თამარ დევდარიანი
სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების – ტურცხისა და კოთელიის საჯარო სკოლების ქართული ენის პედაგოგი
არაფორმალური განათლება საუკეთესო შესაძლებლობაა ფორმალური, ეროვნული სასწავლო გეგმის მიღმა არსებული განათლების მისაღებად. მისი ამოცანაც, უმეტესად, ბავშვებისა და მოზარდების (ხშირ შემთხვევაში ზრდასრული ადამიანების) სხვადასხვა მიმართულებით განვითარებაზე ზრუნვა, მათთვის სხვადასხვა საჭირო უნარისა და კომპეტენციის მიწოდება, ბუნებრივ გარემოში ინდივიდის პოტენციალის გახსნა და თვალსაწიერის გაფართოებაა.
არაფორმალური განათლება იძლევა არა მხოლოდ ცოდნას, არამედ ისეთ უნარებს, რაც ცხოვრების გზაზე მრავალმხრივ მნიშვნელოვანია, მაგალითად: კომუნიკაციის, გუნდურობის, შემოქმედებითი აზროვნების და სხვა. აღნიშნული უნარები ხელს უწყობს ადამიანის საზოგადოებაში წარმატებით ინტეგრირებას და მის რეალიზაციას. არასრულწლოვანთა არაფორმალური განათლება აფასებს არასავალდებულო სასწავლო კურიკულუმის ცოდნას და, შინაგან მოტივაციაზე დაფუძნებით, ბავშვებსა და მოზარდებში ცხოვრებისეულ ღირებულებებსა და უნარებს ავითარებს. საინტერესოა, რომ, ხშირ შემთხვევაში, არაფორმალური განათლება ხელს უწყობს ფორმალურ სასწავლო დაწესებულებებში (ბაღი, სკოლა, პროფსასწავლებელი) შედეგების გაუმჯობესებასაც, ავითარებს რა ისეთ უნარებს, რაც ფორმალური საგანმანათლებლო სისტემისათვის მნიშვნელოვანია და მოსწრებას ეხმარება. საკომუნიკაციო უნარები, შიდა მოტივატორების აღმოჩენა და მოტივაციის გაუმჯობესება, სხარტი აზროვნება, თვითორგანიზება, გუნდური მუშაობა და ბევრი სხვა მსგავსი უნარი დამხმარე საშუალებაა ფორმალურ საგანმანათლებლო პროცესში მოზარდის უკეთ ინტეგრაციისათვის. გარდა ამისა, არაფორმალური განათლების ამოცანაა ინდივიდისათვის ისეთი ცოდნის მიწოდება, როგორსაც ფორმალურ საგანმანათლებლო სისტემაში ვერ მიიღებს იმ მოცულობით, რაც ინდივიდს სჭირდება.
პირადად მე, ისე როგორც მრავალი ჩემი კოლეგა, ხშირად მივმართავ არაფორმალური განათლების აქტივობებს და ყოველ ჯერზე ვრწმუნდები, რომ მას ალტერნატივა არ აქვს. თითქოს ბევრი მიმართულებით დავგეგმე და განვახორციელე არაფორმალური განათლების აქტივობები, ჩემს მოსწავლეებთან ერთად, მაგრამ ბოლო დროს ორგანიზებულმა კონფერენციამ დამარწმუნა, რომ ეს არის ამოუწურავი თემა, უამრავი საინტერესო დეტალითა და ნიუანსით.
სწორედ ამ მიმართულებით დაგეგმილი და განხორციელებული რაიონული კონფერენციის შესახებ მინდა გიამბოთ, თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, საიდან გამიჩნდა ამ ღონისძიების ორგანიზების იდეა.
2023 წლის მარტში, არაფორმალური განათლების ცენტრის ორგანიზებით, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტში, ჩატარდა ეროვნული კონფერენცია, რომელშიც ვმონაწილეობდით პედაგოგები საქართველოს ყველა რეგიონიდან. ჩემთვის ეს იყო უდიდესი გამოცდილება და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. მართალია, პირველი არ იყო ჩემთვის კონფერენციაზე გამოსვლა, მაგრამ მაინც საოცრად დადებითი გავლენა მოახდინა ჩემს მოტივაციაზე. ერთადერთი რამ, რაზეც ძალიან დამწყდა გული, გახლდათ ის, რომ ეს იყო მოსწავლეთა და მასწავლებელთა ერთობლივი კონფერენცია და მე ვერ შევძელი ჩემი მოსწავლეების წაყვანა, რადგან ახალქალაქი თბილისიდან საკმაოდ შორსაა და ჩემს პატარა შვილებთან (1 წლის და 3 წლის) ერთად შეუძლებელი იყო კიდევ მოსწავლის წაყვანა.
ამას გარდა, უამრავი პრობლემა გვაქვს მაღალმთიანი რეგიონების პედაგოგებს, რაც სამწუხაროდ ყურადღების მიღმა რჩებათ ხოლმე მავანთ. აუცილებლად მინდა გაგიზიაროთ ჩემი გულისტკივილი და არა მარტო ჩემი. ძალიან ცუდი ფაქტია, რომ საერთაშორისო პროექტები, კონფერენციები და მსგავსი ტიპის ღონისძიებები, ძირითადად, გათვლილი და აქცენტირებულია თბილისისა და სხვა დიდი ქალაქების სკოლებსა და პედაგოგებზე. დაახლოებით ერთი თვის წინ თავად მქონდა ასეთი შემთხვევა – საერთაშორისო კონფერენციაზე იყო რეგისტრაცია გამოცხადებული, რომელიც უნდა გამართულიყო თბილისში, არ ვასახელებ ორგანიზაციას, თუმცა კი იმსახურებს საჯარო კრიტიკას, იმის გამო, რომ რეგისტრაციის დასრულებამდე უკვე შერჩეული ჰყავდათ მომხსენებლები, ფორმალურად იდო ფეისბუქზე ინფორმაცია და მსურველებს მსმენელებად ჩასვლას გვთავაზობდნენ ახალქალაქიდან და ამაშიც ფული უნდა გადაგვეხადა. ძალიან დიდი პროტესტის გრძნობა გამიჩნდა, არ შეიძლება, განათლების სისტემა დაემსგავსოს „ბაზარს“, სადაც ყველაფერი დასაშვებია. საბოლოოდ, ეს იწვევს იმედგაცრუებას, უიმედობასა და აგრესიას, ასევე მუდმივ სტრესს პედაგოგებში, უთანასწორობის განცდას, შემდეგ ამ მდგომარეობაში მყოფი პედაგოგებისგან ითხოვენ გლობალური მოქალაქის აღზრდას… დიდი იმედი მაქვს, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვლება, სკოლასა და მასწავლებელს დაუბრუნდება თავისი ისტორიული და რეალური ფუნქცია.
ისევ მინდა დავუბრუნდე მაღალმთიანი რეგიონების სკოლებს. აუცილებელია ვინმე დაინტერესდეს, რა მდგომარეობაში გვიწევს ცხოვრება და მუშაობა, რამდენი სირთულის გადალახვა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. თქვენ წარმოიდგინეთ პედაგოგების როლი ისეთ რეგიონში, რომელშიც ქართული სკოლები თითზე ჩამოსათვლელია და ისიც მცირეკონტინგენტიანი, იმდენად მცირე, რომ რამდენიმე ქართულ სკოლას დახურვის საფრთხეც კი ემუქრება. მეორე მხარეს კი არაქართულენოვანი სკოლები, რომელთა მოსწავლეების განვითარება, მომავლის განსაზღვრა და პროფორიენტაციაში დახმარება ჩვენ გვევალება. ასევე, ჩვენი კოლეგების პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის ხელშეწყობაც ჩვენს მოვალეობად გავიხადეთ. ამასთან ერთად, ყოველთვის ვგეგმავთ და ვახორციელებთ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს, მათ შორის არაფორმალური განათლების კუთხითაც. ამ რეგიონებში ძალიან ბევრი შრომისმოყვარე და მისაბაძი პედაგოგი მოღვაწეობს, უამრავი წარჩინებული მოსწავლე გვყავს, მაგალითად, ტურცხის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ვალერია ოგანესიანი, რომელიც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს 100%-იანი დაფინანსებით. უამრავი კურსდამთავრებული წარმატებით აგრძელებს სწავლას საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. და კიდევ რამდენი წარმატებული ფაქტისა და ღვაწლის დასახელება შემიძლია ჩვენი რეგიონის სკოლებიდან… ამიტომაც მიჩნდება კითხვა – ნუთუ ამ ყველაფრის შესახებ არ უნდა იცოდეს ფართო საზოგადოებამ, დიდმა ქალაქებმა, როგორ ცხოვრობს რეგიონების მოსახლეობა და როგორ აღწევენ წარმატებებს აქაური მასწავლებლები და მოსწავლეები? დიდ ქალაქებში გამართულ კონფერენციებსა და ღონისძიებებზე მარტო მსმენელებად უნდა გვიწვევდნენ და ამაშიც ფული უნდა ვიხადოთ? ასეთი ღონისძიებების ორგანიზატორებს მინდა მივმართო – ძვირფასებო! თბილისი არ არის მთელი საქართველო, თქვენს სკოლებს აქვთ საკმაოდ დიდი რესურსი იმისათვის, რომ იყვნენ წარმატებული, არ არის სავალდებულო ყველა კონკურსის გამარჯვებული ერთი და იგივე სახეები და სკოლები იყვნენ, დროა სხვა სკოლებსა და რეგიონებსაც მიხედოთ. დამიჯერეთ, ნიჭით, მონდომებითა და შრომისმოყვარეობით არ ჩამოვუვარდებით არც ერთი ქალაქის არც ერთ სკოლას. უბრალოდ, მეტი მხარდაჭერა და მოტივირება გვჭირდება. სამცხე-ჯავახეთი, სვანეთი და მსგავსი რეგიონები თქვენთვის მხოლოდ ლამაზ ბუნებასთან და კარგ დასასვენებელ ადგილებთან ასოცირდება. მთელი ბავშვობა და სკოლის პერიოდი სვანეთში გავატარე, მაშინაც არაფერი ხდებოდა საინტერესო, სრული ერთფეროვნება და სიბნელე იყო ჩვენი მოსწავლეობის პერიოდი. სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ვცხოვრობ და ვმუშაობ 10 წელია, შედარებით პროგრესი შეინიშნება, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მოკლედ – აქ უნდა იცხოვროთ და იმუშაოთ, რომ მიხვდეთ რა პირობებში გვიწევს არსებობა…
სწორედ ამ გულისტკივილმა გადამაწყვეტინა, ჩვენსავე რეგიონში დამეგეგმა მასწავლებელთა და მოსწავლეთა ერთობლივი კონფერენცია, რომელიც ბევრ ჩემს კოლეგას მისცემდა საშუალებას, გაეზიარებინა სხვებისთვის თავისი წარმატებული აქტივობები და ასევე თავადაც მიეღო სასარგებლო გამოცდილება, რომელსაც შემდეგ საკუთარ სასწავლო პროცესში გამოიყენებდა.
ვფიქრობ, კონფერენცია ძალიან საინტერესო, მასშტაბური და ნაყოფიერი გამოვიდა. გთავაზობთ დეტალურ აღწერას:
2023 წლის 31 მაისს, სსიპ თამაზ მელიქიძის სახელობის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კოთელიის საჯარო სკოლაში გაიმართა კონფერენცია, რომლის ორგანიზატორები გახლდით მე — სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფლების, ტურცხისა და კოთელიის, საჯარო სკოლების ქართული ენის პედაგოგი თამარ დევდარიანი და სსიპ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფ. ტურცხის საჯარო სკოლის დირექტორი შორენა აკოფაშვილი. კონფერენცია განხორციელდა არაფორმალური განათლების ცენტრთან თანამშრომლობით, რისთვისაც მადლობას ვუხდი ცენტრის ხელმძღვანელს, ანა კვიჟინაძეს. კონფერენციის თემა გახლდათ „არაფორმალური განათლების როლი ფორმალურ განათლებაში“. მოგეხსენებათ, რომ მაღალმთიანი რეგიონების სკოლები, პედაგოგები და მოსწავლეები არ ვართ განებივრებული მსგავსი ღონისძიებებით, ამიტომ ვფიქრობ, ეს დღე გამორჩეული და უმნიშვნელოვანესი იყო. კონფერენცია დაიწყო 11 საათზე და დასრულდა 16 საათზე, მონაწილეობდნენ ახალქალაქის მუნიციპალიტეტის: ტურცხის, კოთელიის, დადეშის, ქ. ახალქალაქის №1, გოგაშენის, იხტილის, ალათუმანის, ბუღაშენის, გომანის, ვარევანის, დილისკის №1 საჯარო სკოლების 17 მასწავლებელი და 23 მოსწავლე, საერთო ჯამში, 40 მონაწილე. გთავაზობთ მონაწილე პედაგოგების სახელებსა და გვარებს: თამარ დევდარიანი, შორენა აკოფაშვილი, იაგორ არაქელიან, ფაუსტინა ალბერტიან, მელანია ამირშადიან, სალომე ბოლქვაძე, ეთერ ნადირაძე, დალი ბოლქვაძე, მარინე მაისურაძე, მირანდა სახამბერიძე, ნინელი გოგოლაძე, იამზე მსხვილიძე, ცირა მამაცაშვილი, გოარ მარტიროსიან, ნუნე სევიკიან, ეკა თათეშვილი, ხატია მეკოკიშვილი.
მიუხედავად იმისა, რომ მომხსენებელ პედაგოგთა და მოსწავლეთა უმრავლესობა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები იყვნენ, კონფერენცია ქართულ ენაზე მიმდინარეობდა, რაც სახელმწიფო ენის სწავლების თვალსაზრისით გადადგმული უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ყველა პრეზენტაცია იყო განსაკუთრებული, საინტერესო და ემოციური.
ისიც აღსანიშნავია, რომ რამდენიმე პედაგოგისა და ყველა მოსწავლისთვის ეს პირველი გამოსვლა იყო მსგავს მასშტაბურ კონფერენციაზე, პირველი გამოცდილება და შთაბეჭდილება. მიუხედავად ამისა, მათ წარმატებით გაართვეს თავი ამოცანას. დიდ სენსორულ ეკრანზე, ფოტო-ვიდეო მასალითა და მენტორი მასწავლებლის შესავალი სიტყვით, კონფერენციის მონაწილეები ეცნობოდნენ მოსწავლეთა მიერ სასწავლო მიზნით დაგეგმილ და განხორციელებულ პრეზენტაციებს, სხვადასხვა თემატიკით: გარემოს დაცვა, პროფორიენტაცია, სიღარიბის აღმოფხვრა — სოციალური და სასწავლო პროექტები, საზაფხულო სკოლები და ბანაკები, ღირსშესანიშნავი თარიღები, საკლუბო და წრეობრივი მუშაობები… დაუვიწყარი ემოცია გამოიწვია ერთ-ერთი პედაგოგის ვიდეომ, სადაც ჩანს ქართველი, სომეხი, აზერბაიჯანელი და აფხაზი მოსწავლეების თანაცხოვრება საზაფხულო ბანაკში, როგორ ასწავლიდნენ ერთმანეთს საკუთარ ნაციონალურ ცეკვებს. ამაზე უკეთ ვერავინ გამოხატავს კულტურული მრავალფეროვნების, ტოლერანტობისა და ინტეგრაციის იდეას, როგორ ყალიბდებიან ჩვენი მოსწავლეები გლობალურ მოქალაქეებად და რა როლს ვასრულებთ ამ საქმეში პედაგოგები; ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ვარევანის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლის, ქრისტინე საჰაკიანის მიერ დამზადებულმა ხელნაკეთმა ნივთებმა (მენტორი პედაგოგი — ნინელი გოგოლაძე, კონსულტანტ-მასწავლებელი): ბისერებით/მძივებით აწყობილმა ჩანთებმა, სამკაულებმა და სხვადასხვა დანიშნულების აქსესუარებმა.
მე კოთელიისა და ტურცხის სკოლების პედაგოგი ვარ, ორივეგან სასკოლო კლუბებს ვხელმძღვანელობ. კონფერენციაში ჩემი 6 მოსწავლე მონაწილეობდა: ნიკა ხმალაძე, მერაბ აჩელაშვილი, ლიზი ფანჯავიძე (მე-8 კლასი), მერუჟან გუკასიანი, რობერტ ავეტისიანი, ოვსეპ ავეტისიანი (მე-11 კლასი). ჩვენ ორივე სკოლის ბაზაზე განხორციელებული პროექტები წარვადგინეთ კონფერენციაზე. დაწყებით საფეხურზე განხორციელებული პროექტის შესახებ თავად ვისაუბრე, ხოლო შემდეგ მოსწავლეებმა გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება მონაწილეებს, ნარჩენების მართვის მიმართულებით განხორციელებული პროექტის ირგვლივ. აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციაში სრულად აისახა პროექტზე მუშაობის ყველა ეტაპი, მათ შორის, თემის ჩართულობაც, მხედველობაში მაქვს ექთნებისთვის და მშობლებისთვის ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის მიერ ჩატარებული ტრენინგები, მათივე ფინანსური მხარდაჭერით დაბეჭდილი და გავრცელებული საინფორმაციო ბუკლეტები. ეს ორგანიზაცია მადლობას იმსახურებს იმ კუთხითაც, რომ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში თანამშრომლობს პედაგოგებთან და მხარდაჭერას უცხადებს მათ. ამ მხრივ, მაქვს პირადი გამოცდილება გარემოსდაცვითი პროექტის განხორციელებისა, რაშიც უმნიშვნელოვანესი დახმარება გამიწია აღნიშნულმა ორგანიზაციამ. ჩემი გულწრფელი სურვილია, ასეთი ჯგუფები და ორგანიზაციები უფრო მეტი იყოს ჩვენს რეგიონში და არა მარტო.
მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო „არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის“ კონსულტანტ-მასწავლებლებს, მიხარია, რომ თავადაც წარმოვადგენ პროგრამას ტურცხის საჯარო სკოლაში. ვიხსენებდით ჩვენს პირველ ნაბიჯებს ამ რეგიონის სკოლებში, რომელიც 9-10 და მეტ წელს ითვლის, ბევრი რამ ნოსტალგიით გავიხსენეთ, უფრო ბევრი კი სასიამოვნოდ და თითოეულს სიამაყის გრძნობა გვეუფლებოდა საკუთარი და კოლეგა კონსულტანტების მოსწავლეთა წარმატებული გამოსვლებისას. მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი პროგრამის ადმინისტრაციას, განსაკუთრებით კი ნინო ბერიკაშვილს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ სახელმწიფო ენის ელჩები და ჯარისკაცები ვართ. ჩვენი როლი და მოღვაწეობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ რეგიონებისათვის…
ასე რომ, ჩვენი კონფერენცია ემოციებითა და დადებითი შთაბეჭდილებებით აღსავსე იყო, სურვილი მაქვს, რომ ტრადიციის სახე მიიღოს. ამ კუთხით კი, უფრო მეტი მხარდაჭერა და დაინტერესება უნდა გამოიხატოს შესაბამისი ადგილობრივი ორგანოების მხრიდან. ჩემი უდიდესი სურვილია, ასევე, რომ ტურცხის საჯარო სკოლაშიც გვქონდეს ისეთი დიდი სენსორული ეკრანი, როგორიც კოთელიის სკოლაში გვაქვს. ტურცხის სკოლა გამორჩეულად აქტიურია, ამიტომ ჩვენ ეს ძალიან გვჭირდება.
ბედნიერი ვარ, რომ დადებითი მუხტით, ახალი გამოცდილებითა და საინტერესო იდეებით დახუნძლული დავბრუნდით სახლებში, ჩვენს მოსწავლეებთან ერთად. მადლობას გიხდით ყველას და მინდა წარმატებები გისურვოთ.