არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის
ცაულინა მალაზონია
სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ზაკვის საჯარო სკოლის მენტორი მასწავლებელი
არაქართულენოვან ახალგაზრდებთან სახელმწიფო ენის მასწავლებლად მუშაობა ჯერ კიდევ 90-იან წლებში, სტუდენტობის მეხუთე კურსიდან დავიწყე – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში (რომელიც მაშინ თსუ-ს ფილიალი იყო) საგანგებოდ გახსნილ ქართული ენის კაბინეტში, ანუ გაცილებით ადრე, ვიდრე საქართველოს განათლების სისტემაში პროგრამა 1+4 გაჩნდებოდა. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ ეს მოხდა მწირი მეთოდური ლიტერატურისა და გამოცდილების პირობებში. თუმცა, ეთნიკურად მრავალფეროვან რეგიონში ამის საჭიროებას უნივერსიტეტის მაშინდელი რექტორი, პროფესორი მერაბ ბერიძე იმთავითვე გრძნობდა და სწორედ ის იყო ამ პროგრამის დაწყების ინიციატორი.
შემდეგ მსგავსი პროგრამები საჯარო სკოლებსა და სხვადასხვა სასწავლებლებში წარმატებით ამოქმედდა და მე უწყვეტად ვაგრძელებ ამ სფეროში საქმიანობას. თუმცა მზა რეცეპტები რა ვასწავლო და როგორ, არც ახლა მაქვს. ეს გამუდმებული დაკვირვების, შესწავლისა და ძიების საკითხია.
ერთხელ, ლექსიკის სწავლების აქტივობების განხილვისას, უცხო ენის სფეროში განსაკუთრებული მეთოდური მიგნებების მქონე საკმაოდ გამოცდილმა ტრენერმა მკითხა:
– გინდა ასწავლო სიტყვა „მდებარეობს“? შენი აზრით, სად გამოიყენებს მას მოსწავლე?
ტრენერს აინტერესებდა ჰქონდა თუ არა ამ სიტყვას აქტიური საკომუნიკაციო დატვირთვა ჩემი მოსწავლეებისა და, ზოგადად, ეთნიკური უმცირესობების თემის შემთხვევაში.
მაგალითად, ქუჩაში გამვლელს როგორ ჰკითხავდა არაქართულენოვანი პირი – სად მდებარეობს სპორტის სასახლე, თუ – სად არის სპორტის სასახლე? პასუხი მარტივია, სავარაუდოდ, ის წინადადების მეორე ვარიანტს გამოიყენებდა.
ამ შეკითხვამ, ასე ვთქვათ, ჩიხში მომაქცია და დამაფიქრა იმაზე,თუ რამდენად გამოყენებადი და ავთენტურ გარემოზე მორგებულია ის, რასაც მოსწავლეებს ვასწავლი?
დღეს ამაზე ასეთი პასუხი მაქვს: ჩვენი მოსწავლეები არ არიან უცხოელი ტურისტები, რომლებიც ამ ქვეყანას ერთი კვირით ან თუნდაც ერთი თვით ეწვივნენ. ისინი ამ ქვეყნის მოქალაქეები არიან და სახელმწიფო ენა მთელ მათ ცხოვრებაზეა გადაჯაჭვული. აკადემიური ენა მათ სჭირდებათ გაკვეთილებზე, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად, სხვადასხვა სამსახურებში თუ მოვალეობების შესრულებისას. მაგ., სიტყვას – „მდებარეობს“ „არის“ ვერ ჩაანაცვლებს გეოგრაფიული თუ ისტორიული ობიექტების აღწერისას, ვერც დოკუმენტური ფილმების ნახვისას, ტურისტული ბუკლეტების ან რეკლამების წაკითხვისას ვერ აუვლიან გვერდს ამ სიტყვას, ასევე აქტიურად გამოიყენებენ მას საკუთარ რეგიონზე, ქალაქზე, სოფელზე საუბრისას ან პრეზენტაციის მომზადებისას.
ენის სამყაროში სიტყვებს შევყავართ, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი მიზანმიმართული სწავლება. ამ პროცესის თანამდევია იმის ნელ-ნელა გააზრებაც, რომ სიტყვებს გააჩნია კონტექსტი და კონტექსტის შესაბამისი ფორმა, ნიშნები, მაწარმოებლები, შინაარსი და ა.შ.
ეროვნული სასწავლო გეგმა ზოგადი განათლების თითოეული და მათ შორის დაწყებითი საფეხურისთვის განსაზღვრავს თემატურ ბლოკებს, რომლებშიც წარმოდგენილია ის სავალდებულო შინაარსობრივი საკითხები, რომლებიც უნდა ითვალისწინებდეს მოსწავლეთა ასაკობრივ ინტერესებსა და მოთხოვნებს და შეესაბამებოდეს ენობრივი ცოდნის მოცემულ დონეს. ხოლო მისაღწევი შედეგების მიხედვით, მოსწავლემ უნდა შეძლოს მოსმენილი/წაკითხული ტექსტის შინაარსის გაგება, ილუსტრაციების აღწერა და მარტივ დიალოგში მონაწილეობა, მოდელის მიხედვით ან გარკვეული საყრდენების დახმარებით მცირე ზომის სხვადასხვა ტიპის მარტივი ტექსტის ზეპირად ან წერილობით შექმნა საკომუნიკაციო ამოცანების გადასაჭრელად.
ცხადია, ეს შედეგები განსხვავებული დოზებით მიიღწევა იმის მიხედვით, თუ რა ენობრივ გარემოში ცხოვრობს მოსწავლე, ქალაქის სკოლაა თუ სოფლის, რა წინარე ცოდნა აქვს მას აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. აღმოჩენილი ხარვეზი, ცხადია, მასწავლებელმა უნდა აღმოფხვრას.
მეხუთე-მეექვსე კლასისთვის განკუთვნილ ჩამონათვალში პირველი ადგილი უჭირავს ბლოკს „მე და სამყარო“, მასში შემავალი თემებიდან კი ერთ-ერთია თავისუფალი დრო, გართობა (მაგ., თამაში/სათამაშოები, სპორტი, სეირნობა,); არდადეგები.
კლასისთვის განკუთვნილ სახელმძღვანელოში ცენტრალური მასალაა საკითხავი ტექსტი, რომელიც გვაცნობს რეზოს კვირადღეს მთელი თავისი აქტივობებით, ტექსტს თან ახლავს გაგება-გააზრების დავალებები, ლექსიკური და გრამატიკული სავარჯიშოები, თავისუფალი დროის აღმნიშვნელი ლექსიკა და სამიზნე ზმნების წარმოება პირისა და დროის მიხედვით.
როგორც საგნის მასწავლებელმა, ჩავთვალე, რომ თემის მთავარი აქტორი არის „მე“, შესაბამისად, ყველა აქტივობა იმას ემსახურება, რომ საკომუნიკაციო ამოცანა, საბოლოოდ, პირველ პირში გადაიჭრას და მოსწავლემ საკუთარი თავისუფალი დროის შესახებ შეძლოს ინტერაქცია. კლასის შესაძლებლობებიდან და მზაობიდან გამომდინარე, სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევა რამდენიმე ამოცანად დავისახე:
ა. ტექსტის გაწაფული კითხვა და გაგება-გააზრება;
ბ. ტექსტზე დაყრდნობით მეგობრის თავისუფალი დროის აღწერა;
გ. ზმნების ახლანდელი დროის სამივე პირის ფორმების წარმოებაზე ვარჯიში;
დ. საყრდენი წინადადებების შედგენა შესწავლილ კონსტრუქციებზე დაყრდნობით;
ე. დიალოგში ჩართვა საკუთარი და/ან მეგობრის თავისუფალი დროის შესახებ;
ვ. თემის წერა: ჩემი თავისუფალი დრო.
მიზნის მისაღწევად გამოვიყენე შემდეგი აქტივობები და რესურსები:
- წინარე ცოდნის გააქტიურება და თემის გახსნა ასოციოგრამაზე დაყდნობით;
- სამიზნე ლექსიკის გააქტიურება სახელმძღვანელოში მოცემულ ილუსტრაციებზე დაყრდნობით;
- რეზოს შესახებ ტექსტის მოსმენა, წაკითხვა და კითხვებზე პასუხის გაცემა;
- ტექსტში ცვლილებების შეტანა და მეგობრის თავისუფალი დროის აღწერა;
- ლექსიკასა და გრამატიკაზე მუშაობა: ტექსტში გამოტოვებული ზმნების/სიტყვების ჩასმა;
- მოსწავლეთა ჯგუფებისთვის წებოვან ქაღალდზე დაწერილი პირველი პირის ზმნების დარიგება და მათ მიერ მიკვრა ფლიფჩარტის ქაღალდზე, სადაც უკვე წერია ტექსტიდან ამოღებული მესამე პირის აღმნიშვნელი ზმნები;
- დიდ ეკრანზე სლაიდების ჩვენება თავისუფალი დღის რეჟიმის ამსახველი ილუსტრაციებით და მოსწავლეების მიერ მისი დასახელება (ვიღვიძებ, ვდგები, ვსაუზმობ, ვთამაშობ, ველოსიპედით ვსეირნობ, მარკეტში ვყიდულობ ბანანს და ა.შ.);
- მეორე პირის ზმნების მიკვრა ფლიფჩარტის ქაღალდზე ჯგუფების მიერ;
- დაკვირვება მიღებულ რესურსზე, განსხვავების (პირის ნიშნები) პოვნა და წითელი ფერით გამოკვეთა, ინდივიდუალურად წაკითხვა ყველა მოსწავლის ჩართულობით;
- კითხვითი სიტყვების გახსენება (ვინ, რა, სად, როდის, რატომ);
- საყრდენი წინადადებების შედგენა დიალოგისთვის, მოსწავლეთა წყვილების მიერ, ნიმუშზე დაყრდნობით;
- დიალოგის აწყობა და გათამაშება;
- მოსწავლეების მიერ ილუსტრირებული წარწერებიანი პოსტერის შექმნა და პრეზენტაცია თემაზე – ჩემი თავისუფალი დღე;
- საკლასო წერა – ჩემი თავისუფალი დღე;
15. მინი-წიგნების შექმნა თემაზე: 1. ჩემი თავისუფალი დღე; 2. ჩემი მეგობრის თავისუფალი დღე;
16. წიგნების პრეზენტაცია კლასისა და მშობლების წინაშე.
ცხადია, აქტივობები მოიცავს საგაკვეთილო ციკლს და რამდენიმე დღე გრძელდება.
ბოლოს, როგორც ამ გაკვეთილების ციკლის დამგეგმავი და განმახორციელებელი, მცირე რეფლექსიის სახით, ვიტყვი, რომ ის რეალური შედეგი, რაც თემის გავლის შემდეგ გამოიკვეთა, არის: გამართულად, გასაგებად საუბარი საკუთარი თავისუფალი დროის შესახებ. ამ თემაზე გამართულ დიალოგებში ჩაბმა, ახალი ლექსიკისა და გრამატიკული ფორმების შესწავლა, მოსმენის, კითხვის, ლაპარაკისა და წერის უნარ-ჩვევის განვითარება, მოსწავლეების ჩართვა სასწავლო რესურსების შექმნაში, ინდივიდუალური, წყვილებში და ჯგუფური მუშაობის პრინციპებზე დაყრდნობით სოციალური უნარ-ჩვევების განვითარება.