25 ნოემბერი, ორშაბათი, 2024

სახლი –  შემეცნების ათვლის წერტილი!

spot_img

 

ნინო ტონია

ა/ა/იპ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა მიტროპოლიტ ნაზარი ლეჟავას სახელობის სამტრედიის მართლმადიდებლური სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი

 

სახლი მშვენიერი სამყაროს დამტევი სივრცეა!

სახლი შემეცნების ათვლის წერტილია!

მოსწავლეები ასკვნიან, რომ სახლი, შინ ყოფნა ქვეყნიერებასთან დაახლოების გარანტია, სტაგნაციის საპირისპიროდ – აქტიური მოქალაქეობრივი პოზიციის გამოხატულებაა; თვითრეგულაციისა და განვითარების მიღწეული დონის ამაღლების, პიროვნული დახვეწის საშუალებაა და რომ სახლიც აკადემიური სივრცეა!

მათ სურთ სწავლა შეუწყვეტლივ, აკადემიური შესვენების გარეშე, ამიტომ ცდილობენ გამუდმებით ისწავლონ შინ და „გარეთ“! ახერხებენ ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას, ხოლო მათ, ვინც ამ პროცესის მიღმა რჩება, სამომავლოდ ურჩევენ ექსტერნატის წესით სარგებლობას და მათთვის გამოითხოვენ სახელისუფლებო წრეებიდან სათანადო თანადგომას!

მათ აქვთ პერსპექტიული ხედვა, ფიქრობენ, რომ მალე დადგება „ჟამი შენებისა“ და  მზად უნდა იყვნენ მშენებლობისათვის!

ახალ ვითარებაში მოსწავლეები ყველა „ხიდს“ ამთელებენ და ,,უსაზღვრო დროთა სივრცეების მოცვას’’ მეცნიერების პოზიციიდან ცდილობენ.

უყვართ „ოქროს წესების“ გამოძიება და დაცვა;

იცავენ სახელმწიფოს მიერ მოწოდებულ რეგულაციებს, იყალიბებენ დროის კულტურასა და თვითრეგულაციის უნარს;

ერგებიან ახალ, უჩვეულო რეჟიმს და ცდილობენ რუტინის დაცვას;

ამჟღავნებენ კანონმორჩილების მაღალ  კულტურას;

კარგად უხამებენ საგნობრივ კომპეტენციას ტექნოლოგიებზე წვდომას;

უყვართ სტრატეგიებისა და აქტივობების ინიცირება;

დაასკვნიან, რომ მოცემულობა არის ფიქრისა და განსჯის დრო.

ახალ ეპოქაზე დაფიქრებული მოსწავლეები თითქოს იმაზე მეტს სწვდებიან, ვიდრე ეს ჩვეულებრივ მოსალოდნელია. ახალ კონტექსტებში ახერხებენ კლასიკური სახეების დეკოდირებას, უნივერსალური იდეების წვდომას.

ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის მიხედვით დაგეგმილ გაკვეთილზე ხაზი ესმება მწერლობის კონკრეტულ და საყოველთაო დანიშნულებას, მწერლის მთავარ სათქმელს და ეპოქასთან მიმართებას, ამასთანავე, ვითვალისწინებთ და სადღეისო ჟღერადობით აღვიქვამთ დროსა და სივრცეში საკმაოდ დაშორებული ტექსტების კონცეფციას და ვრწმუნდებით მათ პოლისემიურობაში. მოსწავლეები იხსენებენ ოდესღაც ჩემ მიერ მათთვის ნათქვამ ფრაზას: „კლასიკა ყველა დროის თანამედროვეობაა“. ამიტომ დღეს იმავე მნიშვნელობით, მაგრამ ახალი ძალითა და დამაჯერებლობით იკითხება ილიას „რა გითხრათ, რით გაგახაროთ?“ და ვაჟა-ფშაველას „კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“, აკაკის „ბაში-აჩუკი“ /აქ, ამ პატარა ახმეტაში, ყოველივე მალამოდ ეცხება ჩემს გრძნობა-გონებას“/, ნიკო ლორთქიფანიძის „კერიასათვის“, თვით ხალხური ლექსი „მზე შინაც“. „ვეფხისტყაოსნის“ სტრიქონებიც /„ქვეყანა ჩავსხი…“, „მზემან არ დაგწვენ…“, „ბოროტიმცა რად შეექმნა კეთილისა შემოქმედსა“/, წერეთლისეული საუკეთესო საშუალის ძიება – „ერთმანეთის მინამსგავსი შიში სხვაა, სიფრთხილე – სხვა“, და რომ: „ძლევისათვის უშიშრობა არა კმარა, თუ სიფრთხილეც გონივრული დროზე მას არ მიეხმარა“…

ლიტერატურა საუკეთესო პირობას ქმნის მოვლენათა ამოცნობისა და ახალ-ახალ კონტექსტში გააზრებისათვის. ბავშვს შეუძლია მხატვრული მწერლობის სქემები და მოდელები უნივერსალურად აღიქვას და, მათზე დაფუძნებით, განივითაროს ინტელექტუალური ინტუიცია, ჩამოიყალიბოს ღირებულებები, გამოიმუშაოს რესპექტაბელური დამოკიდებულება საგნებისა და მოვლენებისადმი, დააფასოს ადამიანური რესურსი, განივითაროს მადლიერების კულტურა, ისწავლოს სიცოცხლის გაფრთხილება.

მოსწავლეებს, ზოგადად, უყვართ თანამშრომლობა, აქვთ კოლაბორაციისკენ მიდრეკილება, ახასიათებთ შემოთავაზებები, ერთხელ მოსმენილისა თუ წაკითხულის კულტივაცია და გამდიდრება. საკუთარი პრაქტიკიდან შემიძლია გავიხსენო არაერთი თანადგომა სასკოლო პროექტებისა თუ კვლევების განხორციელების დროს. აღსანიშნავია მათი თანამოაზრეობა ისეთ საგულისხმო საკითხში, როგორიცაა სკოლაში სამედიცინო განათლების შემოღება. ჯერ კიდევ სკოლის საჭიროების კვლევის დროს, ჩვენი ყურადღება შეჩერდა ფართო საზოგადოებაში დანერგილ რამდენიმე, ჯანმრთელობისათვის სახიფათო და ამდენად არასასურველ, ქცევაზე /შეეხებოდა საღეჭი რეზინის მოხმარებისა და უტილიზაციის, როლერის დაუხმარებლად წიგნის გადაფურცვლისა და მისთანა ჩვევებს/ …მაშინ ამოცანად დავისახეთ სამიზნე ქცევის მოტივების დადგენა და ინტერვენცია. სწორედ მოსწავლეთა აღმოჩენა იყო, რომ სასკოლო პრაქტიკაში სპეციალური დისციპლინის შემოღება, სანიტარულ-ჰიგიენური განათლების დანერგვა მნიშვნელოვნად დაიცავს საზოგადოებას და უზრუნველყოფს ფიზიკურად და მორალურად ჯანსაღი, სანდო გარემოს ჩამოყალიბებას. ამჯერად მოსწავლეები აღრმავებენ წამოწყებულ პროექტს და აზუსტებენ ჰიგიენური ნორმების დაცვის ნიუანსებს.

მოზარდები აცნობიერებენ ერთიან, მთლიან, სრულ ცხოვრებასთან მიმართებას და ცდილობენ მისი კანონზომიერებების ათვისებას. მოსწავლის მოტივაცია და მზარდი ინტერესი მასწავლებელს ოპტიმისტურად განაწყობს და, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას, მნიშვნელოვნად ახალისებს. სულიერი სიმაღლის, მხნეობის შენარჩუნება კი გადამწყვეტია ექსტრემალურ ვითარებაში განხორციელებულ სასწავლო პირობებში.

დღევანდელი მოსწავლეები, როგორც არასდროს, მოტივირებული არიან სწავლისათვის, განწყობილი – სასარგებლო საქმეებისა და ინოვაციებისათვის . ასეთ ახალგაზრდებს სჭირდებათ ინტენსიური შეთავაზება სკოლის, მასწავლებლის მხრიდან, აკადემიური ხარისხის ამაღლების, შემოქმედებითი გააქტიურების, სოციალური უნარების განვითარების, ფსიქოლოგიური განმტკიცების, მიღწეული დონის შენარჩუნების, ზნეობრივი მხარდაჭერის მიზნით.

ისტორიული რეალიები გვარწმუნებენ, რომ ქვეყნისა და ქვეეყნიერების წინაშე პერიოდულად დგება სხვადასხვა ტიპის ამოცანები, რომელთა დაძლევა მხოლოდ განვითარებულ და მომზადებულ საზოგადოებას შეუძლია. იგივე მოვლენები და გამოწვევები ცხადყოფენ, რომ წიგნისმიერი ცოდნის გარდა, ადამიანს სრულყოფილი პიროვნული განვითარება და ფსიქოლოგიური სიმყარე სჭირდება სინამდვილის ნიუანსების შესაცნობად , პირადი, პროფესიული თუ სამოქალაქო პასუხისმგებლობის აღსაქმელად, რაც ზედმიწეევნითი სიზუსტით არის კიდეც გაწერილი კანონქვემდებარე – ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტში.

უკანასკნელ ხანს საგანმანათლებლო სივრცეში აქტიურად განიხილება სწავლისა და საგაკვეთილო პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ მოზარდი იძენდეს ფუნქციურ ცოდნას, ხედავდეს სამყაროული მოვლენების ურთიერთკავშირს, ერთი დანახვით განსხვავებული ფენომენების ურთიერთგანპირობებულობას, პრინციპულ მიზეზშედეგობრიობას, ჰქონდეს ტრანსფერის უნარი.

საკითხის ამგვარად დასმის აქტუალობა, თანამედროვე მოვლენათა დისკურსში, კიდევ უფრო საცნაურია და ლეგიტიმურს ხდის იმ მასწავლებლის პოზიციას, რომელსაც საგანთაშორის კავშირისა და ინტეგრირებული სწავლების მუდმივი პრაქტიკა აქვს – თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ცდილობს დაეხმაროს მოსწავლეს შესასწავლი დისციპლინისა და განსხვავებული საგნების თვისობრივი ერთიანობის აღქმასა და შემეცნებაში, რითაც ააცილებს მას სწორხაზობრივ განვითარებას და მოამზადებს თავისუფალი ემპირიული გამოცდილების განზოგადებისათვის, წაახალისებს აღმოჩენებისა და ლოგიკური აზროვნებისაკენ.

სწორედ ამგვარი მიზანდასახულობით სწავლობენ შინ!

ბავშვებს მოსაცდელად არ სცალიათ! ხვალ მათ უნდა ააღორძინონ ქვეყანა!

 

მკითხველთა კლუბი

ბლოგი

კულტურა

უმაღლესი განათლება

პროფესიული განათლება

მსგავსი სიახლეები