავლებლის პროფესიული განვითარება, დირექტორის პროფესიული განვითარება, ინფრასტრუქტურის განვითარება…), რომელსაც თავისი ლოგიკური ადგილი არ ჰქონდეს ავტორიზაციის მთელ პროცესსა და იერარქიაში.

და რაც შეეხება დროს, უკვე აღვნიშნეთ, რომ წლის ბოლომდე, ყველა სკოლა გაივლის დიაგნოსტიკურ თვითშეფასებას. ამას ვაკეთებთ იმისათვის, რომ დავინახოთ როგორც სისტემური გამოწვევები (რაც სისტემის დონეზეა და სკოლების უმრავლესობას ერთნაირი ექნება), ასევე ინდივიდუალური, ინსტიტუციური, ცალკეულ სკოლასთან მიმართებაში. თვითშეფასების ღიაობა საშუალებას მოგვცემს, სწორად დავეხმაროთ სკოლას ავტორიზაციის გავლის პროცესში. სკოლებმა, 2026 წლამდე, უნდა გაიარონ ავტორიზაცია და თვითშეფასებების შედეგების მიხედვით, ისინი დალაგდებიან ჯგუფებად – ყველაზე მაღალი შესაბამისობის სკოლები უკვე 2023-ში გაივლიან ავტორიზაციას, შემდეგი შესაბამისობის – 2024 წელს, შემდეგი – 2025 წელს და ყველაზე დაბალი შესაბამისობა სადაც გვექნება, ის დაწესებულება 2026 წელს ჩაჯდება გეგმაში, რაც მთელ 4-წლიან პერიოდს გვაძლევს სკოლის დასახმარებლად, სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსასვლელად. ასე რომ, ეს სრულიად მხარდამჭერი პროცესია.

ნ.ს.: მნიშვნელოვანია პროცესების ავთენტურობა, რაც უნდა შევინარჩუნოთ, გულწრფელობა და რეალურად იმის აღქმა, რომ ავტორიზაციის საშუალებით, პრაქტიკულად, ხორცს ისხამს ერთიანი სასკოლო მიდგომა, როდესაც რეფორმის ყველა მიმართულება, ყველა ინტერვენცია ნივთდება იქ, სადაც ამის მისამართია, სკოლაში.

კ.ე.: იმიტომ, რომ ყველა აქტივობა (სააგენტოსი იქნება, სამინისტროსი თუ სხვა), საბოლოო ჯამში, მიემართება ხარისხს და ხარისხი კი ავტორიზაციის მთავარი კონცეპტია.

ნ.ს.: ვფიქრობ,  ჩვენი საუბარი ამ პროცესის მიმართ გარკვეულ სტერეოტიპულ დამოკიდებულებებს გაუქრობდა ბევრს. შეიძლება, კიდევ გამოიკვეთოს საკითხები, რადგან ეს არ არის ერთი საუბრის თემა და კიდევ ბევრ დეტალზე შეიძლება საუბარი.

კ.ე.: ჩვენ ყოველთვის მზად ვართ მსგავსი საუბრებისთვის, ნებისმიერ ფორმატში.

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები