მაია ხარაძე
ქიმიის აკადემიური დოქტორი, სსიპ თემურ ზაქარაძის სახელობის ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარაულის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მენტორი პედაგოგი
სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს გამოცდილებით სწავლებას. ამიტომაც სასკოლო ლაშქრობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობაა სკოლებში და არაფორმალური განათლების, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესის უკეთ წარმართვის განსაკუთრებულ ფორმას წარმოადგენს.
ლაშქრობა საინტერესოა მოსწავლეებისთვის, განსაკუთრებით გაზაფხულზე, როდესაც ბუნება იღვიძებს, ირგვლივ ყველაფერი ხასხასა მწვანეა და ყვავის. ძნელია, იჯდე და ისმინო ან თუნდაც დავალებები აკეთო, როდესაც გარეთ სიცოცხლე ყვავის და თითქოს ყველაფერი ხმაურობს. სწორედ ამიტომაცაა, რომ მოსწავლეები განსაკუთრებული ენთუზიაზმით ხვდებიან მსგავს შეთავაზებას. ვფიქრობ, კარგად დაგეგმილი ლაშქრობა გაცილებით მეტ ცოდნას აძლევს მათ, ვიდრე ერთი დღის ექვსი დამღლელი გაკვეთილი. პირველ რიგში, სკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობას იძლევა. ამ დროს მოსწავლეები უკეთ თანამშრომლობენ, მსჯელობენ, აკავშირებენ ერთმანეთთან სკოლაში და სკოლის გარეთ შეძენილ ცოდნას, მისდევენ ჯანსაღი ცხოვრების წესს. ლაშქრობისას მოსწავლეები იძენენ იმ ცოდნასა და უნარებს, რომელთა გამომუშავება და განვითარება ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ყველა საგნის სწავლებას, სპეციფიკური კომპეტენციების განვითარებასთან ერთად.
საქართველოში, ზოგადი განათლების სფეროში, სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიზანია მოსწავლის ეროვნული და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე, თავისუფალ პიროვნებად ჩამოყალიბებისათვის საჭირო პირობების შექმნა; მისი გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევების განვითარება, აუცილებელი ცოდნით უზრუნველყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბება; მოსწავლის მიერ კულტურულ ფასეულობათა პატივისცემა, ოჯახის, საზოგადოების, სახელმწიფოსა და გარემოს წინაშე უფლებამოვალეობების გაცნობიერებაში ხელის შეწყობა (კანონი ზოგადი განათლების შესახებ). აღნიშნული მიზნების მისაღწევად, სწავლა-სწავლების პროცესში, მრავალფეროვანი მეთოდები და სტრატეგიები გამოიყენება, რომელთა შორის განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო სასწავლო ლაშქრობა. ადამიანი, ფეხით სიარულის დროს, ბევრად უფრო კარგად შეიგრძნობ ამა თუ იმ კუთხის სილამაზეს.
ამიტომაც, საბუნებისმეტყველო კათედრის წევრებმა გადავწყვიტეთ წავსულიყავით ლაშქრობაზე ყალი-ვაკის ციხეზე, რომელიც სოფელ დანდალოს თავში მდებარეობს, ჩვენი სოფლიდან 10 კილომეტრში. გზის სიშორისა და სირთულის გამო, შევარჩიეთ IX, X, XI და XII კლასების მოსწავლეები. გზას ადრიანად გავუდექით. დღე ღრუბლიანი იყო, თუმცა ვერც სიცხე შეგვაწუხებდა, რადგან სიარული ტყით გვიწევდა და, რაც მთავარია, ყველანი ძალიან მოტივირებული ვიყავით.
შერეულ ტყეში შგვხვდა როგორც ფოთოლცვენია, ისე წიწვოვანი მცენარეები, იყო იელი, შქერი და წყავი. გვხვდებოდა გვიმრები და მინდვრის ყვავილები. საამო სურნელს აფრქვევდა წყავის ყვავილიც. ბავშვები, გზადაგზა, ერთმანეთს მცენარეების ამოცნობაში ეჯიბრებოდნენ, თან ცალი თვალით ხან მე მომჩერებოდნენ, ხან ზურაბ მასწავლებელს – ხომ არ ვცდებითო. გზად შეგვხვდა ნახანძრალი ადგილი, ყველას ერთი კითხვა გაუჩნდა: ნეტა რა მოხდა? რამ გამოიწვია – მეხის შედეგია თუ ადამიანის დაუდევრობის?..
გადავკვეთეთ მდინარე, ულამაზესი, მწვანეში ჩაფლული მორაკრაკე, კამკამა ფოსატენაღელე. ვნახეთ ტყის წარმოქმნის პროცესი, პატარა ნაძვების სახით. მოსწავლეები განსაკუთრებით გაახალისა თითქმის 3-მეტრიანმა ქვამ, საიდანაც ულამაზესი ხედი მოჩანდა – აჭარისწყლის ხეობა, ცხმორისის თემი. ნამდვილი სირთულეები მაშინ დაიწყო, როდესაც სოფლის თავში მდებარე ხის პატარა საზაფხულო სახლებს გავცდით. მანამდე კამკამა ნაკადულთან შევისვენეთ. მოსწავლეების ყურადღება წყაროსთან დაყრილმა პოლიეთილენის პარკებმა მიიქცია, რომლებიც მოაგროვეს და მიწაში დაფლეს. ამის შემდეგ გზა გართულდა, წალდით ვიკვლევდით და მოსწავლეები ერთმანეთს ჯაჭვურად მიჰყვებოდნენ, ხელს აშველებდნენ საჭიროებისამებრ. დაღმართზე ჩავედით, პატარა მდინარისა და აღმართის ავლის შემდეგ, მივადექით ციხეს. აქედან კიდევ უფრო თვალწარმტაცი ხედი გადაიშალა ყველა მიმართულებით. ციხის კედლებს შორის ხეები ამოსულიყო, რაც თითქოს აცოცხლებდა უკვდავ ძეგლს.
ციხის ფართობია 90მ2, სიმაღლე – 15მ; ციხე შედგება: კოშკის, სამი სათავსოსა და ტალანისგან. კოშკის აღმოსავლეთით მდებარეობს მთავარი სათავსო. ამჟამად დანგრეულია და შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლები 1.2-2.4 მ სიმაღლისა, საიდანაც კარგად მოჩანს ჭვანის ციხე. იგი, ძირითადად, საყარაულო-სათვალთვალო კოშკების მოვალეობას ასრულებდა. აქვე შეგვხვდა ურთხმელი, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, მას ადგილობრივები „მადას“ უწოდებენ და საკმაოდ ხშირად შეგხვდება თურმე ამ ტყეში. უკანა გზაზე ხის სახლებთან შევისვენეთ, პატარა კოცონი დავანთეთ, გავშრით, ვისადილეთ, შევაჯამეთ გავლილი გზა და უკან დავბრუნდით. მოსწავლეებს მივეცი დავალება, შთაბეჭდილებები წერილობით წარმოედგინათ.
ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, ყველაზე მნიშვნელოვანი შედეგი იყო მათი გაბრწყინებული თვალები. კითხვებს არ აცლიდნენ ერთმანეთს, პასუხებსაც ელოდებოდნენ და მთელი გულისყურით ისმენდნენ, მნიშვნელობა არ ჰქონდა კითხვას ვინ სვამდა. ცდილობდნენ, უნახავი არაფერი დარჩენოდათ. ერთმანეთს ეპატიჟებოდნენ და აჩვენებდნენ ადგილებს, რომლებიც, მათი აზრით, მეგობარს შეიძლებოდა გამორჩენოდა, ცდილობდნენ თავიანთი აღმოჩენების ერთმანეთისთვის გაზიარებას. ხან ერთი მეძახდა, ხან – მეორე: მას, ის სათავსო ვიპოვე, თქვენ ნახეთ?.. აქ სათვალთვალოა კედელში, ნეტა რას აკვირდებოდნენ? ნუთუ მხოლოდ მეორე ციხიდან ნიშანს, თუ სხვა დანიშნულებაც ჰქონდა? ზურაბ მასწავლებელმა მოუყვა ურთხმელის განსაკუთრებული თვისების შესახებ, რომ მისი მერქანი მიწაში არ ლპება, რამაც იგი გადაშენების პირას მიიყვანა.
„მას, ხომ ძალიან დავიღალეთ, შეგვაწუხა უგზოობამ, ბუჩქებში სიარულმა, მაგრამ ღირდა“; „არ ვნანობთ“; „ეს ერთხელ მაინც უნდა ნახოს ქართველმა“; „ვენაცვალე მათ ხელებს, როგორ კლდეზე რამოდენა ციხე აუგიათ“; „მას, იმ გადამწვარ ადგილზე, გზად რომ შეგვხვდა, ურთხმელი რომ დაირგოს, ძალიან ლამაზი იქნება არაა…“; „მოწესრიგებული რომ იყოს, რამდენი ტურისტი მოვიდოდააა…“ და ბევრი სხვა…
შედეგების მხრივ, საინტერესო იყო ლაშქრობის შემდეგი კვირა. ორშაბათს უკვე მომაწოდეს შესრულებული დავალება, სადაც დაწვრილებით აღწერდნენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, რა უნარები შესძინა ამ დღემ. გულისტკივილით აღნიშნეს, როგორ გულგრილად ვექცევით წინაპრების დანატოვარს, არ ვაფასებთ არც მათ შრომას და არც ღირებულებას.
სახლში დაბრუნებულებს (განსაკუთრებით მეთერთმეტეკლასელებს) ახალი პროექტის იდეა გაუჩნდათ: „იქნებ საინფორმაციო დაფა მაიც განთავსდეს, საცალფეხო გზა მოეწყოს და ტურისტულ რუკაზე მოინიშნოს“. აქ ხომ სანახავი მართლაც ბევრია. ჩემდა გასაოცრად, ზოგ მათგანს უკვე გამოეკითხა ახლობლები. მომიყვნენ, რომ თურმე ციხესთან გამოქვაბულიც არის, სადაც ბერები ცხოვრობდნენ. ცოტათი ქვემოთ, ციხესთან მისვლამდე, პატარა ჩანჩქერიც ყოფილა. გული სწყდებოდათ, გამოგვრჩენიაო.
ისიც თქვეს, გადამწვარ ადგილზე გამწვანების აქცია მოვაწყოთ და ურთხნელის რამდენიმე ნერგი დავრგოთ, დანარჩენს ბუნება თავად გააკეთებს და მალე იმ ადგილას ტყე გაჩნდებაო…
რატომღაც, ლაშქრობას ან ექსკურსიას ყველა გართობად აღიქვამს. ამ დღემ კი აჩვენა, რომ გართობითა და თამაშით უფრო მეტის სწავლა შეიძლება. ამ დღეს მოსწავლეებმა გაიარეს კვლევის თითქმის ყველა ეტაპი – დააკვირდნენ, აღმოაჩინეს, გამოიკვლიეს, მიაგნეს პრობლემებს, გამოთქვეს ვარაუდები, არც თუ ისე უსაფუძვლო. იკამათეს, იმსჯელეს მოიყვანეს არგუმენტები, დამატებით მოიძიეს და შეავსეს ინფორმაცია, იპოვეს პრობლემის აღმოფხვრის გზები. სკოლაში ნასწავლი ნანახთან დააკავშირეს. ისინი ყველა ეტაპზე თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან – როცა გზა ძნელად სავალი იყო, ელოდებოდნენ და ეხმარებოდნენ ერთმანეთს, იზრუნეს გარემოზე, გამოთქვეს მოსაზრებები, იმსჯელეს და გამოიტანეს დასკვნები.
დაბოლოს ჩემი აზრით, კარგად დაგეგმილი ლაშქრობა/ექსკურსია, ერთფეროვანი გარემოდან გამოსვლა, მოსწავლეებს უფრო მეტ ცოდნას აძლევს, ვიდრე კლასში ჯდომა. თუმცა, ვფიქრობ, ზომიერებაც აუცილებელია. რაღაც ეტაპზე ფორმალური განათლება არაფორმალური განათლებით უნდა ჩანაცვლდეს, როცა ამის საშუალებას გაკვეთილის თემატიკა იძლევა. სწორედ მაშინ ემსახურება არაფორმალური განათლება მოსწავლეთა მოტივაციის ზრდასა და ინტერესის გაღვიძებას, მოსწავლე უკეთ აანალიზებს მიღებული ცოდნის მნიშვნელობასა და აუცილებლობას.
გამოყენებული ლიტერატურა
- აბაშიძე შალვა – „დედაო – ჩემო ქედაო“, 2017, გვ.27;
- ეროვნული სასწავლო გეგმა;
- ეტალონი.ჯი – მაია თათეშვილი, რა გავლენას ახდენს სასკოლო ექსკურსიები მოსწავლეებზე. http://www.etaloni.ge/geo/main/index/912.
- კანონი ზოგადი განათლების შესახებ;
- რატიანი მანანა, სეხნიაშვილი მანანა, ბლიაძე მაია – „მასწავლებლის წიგნი“, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი, 2015, გვ.7-28.