სკოლა: სსიპ ქალაქ თელავის №2 საჯარო სკოლა
მასწავლებლები: მარიამ ნაცვლიშვილი, ირინე ჯორჯაძე
კვლევის პერიოდი: 2024 წლის 1 თებერვლიდან 2024 წლის 27 მაისის ჩათვლით
შესავალი, პრობლემის შერჩევა
კვლევის ჩატარებამდე განვსაზღვრეთ, რომ კვლევის შესახებ უნდა შეგვექმნა სტატია და არა კვლევის ანგარიში, რომელიც მოკლედ გამოხატავდა კვლევის არსს.
კვლევა ძირითადად მოიცავს სკოლაში არსებული პრობლემის
♦ შესწავლის
♦ ცვლილების დაგეგმვა-განხორციელების
♦ შეფასების ეტაპებს.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხელის შემშლელი პრობლემა, სწავლა-სწავლების პროცესში, სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა დაბალი ჩართულობაა, რაც დიდ გავლენას ახდენს მოსწავლეთა აკადემიურ და სოციალურ განვითარებაზე.
მშობელთა ჩართულობას სამეცნიერო ლიტერატურაში სხვადასხვანაირად განმარტავენ. ზოგადად ითვლება, რომ მშობელთა ჩართულობა ეს არის მშობელთა სწრაფვა შვილების აკადემიური მიღწევების გაუმჯობესებისათვის, მშობლებსა და შვილებს შორის ურთიერთობა საგანმანათლებლო და სკოლასთან დაკავშირებული საკითხების ირგვლივ, მშობლების მონაწილეობა სასკოლო აქტივობებში, მშობლებისა და მასწავლებლების კომუნიკაცია და სასკოლო საკითხებში შვილებისთვის დახმარების გაწევა სახლში.
მშობელთა დაბალი ჩართულობის მიზეზი, სავარაუდოდ, სოციოეკონომიკური ფაქტორიცაა, მაგალითად, დაბალი სოციოეკონომიკური ჯგუფის წარმომადგენელი ოჯახები ნაკლებად აღიარებენ განათლების მნიშვნელობას, რომ დაეხმარონ შვილებს სწავლის პროცესში. ზოგიერთი მშობელი, სხვადასხვა მიზეზით, ვერ ეხმარება სახლში შვილს, ზოგს არ აქვს დრო, რადგან ფინანსურად უზრუნველყოფს ოჯახს, სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს არა აქვთ დამატებითი სასწავლო მასალის შეძენის საშუალება.
მშობელთა ჩართულობაში იგულისხმება ასევე ის აქტივობები, რომელსაც ახორციელებენ მშობლები სახლის გარეთ, კერძოდ:
♦ სკოლის მიერ ორგანიზებულ სპორტულ ღონისძიებებზე დასწრება;
♦ სკოლაში გამართულ კონცერტებზე დასწრება;
♦ სკოლაში გამართულ სოციალურ ღონისძიებებზე დასწრება.
მშობლები მიიჩნევენ, რომ ეს მათ საშუალებას აძლევს: ჰქონდეთ ურთიერთობა მასწავლებლებთან ნაკლებად ფორმალურ გარემოში, შეხვდნენ სხვა მშობლებს, ეძლევათ შვილების მეგობრებთან ურთიერთობის საშუალება, შვილებს კი — მასწავლებლებთან, ნაკლებად ფორმალურ გარემოში ურთიერთობის.
კვლევის მიზანი
უპირველეს ყოვლისა, განათლების მკვლევრები მსოფლიოში უფრო მეტად შეისწავლიან ბავშვის აკადემიურ და სოციალურ განვითარებაში მშობელთა მონაწილეობის გავლენას (Masa Durisic*, Mila Bunijevac 2017). 30-40 წლის წინათ მეტი ყურადღება ექცეოდა შვილების განათლებაში მშობელთა მონაწილეობისა და ჩართულობის მოდელების შესწავლას. ბოლო 20 წლის განმავლობაში იმატა კვლევებმა, რომლებიც კონკრეტულად და რაოდენობრივად შეისწავლიან მშობელთა ჩართულობის გავლენას მოსწავლეთა განათლების ხარისხზე. შესაბამისად, უკვე არსებობს ბავშვების სასწავლო მიღწევებზე მშობელთა ჩართულობის დადებითი გავლენის კონკრეტული მტკიცებულებები. მაგალითად, მშობელთა აქტიური ჩართულობა შვილების განათლებაში, სხვა თანაბარი პირობების შემთხვევაში, 12%-ით ზრდის მოსწავლეთა წარმატებებს რაოდენობრივ აზროვნებაში (Araceli Martinez, 2015). ბევრად მეტი კვლევითი მტკიცებულებები არსებობს მოსწავლის სოციალურ განვითარებასთან მშობელთა სასკოლო ჩართულობის დადებითი კავშირის შესახებ. თუმცა, აღსანიშნავია ასეთი მეცნიერულად გამოკვლეული მტკიცებულებების უკიდურესი სიმცირე საქართველოში. მშობლის ჩართულობის ხარისხი, სხვა ფაქტორებთან ერთად, დამოკიდებულია თავად სკოლის მიერ ამ მიზნით გაწეულ ძალისხმევაზე (Hoover-Dempsey and Sandler, 1997). ხოლო სკოლის მოტივაციასა და შესაძლებლობებს, მშობლებთან პარტნიორული ურთიერთობების კუთხით, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სკოლის მართვის სისტემა.
აქედან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიზანი იყო:
♦ დავადგინოთ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა დაბალი ჩართულობის მიზეზები;
♦ დავგეგმოთ ინტერვენციები, რომლებიც დაგვეხმარება პრობლემის მნიშვნელოვანწილად მოგვარებაში;
♦ შევიმუშაოთ რეკომენდაციები.
საკვლევი კითხვები
კვლევის დაწყებისას და მიმდინარეობისას საკვლევი კითხვები ერთ-ერთი კარგი ორგანიზატორია იმისთვის, რომ არ დაკარგო კვლევის ორიენტირები. განათლების სპეციალისტებთან კონსულტაციების საფუძველზე გამოვკვეთეთ საკვლევი კითხვები:
- რა არის სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ნაკლები ჩართულობის მიზეზები?
- რა ბარიერები არსებობს სკოლაში, რაც უშლის ხელს მშობელს, აქტიურად ჩაერთოს სასკოლო ცხოვრებაში?
- როგორ შეიძლება გავზარდოთ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის დონე?
ლიტერატურის მიმოხილვა
საკვლევი საკითხის გამოკვეთისთანავე დავიწყეთ იმ ლიტერატურის გაცნობა, რომელიც კვლევის წარმოებაში დაგვეხმარებოდა.
მშობელთა ფართო და მრავალფეროვანი ჩართულობის აუცილებლობა ასახულია ჩვენი სასკოლო სისტემის ერთ-ერთ ფუძემდებლურ პოლიტიკურ დოკუმენტში „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების შესახებ“. ამ დოკუმენტსა და კანონში იდენტურადაა აღწერილი ის ძირითადი სამიზნე უნარ-ჩვევები, რაც მოზარდს უნდა განუვითარდეს სასკოლო გამოცდილებით. მიზნების მისაღწევი ძირითადი საშუალებების აღწერისას, ნათქვამია, რომ: „ამ ჩვევების გამომუშავება უნდა მოხდეს სასკოლო გარემოს სრული ჩართვით: მოსწავლეების, მასწავლებლების, მშობლების, ადმინისტრატორებისა და სხვა დაინტერესებული პირების მონაწილეობით ისეთ განსხვავებულ პირობებში, როგორიცაა გამოცდები, საკლასო ოთახი თუ სახლი, კლუბი, სპორტული დარბაზი, სკოლის ეზო თუ სახელოსნო. მოსწავლეების, მათი მშობლების, მასწავლებლების, დირექციისა თუ გარემომცველი საზოგადოების აქტიური მონაწილეობა განაპირობებს მიზნების მიღწევის ხარისხსა და წარმატებულობას“. ამასთან, 2018 წელს საქართველოს კანონში „ზოგადი განათლების შესახებ“ შევიდა ცვლილება, რომლითაც სკოლებს გაუჩნდათ მოსწავლეთა მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან ხელშეკრულების დადების ვალდებულება. ეს კი შედარებით ახალი გამოცდილებაა საქართველოს სკოლებისათვის.
მეთოდოლოგია
კვლევის წარმატებით დასრულებისთვის აუცილებელია სწორად შერჩეული მეთოდოლოგია. ამიტომ გამოვიყენეთ როგორც რაოდენობრივი, ისე თვისებრივი კვლევის მეთოდები:
♦ მშობელთა ონლაინ გამოკითხვა კითხვარის საშუალებით;
♦ მშობელთა ფოკუსჯგუფი.
კვლევის დროს განვახორციელეთ შემდეგი აქტივობები:
- საჯარო სკოლისა და მშობლების ურთიერთობის მარეგულირებელი დოკუმენტების ანალიზი;
- მშობელთა ფოკუსჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები;
- მშობელთა ანკეტირება;
- ინტერვენციების დაგეგმვა და განხორციელება;
- შედეგების ანალიზი და დასკვნების გამოტანა;
- რეკომენდაციების შემუშავება და დასკვნების სასკოლო საზოგადოებისთვის გაცნობა
კვლევის გეგმა გავწერეთ ოთხი თვის ვადით
საჯარო სკოლებსა და ამავე სკოლის მშობლებს შორის ურთიერთობის წესების სპეციფიკის დადგენა, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სკოლის შინაგანაწესისა და ხელშეკრულების საფუძველზე ხდება. აღნიშნული დოკუმენტები და მათი ანალიზი საჭიროა მშობლების ფორმალური უფლებამოსილებებისა და პასუხისმგებლობების აღსაწერად. აღსანიშნავია, რომ სკოლას აქვს მშობელთან დადებული ტიპური ხელშეკრულება. გარდა ამისა, სკოლაში ფუნქციონირებს მშობლებთან ურთიერთობის პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც მშობლებს, სკოლაში ვიზიტისთვის, განსაზღვრულ დღეებს უწესებდა. როგორც აღმოჩნდა, მშობლები უკმაყოფილონი იყვნენ ამგვარი შეზღუდვებით და ფოკუსჯგუფებში განაცხადეს, რომ მათი ნაკლები ჩართულობის უმთავრესი მიზეზი სწორედ ვიზიტის შეზღუდვებია. ასევე, მშობელთა დიდი ნაწილი სამსახურში გვიანობამდეა დაკავებული, რაც ხელს უშლის სკოლაში ხშირად სტუმრობასა და სასკოლო ცხოვრებაში აქტიურად ჩართვას. მშობელთა ნაწილმა კი არ იცის, კონკრეტულად რა აქტივობებში ჩაერთოს ან როგორ გაიგოს დაგეგმილი აქტივობების შესახებ.
მშობელთა ანკეტირების შედეგები:
სულ გამოკითხვაში ჩაერთო 171 მშობელი, რაც, დაახლოებით, მშობელთა 40%-ია.
♦ მშობელთა 50,3% სკოლას კვირაში ერთხელ სტუმრობს, 19,9% – თვეში ერთხელ, ხოლო 29,8% – უფრო იშვიათად;
♦ სასკოლო ღონისძიებას ერთხელ მაინც დასწრებია 94,2%;
♦ სასკოლო ცხოვრებაში ჩართულად თვლის თავს 48%;
♦ საკუთარი შვილის სასკოლო საქმიანობას მონიტორინგს უწევს 60,8%;
♦ კარგი განათლების მნიშვნელოვნების შესახებ შვილთან საუბრებს აწარმოებს მშობელთა 100%;
♦ სხვა მშობლებთან კომუნიკაცია ხშირად აქვს 49,7%-ს;
♦ მშობელთა კრებებს ესწრება 72,5%;
♦ სასკოლო საქმიანობაში მონაწილეობს 63,5%.
ინტერვენციები:
♦ გადავხედეთ მშობლებთან ურთიერთობის პოლიტიკის დოკუმენტს და, სამეურვეო საბჭოსთან და პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, მასში ცვლილება შევიტანეთ, კერძოდ, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ნებისმიერ დროს შეუძლია სკოლაში ვიზიტი,თუ ეს ხელს არ შეუშლის სასწავლო პროცესს. ამან მნიშვნელოვნად გაზარდა მშობელთა სკოლაში შემოდინება;
♦ შევქმენით მშობელთა კომიტეტი, რომელშიც, ყველა კლასის წარმომადგენელ მშობლებთან ერთად, სოციალური მუშაკებიც გაწევრიანდნენ. მშობელთა კომიტეტის ჩართულობით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:
- მშობელთა შეხვედრა მოსწავლეებთან სხვადასხვა პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით;
- დედის დღესთან დაკავშირებული ღონისძიების დაგეგმვა და განხორციელება;
- სოციალურ მუშაკებთან შეხვედრა და სასკოლო ცხოვრებაში მშობლის როლის თაობაზე დისკუსია;
- ეროვნული სამოსის დღის ორგანიზებაში მშობელთა ჩართულობა.
ინტერვენციების შეფასება
ინტერვენციების განხორციელების დროს წარმოჩინდა მშობელთა ჩართულობის და მოტივაციის მნიშვნელოვანი ზრდა. სწორად შერჩეული მეთოდოლოგია, აქტივობები, რესურსები დაგვეხმარა მშობელთა მოტივაციის ზრდაში, რამაც ასევე გაზარდა მოსწავლეთა ინტერესი სასკოლო ცხოვრების მიმართ.
დასკვნა
ჩატარებული ინტერვენციების შედეგად გამოვიტანეთ დასკვნა, რომ:
♦ პოზიტიურად შეიცვალა მოსწავლეთა დამოკიდებულება სასკოლო ცხოვრების მიმართ;
♦ ამაღლდა მშობელთა მოტივაცია და ჩართულობა სასკოლო ცხოვრებაში;
♦ საჯარო სკოლების თანამშრომლებისა და მშობლების/კანონიერი წარმომადგენლების უმრავლესობამ იცის კანონით დადგენილი საკუთარი უფლება-მოვალეობებისა და მათი განხორციელების გზების შესახებ;
♦ მშობელთა ინიციატივიანი ჩართულობა სკოლის მართვის სხვადასხვა საკითხში პოზიტიურად აღიქმება სასკოლო საზოგადოების მხრიდან;
♦ მშობლების უმრავლესობამ იცის, როგორ შეიძლება ჩაერთოს სკოლის ცხოვრებაში;
♦ მშობელთა უმრავლესობას მიაჩნია, რომ მათი ინიციატივები სასარგებლოა მოსწავლეთა განათლებისათვის.
რეკომენდაციები
♦ კვლევის საფუძველზე შეიძლება გაიცეს რეკომენდაციები კოლეგებისთვის;
♦ სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა შედეგიანი ჩართულობის გასაზრდელად, სკოლის დირექციამ, სამეურვეო საბჭომ და პედაგოგიურმა საბჭომ ერთობლივად უნდა შეიმუშაონ: მშობელთა პროაქტიური რეგულარული და სრულფასოვანი ინფორმირებისა და მშობლებთან ორმხრივი და ინდივიდუალური კომუნიკაციის მექანიზმები;
♦ კლასის დამრიგებლებმა და საგნის მასაწვლებლებმა აქტიურად ითანამშრომლონ მშობელთა კომიტეტთან, სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვასა და განხორციელებაში დაიხმარონ მშობლები.
რეფლექსია
როგორც მოგეხსენებათ, ვაწარმოეთ სკოლის საჭიროების კვლევა 2024 წლის 1 თებერვლიდან 2024 წლის 27 მაისის ჩათვლით. კვლევა ეხებოდა სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობას. საკითხი ძალიან აქტუალურია, რადგანაც მშობელსა და სკოლას შორის კომუნიკაცია ძალიან იყო გართულებული, მშობლები თითქმის არ აკითხავდნენ შვილებს სკოლაში.
სკოლის საჭიროების კვლევის დასრულების შემდეგ, მოვამზადეთ პრეზენტაცია, რომელსაც წარვადგენთ შიდა სასკოლო კონფერენციაზე, კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით.
იგრძნობოდა კოლეგების ინტერესი კვლევის მიმართ, ვინაიდან მშობელთა დაბალი ჩართულობა ყველა მასწავლებლის პრობლემაა და ჩვენ მიერ განხორციელებული ინტერვენციების შედეგები გრძელვადიანია, მაგალითად, მშობელთა კომიტეტი განაგრძობს ფუნქციონირებას და ყველა პედაგოგს შეუძლია, მათი ჩართულობით, სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და განხორციელება. ასევე, სოცმუშაკების ჩართვა მშობელთა კომიტეტში გრძელვადიან მიზნებს ემსახურება, რადგანაც ისინი ერთგვარი შუამავალი რგოლი იქნებიან პედაგოგებსა და მშობლებს შორის მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
დამსწრე კოლეგებისაგან მივიღეთ უკუკავშირი, სადაც აღინიშნა:
♦ ინტერვენციების ეფექტურობა;
♦ საკვლევი საკითხის აქტუალობა;
♦ განხორციელებული ინტერვენციების შედეგად მშობელთა ჩართულობის გაუმჯობესება.
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თავად მშობლებიც კმაყოფილებას გამოთქვამენ სასკოლო ცხოვრებაში მათი როლის გაზრდით და თვლიან, რომ ეს სასიკეთოდ აისახება მათი შვილების განვითარებაზე. ასევე, სოციალური მუშაკებიც გამოთქვამენ კმაყოფილებას, რადგანაც მათ მიეცათ კარგი შესაძლებლობა, მჭიდრო კომუნიკაცია აწარმოონ მშობლებთან.
იმედი მაქვს, ჩვენ მიერ განხორციელებული ინტერვენციები დადებით გავლენას მოახდენს სასკოლო ცხოვრებაზე.