მაგული ჯინჭარაძე
სსიპ ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ქობულეთისა და სოფ. აჭყვისთავის საჯარო სკოლების ქიმიის მასწავლებელი
მოსწავლეთა დაინტერესებისა და მათი მოტივაციის გაზრდისათვის ძალზე მნიშვნელოვანია ჩვეულებრივი, სტანდარტული გაკვეთილებისაგან განსხვავებული გაკვეთილის ჩატარება, ანუ სასწავლო პროცესში ისეთი მეთოდების გამოყენება, რომლითაც მოსწავლეები დაინტერესდებიან და უფრო ეფექტურად ჩაერთვებიან სწავლის პროცესში. ერთ-ერთი ასეთი მეთოდია „გაჩერებებით სწავლა“.
„გაჩერებებით სწავლა“ გულისხმობს მოსწავლეთა დამოუკიდებელ (ინდივიდუალურ, წყვილურ ან ჯგუფურ) მუშაობას. სამუშაო მასალა ორიენტირებულია ქმედებაზე, ითვალისწინებს მოსწავლეთა ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, წინარე ცოდნასა და უნარებს. გარდა ამისა, ეს მეთოდი ხელს უწყობს შიდა დიფერენციაციას, რადგან შესაძლებელს ხდის ცალკეულ გაჩერებებზე სხვადასხვა სირთულის დავალებების შეთავაზებას. გაჩერებებით სწავლა ითვალისწინებს არა მარტო გონებრივ შრომას (მოსმენა, კითხვა, წერა, ზეპირმეტყველება), არამედ თამაშის ელემენტებსაც, რაც ასევე აღძრავს მოტივაციას.
„გაჩერებებით სწავლისას“ მოსწავლეები პასიური როლიდან გამოდიან და, გარკვეულწილად, თავად მართავენ პროცესს, სახავენ მიზნებს, ანგარიშს უწევენ თანაკლასელების მიერ შეთავაზებულ სტრატეგიებს.
აქვე მინდა ისიც აღვნიშნო, რომ ამ აქტივობას სჭირდება მომზადება: პირველ რიგში – აუდიტორია (თუმცა არ არის აუცილებელი დიდი აუდიტორია, პატარა სივრცეშიც შეიძლება ჩატარება), შემდეგ – გაჩერებების მონიშვნა, დავალებების შერჩევა სირთულის მიხედვით, კომპიუტერული ტექნოლოგია, საჭირო ლიტერატურა; შეიძლება ერთი „დასასვენებელი გაჩერების“ შეთავაზებაც, სადაც უფრო იოლი ან თამაშის ელემენტებით გაჯერებული დავალებები იქნება თავმოყრილი, აქ მოსწავლეები დაისვენებენ, ანუ „სულს მოითქვამენ“.
აქ მნიშვნელოვანია დროის ლიმიტის დაცვა: დრო ისე უნდა მივცეთ მოსწავლეებს, რომ არც მორჩეთ და არც, სიმცირის გამო, ნაჩქარევად აკეთონ დავალება. შეიძლება ერთი ალტერნატიული გაჩერებაც მოვამზადოთ, ყოველი შემთხვევისთვის, თუ რომელიმე ჯგუფმა დავალება სწრაფად შეასრულა, სხვას რომ ხელი არ შეუშალოს, ამ გაჩერებაზეც გააკეთებს დავალებას.
გაჩერებების ფურცლები, დავალებებით, იკვრება ოთახში, კედლებზე, სხვადასხვა მხარეს ან შეიძლება მაგიდებზეც გავანაწილოთ. თითოეული ჯგუფი დგება თითო გაჩერებასთან და, დროის ათვლის შემდეგ, იწყებენ დავალების შესრულებას. მზა დავალებას ტოვებენ გაჩერებაზე. შემდეგ გადაინაცვლებენ მომდევნო გაჩერებაზე, მოძრაობა საათის ისრის მიმართულებით ხდება. ასე რომ, თითოეული ჯგუფი გაივლის ყველა გაჩერებას, შესაბამისად, თითოეულ გაჩერებაზე ყველა ჯგუფის პასუხები აღმოჩნდება.
დროის ამოწურვის შემდეგ, რომელი ჯგუფი რომელ გაჩერებაზეც მოხვდება, იქიდან იწყებს პრეზენტაციას არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა ჯგუფების მიერ შესრულებული დავალებებისაც. მასწავლებელი ისმენს თითოეული ჯგუფის პრეზენტაციას და აძლევს სათანადო უკუკავშირს.
„გაჩერებებით სწავლას“ მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, თუ ის ნასწავლ მასალას ეფუძნება, ამასთანავე, კონტროლმა და წარმატების შეგრძნებამ, თითოეულ გაჩერებაზე, ხელი უნდა შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას. თუ ისინი, ამ ტიპის სწავლასთან დაკავშირებით, მხოლოდ პოზიტიურ გამოცდილებას დააგროვებენ, დროთა განმავლობაში, თვითონვე შეძლებენ გაჩერებებისთვის დავალებების შექმნას და ამით საგაკვეთილო პროცესში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას
არ უნდა დავივიწყოთ, რომ ახალ მეთოდს მოსწავლეები ინტერესით კი ხვდებიან, მაგრამ ეჭვის თვალითაც უყურებენ, ამიტომ გაჩერებების მომზადებას დიდი ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. მომზადებასთან ერთად, მასწავლებლის მოვალეობაა მოსწავლეთა შეგულიანება, მათი პოზიტიური ქცევის წაქეზება და დადებითი კლიმატის შექმნა. თუმცა, ინოვაციით გამოწვეულ სიხარულთან ერთად, ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს დასახული მიზნები და ინდიკატორები.
ეს მეთოდი, ადრე, steam-ის ტრენინგების გავლის შემდეგ დავნერგე საკლასო ოთხში. ახლა კი, მინდა ჩემი გამოცდილება გაგიზიაროთ, თუ როგორ გამოვიყენე მე-10 კლასში, თემის შეჯამების დროს.
თემა: სასწავლო გაჩერებების მეთოდით
თემის „ატომის აღნაგობა. ქიმიური ბმები“ შეჯამება
თემის შესაბამისობა ესგ-ის სტანდართან:
♦ ნივთიერება (ქიმ.საშ. 1, 2, 3, 4)
♦ ქიმიური ბმა (ქიმ.საშ. 1, 2, 3, 4)
გაკვეთილის მიზანი:
- მოსწავლეები შეაჯამებენ, როგორი აღნაგობა აქვს ატომს, რა არის ქიმიური ბმები და შეადგენენ ქიმიური ბმების ამსახველ სქემებს;
- იპოვიან ელემენტის ატომის ელექტრონს პერიოდულ სისტემაში, მისი კვანტური რიცხვების მიხედვით;
- შეასრულებენ სახალისო აქტივობებს;
- გაიაზრებენ ვიდეოში მოცემულ ინფორმაციას ქიმიური ბმების შესახებ.
კლასში 14 მოსწავლეა, ძირითადად, საშუალო აკადემიური დონით. არიან ძლიერი მოსწავლეებიც. სსსმ მოსწავლე არ არის. მოვამზადე 4 სასწავლო გაჩერება, რომელიც ცოდნის სამივე კატეგორიაზე იყო ორიენტირებული. ეს გაჩერებები, თავისი დავალებებით, გავანაწილე მაგიდებზე. შევქმენი ოთხი ჯგუფი, თითო ჯგუფში – 3-3 მოსწავლე. ორ მოსწავლეს სხვა დავალება მივეცი: ერთს ასისტენტობა შევთავაზე, ხოლო მეორეს – დროის კონტროლი. ჯგუფები დავაკომპლექტე შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, ანუ ნომრების ამოღებით და ვისაც პირველი ნომრები შეხვდა, ჯგუფი 1-ში გაერთიანდა, მე-2 ნომრებისგან ჯგუფი 2 დაკომპლექტდა და ა.შ., თანმიმდევრულად. ეს ჯგუფები გაჩერებებზე გავანაწილე – ჯგუფი 1 დავსვი პირველ გაჩერებაზე და ა.შ.
გაჩერება1. სახალისო აქტივობა – აღმოაჩინე ელექტრონი (1 ქულა)
აღმოაჩინე ელექტრონი ელემენტის ატომში, პერიოდულ სისტემაში მდებარეობის მიხედვით, რომლის მონაცემებია:
n = 3 l = 1 m = +1 s = +1/2
გაჩერება 2. სამი დავალება. დავალებები ქულების მიხედვით (6 ქულა)
1) (1 ქულა) რომელი არ მიეკუთვნება ქიმიური ბმის ტიპებს?
ა) კოვალენტურ პოლარული
ბ) იონური
გ) მოლეკულური
დ) კოვალენტურ არაპოლარული
ე) წყალბადური
2) (2 ქულა) რა სახის ქიმიური ბმებია მოცემულ ნივთიერებებში?
-
-
-
-
-
-
- CaO
-
-
-
-
-
3) (3 ქულა) შეადგინეთ ქიმიური ბმის წარმოქმნის სქემა
1) იონური ბმა ნატრიუმსა და ქლორს შორის
2) კოვალენტურ არაპოლარული ბმა ქლორის ატომებს შორის
3) კოვალენტურ პოლარული ბმა ქლორწყალბადის მოლეკულაში
გაჩერება 3. სიტყვა-კოდის ამოცნობა (1 ქულა)
1) შეკითხვებზე პასუხების მიხედვით ამოიცანით სიტყვა, რომელიც წარმოადგენს ნუკლიდს, რომელსაც პროტონების ერთნაირი და ნეიტრონების განსხვავებული რაოდენობა აქვს.
კითხვები | პასუხები | ||||||
პროტონი | ელექტრონი | ნეიტრონი | პოზიტრონი
|
არაპოლარულ
კოვალენტ. ბმა |
იონური ბმა
|
პოლარულ
კოვალენტ. ბმა |
|
ატომი შედგება ატომბირთვისა და მის გარშემო მოძრავი | მ | ი | ლ | კ | ქ | ფ | ს |
ბირთვის შემადგენელ უმუხტო ნაწილაკს ეწოდება | წ | ე | ზ | გ | ს | ს | ჰ |
ქიმიურ ბმას, რომელიც წარმოიქმნება ერთნაირ არამეტალებს შორის, ეწოდება | დ | ა | თ | კ | ო | ა | ლ |
ბირთვის შემადგენელ დადებითად დამუხტულ ნაწილაკს ეწოდება | ტ | ი | ლ | ვ | მ | კ | ტ |
ქიმიურ ბმას, მეტალის და არამეტალის ატომებს შორის, ეწოდება | ღ | ჟ | ტ | ხ | გ | ო | ზ |
ნეიტრალური ატომის ბირთვში პროტონების რაოდენობა ემთხვევა | ღ | პ | შ | კ | ხ | დ | ქ |
ქიმიურ ბმას, რომელიც წარმოიქმნება სხვადასხვა არამეტალის ატომებს შორის, ეწოდება | ე | რ | ყ | უ | ო | ტ | ი |
გაჩერება 4. ვიდეოს ანალიზი (2 ქულა)
მოცემული გაქვთ ორი ვიდეო ქიმიური ბმების შესახებ. უყურეთ ვიდეოს და გააკეთეთ თითოეული ვიდეოს ანალიზი (ანალიზის გაკეთებაში დაგეხმარებათ კითხვებზე პასუხი):
♦ რომელი ელემენტის ატომებს შორის მიმდინარეობს მოცემული ქიმიური ბმა?
♦ როგორია ამ ელემენტების ატომების აღნაგობა?
♦ როგორ ხდება ბმის წარმოქმნა?
♦ რა ეწოდება მოცემულ ქიმიურ ბმას?
ამრიგად, სასწავლო გაჩერებების მეთოდი ერთ-ერთი საუკეთესოა მოცემული თემის შეჯამების დროს. ამავე დროს, დიდია მოსწავლეთა ინტერესიც, რაც გავლენას ახდენს მოტივაციის ზრდაზე. გარდა ამისა, ეს მეთოდი მოსწავლეებს უვითარებს ისეთ უნარებს, როგორიცაა: თვითშეფასებისა და ურთიერთშეფასების, ანალიზის, პრეზენტაციის და ა.შ.
გამოყენებული ლიტერატურა:
-
http://mastsavlebeli.ge/?p=21228.
-
http://mastsavlebeli.ge/?p=10414;
-
სატრენინგო მასალა „აქტიური სწავლება ქიმიაში“ – ნათია არაბული, თინათინ ბუთხუზი, 2017წ;
-
ქიმიის სახელმძღვანელო (X კლასი, ბუთხუზი, ფაცაცია, გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“).