აპრილის ბოლოს, პარლამენტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივითა და ავტორობით, დარეგისტრირდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც ზოგადი განათლების საფეხურების შესახებ ცვლილებას გულისხმობს. კანონპროექტის თანახმად, საბაზო საფეხურის 10 წლამდე გაზრდა იგეგმება – ზოგადი განათლების საბაზო საფეხური, სამის ნაცვლად, ოთხწლიანი გახდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მეათე კლასის ჩათვლით გაგრძელდება, საშუალო საფეხური კი, სამის ნაცვლად, ორი გახდება.
ცვლილების შედეგად, ზოგადი განათლების კანონში ასეთი ჩანაწერი გაჩნდება: საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები).
რაც შეეხება კანონის ამოქმედებას, როგორც კანონპროექტში ვკითხულობთ, 2025 წლის 1 ივლისიდან იგეგმება. კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
კანონპროექტის განმარტებით ბარათზე დაყრდნობით, გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას ცვლილების მიზეზებისა და შედეგების შესახებ.
Δ პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
წარმოდგენილი კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის თანახმად, დაწყებითი და საბაზო განათლების მიღება სავალდებულოა. ამასთან, კანონის თანახმად, საქართველოს ზოგადი განათლების ხანგრძლივობა დაწყებით საფეხურზე 6 წელს მოიცავს, ხოლო საბაზო და საშუალო საფეხურებზე – 3-3 წელს, შესაბამისად, აუცილებელია, რომ მოსწავლემ, საბაზო საფეხურის ჩათვლით, სკოლაში 9 წელი ისწავლოს და დაძლიოს ორივე – დაწყებითი და საბაზო საფეხური.
არსებული მონაცემებით, საკმაოდ მაღალია იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც მე-9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას (3 200-მდე მოსწავლე 2023 წელს), ხოლო მათი შრომის ბაზარზე დასაქმების პერსპექტივა ძალიან დაბალია, 9 კლასის დამთავრებით მიღებული ცოდნიდან და ასაკიდან გამომდინარე, ვინაიდან, სკოლაში შესვლის ასაკი 6 წელია, ხოლო საქართველოს შრომის კოდექსის თანახმად, ფიზიკური პირის შრომითი ქმედუნარიანობა წარმოიშობა 16 წლიდან. ასევე მატულობს მოზარდების ისეთი რისკების წინაშე დადგომის ალბათობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება და/ან ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაზო საფეხურის ერთი წლით გაზრდა და ოთხწლიანი სასწავლო პროგრამების შეთავაზება სავალდებულოა განათლების ფორმატში, რაც შესაბამისობაში მოვა წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან (მაგალითად, ფინეთის რესპუბლიკაში 11-წლიანია სავალდებულო დაწყებითი-საბაზო განათლება, საფრანგეთის რესპუბლიკაში საბაზო საფეხური 4 წელს მოიცავს, ირლანდიაში 3-დან 6 წლამდე გრძელდება, ლიეტუვის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოში დაწყებითი-საბაზო განათლება – 10 წელს). შესაბამისად, სამწლიანი საშუალო განათლება 2 წლამდე ისე მცირდება, რომ სრული ზოგადი განათლება კვლავ 12-წლიანი რჩება.
კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსწავლეები უფრო მომზადებულები და ჩამოყალიბებულები იქნებიან იმისათვის, რომ უფრო გააზრებული გადაწყვეტილება მიიღონ, განაგრძონ სწავლა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თუ პროფესიულ სასწავლებელში. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე გადაწყვეტს სწავლის შეწყვეტას, ის იქნება 15-16 წლის (ერთი წლით უფროსი, ვიდრე ამჟამად არსებული რეგულაციით), ხოლო შეთავაზებული სოლიდური ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა უზრუნველყოფს უფრო მეტად მომზადებული ახალგაზრდის გასვლას შრომის ბაზარზე.
გარდა აღნიშნულისა, ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურების ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით, კანონპროექტი ითვალისწინებს გარდამავალი დებულებების დამატებას, რომელიც აკონკრეტებს ახალი საკანონმდებლო ნორმის ძალაში შესვლასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ დეტალებს. კერძოდ, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე, შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს იქნებიან IX კლასში, რაც ნიშნავს, 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასელი მოსწავლეების X კლასში გადაყვანას საფეხურის დაძლევის გარეშე, ანუ 2024-2025 სასწავლო წელს IX კლასის მოსწავლეებს გაუხანგრძლივდებათ სავალდებულო საბაზო განათლება 1 წლით.
გარდამავალი დებულებებით ასევე დადგენილია, რომ 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუს შეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს 2025-2026 სასწავლო წლიდან აღიდგენენ, სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში, ვინაიდან მათ უკვე დაძლეული აქვთ საბაზო საფეხური, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან საშუალო საფეხური 2 წლიანია.
გარდამავალი დებულებით ასევე დადგენილია სპეციფიკური ჩანაწერი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, ისინი 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ საშუალო საფეხურის XI კლასში, ვინაიდან, ამ პერიოდისათვის X კლასი უკვე მიეკუთვნება საბაზო საფეხურს, რაც მათ დაძლეული აქვთ. აკადემიური ჩამორჩენის აღმოფხვრას სკოლა უზრუნველყოფს რემედიაციის პროგრამით, რაც რეგულირებულია ეროვნული სასწავლო გეგმით.
გარდამავალი დებულებების ბოლო ორი პუნქტი ეხება საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს. კერძოდ, დაწესებულება უფლებამოსილი იქნება, 3-წლიან საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დასრულების შესაძლებლობა მისცეს იმ პირებს, რომლებიც ჩაირიცხნენ 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებული პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე.
Δ კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საბაზო საფეხური გაიზრდება 1 წლით და გახდება 4-წლიანი. ოთხწლიანი სასწავლო პროგრამა შესაბამისობაში მოვა წამყვანი ევროპული ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემებთან.
კანონპროექტის მიღების შედეგად, მოსწავლეები უფრო მომზადებულები იქნებიან გააზრებული გადაწყვეტილებისთვის, სად გააგრძელონ სწავლა – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თუ პროფესიულ სასწავლებელში. თუ მოსწავლე შეწყვეტს სწავლას, უკვე მომზადებული იქნება შრომის ბაზარზე გასასვლელად, რასაც ოთხწლიანი საბაზო საფეხურის პროგრამა უზრუნველყოფს.
დამატებით აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, საბაზო საფეხურის საგნობრივი სტანდარტების შინაარსობრივი ნაწილი (მაგალითად, ბიოლოგიაში, გეოგრაფიაში, ისტორიაში, სამოქალაქო განათლებაში და სხვ.) გადანაწილდება 4 კლასზე და თითოეულ კლასში მოსწავლის სავალდებულო განათლების დატვირთვა შემცირდება. არსებული მდგომარეობით, VIII-IX კლასის დატვირთვა საგრძნობლად მაღალია.
საშუალო საფეხური (XI-XII კლასი) მეტად იქნება ფოკუსირებული განათლების შემდგომ საფეხურებზე სწავლის გასაგრძელებლად.
იმისათვის, რომ განათლების სისტემა სათანადოდ მოემზადოს აღნიშნულის დასანერგად, მიზანშეწონილია, კანონპროექტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
Δ კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ცვლილება შედის „ზოგადი განათლების შესახებ“„ საქართველოს კანონში, კერძოდ:
- კანონის მე-2 მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„ო) ზოგადი განათლების საფეხურები – საქართველოში სრულ ზოგად განათლებას აქვს სამი საფეხური: დაწყებითი (6 წელი – I-VI კლასები), საბაზო (4 წელი – VII-X კლასები) და საშუალო (2 წელი – XI-XII კლასები)“.
- 62-ე მუხლის შემდგომ კანონს დაემატება შემდეგი შინაარსის 621-ე მუხლი (გარდამავალი დებულებები):
„მუხლი 621. ზოგადი განათლების საბაზო და საშუალო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილებასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიებები:
1.ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ხანგრძლივობის ცვლილება, ასევე, შეეხება იმ მოსწავლეებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წელს იქნებიან IX კლასში.
2. 2024-2025 სასწავლო წლის ჩათვლით ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასში სტატუს შეჩერებული მოსწავლეები, რომლებიც სტატუსს აღიდგენენ 2025-2026 სასწავლო წლიდან, სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
3. ის მოსწავლეები, რომლებმაც 2024-2025 სასწავლო წელს ვერ დაძლიეს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის X კლასისთვის ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე, 2025-2026 სასწავლო წელს სწავლას აგრძელებენ ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის XI კლასში.
4. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის 3 (სამი) წლის სწავლის შედეგები, 2025 წლის 1 ივლისამდე გამოცხადებულ პროფესიულ სტუდენტთა მიღების საფუძველზე ჩარიცხულ პროფესიულ სტუდენტებს სწავლა დაასრულებინოს და მიანიჭოს ამ პროგრამით გათვალისწინებული კვალიფიკაცია. ამ შემთხვევაში გაცემული საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი გათანაბრებულია სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტთან.
საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის (რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები) განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არ არის ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე გამოაცხადოს პროფესიულ სტუდენტთა მიღება 2025 წლის 1 ივლისის შემდგომ.“
Δ იქონიებს თუ არა ცვლილება გავლენას დაფინანსებაზე
რაც შეეხება კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასებას საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი), განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, თუმცა, კანონპროექტის მიღებით არ წარმოექმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები.
არსებული მონაცემებით, იმ მოსწავლეთა რაოდენობა, რომლებიც 9 კლასის შემდეგ ტოვებენ სკოლას, დაახლოებით, 5%-ს შეადგენს. შესაბამისად, გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული სავალდებულო საბაზო განათლება, ნაცვლად 9 კლასისა, განისაზღვრება 10 კლასით და მოსწავლეების სავალდებულო განათლების მიღების უზრუნველყოფა მომავალში მოხდება 10 კლასის ჩათვლით. 2023 წლის მონაცემებით, 3 222-მდე მოსწავლემ დაასრულა ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და გავიდა სკოლიდან, მათ შორის, 99% საჯარო სკოლაზე მოდის. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ ცვლილება აღნიშნული რაოდენობის ბავშვების განათლების ხარჯის გაზრდას გამოიწვევს დამატებით ერთი წლის განმავლობაში, რაც წლიურად, საშუალოდ, გულისხმობს 3.62 მლნ ლარის ოდენობით ხარჯს, მათ შორის, საჯარო სკოლის წილი შეადგენს 3.61 მლნ ლარს. აღნიშნულის მიზნით ხარჯების დაფინანსება ხორციელდება წლიური ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით პროგრამის „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების დაფინანსება“ ფარგლებში (პროგრამული კოდი 32 02 01) გამოყოფილი ასიგნებებიდან. საგულისხმოა, რომ „ზოგადი განათლების დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №476 დადგენილების თანახმად, საჯარო სკოლები უზრუნველყოფილია ყოველთვიური ვაუჩერული დაფინანსებით. ვაუჩერული დაფინანსება მოიცავს: ერთ მოსწავლეზე გათვლილ ფინანსურ ნორმატივს (ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივი განისაზღვრება 300 ლარის ოდენობით) და ფინანსური ნორმატივის შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის კოეფიციენტებს, ამას, გარდა, ვაუჩერული დაფინანსება მოიცავს საბაზო დაფინანსებას და გაზრდილ ვაუჩერულ დაფინანსებებს სხვადასხვა მიზნობრიობით, რაც საშუალოდ ბავშვზე, წლიურად, 1,130 ლარს შეადგენს. ხოლო კერძო სკოლებისათვის ვაუჩერის ოდენობა განისაზღვრება ბავშვზე, წლიურად, 300 ლარის ოდენობით.
აღნიშნული ცვლილება მიზნად ისახავს სავალდებულო განათლების ერთი წლით გაზრდას. პირები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ საბაზო საფეხურის დასრულების შემდეგ შეწყვიტონ ზოგადი განათლების მიღება, IX კლასის ნაცვლად, ვალდებული იქნებიან, X კლასიც დაასრულონ, თუმცა წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილება მათზე ფინანსურ გავლენას არ იქონიებს, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ ზოგადი განათლება ფინანსდება სრულად, გარდა კერძო სკოლისა. თუმცა საგულისხმოა, რომ 2022-2023 სასწავლო წლის ბოლოს, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში საბაზო განათლების დასრულების შემდეგ, სწავლა შეწყვიტა 22-მა მოსწავლემ. რაოდენობის სიმცირიდან გამომდინარე, თვალსაჩინოა, რომ მოსწავლეთა ძირითადი ნაწილი უწყვეტად აგრძელებს სწავლას და საბაზო-საშუალო განათლების 3+3 მოდელიდან 4+2 მოდელზე გადასვლა დიდ გავლენას არ იქონიებს არც სკოლების, როგორც ბიზნეს-ოპერატორების და არც მოსწავლეთა ოჯახების ფინანსურ მდგომარეობაზე.
რაც შეეხება მასწავლებლების მიმართულებით ფინანსურ გავლენას, გამომდინარე იქიდან, რომ კანონმდებლობით გამიჯნულია საბაზო და საშუალო საფეხურებზე მასწავლებლების როგორც განათლების მოთხოვნები, ისე სასწავლო საათების მოცულობა, საბაზო საფეხურის ერთი წლით გახანგრძლივებითა და საშუალო საფეხურის ერთი წლით შემცირებით ამ კანონპროექტის გავლენა არ აისახება მათზე.
კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც განმარტებით ბარათში ყურადღებაა გამახვილებული ბავშვის უფლებრივი მდგომარეობაა, ანუ როგორ აისახება ინიცირებული კანონპროექტი მოსწავლის უფლებრივ მდგომარეობაზე: „კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას. სავალდებულო ფორმალურ განათლებაში მათი დამატებით 1 წლით გაჩერებით, მცირდება არასრულწლოვანთა ისეთი რისკების წინაშე აღმოჩენის შესაძლებლობა, როგორიცაა ბავშვთა ქორწინება, ასაკის შეუსაბამო დასაქმება და/ან ტრეფიკინგი, კანონსაწინააღმდეგო ქმედებები და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემაში მოხვედრა და სხვ. ასევე, იზრდება მათი დაცვისა და მომავალი ცხოვრებისთვის მომზადების ხარისხი, განათლების შემდგომ საფეხურებზე ტრანზიციის შესახებ გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების ალბათობა.“
განმარტებით ბარათში აღნიშნულია ისიც, რომ კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე და რომ ის არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.