რუბრიკის „ქართველი სტუდენტები უცხოეთში“ სტუმარია გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი სოსო შაყულაშვილი
სოსო, როგორ გახსენდება მოსწავლეობის პერიოდი და რამდენად წარმატებული მოსწავლე იყავი?
მოსწავლეობის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება. ვერცხლის მედალზე დავამთავრე თბილისის კერძო სკოლა-კომპლექსი „სადუნი“. საკმაოდ წარმატებული მოსწავლე ვიყავი. სკოლის პერიოდში გავიმარჯვე სატელევიზიო პროექტ „ეტალონში“. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სამკურნალო ფაკულტეტზე. სტუდენტობის პერიოდში დიდი წარმატებებისთვის ჯერ არ მიმიღწევია, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მალე დასახულ მიზანს მივაღწევ.
პირველივე კურსიდან სწავლის გასაგრძელებლად ავსტრიაში მიემგზავრები, რა პროგრამით გაემგზავრე და რომელ უნივერსიტეტზე გააკეთე არჩევანი?
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი კურსის დამთავრების შემდეგ, სასწავლებლად ავსტრიაში წამოვედი, ქალაქ გრაცში, კარლ-ფრანცის უნივერსიტეტში, საქართველოში არსებული სტუდენტის ადგილის საფუძველზე, თუმცა დამჭირდა დამატებითი გამოცდის ჩაბარება და პირველ კურსზე დამსვეს. ამჟამად გრაცის კარლ-ფრანცის სახელობის უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტი ვარ და სამკურნალო ფაკულტეტზე ვსწავლობ. ქალაქ გრაცს, როგორც სტუდენტურ ქალაქს, ხანგრძლივი და მდიდარი ტრადიცია აქვს. აქ ექვსი უნივერსიტეტია. გრაცის ძველი ქალაქი ერთ-ერთი საუკეთესოდ შემონახული ქალაქის ცენტრთაგანია ცენტრალურ ევროპაში და შეტანილია იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
მიამბე გრაცის უნივერსიტეტის შესახებ – სასწავლებლის ისტორია, რამდენწლიანია და რა ღირს სწავლა? რა წესით გამოიყოფა სტიპენდია სტუდენტებისთვის?
გრაცის სამედიცინო უნივერსიტეტი უძველესია, დაარსდა 1585 წელს. აქ 30 000 სტუდენტი სწავლობს. სამედიცინოზე მოხვედრა ძალიან ძნელია. დამატებითი გამოცდების ჩაბარებაა საჭირო, რასაც სხვა ფაკულტეტზე არ მოითხოვენ. სწავლის საფასური სემესტრში 750 ევროს შეადგენს. რაც შეეხება სტიპენდიას – გათვლილია მხოლოდ I და II რიგის ქვეყნების მოქალაქეთათვის, ანუ მხოლოდ ევროპელებისთვის.
რომელ ფაკულტეტზე სწავლობ და რამ განაპირობა პროფესიის არჩევანი?
ვსწავლობ სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე. ჩემი მომავალი პროფესიის არჩევაზე დიდი გავლენა იქონია დედამ, როდესაც მის გაბრწყინებულ, მაგრამ ამავე დროს დაქანცულ სახეს ვხედავდი, ყოველთვის მინდოდა, მსგავსი გრძნობა ცხოვრებაში მეც გამომეცადა. ექიმი რომ გახდე, სამწუხაროდ, მარტო სურვილი არ კმარა. ამისთვის, ალბათ, რაღაც მოწოდებაა საჭირო. ძალიან მიხარია, რომ ამ მოწოდებას და პროფესიულ ბედნიერებას დედაში ვხედავ და ალბათ, ჩემშიც იჩენს თავს, მემკვიდრეობით და ღვთის შეწევნით.
რას ნიშნავს შენთვის იყო კარგი ექიმი, როგორ წარმოგიდგენია ამ პროფესიაში შენი თავი?
სამწუხაროდ, ამ პროფესიაში ჯერ ჩემს თავს ვერ ვხედავ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ზუსტი პროფესია არ მაქვს არჩეული. დედის გავლენაა ალბათ ისიც, რომ მინდოდა ოფთალმოლოგი გამოვსულიყავი, მაგრამ დღევანდელი გადმოსახედიდან რატომღაც კაბინეტში თეთრი ხალათით ჯდომა არ მხიბლავს. ალბათ, მომავალში უფრო სამეცნიერო განხრით გავაგრძელებ სწავლას, უჯრედულ დონეზე მკურნალობას, რაც დღეისათვის უფრო აქტუალურია.
რა პრივილეგიებით სარგებლობენ გრაცის უნივერსიტეტში წარჩინებული სტუდენტები? არის თუ არა სტუდენტებისთვის რაიმე შეღავათები?
როგორც ზემოთ აღვნიშნე, გრაცის უნივერსიტეტში, სამწუხაროდ, მხოლოდ ევროპის მოქალაქეთათვისაა სტიპენდიები. უხეშად რომ ვთქვა, არაევროპელებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ. ისინი, 15 კრედიტის (2 ძირითადი და 1 მეორადი საგნის) ჩაბარების შემთხვევაში, სწავლის საფასურისგან თავისუფლდებიან. ზოგადად, ძალიან ბევრი შეღავათია სტუდენტებისთვის, თუნდაც საზოგადოებრივ ტრანსპორტში, სათხილამურო კურორტებზე, მატარებლის ბილეთებზე და სხვა მრავალი.
რა შეგიძლია გვიამბო სასწავლო პროგრამებისა და ლექციების შესახებ. როგორც წესი, ასეთ სასწავლებლებში ლექციების წასაკითხად ცნობილ ადამიანებს იწვევენ, ვინ არიან ისინი?
უნივერსიტეტში ძალიან ხშირად ჩამოჰყავთ ლექტორები სხვადასხვა ქვეყნიდან, ძირითადად, ამერიკიდან და აზიიდან, რომლებიც თავიანთ გამოცდილებასა და აზრებს უზიარებენ როგორც სტუდენტებს, ასევე ლექტორებს. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე გამიჭირდება კონკრეტული პირების დასახელება.
რა შეგიძლია გვითხრა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკების მნიშვნელობაზე?
თავდაპირველად მინდა ვთქვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გრაცის სამედიცინო ბიბლიოთეკა თავისი სიმდიდრით – სტუდენტისთვის ხელმისაწვდომია სამი მილიონი წიგნი, ორი ათასი ხელნაწერი და ათას ორასი უძველესი ნაშრომი.
როგორია ავსტრიული განათლების სისტემა? რა თქმა უნდა, ეს ძალიან ვრცელი თემაა, მაგრამ მოგვიყევი იმის შესახებ, რასთანაც უშუალოდ გაქვს შეხება
ყველაზე მნიშვნელოვანია ალბათ ის ფაქტი, რომ ავსტრიელების თორმეტ პროცენტს არ აქვს ატესტატი, ხოლო 6-მა პროცენტმა საერთოდ არ იცის წერა-კითხვა. ქართული სასკოლო განათლება არაფრით ჩამოუვარდება ავსტრიულს, რასაც საუნივერსიტეტო განათლებაზე ვერ ვიტყვი. ჩემი მხრიდან, ალბათ უხერხული იქნებოდა შედარებაც კი. ერთ პატარა ფაქტზე გავამახვილებ ყურადღებას. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ლექტორს აუცილებლად ფეხზე ამდგარი უნდა შეხვდე. მაშინაც მიკვირდა, თუ რატომაა ეს ფორმალობა საჭირო?! აქ, აუდიტორიაში, ლექტორის შემოსვლისას, რომელიც დაახლოებით 24-25 წლის კაცია, ძალაუნებურად წამოვდექი. არასოდეს დამავიწყდება მისი გაოცებული სახე. ჩემი აზრით, ამით ბევრი რამაა ნათქვამი.
უცხოეთის სასწავლებლებში სტუდენტებისთვის ხშირად ეწყობა სამოგზაურო ტურები, ხომ არ გეგმავ სხვა ქვეყანაში წასვლას?
დიახ, ძალიან ბევრი გასვლითი ტურებია. ძირითადად მოსაზღვრე ქვეყნებში, მაგრამ ჯერჯერობით მე ეს არ შემხებია.
ბევრ ქვეყანაში, სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაწესებულებაში რეგისტრაციის შედეგად, უცხოელ სტუდენტებს, სწავლის პირველივე წლიდან, უფლება აქვთ იმუშაონ. გაქვს მუშაობის შესაძლებლობა?
დიახ, რა თქმა უნდა, მაქვს მუშაობის უფლება 20 საათი თვეში. თუმცა, სამწუხაროდ, სამუშაოდ დრო არ მაქვს. სურვილი კი ძალიან დიდია, რომ მთლიანად დამოკიდებული არ ვიყო მშობლებზე და ასევე თავდაჯერებულობა მომემატოს. სახალისოცაა, ჩემი აზრით, ახალი ხალხის გაცნობა და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება, რომელიც აუცილებელია და ყველას სჭირდება.
მიამბე, როგორ ცხოვრობენ ავსტრიელი ახალგაზრდები, რა არის მათთვის პრიორიტეტული, რომელი დარგია ყველაზე მეტად განვითარებული?
ავსტრიელი ახალგაზრდები ძალიან ლაღად ცხოვრობენ, მრავალი შესაძლებლობა აქვთ ქართველი ახალგაზრდებისგან განსხვავებით. მრავალ დარგს ეუფლებიან, მათი სურვილის შესაბამისად, რადგან გზა გახსნილი აქვთ მთელ ევროპაში. გამოკვეთილად ერთი დარგი არ აქვთ არჩეული. აქ განვითარებულია მიწათმოქმედება, გადაზიდვები, ჰიდროელექტრო სისტემა და მრავალი სხვა.
ნაკლებად არიან დამოკიდებული მშობლებზე. ხშირად მხოლოდ არდადეგებზე ხვდებიან მათ. ერთობიან, ძირითადად, ერთმანეთთან ურთიერთობით. მოკლედ, ყველაფერს აკეთებენ, რაც მოესურვებათ და რისი საშუალებაც აქვთ, კანონის ფარგლებში, რა თქმა უნდა.
სად და როგორ ატარებ თავისუფალ დროს? მომავალი როგორ გესახება, სად აპირებ დამკვიდრებას?
თავისუფალ დროს, ძირითადად, ჩემს მეგობრებს ვუთმობ, ვესაუბრები სკაიპით, ან აქაურ მეგობრებთან ერთად გავდივარ სასეირნოდ. ჩემი საბოლოო ადგილი, რა თქმა უნდა, თბილისია. ამას ალტერნატივა არ აქვს, ყოველ შემთხვევაში, ამჟამად ასე ვფიქრობ, მაგრამ ძალიან რთულია ეს ყველაფერი დღევანდელი გადმოსახედიდან. საჭიროა მეტად დავაფასოთ საქართველოში ექიმები.
როგორ ფიქრობ, საზღვარგარეთ მიღებული განათლება და დიპლომი საქართველოში დასაქმებაში ითამაშებს თუ არა გადამწყვეტ როლს?
ჩემი აზრით, აქ მიღებული სამედიცინო განათლება თბილისში დასაქმებაში ძალიან დამეხმარება. ჩემი მიზანიც სწორედ ესაა, რომ კარგი სამუშაო გარემო შეიქმნას, მაგრამ რეალურად დიპლომი ბევრს არაფერს წყვეტს, მთავარია ცოდნა. აქ მიღებული ცოდნით კი, სტუდენტს ძალიან ბევრი გზა აქვს ხსნილი. თუმცა, საქართველოში ყველაფერი პირიქითაა. ძალიან ბევრი კარგი პროფესიონალი ბრუნდება უკან, საზღვარგარეთ, რათა მეტად დააფასონ. მხოლოდ ენთუზიაზმზე მუშაობა ხომ ძალიან ძნელია.
სოსო, რას ურჩევ იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც საზღვარგარეთ ცოდნის გაღრმავებისა და კვალიფიკაციის ამაღლების დიდი სურვილი აქვთ
პირველ რიგში, ვურჩევ, სწორი არჩევანი გააკეთონ პროფესიის განსაზღვრისას, რაც ძალიან რთულია საქართველოს პირობებში. ამ მხრივ, გამიმართლა, რადგან დედის მაგალითი მქონდა. ჩემი აზრით, საქართველოში სასკოლო განათლების სისტემა შესაცვლელია. მოსწავლეებს დამამთავრებელ კლასებში სხვადასხვა მიმართულებები უნდა შევთავაზოთ. მეტი შეხება უნდა ჰქონდეთ მომავალ პროფესიასთან, რაც სწორი არჩევანის გაკეთებას გაუადვილებთ.
რადიო თვისუფლებასთან მიცემულ ინტერვიუში საუბრობ პაოლო იაშვილის ერთ–ერთ ლექსზე, რომელიც შემთხვევით ავსტრიულ გაზეთში აღმოაჩინე, მიამბე ამ ისტორიის შესახებ.
სამწუხაროდ, პაოლო იაშვილის ამ ლექსის ქართული ანალოგი ვერ ვიპოვე. ეს არის პირველი მსოფლიო ომის დროს, 1915 წელს, დაწერილი ლექსი. ჩემმა კურსელმა მომცა გაზეთი და მითხრა: ნახე, მგონი ქართველიაო. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა და, ამავე დროს, ძალიან გამიკვირდა, რადგან ევროპამ არ იცის ილია, აკაკი, გალაკტიონი, ვაჟა და გამოაქვეყნეს პაოლოს ლექსი.
დაბოლოს, როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ალბათ მეტს და ღრმად ფიქრობს სამშობლოზე. შორიდან, მართლა უკეთესი ჩანს ჩვენი ქვეყანა, ვიდრე სინამდვილეშია? ავსტრიული გადმოსახედიდან როგორ შეაფასებ ჩვენს ქვეყანას?
პირველი სემესტრის განმავლობაში ძალიან მენატრებოდა საქართველო. მზად ვიყავი, დამეტოვებინა ყველაფერი და წამოვსულიყავი, მაგრამ ჩამოსვლიდან ერთ კვირაში უკვე საოცარი გაუცხოება ვიგრძენი, უკვე ვეღარ ვძლებდი თბილისში. აქედან ვეტრფი ჩემს ქვეყანას, ყოველ წამს მენატრება ის სითბო, ხალხი, მაგრამ აქაური საქმე და ჩემი დასახული მიზანი ყველაფერს ფარავს. ხშირად ვეკითხები ჩემს თავს, რა მოხდებოდა, რომ ჩემს ქვეყანაში ვიღებდე ამ განათლებას და ვხვდები, რა ბედნიერია ავსტრიელი ხალხი, რომ ასეთი დალხენილი ცხოვრება აქვთ, რადიკალურად განსხვავებული ჩვენგან.
ესაუბრა მაკა ყიფიანი