ერევანში განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის – ENQA-ს რიგით მე-10 გენერალური ასამბლეა გაიმართა, სადაც საქართველო, როგორც ასოციაციის წევრი ქვეყანა, ოფიციალურად წარადგინეს. ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაციის (ENQA) პრეზიდიუმმა საქართველოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წევრობის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მიმდინარე წლის 25 აპრილს, ესტონეთში, ტალინში გამართულ, რიგით მე-9 ყოველწლიურ ასამბლეაზე მიიღო. პროცედურის მიხედვით, ცენტრი ასოციაციის წევრად, ოფიციალურად, სწორედ რიგით მე-10 ასამბლეაზე გამოაცხადეს, რასაც ყველა წევრმა ერთხმად დაუჭირა მხარი.
„ევროკავშირის უმაღლესი განათლების სივრცეში საქართველოს გაწევრიანებას გენერალურ ასამბლეაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი და საქართველოს უმაღლესი განათლების ENQA-ში გაწევრიანების ოფიციალური პროცესი დასრულდა. კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, წელს, საქართველოს ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაცია EURAXESS-ში გაწევრიანება იყო და იმედი მაქვს, ჩვენი მეცნიერები, სტუდენტები ისარგებლებენ ამ შესაძლებლობებით“ – განაცხადა სომხეთის დედაქალაქ ერევანში სამუშაო ვიზიტით მყოფმა მიხეილ ბატიაშვილმა.
EQAR-ის პრეზიდენტმა, კარლ დიტრიხმა საქართველოს EQAR-ში გაწევრიანებას ქვეყნის უმაღლესი განათლების განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი უწოდა: „ქართული უმაღლესი განათლებისთვის ეს არაჩვეულებრივი დღეა, რადგან ევროპის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოების ასოციაცია ENQA-სა და უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, EQAR-ში გაწევრიანება ნიშნავს იმას, რომ თქვენ ჩვენი საზოგადოების, ანუ ევროპის უმაღლესი განათლების სივრცის სრულუფლებიანი წევრი ხართ. ეს უმნიშვნელოვანესია საქართველოში უმაღლესი განათლების განვითარებისთვის. ეს ნიშნავს ახალი ურთიერთობების დამყარებას, განათლების ხარისხის უზრუნველყოფას და სფეროს ევროპული სტანდარტით განვითარებას. ჩვენი ორგანიზაციის წევრობა დიდ შესაძლებლობას აძლევს როგორც საქართველოს, ასევე ევროპის სხვა ქვეყნებსაც.“
გენერალური ასამბლეის ფორმატში ასევე მიმდინარეობდა პანელური დისკუსია, რომელიც ეხებოდა ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში ევროპული თანამშრომლობის ღირებულებას რეგიონული პერსპექტივიდან. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ეკატერინე ბაღიშვილი.
გენერალური ასამბლეის თემატური პოსტერების სესიაზე პრეზენტაციით წარდგა ცენტრის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ლაშა მარგიშვილი. პოსტერი ეხებოდა ავტორიზაციისა და პროგრამული აკრედიტაციების ავტომატიზაციას ელექტრონული სისტემის საშუალებით. მისმა გამოსვლამ ევროპელი კოლეგების დიდი მოწონება და დაინტერესება დაიმსახურა.
ENQA-ში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის გაწევრიანება მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოში მინიჭებული კვალიფიკაციებისა და გაცემული დიპლომების აღიარებას ევროპაში; საქართველოში მოქმედი უნივერსიტეტების შეფასების სისტემისადმი სანდოობის მაღალ დონეს; უნივერსიტეტების საერთაშორისო პარტნიორობის გაძლიერებას ევროპულ უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ინსტიტუტებთან; სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების საერთაშორისო მობილობის ხელშეწყობას.
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით, ქვეყანამ იკისრა ვალდებულება, რომ საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა, ეტაპობრივად, დაუახლოვდეს „ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეს“. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საქართველოში უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების ევროპული მექანიზმებისა და სტანდარტების დანერგვა. ეს ამოცანა უკვე შესრულდა და დღეს საქართველოში მოქმედებს „ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან“ (ESG-2015) ჰარმონიზებული ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტები და პროცედურები.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2019 წლის 27 ივნისს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრშიც (EQAR -The European Quality Assurance Register for Higher Education) დარეგისტრირდა – https://www.eqar.eu/register/agencies/agency/?id=59
EQAR – ევროპის სახელმწიფოების მთავრობებისა და დაინტერესებული მხარეების მიერ ერთობლივად დაფინანსებული საჯარო ინტერესების დამცველი ევროპული ორგანიზაცია მხარს უჭერს უმაღლესი განათლების სფეროში გამჭვირვალობას და ნდობის ამაღლებას, ასევე ევროპის უმაღლესი განათლების სივრცეში განათლების აღიარებას.